გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2954-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------------–-–-ა
წარმომადგენელი ნა----–--------–ი
მოპასუხე ზ-------------------
წარმომადგენელი ლ-------ია
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზუ---- კვ--------–ს სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 3200 ლარი.
სარჩელის მიხედვით, 2015 წლის 27 ივნისს სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------------–-–-ის ადმინისტრაციის, საერთაშორისო - სასაზღვრო თანამშრომლობის სამსახურის უფროსი ზ------------------- ტოიოტას მარკის ავტომანქანით სახ. ნომერი---------- მოძრაობდა ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე. რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ოპელის მარკის ავტომანქანას სახ. ნომერი U-------, რომელსაც მართავდა და------------.
ფაქტთან დაკავშირებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზ-------------------ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, რომელიც 2015 წლის 6 აგვისტოს შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლმა და------------მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.
და------------ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 250 ლარი, ხოლო ზუ---- კვ--------–ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით. მოპასუხეს აგრეთვე შსს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით შეეფარდა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური, ხოლო და------------ს დაევალა ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად შესაბამისი პროცედურების გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2015 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ს-----------------–-–--- სარჩელით მიმართა სასამართლოს და------------ს მიმართ 6400 ლარის ზიანის დაკისრების მოთხოვნით.
2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ბრალი ზიანის დადგომაში უნდა გადანაწილდეს თანაბარწილად და და------------ს ბრალეულობა შეფასდა 50%-ით. შესაბამისად, მას გადასახდელად დაეკისრა 3200 ლარი.
სასამართლომ დაადგინა, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, როგორც და------------მ ასევე ზუ---- კვ--------–მა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, რომ არ ყოფილიყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ შესაძლოა უფრო ზუსტად და სწრაფად აღექვა შექმნილი საავარიო სიტუაცია და მას დროული მანევრირებით თავიდან აერიდებინა ან შეემცირებინა ავტოავარიის შედეგად დამდგარი ზიანი.
ვინაიდან, სასამართლომ დაადინა ორივე პირის ბრალეულობა და გადაწყვეტილებით დამრღვევს - და------------ს დააკისრა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ღირებულებიდან ნახევარის 3200 ლარის გადახდა, ზუ---- კვ--------–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 3200 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ზ------------------- წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმატებით სარჩელს არ ცნობს.
მოპასუხე არ ეთანხმება2017 წლის 21 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა შერეული ბრალის ხარისხს. ალკოჰოლური თრობის არარსებობის პირობებში შესაძლო იქნებოდა თუ არა ზიანის თავიდან არიდება ემყარება მხოლოდ ვარაუდებს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა და------------ს ბრალეულობით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხესთან მიმართებაში ბრალის არსებობა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 4 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს შერეული ბრალის არსებობას.
მოპასუხის განმარტებით, მისი ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1600 ლარს. გარდა ამისა, ყოველთვიურად იღებდა დანამატს, რომლის ოდენობა ძირითადად შეადგენდა 1000 ლარს, მას გამოუცხადეს მკაცრი საყვედური და 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აპრილამდე არ მიუღია დანამატი, რამაც დაახლოებით შეადგინა 5000 ლარი. მოპასუხის პოზიციით, რომც არსებობდეს შერეული ბრალის გამო ზიანის მოთხოვნის საფუძველი, მოსარჩელე მხარეს მისთვის მიყენებული ზიანი, უკვე აუნაზღაურდა იმ თანხმებით რაც არ მიუღია დანამატის სახით.
მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზეც და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 22 ნოემბერს, თუმცა ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა 2015 წლის 27 ივნისს, შესაბამისად მოსარჩელეს დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსთვის უნდა მიემართა 2018 წლის 27 ივნისამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 27 ივნისს, შს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის საერთაშორისო-სასაზღვრო თანამშრომლობის სამსახურის უფროსი ზ-------------------, სამსახურებრივი ,,--------ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო #SSP-033, მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე, რა დროსაც შეჯახება ,,O-----ის მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #U------- რომელსაც მართავდა და------------.
საქმეში წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პეკინის ქუჩის მხრიდან, დელისის მეტროს მიმართულებით სავალი გზის მეხუთე ზოლში მოძრავი ,,O-----ის მარკის ავტომანქანამ სახ. NU------- რომელსაც მართავდა და------------, ასათიანი ქუჩის კვეთაზე, გზაჯვარედინზე დაიწყო მანევრი მარცხნივ რა დროსაც შეეჯახა სავალი გზის მეექვსე სამოძრაო ზოლში თანმხვედრად მოძრავ ,,T---------------ს მარკის ავტომანქანას (-------------.
მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის დამრღვევად ცნობილი იქნა და------------, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის სახით, დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი. და------------ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საჯარიმო აქტი არ გაუსაჩივრებია.
სასაზღვრო პილიციის ბალანსზე რიცხული ,,--------ს მარკის ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 6400 ლარით.
სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ზ------------------- ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება).
მოპასუხეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით.
ზ-------------------, საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნის საფუძველზე, ცნობილი იქნა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დამრღვევად და დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება დატოვებულია უცვლელად და შესულია კანონიერ ძალაში, მისი აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 17-23)
- საქართველოს შს სამინისტოს გენერალური ინსპექციის დასკვნა (ს.ფ 38-40)
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ 24-35)
- 2018 წლის 18 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 50)
3.1.2 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 ოქტომბრის დასკვნიდან გამომდინარე ავტომობილის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 6400 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 41-49)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ნაწილობრივ გამოიწვია ზ-------------------ს ბრალეულმა ქმედებამ, რომელიც სამართლებრივად უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს.
სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.
უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა. დადგენილია, რომ სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ზ------------------- ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება) და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით. ჩადენილი ქმედებისათვის მას ასევე გამოეცხადა დისციპლინური სახდელი- სასტიკი საყვედური.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
ამავე კანონის მე-20.2 მუხლის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას. მე-7 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილე ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი იმპერატიულია საგზაო მოძრაობის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს
გააჩნიათ ვალდებულებები არ შექმნან საფრთხეები და ასეთი ვალდებულებები უფრო მკაცრია იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც მომეტებული საფრთხის წყაროს მეშვეობით გადაადგილდებიან. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი ზუსტი განსაზღვრულობის ფარგლებში, საწინააღმდეგო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა ხარისხი დამოკიდებულია გადაცდომის სიმძიმეზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ, რომ ზ-------------------ს მიერ დარღვეულია უსაფრთხო გადაადგილების მინიმალური სტანდარტი და მისი ქმედება ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში. საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა მოპასუხის განმარტებისა საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 17-23)
- საქართველოს შს სამინისტოს გენერალური ინსპექციის დასკვნა (ს.ფ 38-40)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 1008-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; დამდგარი ზიანი; მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.
საქმეზე უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ ზ------------------- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რისთვისაც დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით. ამასთან, ჩადენილი ქმედებისათვის გამოეცხადა დისციპლინური სახდელი-სასტიკი საყვედური, რომელიც არ გაუსაჩივრებია და სასამართლოს მოსაზრებით სახეზეა ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი.
მოპასუხე არ ეთანხმება 2017 წლის 21 ივლისს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ გარემოებას, რომლითაც იგი მიჩნეულია ბრალეულ პირად 2015 წლის 27 ივნისს მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა შერეული ბრალის ხარისხს.
სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია როგორც და------------მ, ასევე მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლმა. თუმცა ექსპერტიზის დასკვნით ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ მძღოლად მიჩნეული იქნა და------------. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, სავარაუდოა, რომ ზ------------------- სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, რომ არ ყოფილიყო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში შესაძლოა უფრო ზუსტად და სწრაფად აღექვა შექმნილი საავარიო სიტუაცია და მას დროული მანევრირებით თავიდან აერიდებინა ან შეემცირებინა ავტოავარიის შედეგად დამდგარი ზიანი.
სასამართლოს მოსაზრებით 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებას განსახილველი დავის გადაჭრის კონტექსტში პრეუდიციული ხასიათი ვერ მიენიჭება ვინაიდან ზ------------------- შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და და------------ს შორის მიმდინარე დავაში ჩაბმული არ ყოფილა, თუმცა დასახელებული გადაწყვეტილება უდავოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომლის თანახმად დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტაცია მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა. ამავე დავის ფარგლებში სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალი ზიანის დადგომაში უნდა განაწილდეს თანაბარწილად და და------------ს ბრალეულობა შეაფასა 50%-ით, შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევის მეორე მონაწილის ბრალეულობის ხარისხიც 50% განისაზღვრება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს იზიარებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ ზუ---- კვ--------–მა თავად შეუწყო ხელი ზიანის დადგომას, ვინაიდან ავტო სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რამაც ხელი შეუშალა ზუსტად აღექვა მოვლენების განვითარება.
სარჩელზე დართულია 2015 წლის 23 ოქტომბრის #---------- ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ,,T---------------ს მარკის ავტომანქანაზე (------------- მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა განისაზღვრა 6400 ლარით. ამავე დასკვნის მიხედვით აღნიშნული ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების და შესაცვლელი დეტალების რაოდენობის და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ზ-------------------სთვის 3200 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული.
როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში უთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. მისი მტკიცებით, მართალია სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია 2017 წლის 22 ნოემბერს, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის დღიდან - 2015 წლის 27 ივნისიდან, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 27 ივნისს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია, სწორად შეფასდეს ხანდაზმულობის შესახებ სათანადო ნორმების გამოყენების საკითხი სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებაში.
სასამართლო შენიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ქვეშ იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამ ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, მატერიალური უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რომლის შემოწმების გარეშე, სასამართლოს მხრიდან ისეთი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადგენა, აზრს კარგავს.
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა სპეციალურად განსაზღვრავს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის სამწლიან ვადას. დასახელებული დანაწესი გამორიცხავს ხანდაზმულობის ზოგადი წესით გამოთვლისათვის გათვალისწინებულ ისეთ პირობებს, როგორიცაა მოთხოვნის წარმოშობის დროის დადგენისას, მოთხოვნის მქონე პირის მიერ უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებულად ცნობა ინფორმაციის მიღების ან იმ დროის გათვალისწინებით, როცა პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი). ნაცვლად ამისა, კანონი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას პირდაპირ უკავშირებს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღების დროს, რაც მოცემულ შემთხვევაში დგინდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
როგორც უკვე აღინიშნა 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების შედეგად დაადგინა, რომ სახეზე იყო ე.წ „შერეული ბრალი“ და ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე პირიდან თითოეულის ბრალეულობის ხარისხი განისაზღვრა 50%.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მასზე საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელი მეორე პირის ვინაობა ზუსტად განისაზღვრა იქნა 2017 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შსს საქართველოს ს-----------------–-–--- სარჩელით მომართა 2019 წლის 15 თებერვალს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში და სარჩელის უარყოფის მიზნით დასახელებული არგუმენტი დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შ--------------------------------------–---------–-------–------------------–----------------------–-–--- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. ზუ---- კვ--------–ს სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს 3200 ლარი.
3. მოპასუხე ზუ---- კვ--------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე