გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210018002611699
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/25590-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: თა-----------ე, პ/ნ N-----------

წარმომადგენელი: ინ-------–--ე

მოპასუხე: სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი: ავ--------–-------------ე

დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 2018 წლის 23 იანვრის ცნობა დახასიათებით ა------------ა და ევ-----------ს სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-----ს ქუჩა, 1---------–--–---, და აღნიშნული უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს თა-----------ეს.

მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე 1970 წლიდან რეგისტრირებულია და უწყვეტად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სადგომში, რომელიც მოსარჩელემ ამ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეებისგან, აწ გარდაცვლილი ას----------ისა და ევ-----------სგან შეიძინა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ვინაიდან ას----------სა და ევ-----------ს მემკვიდრეები არ ჰყოლიათ, მოსარჩელე, როგორც სადავო სადგომის მოსარგებლე, უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მისი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

სსიპ სა---–-–-------------------------–-------------მ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 იანვრის ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ-----ს ქ. 1--------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ა------------ა და ევ-----------ს საკუთრებად. ა------------ა და ევ-----------ს უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 1--- წლის სააღრიცხვო ბარათი N------. ამავე ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერებით, ევ-----------ს სახელზე ირიცხებოდა - 13/20 წილი, ა------------ სახელზე - 2/20 წლი, ვა-------–-----–---ის სახელზე - 5/20 წილი, საიდანაც ვა-------–-----–---ის სახელზე რიცხული ფართი გამოეყო ცალკე უძრავ ნივთად და აღირიცხა, როგორც გ-----ს შე----------- (ს.ფ. 15-16).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 17).

 

3.1.3. გარდაცვალების მოწმობებით დადგენილია, რომ ას----------ი გარდაიცვალა 1--- წლის 14 დეკემბერს, ხოლო ევ----------- გარდაიცვალა 1--- წელს (ს.ფ. 20, 23).

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, თა-----------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ას----------ასადმი უფლების დამდგენი საბუთის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 23 იანვარს მომზადებული ცნობა დახასიათების (ზონა: თბილისი, მისამართი: გ-----ს ქ. 1-------) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი გვარი - ბ------, არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გვარს - ბ------- (ს.ფ. 67).

 

3.1.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 10 ივლისის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1--- წლის 14 დეკემბერს გარდაცვლილი ას----------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 21).

 

3.1.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 10 ივლისის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1--- წლის 14 დეკემბერს გარდაცვლილი ას----------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 22).

 

3.1.7. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 16 ივლისის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1--- წელს გარდაცვლილი ევ-----------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 25).

 

3.1.8. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 16 ივლისის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1--- წელს გარდაცვლილი ევ-----------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 24).

 

3.1.9. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ თა-----------ე 1970 წლის 3 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, ვ. გ-----ს I-------- (ს.ფ. 26).

 

3.1.10. სს „თელასის“ მიერ გაცემული ინფორმაციით, აბონენტის ბრუნვის ისტორიითა და კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ-----ს I--------ში, N------- აბონენტად 1996 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია „------------ე“. დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მოსარჩელე თა-----------ე კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელ ქვითრებზე მითითებულია, როგორც „---------ე“, იგივე კა----–--------ე. წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დადგენილია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტად N----------, მისამართზე გუ-----------, რეგისტრირებულია „-------“ (ს.ფ. 33-40, 76-92).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ 1970 წელს, თა-----------ემ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეთაგან ამ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება მოიპოვა და თა-----------ე არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალიწინებული მოსარგებლე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ფართს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე ფლობს, რაც დასტურდება სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.

 

6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან. ამდენად, ქ. თბილისში, გ-----ს I-–-------ში მდებარე, ა------------ა და ევ-----------ს სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონება ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ.

 

6.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებით ქ. თბილისში, გ-----ს ქ. I---------ში მდებარე, ას----------ისა და ევ-----------ს სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება და ის უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელე თა-----------ეს.

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თა-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 2018 წლის 23 იანვრის ცნობა დახასიათებით ა------------ა და ევ-----------ს სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ-----ს ქუჩა, 1---------–--–---, და აღნიშნული უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს თა-----------ეს.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე