გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
210210018002466777
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210018002466777

საქმე №2/380-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: შპს „ ბ----–-“

წარმომადგენელი გ--------------–---–ი, შ--–------------ე

მოპასუხე: შპს „ ი---------–----ი “წარმომადგენელი: ნ----–-------–---–ი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხე შპს „ ი---------–----ს “ მოსარჩელე შპს „ ბ----–-“-ს სასარგებლოთ დაეკისროს 15 746 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელე შპს „ ბ----–-ს “ მიერ შპს „ ი---------–----ისთვის “ მიწოდებული იქნა სხვადასხვა სახის საღებავები და ემულსია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 15 746 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარს და ეს თანხა მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ არის. ყოველი მიწოდებისას მყიდველს ეგზავნებოდა ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. რაიმე პრეტენზიები მიწოდებული საქონელის ხარისხთან დაკავშირებით მოპასუხეს არ განუცხადებია სარჩელის შეტანამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების მიხედვით საქონლის მიწოდება მართლაც განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში და შპს „ ბ----–-ს “ მიერ მისთვის შპს „ ი---------–----ისთვის “ მიწოდებული იქნა სხვადასხვა სახის საღებავები და ემულსია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 15 746 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარს და ეს თანხა მის მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ არის. მიუხედავად აღნიშნული მიწოდებისა მოპასუხე კომპანიას არ გააჩნია მოსარჩელისათვის რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება, რადგან მისთვის მიწოდებული საღებავები უხარისხო აღმოჩნდა, რაც გამოვლინდა მისი გამოყენების შემდეგ. საქონლის უხარისხობის გამო დაიხარჯა საღებავების ორჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე ნორმით იყო განსაზღვრული, რის გამოც მოპასუხეს შეკვეთის შესასრულებლად დასჭირდა დამატებითი რაოდენობის საღებავების შეძენა და სკოლის შენობის ორჯერ გადაღებვა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ძირითად შემკვეთისგან კონტრაქტის გაწყვეტა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის სექტემბრიდან - 2016 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე შპს „ ბ----–-ს“ მიერ შპს „ ი---------–----ისთვის “ მიწოდებული იქნა სხვადასხვა სახის საღებავები და ემულსია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 15 746 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარს. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მოპასუხეს გადახდილი არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო ანგარიშფაქტურები

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან - 2016 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით შპს „ ი---------–----ისთვის “ მიწოდებული საქონელი იყო ნივთობრივად უნაკლო და ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას მასზედ, რომ მიწოდებული საქონელი იყო უხარისხო და არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო ანგარიშფაქტურები

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- მხარეთა შორის მიმოწერის წერილები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ

ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი

შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე,317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს გააჩნიათ.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის დადებული იყო ზეპირი ფორმით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მაგრამ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ დაადასტურა საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების ნამდვილობა და ის რომ, ამ ანგარიშფაქტურების მიხედვით საქონლის მიწოდება ნამდვილად განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში და შპს „ ბ----–-ს “ მიერ მისთვის შპს „ ი---------–----ისთვის “ მიწოდებული იქნა სხვადასხვა სახის საღებავები და ემულსია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 15 746 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარს და ეს თანხა მის მიერ მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ არის.

 

ამრიგად დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „ ი---------–----ისთვის “ მიწოდებული იქნა 15 746 ლარის საქონელი, რომლის საფასური გადახდილი არ არის. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით შპს „ ბ----–- “ უფლებამოსილია მიიღოს მოპასუხისაგან საქონლის საფასური 15 746 ლარის ოდენობით.

 

6.3 სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის ჩვენებას, რომ მოპასუხე კომპანიას არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება, რადგან მისთვის მიწოდებული საღებავები უხარისხო აღმოჩნდა მისი გამოყენების შემდეგ, დაიხარჯა საღებავების ორჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე ნორმით იყო განსაზღვრული, რის გამოც მოპასუხეს შეკვეთის შესასრულებლად დასჭირდა დამატებითი რაოდენობის საღებავების შეძენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა 2016 წლის სექტემბრიდან - 2016 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით და ამ საღებავების გამოყენება ხდებოდა დანიშნულებისამებრ დაუყოვნებლივ. ამ პერიოდში საქონლის ნაწილ - ნაწილ მიწოდებისას იწერებოდა ანგარიშფაქტურები, მაგრამ მოპასუხის მიერ თანხების გადახდები არ წარმოებდა. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს შპს „ ი---------–----ისთვის “ დირექტორმა წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს, სადაც მადლობას უხდის დროული და ხარისხიანი მასალების მიწოდების გამო და პირობას იძლევა, რომ დავალიანების დაფარვა მათი მხრიდან მოხდება 2017 წლის 10 იანვრიდან -20 იანვრამდე. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2017 წლის 19 დეკემბრის წერილი, სადაც შპს „ ი---------–----ისთვის “ დირექტორი ბოდიშს იხდის დავალიანების დაფარვის დროებით შეფერხებისათვის და დაპირებას იძლევა, რომ დავალიანების დაფარვა მათი მხრიდან მოხდება უახლოეს პერიოდში. ამ წერილების ნამდვილობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. გარდა ამისა, მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------ე მ----–---–მა, რომელიც სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა განაცხადა, რომ მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ის ობიექტი არ არის, სადაც მოსარჩელის მიერ მიწოდებული საღებავები იყო გამოყენებული. მისივე ჩვენებით, მხარეები დიდი ხანია თანამშრომლობდნენ და საღებავების ხარისხის შემოწმება არ ხდებოდა, მაგრამ სექტემბრიდან დეკემბრამდე მიწოდებული საღებავები უხარისხო აღმოჩნდა, მაგრამ ხარისხის თაობაზე რაიმე რეაგირება ან რაიმე დოკუმენტი არ შემდგარა.

 

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მისთვის მიწოდებული საქონელი უხარისხა და ნაკლის მქონე იყო, რადგან ამის შესახებ არანაირი არსებითი მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრული მოცულობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 472.38 (ოთხას სამოცდათორმეტი და 38 თეთრი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო და ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 472.38 გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1.მოპასუხე შპს „ ი---------–----ს “ მოსარჩელე შპს „ ბ----–-“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 15 746 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე შპს „ ი---------–----ს “ მოსარჩელე შპს „ ბ----–-“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 472.38 (ოთხას სამოცდათორმეტი და 38 თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე