გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002598575
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24526-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „ს------------–-“

წარმომადგენელი ნა---------------–-–---–-, მ----------------–-–---–ი

მოპასუხე ალ-----------–---–-

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ალ-----------–---–-სათვის მოსარჩელე შპს "ს------------–-ს" სასარგებლოდ 8940 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოპასუხე ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 22 ნოემბრამდე დასაქმებული იყო შპს „ს------------–-ს“ საწყობში, საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

საწყობში განთავსებული პროდუქცია წარმოადგენს მიბარებულ საქონელს, რომლის მიმართ მოპასუხე პასუხისმგებელი იყო მატერიალურად, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას მიბარებული პროდუქციის დაზიანებასა და ფაქტობრივ, დაუსაბუთებელ დანაკარგზე. მატერიალური ზიანის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი იყო შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე. აღნიშნული ვალდებულება განსაზღვრულია ხელშეკრულებით და კოლექტიური ხელშეკრულებით სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

2016 წლის 8-9 ოქტომბერს და 2016 წლის 19-21 ნოემბერს განხორციელდა შპს „ს------------–-ს“ მიერ საინვენტარიზაციო კომისიისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით ცენტრალური საწყობის აღწერა-ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი ჯამში 57 789 ლარის ოდენობით. აღწერის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი გადანაწილდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ნამუშევარი პერიოდისა და დაკავებული პოზიციების გათვალისწინებით.

 

2018 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით ანაზღაურებული თანხა შეადგენს ჯამში 6577 ლარს და მატერიალურად პასუხისმგებელი პირები ეტაპობრივად რიცხავენ დაკისრებულ თანხას შპს „ს------------–-ს“ საბანკო ანგარიშზე.

 

დანაკლისის ანაზღაურებაზე თანხმობა განაცხადა მოპასუხემ, რომელიც იმ მომენტისათვის წარმოადგენდა ცენტრალური საწყობის ხელმძღვანელ პირს. 2016 წლის 2 დეკემბერს შედგენილი აქტის თანახმად, ა-–-----------–---–ს უნდა გადაეხადა დანაკლისი 8 940 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის მიერ არ იქნა ვალდებულება შესრულებული და 2018 წლის 18 იანვარს შპს „ს------------–--“ მიმართა ა-–-----------–---–ს წერილობით და მოითხოვა 8 940 ლარის ანაზღაურება, თუმცა ვალდებულება ამ დრომდე შეუსრულებელია.

 

2018 წლის 1 მარტს შპს „ს------------–--“ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების თაობაზე განცხადებით და გადაიხადა გამარტივებული წარმოების განხორციელების საფასური - 100 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, მოპასუხის წერილობითი პროტესტის გამო აპლიკანტს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ს------------–-ს“ დირექტორმა და ბუღალტერმა მოტყუებით მოაწერინეს ხელი ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 22 ნოემბრამდე დასაქმებული იყო შპს „ს------------–-ს“ საწყობში, საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 01.01.2015 ბრძანება;

- 01.01.2015 შრომითი ხელშეკრულება;

- 22.11.2016 ბრძანება.

 

3.1.2. შპს „ს------------–--“ და კომპანიის თანამშრომლებს შორის დაიდო ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის თანახმად, „დასაქმებული“ იღებს თავის თავზე სრულ სოლიდარულ მატერიალურ პასუხისმგებლობას „დამსაქმებულის“ მიერ მასზე ჩაბარებულ/გადაცემულ საქონელსა და ინვენტარზე, ხოლო დასაქმებულის სრული მატერიალური პასუხისმგებლობა გულისხმობს მის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანის სრული ოდენობით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა ალ-----------–---–-.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.

 

3.1.3. 2016 წლის 8-9 ოქტომბერს და 2016 წლის 19-21 ნოემბერს განხორციელდა შპს „ს------------–-ს“ მიერ საინვენტარიზაციო კომისიისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით ცენტრალური საწყობის აღწერა-ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი ჯამში 57 789 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აქტი - შპს „ს------------–-ს“ ცენტრალური საწყობის 2016 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის აღწერის შედეგად გამოვლენილი ზარალის ანაზღაურების შესახებ.

 

3.1.4. 2018 წლის 1 მარტს შპს „ს------------–--“ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების თაობაზე განცხადებით და გადაიხადა გამარტივებული წარმოების განხორციელების საფასური - 100 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, მოპასუხის წერილობითი პროტესტის გამო აპლიკანტს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ელექტრონული საგადახდო დავალება N24165;

- 26.03.2018 გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 02.12.2016 წლის აქტით ა-–-----------–---–მა აღიარა შპს „ს------------–-ს“ მიმართ დავალიანება 8 940 ლარის ოდენობით და იკისრა მისი გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ 02.12.2016 წლის აქტის შინაარსს არ გაცნობია და მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნების არანამდვილობაზე იმის გამო აპელირებს, რომ მას, ნების ფორმირების დროს, გამოვლენილი ნების შინაარსის გაცნობიერების შესაძლებლობა არ ჰქონდა და არც მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები ესმოდა.

 

სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კიდეც რომ გაითვალისწინოს თავდების მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან გარიგებას შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება იმ პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი, მისივე განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობად ვერ განიხილება, ვინაიდან მას ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ მართლაც არ გასცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი დოკუმენტის ხელმოწერა, მისი შინაარსის გაცნობისა და ნების გამომვლენზე ზემოქმედების გარეშე, გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 341.1 მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ, აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, ამდენად ვალის აღიარებას ახასიათებს ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულების ყველა ნიშანთვისება იმ თავისებურების გათვალისწინებით, რაც მოცემულია განსახილველ ნორმაში.

 

ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარება ხელშეკრულებაა და უნდა პასუხობდეს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულების შინაარსს, კერძოდ კი, მასში ასახული უნდა იყოს ნათლად და მკაფიოდ დაფიქსირებული მხარის ნება, რომ იგი კისრულობს პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე და მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა ალ-----------–---–-ს მიერ აღიარებულია წერილობითი ფორმით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 02.12.2016 წლის აქტი პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ალ-----------–---–- კისრულობს ვალდებულებას, კრედიტორის სასარგებლოდ უზრუნველყოს ვალდებულების შესრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს------------–-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317, 361-ე, 341-ე, 327-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო 317-ე მუხლით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 341.1 მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ, აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, ამდენად ვალის აღიარებას ახასიათებს ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულების ყველა ნიშანთვისება იმ თავისებურების გათვალისწინებით, რაც მოცემულია განსახილველ ნორმაში.

 

ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარება ხელშეკრულებაა და უნდა პასუხობდეს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულების შინაარსს, კერძოდ კი, მასში ასახული უნდა იყოს ნათლად და მკაფიოდ დაფიქსირებული მხარის ნება, რომ იგი კისრულობს პასუხისმგებლობას კრედიტორის წინაშე და მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ა-–-----------–---–მა შპს „ს------------–-ს“ მიმართ აღიარა ვალდებულების არსებობა და მისი იკისრა ეტაპობრივად გადაეხადა 8 940 ლარი, შპ "ს------------–-ს" სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა.

 

კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა. თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს.

 

ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადის გადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის დარღვევას.

 

ა-–-----------–---–მა არ შეასრულა შპს „ს------------–-ს“ მიმართ აღიარებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაუხადა 8 940 ლარი. აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კრედიტორს ანიჭებს ამ თანხის მოთხოვნის უფლებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ა-–-----------–---–ს მოსარჩელე შპს „ს------------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 268.2 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 და 37.3 პუნქტების შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ა-–-----------–---–ს მოსარჩელე შპს „ს------------–-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გამარტივებული წარმოების სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

შ-----------------–-- სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 271.20 ლარის ნაწილი 3 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს------------–-ს“ სარჩელი ალ-----------–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ა-–-----------–---–ს მოსარჩელე შპს „ს------------–-ს“ სასარგებლოდ 8 940 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა-–-----------–---–ს მოსარჩელე შპს „ს------------–-ს“ სასარგებლოდ გამარტივებული წარმოების სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

2.1. დაეკისროს მოპასუხე ა-–-----------–---–ს მოსარჩელე შპს „ს------------–-ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 268.2 ლარის ანაზღაურება.

 

2.2. მოსარჩელე შ-----------------–-- დაუბრუნდეს 2018 წლის 21 აგვისტოს N- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 271.20 ლარიდან 3 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია