გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210018002535175
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20580-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - დ----- ლ---–----ე

წარმომადგენელი - ზ-----------------ა

მოპასუხე - ხ---- გ----------ი

დავის საგანი - დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ხ---- გ----------ს დ----- ლ---–----ის სასარგებლოდ დაეკისროს, დანაშაულის ჩადენის შედეგად დ----- ლ---–----ის საკუთრებაში მყოფი მოტოციკლ „ჰონდასთვის“ მიყენებული ქონებრივი ზიანის 4 500 ლარის და საადვოკატო მომსახურების თანხის 300 ლარის, საერთო ჯამში 4 800 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშაულებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 09:42 საათზე, თბილისში, ც-----------ს ქუჩაზე, გ---------–--–------------------------------------ს მიმართულებით სავალი ნაწილის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრაობდა ავტომობილი „მერსედესი“, რომელსაც მართავდა მძღოლი ხ---- გ----------ი. აღნიშნულ ქუჩაზე N5 განათების ბოძის მიმდებარედ მსვლელობისას, ვინაიდან მისი მოძრავი ავტომობილი ასრულებდა პარკირებას, მძღოლმა ხ---- გ----------მა მასზე გვერდის ავლის მიზნით საჭე მიმართა მარცხნივ, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილის მარცხენა გვერდით უკანა ნაწილში შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მისგან მარცხნივ და უკან მოძრავი მოტოციკლი „ჰონდა“, რომელსაც მართავდა დ----- ლ---–----ე. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დ. ლ---–----ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზია-ნება, ხოლო დ----- ლ---–----ის საკუთრებად რეგისტრირებულმა მოტოციკლეტი „ჰონდასთვის“ მიყენებულმა მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა 4 500 ლარი.

 

მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის I ნაწილით, რის შემდეგ მოსარჩელე დ----- ლ---–----ე 2017 წლის 09 აგვისტოს დადგენილებით საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალე-ბულად, ხოლო მოპასუხე ხ---- გ----------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის ზემოთ მითითებული მუხლით და გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმე განსჯადო-ბით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, სადაც 2017 წლის 27 ნოემბერს ეს საქმე N1-------- განხილულ იქნა მოსამართლე ნინო ელიეშვილის მიერ, რომლის განაჩენით ხ---- გ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით ჩაეთვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მიყენებული სხეულის ნაკლებად მძიმე დაზია-ნების გამო გასწია სათანადო ფინანსური ხარჯები, რომლის უმეტესი ნაწილი ანაზღა-ურებულ იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო სასამართლოს გზით ითხოვს მის საკუთრებად რეგისტრირებული მოტოციკლ „ჰონდასთვის“ მიყენებული მატერიალური ზიანის 4 500 ლარის და საადვოკატო მომსახურების თანხის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია ახსნა-განმარტებაში აღიარებს მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი შეჯახებაში იყო ბრალეული.

 

მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზა აფასებს საერთო ღირებულებას, აკლებს ნარჩენ ღირებულებას და გამოჰყავს ზიანი. ეს არასწორი დასკვნაა, ვინაიდან ზიანის ანაზღაურება ხდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, ანუ აღდგენისათვის საჭირო მასალებისა და სამუშაოების ღირებულების შეჯერებით. რა თქმა უნდა დაზიანებული მანქანის ღირებულება ნაკლებია აღდგენილზე და არც ერთ შემთხვევაში აღდგენის ღირებულება არ იქნება ტოლი აღდგენილი მანქანის და დარჩენილი ღირებულების სხვაობისა.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე განაცხადა, გასაგებია, რომ ზიანის ოდენობა შეადგენს 4 500 ლარს და ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი 300 ლარს, თუმცა თავად არის სოციალურად დაუცველი და შეუძლია ყოველთვიურად გადაიხადოს მხოლოდ 45 ლარი.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 09:42 საათზე, თბილისში, ც-----------ს ქუჩაზე, გ---------–--–------------------------------------ს მიმართულებით სავალი ნაწილის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრაობდა ავტომობილი „მერსედესი“, რომელსაც მართავდა მძღოლი ხ---- გ----------ი. აღნიშნულ ქუჩაზე N5 განათების ბოძის მიმდებარედ მსვლელობისას, ვინაიდან მის მოძრავი ავტომობილი ასრულებდა პარკირებას, მძღოლმა ხ---- გ----------მა მასზე გვერდის ავლის მიზნით საჭე მიმართა მარცხნივ, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილის მარცხენა გვერდით უკანა ნაწილში შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მისგან მარცხნივ და უკან მოძრავი მოტოციკლი „ჰონდა“, რომელსაც მართავდა დ----- ლ---–----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 27.11.2017 წლის განაჩენი (ს.ფ. 17 - 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც დ----- ლ---–----ე 2017 წლის 08 აგვისტოს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო ხ---- გ----------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის I ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება (ს.ფ. 144)

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ხ---- გ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით ჩაეთვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 27.11.2017 წლის განაჩენი (ს.ფ. 17 - 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 24 ივლისის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დ----- ლ---–----ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 4 500 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარე-ები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპრო-ცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ზიანის ოდენობის შეუსაბამობას-თან დაკავშირებით. მოსარჩელის მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლად მითითე-ბული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მისივე შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარამენტის 2017 წლის 4 სექტემბრის დასკვნაში მითითებულია, რომ „საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებს თავისუფალი (საბაზრო) ფასები. კონკრეტულ სტრუქტურებში ანალოგიური მარკის მოტოციკლეტების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 7 500 ლარს, ხოლო მოტოციკლეტის ნარჩენი ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდიანრე საორიენტაციოდ შეადგენს 3 000 ლარს“. აღნიშნუ-ლიდან გამომდინარე, წარდგენილი მოტოციკლეტის დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა განისაზღვრა 4 500 ლარით.

 

მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინა-აღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ წარმოდუგენია. მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარამენტის 2017 წლის 4 სექტემბრის დასკვნა (ს.ფ. 76 - 77)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ლ---–----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992, 9991 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტუ-რი ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართ-ლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლე-ბელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ ამ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დელიქტის დროს ზიანის მიმყენე-ბელი მიიჩნევა ბრალეულად, ვიდრე არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის საკითხს. დაზარალებულმა უნდა დაამტკიცოს ზიანის ფაქტის და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა ადასტუროს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუ-ხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერი-ალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზიანი ავტომანქანის მართვისას, გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, ხ---- გ----------ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია, რამაც განაპირობა მოსარჩელის კუთვნილი მოტოციკლის დაზიანება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა 4 500 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ქვეპუნქტით მოსარჩელე დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამარ-თლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც შეადგენს 135 ლარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკა-ტისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (2----------------)

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელს ერთვის მოსარჩელის მიერ 300 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხ---- გ----------ს უნდა დაეკისროს 180 ლარის (4500 ლარის 4%)ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- ლ---–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

ხ---- გ----------ს დ----- ლ---–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს 4 500 ლარის გადახდა;

2. ხ---- გ----------ს დ----- ლ---–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის 180 ლარის გადახდა;

3. ხ---- გ----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 135 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე