განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119002823454
№1/18-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ------------ა
ბრალდებული: ზ---–-------------ე
მამის სახელი: შ------
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: ო------------ რაიონი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 4----------
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, მ---–----–----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 22 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ---–-------------ემ ქ. ფოთში, მ---–----–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში იმის გამო, რომ ალკოჰოლური სასმელების მიღებას უშლიდა დედა - ლ-----------------, ამ უკანასკნელს შეშის ნაჭრის რამდენიმე დარტყმით მარჯვენა წინამხრის არეში ნახეთქი ჭრილობის სახით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო შემდეგ წააქცია ლოგინზე და ხელი დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.
სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ზ---–-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერესებულ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.
ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დაზარალებული ლ----------------- არის ბრალდებულ ზ---–-------------ის დედა.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ: ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
2019 წლის 11 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ მიჩნეულ იქნა სადავოდ.
3.1. მოწმე თ--------–-----ემ განმარტა, რომ არის ექიმ-ტრამვატოლოგი და ზ---–-------------ეს მეზობელი. მასთან სამსახურში მივიდა ლ-----------------, რომელსაც ქონდა უმნიშვნელო ნაკაწრი ჭრილობა წინა მხრის მარჯვენა თუ მარცხენა მიდამოში, ზუსტად არ ახსოვს. მას ლ-----------------მ განუმარტა, რომ დაზიანება მიიღო კონფლიქტურ სიტუაციაციაში, მაგრამ არ უთქვამს თუ ვისთან ქონდა კონფლიქტი და თვითონაც არ უკითხავს ამის შესახებ. ის განმარტავს, რომ ლ----------------- ტკივილს უჩიოდა ნაკაწრ ჭრილობასთან დაკავშირებით.
3.2. მოწმე გ---------–------ამ განმარტა, რომ 2019 წლის 04 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ინსპექტორ-გამომძიებელ კ-----------–-----სთან ერთად, რა დროსაც ფ-----ს საქალაქო ს-----------–--დან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ შეტყობინება იყო შემოსული ქ.ფოთი, მ---–----–-----------დან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მან როგორც იცის ფ-----ს საქალაქო ს-----------–--ში დარეკა ზ---–-------------ემ და ითხოვა პოლიციის დახმარება. ის კ-----------–-----სთან ერთად გაემართა აღნიშნულ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ საწოლზე წაქცეული ლ----------------- და ზ---–-------------ე, რომელიც ადგა თავზე ლ-----------------ს და ხელს ურტყამდა სხეულზე. ის განმარტავს, რომ ლ-----------------ს ხელი ქონდა სისხლიანი და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს იტკიებდა რის გამოც მის მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. ლ-----------------მ მას განუმარტა, რომ აღნიშნული დაზიანება მას შეშის ნაჭრის ხელზე ჩარტყმით მიაყენა მისმა შვილმა ზ---–-------------ემ. მოწმის განმარტებით მათ მიერ მოხდა ზ---–-------------ეს დაკავება და გადაყვანა ფ-----ს საქალაქო ს-----------–--ში. დაკავების ოქმი შეადგინა კ-----------–-----მ.
3.3. მოწმე კ-----------–-----მ განმარტა, რომ 2019 წლის 04 იანვარს იყო მორიგე ჯგუფში, რა დროსაც დაუკავშირდნენ ფ-----ს საქალაქო ს-----------–--დან და განუმარტეს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტს ქონდა ადგილი ქ.ფოთი, მ---–----–-----------ში. ის გ---------–------ასთან ერთად წავიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც სახლის კარები დახვდათ ღია და ისე შევიდნენ სახლში, რომ ზ---–-------------ეს და ლ-----------------ს არც გაუგიათ მათი შესვლა. ის განმარტავს, რომ სახლში შესულებს დახვდათ შემდეგი სურათი: ლ----------------- იყო ლოგინზე წაქცეული, ზ---–-------------ე კი ედგა თავზე და ხელს ურტყამდა სხეულზე მათ მიერ მოხდა დედა და შვილის გაშველება. ლ-----------------ს მარჯვენა ხელი ქონდა სისხლიანი და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს იტკიებდა, როცა კითხეს თუ რა მოუვიდა მან უთხრა, რომ მისმა შვილმა ზ---–-------------ემ შეშის ნაჭრით მიაყენა დაზიანება. მან განუმარტა ზ---–-------------ეს მისი უფლებები, დააკავა, შეადგინა დაკავების ოქმი და გ---------–------ასთან ერთად გადაიყვანა სამმართველოში. სასწრაფოში ვინ დარეკა არ იცის.
3.4. მოწმე მ-------------ამ განმარტა, რომ არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2019 წლის 04 იანვარს ქონდა გამოძახება ქ.ფოთი, მ---–----–-----------ში, სადაც ქალბატონს სჭირდებოდა დახმარება. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას დახვდათ ლ-----------------, რომელიც იწვა თავის საწოლში და ხელს იტკიებდა, რისთვისაც ზედაპირულად დამუშავება დასჭირდა. ლ-----------------მ მას განუმარტა, რომ მოუვიდა კონფლიქტი შვილთან ზ---–-------------ესთან, რომელმაც შეშის ნაჭრით მიაყენა ხელზე დაზიანება, ლ----------------- იყო აფორიაქებული მაგრამ აზროვნებით ნორმალურად აზროვნებდა და დალაგებულად პასუხობდა მის შეკითხვებს. მას აღნიშნულ მისამართზე დახვდა პოლიციელები, გამომძიებელი ლ--–--------–--–---–ი და როგორც ახსოვს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ. ზ---–-------------ე მას იქ არ დახვედრია, რომელიც მისთვის ნაცნობი პერსონაა გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად უწევს მის გამოძახებაზე მისვლა, ხან წელის ტკივილს უჩივის, ხან თავი სტკივა, ხან ნაბახუსევია, ხოლო ლ-----------------სთან იშვიათად თუ ყოფილა გამოძახებული. მის მიერ ლ-----------------ს გაეწია სამედიცინო დახმარება, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე კი დაზარალებულმა ლ-----------------მ უარი განაცხადა.
3.5. მოწმე ლ--–--------–--–---–მა განმარტა, რომ მან გამოკითხა ლ-----------------, რომელმაც უთხრა, რომ შვილთან ზ---–-------------ესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მან მარჯვენა ხელზე შეშის ნაჭერი დაარტყა, რომელსაც იტკიებდა და რომელიც შეხვეული ქონდა სამედიცინო შესახვევით და ამ შესახვევზე ეტყობოდა სისხლი. მასთან ერთად გამოკითხვის, გამოკითხვის შემდეგ დაბრუნდნენ ლ-----------------სთან სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა აჩვენა შეშის ნაჭერი, რომელიც ეგდო საწოლთან, რომელიც მისი თქმით დაარტყა მისმა შვილმა. შეშის ნაჭერი განცალკევებული იყო სხვა შეშის ნაჭრებისგან, რომლებიც იყო ფეჩთან. მან ნებაყოფლობით ამოიღო აღნიშნული შეშის ნაჭერი, რომელიც ერთვის საქმეს ნივთმტკიცების სახით.
3.6. მოწმის წესით დაკითხულმა ბრალდებულმა ზ---–-------------ემ განმარტა, რომ იყო ნაბახუსევი და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ის გავიდა მაღაზიაში და იყიდა არაყი რათა გამოსულიყო მდგომარეობიდან. ლ-----------------მ, რომ დაინახა, რომ დალევას აპირებდა ატეხა ისტერიული კივილი და ცუდად გახდა, მან აიყვანა ხელში და საწოლში დააწვინა, რის შემდეგაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება და გავიდა ეზოში რათა დალოდებოდა მათ მოსვლას. ამ დროს ხედავს, რომ მის ეზოში შემორბოდნენ პოლიციელები: ო---–----- და ლ-------, ამ უკანასკნელმა მას დაუძახა: "რაიყო დედაშენს ეჩხუპეო". პოლიციელების მოსვლის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარებაც, რომელსაც მოყვებოდა ექიმი მ-------------ა, რომელმაც გასინჯა ლ----------------- და აღნიშნა, რომ იყო უმნიშვნელო დაზიანება ნახეთქი ჭრილობის სახით. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგ კი წაიყვანეს სამმართველოში, იქიდან კი ის ს------ დროებით დაკავების იზოლატორში. ის უარყოფს დედაზე ლ-----------------ზე ძალადობის ფაქტს.
3.7.2019 წლის 22 იანვრის N000444019 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N232-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ლ-----------------ს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 04.01.2019 წელს დიაგნოზით: სხეულის დაზიანება წინასწარ განზრახვით ან შემთხვევით. ჭრილობა ნახეთქი წინამხრის არეში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე------ ფ-----ს ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N255-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N236 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 05.01.2019) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ლ-----------------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 05.01.2019 წელს 12:25 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 13:25 საათზე, დიაგნოზით: ნაკაწრი ჭრილობა მარჯვენა წინამხრის არეში. დაზიანების - ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია დაზიანების (ჭრილობის ურთიერთგამომრიცხავი და არასრული მორფოლოგიური სურათის გამო, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.8. მოწმის წესით დაკითხულმა მ-------------–---მ (ექსპერტი) დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის სისწორე და შეკითხვაზე არსებული დაზიანება რამდენად იქნებოდა მტკივნეული ლ---------------ძისათვის დადებითად უპასუხა.
3.9. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ-----------------მ უარი განაცხადა მისი შვილის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
დადგენილია, რომ პოლიციის მუშაკები: გ---------–------ა და კ-----------–-----, ბუნებრივია ძალადობის დასაწყისის ეტაპზე ვერ აღმოჩნდებოდნენ ზ---–-------------ის სახლში, ისინი მივიდნენ იმ დროს, როდესაც ლ----------------- საწოლზე იყო წაქცეული და ზ---–-------------ე სხეულზე ორივე ხელით სცემდა (ძალადობდა), ანუ ძალადობის პროცესში, მოქმედებების განხორციელების, მიმდინარეობის დროს ლ. გ----------ე იქვე, იმ მომენტში მათ მოაცილეს ზ---–- დედისგან და დაინახეს ლ. გ----------ის მარჯვენა მხარზე ნაკაწრი, საიდანაც სისხლი სდიოდა, რასაც იტკივებდა, სხვა მათ გარდა არც სახლში და არც გარეთ არავინ იყო. ექიმმა შეამოწმა, ლ. გ----------ე ტკივილს უჩიოდა და უთხრა, რომ ოჯახში კონფლიქტის დროს მოუვიდა.
დედამ, მართალია, შვილის მიმართ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ დაზიანება, რომ მიიღო იმ დღეს, იმ ხარისხით, შვილისგან- ზ---– გ----------ისაგან, რა დროსაც განიცადა ტკივილი, საქმის მასალებით დასტურდება.
4. მხარეთა პოზიციები:
4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
4.2. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ.
5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის შეჯიბრებითობა, თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში შეკრებილია ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას.
მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
6. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ზ---–-------------ის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ დგინდება ზ---–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ ზ---–-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (დედა), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ---–-------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ---–-------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---–-------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ზ---–-------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა იქნას მიჩნეული ძალადობრივი ქმედების განხორციელება მთვრალ მდგომარეობაში, 80 წლის დედის მიმართ. აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ვინაიდან ძალადობა ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში.
8. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
8.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ზ---–-------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთი მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ---–-------------ე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. სასჯელის სხვა სახის გამოყენება, კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, იმ მიზეზებით რაც ზემოთ არის მითითებული. მხოლოდ აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს ზ---–-------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
9. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, - გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შეშის ნაჭერი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს საქალაქო ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ-----------------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
1.ზ---–-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.მსჯავრდებულ ზ---–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 იანვრის 22:22 საათიდან.
3.ზ---–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს.
4.საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შეშის ნაჭერი, რომელიც ინახება შსს ფ-----ს საქალაქო ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ-----------------ს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე