გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210018002702267
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, საბანკო მომსახურება
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31772-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი 2019 წელი თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”

წარმომადგენელი - ქ------------------ე

მოპასუხე - ე---------- ხ--–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ე---------- ხ--–-–---–ს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 4541.03 ლარი, 2016 წლის 14 ივლისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე;

1.2. მოპასუხე ე---------- ხ--–-–---–ს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 3277.44 ლარი (გამომდინარე 2016 წლის 25 ოქტომბრის ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით გაცემულ სესხზე);

1.3. მოპასუხე ე---------- ხ--–-–---–ს სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 4152.10 ლარი (გამომდინარე 2015 წლის 5 მაისს ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით გაცემულ სესხზე);

პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი 2019 წლის 19 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2015 წლის 5 მაისს სს ,,თ----------მა“ მოპასუხეზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება პ--------------ე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის პირობებს მოპასუხე გაეცნო ვებ-გვერდზე და დასტურის ღილაკის გამოყენებით დაეთანხმა შემდეგ პირობებს: საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება N7-------------; საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2400 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%. კრედიტის ვადა 14.01.2044-მდე. კრედიტის დასაფარი თანხის დაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში, ასევე განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების თანხის 0.5%. 2015 წლის 5 მაისს მოპასუხემ დაიწყო თანხის ათვისება, რაც დასტურდება ამონაწერით პირადი ანგარიშიდან. მოსარჩელის მიერ თანხის ათვისება გულისხმობს რომ არსებობს თანხის გადახდის ვალდებულებაც. მოპასუხე პერიოდულად ახორციელებდა გადახდებს, თუმცა არასტაბილურად, ყოველი შესრულება კი სსკ-ის 361 მუხლის თანახმად, გულისხმობს ვალდებულების არსებობას. პირველი დარღვევა მოპასუხეს უფიქსირდება 2015 წლის სექტემბრის თვეში, ხოლო ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის თებერვლის თვეში.

სარჩელის წარდგენის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 4152.10 ლარს, რომელშიც თანხის ძირი არის 2390.94 ლარი, პროცენტი - 1105.02 ლარი და პირგასამტეხლო - 656.14 ლარი; პირგასამტეხლო დაანგარიშებულია დარღვევის პერიოდში, რაც შეადგენს 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის 19 ივლისამდე პერიოდს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ე---------- ხ--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირი თანხისა ნაწილში, ხოლო დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით განმარტა, რომ შეუსაბამოდ მაღალია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 0.5%-დან 0.05%-მდე. რაც შეეხება ძირ თანხაზე- 2390.64 ლარზე, 1105.02 ლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის დარიცხვას, იგი არ შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ მოკლევადიან სესხზე დადგენილ საპროცენტო განაკვეთს და შესაბამისად ასევე უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 5 მაისს სს ,,თ----------მა“ მოპასუხეზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება პ--------------ე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის პირობებს მოპასუხე გაეცნო ვებ-გვერდზე და დასტურის ღილაკის გამოყენებით დაეთანხმა შემდეგ პირობებს: საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება N7-------------; საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2400 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%. კრედიტის ვადა 14.01.2044-მდე. კრედიტის დასაფარი თანხის დაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში, ასევე განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დავალიანების თანხის 0.5%.

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმი);

 

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ 31).

 

- სს“თ----------ის“ ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32)

 

3.1.2. ე---------- ხ--–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 31);

- სს“თ----------ის“ ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32, 95)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არსებობს სს ,,თ----------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველს კი წარმოადგენს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება N7-------------; რომლის სამართლებრივი რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სს ,,თ----------სა“ და მოპასუხეს შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 2400 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%. კრედიტის ვადა 14.01.2044-მდე. კრედიტის დასაფარი თანხის დაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი ძირი თანხის _ 2390.64 ლარის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.3. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დავის ფარგლებში, დადგენილია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და მოვალისათვის ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შეადგენს სესხის ძირ თანხას - 2390.64 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული პროცენტი - 1105.02 ლარს.

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს: ე---------- ხ--–-–---–ს სს“თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხა 2390.64 ლარი და საპროცენტო სარგებლის 1105.02 ლარის გადახდა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო მიუთითებს რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას, მსესხებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0,5%-ის ოდენობით. თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დარიცხული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალის შემცირებას 0.05%-მდე, რაც სასამართლოს შეფასებით პირგასამტეხლოს თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - დავალიანების ძირ თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც არაგონივრული უნდა შემცირდეს 0,05%-მდე და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 65.6 ლარით.

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თ----------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 359.12 ლარის ოდენობით. ვინაიდან პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნები, მოსარჩელემ გაიხმო მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს _ 306.26 ლარი; ხოლო მოპასუხეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 35.12 ლარი; სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ე---------- ხ--–-–---–ს სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, საკრედიტო ბარათით სარგებლობის N7------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3561.56 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2390.94 ლარი, პროცენტი - 1105.02 ლარი და პირგასამტეხლო - 65.6 ლარი.

2. ე---------- ხ--–-–---–ა სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 35.12 ლარის ანაზღაურება;

3. მოსარჩელე სს ,,თ----------ს” დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 306.26 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2-------წ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი T-------; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება N--).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი