გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002748383
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35123-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მაია გიგაური

სხდომის მდივანი - ნინო კეკელიანი

 

მოსარჩელე - გ------- ყ-----–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენლები - ს------ ყ-----–---–ი, მ----- შ-----–-ა

 

მოპასუხე - შპს „P---------------------l“ (პ-----------------------------–)

მოპასუხის წარმომადგენლები - დ----- ქ------–---–ი, ს------- ქ------–---–ი

 

დავის საგანი - ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამოყენების აკრძალვა და თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აეკრძალოს შპს „P---------------------l“-ს გ------- ყ-----–---–ის ფოტოგრაფიული ნაწარმოების - „გ--–-------------ი“ - გამოყენება მის კუთვნილ ვებ-გვერდზე www.p----------------.

1.2. დაეკისროს შპს „P---------------------l“-ს მის ვებ-გვერდზე გ------- ყ-----–---–ის ფოტოგრაფიული ნაწარმოების - „გ--–-------------ი“ - უნებართვოდ გამოყენებისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი ჰონორარის - 1 000 ლარის გ------- ყ-----–---–ისთვის გადახდა. (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 04.03.2019წ.)

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ხ--–---------------------–---------------–----რს 2018 წლის 01 მაისს განცხადებით მიმართა ფოტოგრაფიული ნაწარმოების ავტორმა გ------- ყ-----–---–მა, საავტორო უფლების დარღვევის ფაქტზე. განცხადებით გაირკვა, რომ შპს „P----------------------“-მა მის ვებ-გვერდზე - www.p-----------------ზე ავტორის ნებართვის გარეშე გამოიყენა მისი ფოტოგრაფიული ნაწარმოები - „გ--–-------------ი“.

 

სარჩელში მითითებულია, რომ ა(ა)იპ „ხ--–---------------------–---------------–----რმა“ 2018 წლის 05 ოქტომბერს წერილით მიმართა შპს „P---------------------l“-ს, რომლითაც აცნობა მათ მიერ ავტორის საავტორო ქონებრივი უფლებების დარღვევის შესახებ და მოსთხოვა კომპენსაციის გადახდა 1 000 ლარის ოდენობით, წერილის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 11 ოქტომბერს. მიუხედავად წერილისა, მოპასუხეს არც პასუხი გაუგზავნია და არც კომპენსაცია გადაუხდია, რაც, მხარის განმარტებით, გახდა სასამართლოსთვის სარჩელით მომართვის საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „P---------------------l“-ის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი. მხარის განმარტებით, მოსარჩელე ერთის მხრივ ვერ ადასტურებს მის საავტორო უფლებას ფოტოსურათზე და მეორეს მხრივ, დაუსაბუთებელია ჰონორარის არსებობისა და გამოთვლის საკითხი.

 

მოპასუხე დამატებით მიუთითებს, რომ 2018 წლის 21 ივლისს კომპანიის ძველ ვებ-გვერდზე - www.p-----------------ზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის შედეგადაც გვერდმა შეწყვიტა მუშაობა და წაიშალა სრული ინფორმაცია, მათ შორის ფოტოსურათებიც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სადავო ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია გ--–-------------ი განთავსებული იყო მოპასუხე შპს „პ-----------------------------–“-ის ვებ-გვერდზე - www.p ----------------. ფოტოსურათის არსებობა კომპანიის საიტზე დასტურდება 2018 წლის 19 ივნისის მდგომარეობით.

 

მოპასუხე ადასტურებს, რომ აღნიშნული ფოტოსურათის მის ვებ-გვერდზე განთავსებისთვის ნებართვა არავისგან აუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვებ-გვერდის ე.წ. „სქრინშოთები“ (ს.ფ. 17-18; 81-82);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2 მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ე.წ სქრინშოთებით და წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით, სადავო ფოტოსურათი აღარ არის განთავსებული შპს „პ-----------------------------–“-ის ვებ-გვერდზე - www.p ----------------”.

 

ფოტოსურათის არსებობა კომპანიის ვებ-გვერდზე უკვე აღარ დასტურდება 29.06.2018წ. და 19.12.2018წ. მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვებ-გვერდის ე.წ. „სქრინშოთები“ (ს.ფ. 45-46);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.1.3. 2018 წლის 05 ოქტომბერს ხ--–---------------------–---------------–-------ს თავმჯდომარე გ--- კ-----–--ემ წერილით მიმართა შპს „პ-----------------------------–ის“ დირექტორ ს------- ქ------–---–ს და აცნობა, რომ მათ ორგანიზაციას მიმართა ფოტოგრაფმა გ------- ყ-----–---–მა 2018 წლის 01 მაისს, საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა კომპანიის ვებ-გვერდზე მისი ფოტოგრაფიული ნაწარმოების - „გ--–------------ის“ გამოქვეყნებას, ავტორის ნებართვის გარეშე.

 

შესაბამის ნორმატიულ მასალაზე მითითებით, გ--- კ-----–--ემ განუმარტა კომპანიის დირექტორს, რომ რამდენადაც ავტორთან (გ------- ყ-----–---–თან) წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე მოხდა მისი ფოტოგრაფიული ნამუშევრის გამოყენება, დარღვეული უფლებისთვის იგი ითხოვს კომპენსაციის მიღებას, 1 000 ლარის ოდენობით. კომპენსაციის გადასახდელად წერილის ავტორმა ადრესატს განუსაზღვრა წერილის ჩაბარებიდან ხუთი სამუშაო დღე.

 

წერილი ადრესატს ჩაბარდა 12.10.2018 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილი (ს.ფ. 15)

- საფოსტო უკუგზავნილი (ს.ფ. 16)

 

3.1.4. უდავოა, რომ ფოტოსურათის „გ--–------------ის“ ვებ-გვერდზე განთავსებისთვის შპს „პ-----------------------------–ს“ ჰონორარი არავისთვის გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ყ-----–---–ი არის ფოტოსურათის - „გ--–------------ის“ ავტორი.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისთვის „ავტორად“ მოიაზრება ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით კი, ფოტოგრაფიული ნაწარმოები არის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ერთ-ერთი სახე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არის ფოტოსურათის - სახელწოდებით „გ--–-------------ი“, კუთვნილების საკითხი. კერძოდ, მოსარჩელე გ------- ყ-----–---–ი განმარტავს, რომ იგი არის სადავო ფოტოგრაფიული ნაწარმოების ავტორი და მისი ნებართვის გარეშე განათავსა იგი შპს „P---------------------l”-მა კუთვნილ ვებ-გვერდზე - www.p ----------------. მართალია გარკვეული პერიოდით ფოტოსურათის მოპასუხის ვებ-გვერდზე განთავსებას თავად მხარეც არ ხდის სადავოდ, თუმცა სადაოდ ხდის თავად გ------- ყ-----–---–ის უფლებას მასზე და მიუთითებს, რომ არ დგინდება მოსარჩელის საავტორო უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სასამართლო მიუთითებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომელიც აყალიბებს ავტორობის პრეზუმფციის ცნებას და განმარტავს, რომ პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

განსახილველ დავაში მართალია კონკრეტულ სადავო ფოტოსურათზე არ არის აღნიშნული ავტორის ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საავტორო უფლების დაცვის ნიშანი (ლათინური ასო C წრეწირში: ©; განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება) ან/და ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი), როგორც ეს განახორციელა იმავე ტაძრის სხვა, მსგავს ფოტოსურათზე (ს.ფ. 95-96) და არც მისი დეპონირება განუხორციელებია „საქპატენტში“ (კანონის 91 მუხლი), მაგრამ მოსარჩელე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასაბუთებს მის ავტორობას სადავო ნაწარმოებზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სხვადასხვა ვებ-გვერდებიდან ამონარიდებზე (ე.წ. „სქრინშოთებზე“). მაგალითისთვის, სადავო ფოტოსურათი „გ--–-------------ი“ ფსევდონიმით „m---------“ ატვირთულია ვებ-გვერდზე www.g-------ზე, 2010 წლის 21 იანვარს. (ს.ფ. 78) ამავე ვებ-გვერდიდან ამოღებული ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ ფსევდონიმი “m---------” ეკუთვნის ფიზიკურ პირს გ------- ყ-----–---–ს. (ს.ფ. 79) კონკრეტულ სადავო ფოტოსურათთან დაკავშირებით კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციით კი დასტურდება, რომ ფოტოგრაფიული ნაწარმოების შექმნის თარიღი (date taken) არის 31 ივლისი, 2007 წელი, (ს.ფ. 80) ანუ, ბევრად ადრე პერიოდი, ვიდრე მისი განთავსება მოხდებოდა თავად მოსარჩელის მიერ სხვა ვებ-გვერდზე (მაგ. 2010 წელს www.g-------ზე) და მით უმეტეს, მოპასუხის მიერ, მის კუთვნილ ვებ-გვერდზე - www.p ----------------.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მტკიცებულების ტვირთის სწორი და სამართლიანი განაწილების პრინციპს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ დავაში მოსარჩელე გ------- ყ-----–---–მა წარმოადგინა სარჩელი, რომლითაც იგი, როგორც ფოტოგრაფიული ნაწარმოების ავტორი ედავება მოპასუხე კომპანიას მის ვებ-გვერდზე კუთვნილი ფოტოსურათის უნებართვოდ განთავსებას და უფლებას ნაწარმოებზე ადასტურებს იმით, რომ არის ფოტოსურათის - „გ--–------------ის“ ავტორი, რომელიც მის მიერაა გადაღებული, დამუშავებული და ა.შ. დამადასტურებლად კი მიუთითებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე. ამის საპირისპიროდ, მოპასუხე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უთითებდა მოსარჩელის არაუფლებამოსილებაზე და სათანადო და რელევანტური მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელის განმარტებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ყ-----–---–ი არის სადავო ფოტოსურათის - „გ--–------------ის“ ავტორი.

 

3.2.2. გ------- ყ-----–---–ის მიერ შექმნილი ფოტოგრაფიული ნაწარმოები - „გ--–-------------ი“ არის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვის ობიექტი.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით კი, როგორც უკვე აღინიშნა, ფოტოგრაფიული ნაწარმოები არის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ერთ-ერთი სახე.

 

კანონის შინაარსის გათვალისწინებით, დაცვად ნაწარმოებად სადავო ფოტოსურათის მიჩნევისათვის ავტორის მიერ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის გაწევის აუცილებლობაა მხედველობაში მისაღები. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ იმისთვის, რომ გამოირკვეს, წარმოადგენს თუ არა სადავო ფოტოსურათი ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს, მიუხედავად იმისა რამდენად მაღალი ხარისხის და შთაბეჭდილების მატარებელი ფოტოა, უნდა გაირკვეს არის თუ არა სახეზე საავტორო-სამართლებრივი ორიგინალობის შემცველი ნაწარმოები კადრირების, კომპოზიციის, სიუჟეტის, შუქ-ჩრდილთა, ფერთა შეხამების, ინტელექტუალური ჩანაფიქრის, გადმოცემის ფორმის, გამოსახვის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების და ფოტოგრაფიული შემოქმედების სხვა სპეციფიკური თავისებურებების თვალსაზრისით. (იხ. სუსგ #ას-470-782-09, 13 ნოებერი, 2009წ.)

 

კანონის დანაწესი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება პირდაპირ მიუთითებენ, რომ ყველა ფოტოსურათი არ უნდა იქნეს განხილული კანონის დაცვის ობიექტად და ყოველი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. კერძოდ, უნდა იკვეთებოდეს ფოტოსურათის ინდივიდუალობა, ორიგინალობა, „სიახლე“ და უნდა იყოს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი - „ნაწარმოები“ და არა უბრალოდ ფოტოფიქსაცია. ამის საპირისპიროდ, უზენაესი სასამართლო დაცვის ქვეშ აქცევს ისეთ ფოტონაწარმოებს, რომელიც არის ნაფიქრი, შუქ-ჩრდილებისა და ფერების შეხამებით გადმოცემული, შერჩეული ხედებით, დამუშავებით და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნაწარმოებს წარმოადგენს ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოსურათი, რომელშიც სასამართლოს მოსაზრებით, კარგად არის წარმოჩენილი ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმი, ხედი, სწორი კადრი, ფერთა შეხამება და ა.შ. ამასთან, როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, გადაღების შემდგომ ცალკე მისი დამუშავება მოხდა სპეციალური პროგრამებით, რაც ასევე ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ფოტოსურათი მივიჩნიოთ მისი ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად მიღებულ ნაწარმოებად. საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია გ--–-------------ი, თუმცა, თითოეული მათგანი არის ინდივიდუალური, განსხვავებული რაკურსით გადაღებული და აღქმული. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ფოტონაწარმოები წარმოადგენს კანონის დაცვის ობიექტს და ანიჭებს მის ავტორს უფლებას, მოითხოვოს მისი საავტორო უფლების დაცვა.

 

3.2.3. შპს „P---------------------l“-ის მიერ მის კუთვნილ ვებ-გვერდზე - www.p -----------------ზე გ------- ყ-----–---–ის მიერ შექმნილი ფოტონაწარმოების - „გ--–------------ის“ განთავსებით დაირღვა მოსარჩელის საავტორო უფლებები.

 

უდავოა, რომ ფოტოსურათი განთავსებული იყო მოპასუხის ვებ-გვერდზე, ისევე როგორც, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან მის განთავსებაზე ნებართვის არარსებობა. შპს „P---------------------l”-ის წარმომადგენელი სასამართლო სხდომებზე განმარტავდა, რომ ვერ დგინდებოდა ფოტოსურათის ავტორის ვინაობა, რის გამოც არ მიუმართავს ნებართვის ასაღებად. უდავოა ასევე ისიც, რომ ნაწარმოების გამოყენება არ მომხდარა ფიზიკური პირის მიერ, პირადი მოხმარებისთვის, იგი განათავსა კომპანიამ, კომერციული მიზნით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. მოპასუხე მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის მიზნით ასევე განმარტავდა, რომ სადავო ფოტოსურათი ბევრ სხვა ვებ-გვერდზეც არის განთავსებული (იხ. ვებ-გვერდების ამონარიდები, ს.ფ. 47-58), თუმცა, ამ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო განმარტავს, რომ აპელირება იმ ფაქტზე, რომ შესაძლოა სხვამაც დაარღვია საავტორო უფლება (თუ დაირღვა რეალურად) არ გამორიცხავს კონკრეტული მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის წინაშე, რადგან ეს სხვა, ცალკე დავის საგანი შეიძლება გახდეს, რაც ავტორის უფლებაა და მოცემული დავის ფარგლებში მასზე ვერ მოხდება მსჯელობა.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საავტორო უფლების მფლობელს ანიჭებს უფლების აღიარების უფლებას, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტი კი უფლებას - მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ------- ყ-----–---–ი განმარტავს, რომ დაირღვა მისი საავტორო უფლება, რაც გამოიხატა მის მიერ შექმნილი ფოტონაწარმოების უნებართვო გამოყენებაში და ითხოვს მოპასუხისგან ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამოყენების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას 1 000 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან სასამართლომ დაადგინა გ------- ყ-----–---–ის საავტორო უფლება სადავო ფოტოსურათზე, დასაბუთებულია მოთხოვნა მისი გამოყენების აკრძალვის ნაწილში. თუმცა, აქვე სასამართლო ყურადღებას იმ გარემოებაზეც გაამახვილებს, რომ რეალურად, დღეის მდგომარეობით, ფოტოსურათი აღებულია მოპასუხის ვებ-გვერდიდან, როგორც ამას განმარტავდა მოპასუხე და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება არსებობს საქმეში. მიუხედავად ამისა, სასამართლო მსჯელობს მოთხოვნის ფარგლებში, რომლის ფორმულირებაც მოსარჩელის პრეროგატივაა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე და რამდენადაც მოთხოვნა როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად არის საფუძვლიანი და დასაბუთებული, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება კომპენსაციის თანხის ოდენობას, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ვებ გვერდიდან - www.gettyimages.com ამონარიდი (ე.წ. „სქრინშოთი“), საიდანაც ირკვევა მსგავსი ფოტოს გამოყენებისთვის შესაძენი ლიცენზიის პირობები და ღირებულება. კერძოდ, როგორც ხსენებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობითაც განმარტავს მოსარჩელე, ნაწარმოების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში გ------- ყ-----–---–ი საავტორო ჰონორარის სახით მიიღებდა მინიმუმ 50 ამერიკულ დოლარს, ექვივალენტს ლარში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საშუალოდ 100 ლარით განსაზღვრავს მოსარჩელე სადავო ფოტოსურათის ღირებულებას, ნებართვის აღების შემთხვევაში და რამდენადაც მოპასუხეს ნებართვა არ აუღია, ითხოვს ამ თანხის ათმაგი ოდენობის ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრებას მოპასუხეზე, მის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ფოტონაწარმოების მის ვებ-გვერდზე განთავსებით დაარღვია გ------- ყ-----–---–ის საავტორო უფლება და ამდენად, მოთხოვნა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე ასევე არის საფუძვლიანი და დასაბუთებული.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი;

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-5, მე-6, მე-18, 58-ე, 59-ე მუხლები;

 

„ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის (მიღებული 1886 წლის 9 სექტემბერს, რომლის წევრიც საქართველო არის 1995 წლის 16 მაისიდან) მე-2 მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი საავტორო უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტით, იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები). კანონის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით კი, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები შედის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებში.

 

„ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 2(1) მუხლით, გამოთქმა “ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად, როგორიცაა მათ შორის ფოტოგრაფიული ნაწარმოებები და სხვ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ყ-----–---–ი არის კანონის დაცვის ქვეშ არსებული ფოტოგრაფიული ნაწარმოების - „გ--–------------ის“ ავტორი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მისი ნებართვის და შესაბამისი ჰონორარის გადახდის გარეშე განათავსა მოპასუხე შპს „P---------------------l”-მა ფოტოსურათი კუთვნილ ვებ-გვერდზე, რითიც დაარღვია ავტორის საავტორო უფლებები.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება). მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს ასევე უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელიდან იკვეთება, რომ მოსარჩელეს არ მიუღია ჰონორარი მისი ნაწარმოების გამოყენებისთვის, რაც უკანონოს ხდის მოპასუხის ქმედებას. ამდენად, მოთხოვნა მისი გამოყენების აკრძალვის ნაწილში არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. ჰონორარის მიუღებლად ნაწარმოების რეპროდუცირება კი ასევე იწვევს გარკვეულ სამართლებრივ შედეგებს მოპასუხისთვის, ხსენებული ნორმატიული აქტის შესაბამისად.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი უფლებას ანიჭებს საავტორო უფლების მფლობელს დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. აქვე განმარტებულია, რომ კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.

 

კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის გაანგარიშება (100 ლარი x 10) და რამდენადაც მოთხოვნას მიიჩნევს დასაბუთებულად და საფუძვლიანად, სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- ყ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს „P---------------------l“-ის წინააღმდეგ, ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამოყენების აკრძალვისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

2. აეკრძალოს შპს „P---------------------l“-ს გ------- ყ-----–---–ის ფოტოგრაფიული ნაწარმოების - „გ--–-------------ი“ - გამოყენება მის კუთვნილ ვებ-გვერდზე www.p----------------.

3. დაეკისროს შპს „P---------------------l“-ს მის ვებ-გვერდზე გ------- ყ-----–---–ის ფოტოგრაფიული ნაწარმოების - „გ--–-------------ი“ - უნებართვოდ გამოყენებისთვის კომპენსაციის სახით გადასახდელი ჰონორარის - 1 000 ლარის გ------- ყ-----–---–ისთვის გადახდა.

4. მოპასუხე შპს „P---------------------l“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური