განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
330100119002804088
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------–--------ა;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი-----–----------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, (საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------), ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები : თბილისი, ზ----------------–-–-–-–---–-------------------

 

ადვოკატი - თ------------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------–-- განაჩენით ი-----–----------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰქონდა რა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით, 2018 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ა--–----------ზე, მ------–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–----------ე მართავდა ა/მანქანას სახ. ნომრით C--------.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ი-----–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ი-----–----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შეტყობინებას, პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღების ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენს, მოწმეების: კ--------------–--ის, გ-----------------–ის, ზ------------–---–ის, ლ-–-------–--–ის გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ი-----–----------ეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, შესაბამისად სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი, სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, ე.ი. ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. დანაშაული მიმართულია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი - სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება. ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა როგორც წესი გულისხმობს, ნებისმიერი მოქმედების შესრულებას, რაც დააბრკოლებს ან შეუძლებელს გახდის მითითებული სამართლებრივი აქტის აღსრულებას. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-----–----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------–-- განაჩენით ი-----–----------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰქონდა რა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით, 2018 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ა--–----------ზე, მ------–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–----------ე მართავდა ა/მანქანას სახ. ნომრით C--------, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი-----–----------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი-----–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ი-----–----------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 180-იდან 240 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ ბრალდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ი-----–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ნასამართლევია, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ი-----–----------ის მიმართ განსაზღვროს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ასევე სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს N1------- განაჩენით ი-----–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი, ასევე დაეკისრა ჯარიმის 5 000(ხუთი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით დანიშნულ სასჯელს და ი-----–----------ეს საბოლოო სასჯელს დაუნიშნავს განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ი-----–----------ის მიმართ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და ი-----–----------ეს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 2.000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი-----–----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 26 მარტიდან.

 

ი-----–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ი-----–----------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე