გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210016001436355
№2/1439-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 აპრილი 2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ნ----- კი-–------ა;
წარმომადგენელი – მ---- ად--–---–ი;
მოპასუხე - კ------------ე გუ--------;
წარმომადგენელი – ი--- გი-------ე;
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. კ------------ე გუ--------ს ნ----- კი-–------ას სასარგებლოდ დაეკისროს 12550 ევროს გადახდა;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2010 წლის 3 ოქტომბერს ნ----- კი-–------ას ქალიშვილმა ნ--- კი-–------ამ და მოპასუხე კ------------ე გუ--------მ საბერძნეთში დაიწერეს ჯვარი, ხოლო 2010 წლის 25 ოქტომბერს მათ შეეძინათ შვილი ლ----. ნ----- კი-–------ამ და მისმა შვილმა გადაწყვიტეს ბინა შეეძინათ ქალაქ ქუთაისში, გამოუგზავნეს თანხა მოპასუხეს, რომელმაც 2011 წლის 08 დეკემბერს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი რ---------–ის გამზირი 97/4. მეუღლეები შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ საცხოვრებელი სახლი გადაფორმდებოდა ნ--- კი-–------ას სახელზე. 2016 წლის 25 იანვარს ნ----- კი-–------ა დაბრუნდა საქართველოში, თუმცა კ------------ე გუ--------მ მოსთხოვა მათი ფულით შეძენილი სახლის დატოვება. მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადმოგზავნილი აქვს 12550 ევრო, რომლითაც შეიძინა ბინა მოპასუხემ, თუმცა თვლის, რომ იგი მისი საკუთრებაა და არ აპირებს ნ--- კი-–------ას სახელზე გადაფორმებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----- კი-–------ა ითხოვს მის მიერ გადაგზავნილი თანხის უკან დაბრუნებას.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, ბინა, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე შეიძინა საკუთარი სახსრებით. სარჩელზე დართული დოკუმენტი თანხის გადმოგზავნის შესახებ, მისთვის არ არის სარწმუნო, რადგან არ იცის საიდან არის ამოღებული, თან ქართულ ენაზეც არაა შესრულებულია, ფაქტია ისიც, რომ ამ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არ ფიქსირდება. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია. რადგან თუკი მოსარჩელე თვლის, რომ თანხა ასესხა, ფულის გადმოგზავნიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე (2016 წლის 18 ივლისი) გასულია სამ წელზე მეტი, ხოლო თუ თანხა ნ--- კი-–------ასათვის სახლის შესაძენად არის გადმოგზავნილი, მან 2013 წლის იანვარში გაიგო, რომ ბინა მის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა დავა არც ამ შემთხვევაში დაუწყია სამწლიან ვადაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 3 ოქტომბერს ნ----- კი-–------ას ქალიშვილმა ნ--- კი-–------ამ და მოპასუხე კ------------ე გუ--------მ საბერძნეთში დაიწერეს ჯვარი, ხოლო 2010 წლის 25 ოქტომბერს მათ შეეძინათ შვილი ლ----. მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ კ------------ე გუ-------- მეუღლესთან შეთანხმებით საბერძნეთიდან დაბრუნდა საქართველოში და თან წამოიყვანა მცირეწლოვანი, ოთხი თვის შვილი. ორი წლის შემდეგ, 2013 წელს საქართველოში დაბრუნდა ნ--- კი-–------აც, რის შემდეგაც მეუღლეები ცხოვრობდნენ ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ. 24–25);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 28).
–მხარეთა ახნაგანმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 08 დეკემბერს კ------------ე გუ-------მ 39000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი რ---------–ის გამზირი 97/4. აღნიშნული ქონება მან დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე (ს.კ.0------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ფ. 18–19);
– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 20–21);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ნ----- კი-–------ამ ვერ დაადასტურა, რომ მან მოპასუხეს გადმოუგზავნა 12550 ევრო, აღნიშნულის დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა „ინტელექსპრესის“ ქსელის მეშვეობით განხორციელებული ფულადი გზავნილის შესახებ ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ 2011 წლის 14 მაისს ნ----- კი-–------ამ კ------------ე გუ--------ს გადმოუგზავნა 10200 ევრო, 2011 წლის 13 ივნისს –1300 ევრო, 2011 წლის 26 ივნისს –250 ევრო, 2011 წლის 17 ივლისს –400 ევრო, 2011 წლის 13 ოქტომბერს – 400 ევრო, სწორედ აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხზე. მითითებული დოკუმენტის შინაარსი შესაგებელშივე სადავო გახადა მოპასუხემ და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან გზავნილი 2011 წელს არ მიუღია, მოსამზადებელ სხდომაზე კი წარმოადგინა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მონეტა ექსპრეს ჯორჯიას“ მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც კ------------ე გუ--------მ 2011 წლის განმავლობაში ნ----- კი-–------ასაგან ინტელექსპრესის სისტემის მეშვეობით მიიღო ერთი ფულადგი გზავნილი – 400 ევრო. ამონაწერის თანახმად, თანხა გადაირიცხა 2011 წლის 23 ოქტომბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, კ------------ე გუ--------მ 2016 წლის 2 აგვისტოს ცნობით გააბათილა ნ----- კი-–------ას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოსარჩელეზე, რადგან თანხის გადაცემის სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება, გამგზავნის დასადასტურებელია, თუმცა მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მის მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა და ამონაწერი ანგარიშიდან (იხ. ფ. 83);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129–ე, 130–ე, 709–ე, 715–ე, 716–ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709–ე უხლით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს საბერძნეთიდან გამოუგზავნა 12550 ევრო, რომელითაც კ------------ე გუ--------ს ქალაქ ქუთაისში უნდა ეყიდა უძრავი ქონება და გაეფორმენიბა მისი შვილის ნ--- კი-–------ას სახელზე. მოსარჩელის ამ განმარტებიდან გამომდინარე, სახეზეა დავალების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რწმუნებულს კ------------ე გუ--------ს უნდა შეესრულებინა მარწმუნებლის ნ----- კი-–------ას დავალება, შეეძინა უძრავი ქონება და გაეფორმებინა მისი შვილის სახელზე, რაც არ შეასრულა, კერძოდ, მართალია უძრავი ქონება იყიდა, მაგრამ იგი დაირეგისტრირა თავის სახელზე.
სამოქალაქო კოდექსის 716–ე მუხლით, ქონება, რომელიც რწმუნებულმა დავალებული მოქმედების შესრულებისას შეიძინა მარწმუნებლის ხარჯზე და საკუთარი სახელით, ან მარწმუნებელმა გადასცა მას დავალებული მოქმედების შესასრულებლად, კრედიტორებთან რწმუნებულის ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად.
2011 წლის 08 დეკემბერს კ------------ე გუ-------მ 39000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი რ---------–ის გამზირი 97/4. და აღნიშნული ქონება მართლაც დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე (ს.კ.0------------------), თუმცა მის გადაცემას მოსარჩელე არ ითხოვს.
სამოქალაქო კოდექსის 715–ე მუხლით, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის,აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.
ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნაა რწმუნებულისათვის გადაცემული თანხის დაბრუნება, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მიიღო თუ არა მან ეს თანხა და შეასრულა თუ არა დავალება. ნ----- კი-–------ამ წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ მან კ------------ე გუ--------ს გამოუგზავნა მოთხოვნილი თანხა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობით, 2011 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მხოლოდ 400 ევრო გამოუგზავნა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა 12550 ევროს მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, რადგან ნ----- კი-–------ას განმარტებით, მან შვილთან შეთანხებით გამოუგზავნა მოპასუხეს სახლის საყიდლად თანხა, თუმცა მისი შვილი და სიძე შეთანხმდნენ, რომ ნ--- კი-–------ას საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქონება გაფორმდებოდა მის სახელზე, ნ--- კი-–------ა 2013 წლის იანვარში ჩამოვიდა საქართველოში, ბუნებრივია მან გაიგო, რომ საცხოვრებელი სახლი მის სახელზე არ იყო გაფორმებული და ეს ინფორმაცია ცნობილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელისთვისაც, მიუხედავად ამისა, ნ----- კი-–------ამ სასამართლოს მხოლოდ 2016 წლის 18 ივლისს მიმართა და მოითხოვა თანხის დაკისრება მოპასუხეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 129–ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მოცემულ შემთხვევაში, თუკი მხარეებს შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება, მისგან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც გაშვებულია, რაც ამ კუთხითაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 985 ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----- კი-–------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე