გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001834706
საქმე №2/376-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - გ-----მ გ---–--–---–ი
მოპასუხეები - ბ---კ გ---–--–---–ი, შპს „ს----------------ი“, წარმომადგენელი ლ--–ი ქ---–--ე
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2015 წლის 24 ნოემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს და ყადაღისგან გათავისუფლდეს ქ. გორში, რ------ს ქ. 5-/9-ში დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ქონება: 1. ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა, 1 ც. მეორადი მოხმარების; 2. "სამსუნგის" ფირმის კომპიუტერი, 1 კომპ. მუშა მდგომარეობაში; 3. "ჯივისის" ფირმის ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა, 1ც. მეორადი მოხმარების.
მოსარჩელის განმარტებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებულ იქნა ქ. გორში, რ------ს ქ. 5-/9-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ქონება. ხსენებული მოძრავი ნივთები დაყადაღდა მისი შვილის ბ---კ გ---–--–---–ის მიერ შპს „სოდაკო ფინანის“ მიმართ არსებული დავალიანების გამო.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ბ---კ გ---–--–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე შპს „სოდაკო ფინანის“ წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. დადგენილია,რომ მოსარჩელე ბ---კ გ---–--–---–ი არის გ-----მ გ---–--–---–ის შვილი, რომელიც არ ცხოვრობს ქ. გორში, რ------ს ქ. 5-/9-ში .
3.1.2. დადგენილია ისიც, რომ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დავალიანების გადახდვინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით მიმართა შპს „ს----------------მა“. შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოხდა ბრძანების გამოცემა, რომლის საფუძველზეც აღმასრულებელმა მოვალის მისამართზე დააყადაღა მოძრავი ქონება.
3.1.3. 2015 წლის 24 ნოემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დავალიანების გადახდვინების შესახებ ბრძანების საფუძველზე ქ. გორში, რ------ს ქ. 5-/9-ში შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლითაც დაყადაღდა სხვადასხვა მოძრავი ნივთები და მათ შორის: 1. ელჯის ფირმის კომპიუტერი, შავი მონიტორი, კლავიატურა, პროცესორი; 2. ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; 3. სამსუნგის ფირმის კომპიუტერი; 4. ჯივისის ფირმის ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა 5. ჰიტაჩის შავი ფერის მაცივარი; 6.ბოშის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა.
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით (ს/კ 6-.05.2-.0--.01.009) და 2015 წლის 01 აპრილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N58/117გ გადაწყვეტილებით ქ. გორში, რ------ს ქ. 5-/9-ში ბ---კ გ---–--–---–ის ფაქტობრივად ცხოვრების და რეგისტრაციის ფაქტი არ დასტურდება.
საქმეზე შეკრებილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე ბ---კ გ---–--–---–ის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს სადავო ნივთების ადგილმდებარეობა - ქ. გორი, რ------ს ქ. 5-/9. აღნიშნულის გასაბათილებლად მიჩნეული ვერ იქნება სესხის ხელშეკრულებაში მოპასუხის მიერ ხსენებულ მისამართის მითითების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
4 შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფიდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა ან ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სასამართლო მოიხმობს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლს, რომლითაც ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით სადავოდ ქცეული მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს არა ბ---კ გ---–--–---–ი, არამედ გ-----მ გ---–--–---–ი და ამდენად, მოვალე ბ---კ გ---–--–---–ი ვალის ანაზღაურების მიზნით ამ ნივთების აღსასრულებლად მიქცევა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და 2015 წლის 24 ნოემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები -1. ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; 3. სამსუნგის ფირმის კომპიუტერი; 4. ჯივისის ფირმის ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 53-ე, 199’-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. 2015 წლის 24 ნოემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს ქ. გორში, რ------ს ქ. 5-/9-ში მდებარე მოძრავი ნივთები - 1. ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა, 1 ც. მეორადი მოხმარების; 2. "სამსუნგის" ფირმის კომპიუტერი, 1 კომპ. მუშა მდგომარეობაში; 3. "ჯივისის" ფირმის ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა, 1ც. მეორადი მოხმარების..
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე