გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33594-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - ვ-–- ფ–----–--ე
მოპასუხე - შპს „ი--------ი“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ლ----------–-----------------------–--------------, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0----------------------) მესაკუთრედ და უძრავი ქონება აღირიცხოს საჯარო რეესტრში ვ-–- ფ–----–--ის საკუთრების უფლებით უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2009 წლის 10 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ სანაცვლო შესრულების პირობით. ხელშეკრულების მიხედვით შპს „ი--------ი“ წარმოადგენდა გარიგების ერთ-ერთ მხარეს _ მყიდველს, ხოლო გარიგების მეორე მხარეს ფიზიკური პირები „გამყიდველები“: ვ-–- ფ–----–--ე, ლ---- თ---–-----–--ე, ნ-------------ე, ს------------–---–ი, ი-–--------–--. ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკური პირები საზოგადოებას საკუთრებაში გადასცემდნენ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ქ-----–-------, ხოლო შპს“ი--------ი“ იღებდა ვალდებულებას მითითებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და აშენებული კორპუსიდან გადაეცა საცხოვრებელი ბინები თავდაპირველი მესაკუთრეებისათვის, გაეფორმებინა მათთან ინდივიდუალური ხასიათის გარიგებები, მშენებლობის პროცესში მობინადრეები გაეყვანა ქირით და უზრუნველეყო ქირის თანხის გადახდა. გარიგების თანახმად, იმავე დღეს თითოეულ ფიზიკურ პირთან გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები, მათ შორის მოსარჩელესთანაც. 2010 წლის 8 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გარიგების საგნის შესახებ, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი თავდაპირველ გარიგებაში, რითაც მოპასუხეს გაუგრძელდა ვალდებულების სესრულების ვადა.
ფიზიკურმა პირებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულეს ჯეროვნად და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადასცეს მოპასუხეს, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც ქონების თავდაპირველი მესაკუთრეები აღმოჩნდნენ ღია ცის ქვეშ, მათ შორის მოსარჩელე 9 წელია ცხოვრობს ქირით და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
დღეის მდგომარეობით შპს“ი--------ს“ აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მოპასუხის ანგარიშებს ადევს ყადაღა, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, კომპანიის ქონება ასევე დაყადაღებულია, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი ქონებაც და არსებობს საფრთხე, რომ სხვა დაზარალებულთა სასარგებლოდ თავდაპირველ მესაკუთრეთა ქონებები, რომელიც კარკასულ მდგომარეობაშია, გაიყიდოს აუქციონზე. მოპასუხე მხარე თანახმაა უძრავი ქონების საკუთრებაში გადმოცემის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა მოკლებულია ზემოხსენებული შეზღუდვების გამო განახორციელოს აღნიშნული ქმედება და მოსარჩელის ერთადერთი გამოსავალი სასამართლო გზით უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნაა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ი--------ი’’ წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და ცნო სასარჩელო მოთხოვნა.
მოპასუხის განმარტებით, სადავო არაა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა და საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომპანიისათვის გადაცემის ფაქტი, თუმცა ვერ ხორციელდება მისაღებ ფართზე მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმის გამო, რომ შპს ,,ი--------ი“ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და კომპანიის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას ადევს ყადაღა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2009 წლის 10 მარტს გაფორმდა საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ სანაცვლო შესრულების პირობით ხელშეკრულება, მყიდველს _ შპს „ი--------სა“ და ფიზიკური პირებს (გამყიდველები): ვ-–- ფ–----–--ეს, ლ---- თ---–-----–--ეს, ნ-------------ეს, ს------------–---–სა და ი-–--------–--ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკური პირები საზოგადოებას საკუთრებაში გადასცემდნენ კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ქ-----–-------, ხოლო შპს“ი--------ი“ იღებდა ვალდებულებას მითითებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და აშენებული კორპუსიდან გადაეცა საცხოვრებელი ბინები თავდაპირველი მესაკუთრეებისათვის, გაეფორმებინა მათთან ინდივიდუალური ხასიათის გარიგებები, სადაც აისახებოდა ინდივიდუალური სანაცვლო შესრულების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ სანაცვლო შესრულების პირობით (ს.ფ.20-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამარათლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 2009 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს“ი--------ი“ მესაკუთრეთა მიერ პირობით უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საფასურის ფარგლებში, ვ-–- ფ–----–--ეს გადასცემდა საკომპენსაციოდ 90კვ.მ საცხოვრებელ ფართს და 18კვ.მ ავტოპარკინგს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2009 წლის 10 მარტის ინდივიდუალური ხელშეკრულება (ს.ფ.28-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამარათლო სხდომის ოქმი).
-
3.1.3. 2010 წლის 8 ივნისს შპს „ი--------სა“ და ფიზიკური პირებს ვ-–- ფ–----–--ეს, ლ---- თ---–-----–--ეს, ნ-------------ეს, ს------------–---–სა და ი-–--------–--ს შორის დადებული ხელშეკრულების (მხარეებსა და გარიგების საგნის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების თაობაზე) თანახმად ცვლილება შევიდა და გაგრძელდა 2009 წლის 10 მარტის ხელშეკეულებით განსაზღვრული (2010 წლის 10 ივნისი) ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 8 ივნისის შხელშეკრულება (ს.ფ.31-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამარათლო სხდომის ოქმი).
3.1.4. შპს“ი--------ის“ N-- კრების ოქმის საფუძველზე, 10.10.13წ ვ-–- ფ–----–--ე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თბილისში, ქ-----–-------, ბ------, ნიშნული +1.75, 86.40კვ.მ უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.33-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამარათლო სხდომის ოქმი).
3.1.5. მოპასუხე შპს ,,ი--------ი’’-მ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისში, ქ-----–-------, ბ------ საკუთრების უფლების გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამარათლო სხდომის ოქმი).
- შპს ,,ი--------ი’’-ს 23.10.18წ წერილი (ს.ფ.38).
3.1.6. შპს ,,ი--------ი’’-ს გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები მესამე პირების მიმართ, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები, მათ შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც წარმოადგენს დავის საგანს. მოპასუხე ასევე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.33-35);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 05.11.18წ წერილი (ს.ფ. 36-37);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 639-ე, 323-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, თუმცა რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი). ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, (1) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (2) თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ 2009 წლის 10 მარტს გაფორმდა საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ სანაცვლო შესრულების პირობით ხელშეკრულება, მყიდველს _ შპს „ი--------სა“ და ფიზიკური პირებს (გამყიდველები): ვ-–- ფ–----–--ეს, ლ---- თ---–-----–--ეს, ნ-------------ეს, ს------------–---–სა და ი-–--------–--ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკური პირები საზოგადოებას საკუთრებაში გადასცემდნენ მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ქ-----–-------, ხოლო შპს“ი--------ი“ იღებდა ვალდებულებას მითითებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და აშენებული კორპუსიდან გადაეცა საცხოვრებელი ბინები თავდაპირველი მესაკუთრეებისათვის. 2009 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს“ი--------ი“ მესაკუთრეთა მიერ პირობით უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საფასურის ფარგლებში, ვ-–- ფ–----–--ეს გადასცემდა 90კვ.მ საცხოვრებელ ფართს და 18კვ.მ ავტოპარკინგს. უდავო გარემოებას წარმოადგენს რომ შპს“ი--------ის“ N-- კრების ოქმის საფუძველზე, 10.10.13წ ვ-–- ფ–----–--ე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თბილისში, ქ-----–-------, ბ------, ნიშნული +1.75, 86.40კვ.მ უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ.
ამდენად, მხარეთა შორის მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა; სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება გადასცა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში მოპასუხე კომპანიას საკუთრებაში, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, საკომპენსაციოდ აეშენებინა და მოსარჩელისათვის გადაეცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე. ამჟამად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულებული არ არის და იმყოფება კარკასულ მდგომარეობაში, ხოლო მოსარჩელე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში სადავო ფართის მომავალ მესაკუთრედ.
6.3.,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
დადგენილია რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეთა მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას შეედავოს პროცესუალურ მოწინააღმდეგეს. თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.
საქმის არსებითად განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე კი დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რაც ვ-–- ფ–----–--ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა, ვინაიდან მოპასუხემ როგორც შესაგებლით ასევე საქმის განხილვისას სრულად ცნო სარჩელი, სახეზეა მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების საფუძველი და შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს სასამართლოს მიერ 2018 წლის 2------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–- ფ–----–--ის სარჩელი შპს "ი--------ის" მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ვ-–- ფ–----–--ე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე _ ქ. თბილისი, ქ-----–----------------------, (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0----------------------) მესაკუთრედ.
2.1. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ვ-–- ფ–----–--ეზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
3. ვ-–- ფ–----–--ეს დაუბრუნდეს სს „თ----------ში" 0--------- წელს, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3000 (სამი ათასი) ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო მამულაშვილი