გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
130210019002859413
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019002-59413

2-122-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

12 აპრილი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე ბ------------ძე

წარმომადგენელი ნ------------შვილი

მოპასუხე ე----------------ძე

წარმომადგენელი ე------------------ძე

დავის საგანი: მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაიყოს მეუღლეთა საერთო ქონება, - ბ------------ძე აღიარებული იქნეს ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ნივთის - ქ.ხ-–----–-, ბ------------------ში მდებარე ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ.

ბ------------ძე აღნიშნავს, რომ სადავო ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული. ბინა მხარეებმა შეიძინეს ქორწინების განმავლობაში და შესაბამისად, თანამესაკუთრეები არიან;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმის აღძვრის შემდეგ განქორწინდა მოსარჩელესთან, მანამდე, ორი წლის განმავლობაში მასთან ერთად არ ცხოვრობდა, ბინა მხოლოდ მისი ფულით არის ნაყიდი - მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2018 წლის 25 ოქტომბერს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე----------------ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ.ხ-–----–-, ბ------------------ში, მე-- სართულზე მდებარე, 2-.7- კვმ. ფართის, N4--ე ბინაზე. ამ დროს, მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ბ------------ძესთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17);

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

არ არსებობენ

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - ბ------------ძე აღიარებული იქნეს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების - საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრედ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 1158-ე, 1168-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება

 

სამოქალაქო კოდექსის: 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

სადავო უძრავი ნივთი შეძენილია ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, ის, მეუღლეთა თანასაკუთრებაა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მხოლოდ მოპასუხის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული;

1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ სადავო ბინა მხოლოდ თავისი სახსრებით შეიძინა, ამ მიზნით სესხიც აიღო, 2017 წლიდან მოსარჩელესთან ერთად აღარ ცხოვრობს, ბინა კი 2018 წელს იყიდა, შესაბამისად, ნივთი მხოლოდ მისი საკუთრებაა;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოპასუხე ადასტურებს, რომ სადავო ნივთის შეძენის დროს რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მოსარჩელესთან, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ დროს ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, ოჯახიდან იყო წასული და ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის, არ დგინდება, რომ სადავო ნივთის შეძენისას, მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მათ შორის ქორწინება, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო;

გარდა ამისა, ქონების მხოლოდ მოპასუხის საკუთრებად ცნობისთვის, მის მიერ აღნიშნულ გარემოებასთან ერთად, უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი ან ყველა საფუძველი: მასთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები, შრომისუუნარო უნდა იყოს ანდა დადასტურებული უნდა იყოს მოსარჩელის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვა;

ამ საუძვლებზე ან ერთ-ერთ მათგანის არსებობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმე აღძრულია, გარდა საერთო ქონების გაყოფისა, ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნით. მხარეები მორიგდნენ და ე----------------ძე თანახმაა ალიმენტი გადაიხადოს მოსარჩელესთან მცხოვრები შვილების სარჩოდ;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2-3 ლარი და 50 თეთრი (ს.ფ.24). სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-24--ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ბ------------ძე (პირადი ნომერი 5----------) აღიარებული იქნეს ე----------------ძის (პირადი ნომერი 5----------) საკუთრებად რეგისტრირებული, ქ.ხ-–----–-, ბ----------------- - ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით 6---------------04-), 1/2 წილის მესაკუთრედ;

2. ე----------------ძეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 2-3 (ორას ოთხმოცდასამი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი ბ------------ძის სასარგებლოდ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ხაშური, კოსტავას ქ.№15).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი