გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2046-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე - შპს "ე------------ი"
წარმომადგენელი - ს----------–-–---–ი, თ-------–----–---–ი
მოპასუხე - N--------------
წარმომადგენელი - ლ-–---------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხე N---------------ს დაეიკსროს, მოასარჩელის შპს "ე------------ის" სასარგებლოდ მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურება 44 865 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გაქვითვა მოხდეს N2/11741 საქმის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებიდან- 42 000 აშშ დოლარიდან (დაზუსტებული მოთხოვნა იხილეთ ს.ფ. 76). სარჩელის საფუძვლები 1.1.2 შპს "ე------–----სა" და კომპანია "N--------------"-ს შორის 2006 წლიდან არსებობს ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კომპანია "N--------------" ახორციელებდა სხვადასხვა სახის საოჯახო ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიწოდებას, მოსარჩელისთვის დუბაიდან თბილისში. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადახდილიყო საქონლის რეალიზების შემდგომ (კონსიგნაცია). 2014 წლის 10 დეკემბერს მომწოდებელმა მყიდველს მოაწოდა 85.640.20 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო 2015 წლის 17 აპრილს 71.784.58 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ჯამში შეადგინა 157.424 აშშ დოლარი. მიუხედავად მხარეებს შორის არსებული შეთანხმებისა მხარემ ცალმხრივად შეთანხმების პირობა შეცვალა და მოითხოვა თანხის სრულად ჩარიცხვა. ასევე მოპასუხე მხარემ არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი მყიდველისთვის დედანი საბაჟო დოკუმენტების მიწოდებას, რის შედეგადაც ფოთის პორტში არსებული ტვირთი გადავიდა იძულებით მოცდენაზე. იძულებითი მოცდენისთვის კომპანია კი დაჯარიმდა 44 865 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების თვითნებურად შეცვლის გამო წარმოიშვა საჯარიმო თანხები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები:
2.2. მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლიდან, საქმეში არსებული ინვოისის მიხედვით, შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელი უნდა აღეძრა ინვოისის მიღებიდან 3 წლის ვადაში და არა 2019 წელს.
მოპასუხე შესაგებელში აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი სახის ხელშეკრულებები რომელიც მხარეებს შორის სამართალ ურთიერთობას დაადასტურებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავოა, რომ შპს "ე------–----სა" და კომპანია "N--------------"-ს შორის არსებობდა ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კომპანია "N--------------" ახორციელებდა სხვადასხვა სახის საოჯახო ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიწოდებას, მოსარჩელისთვის დუბაიდან თბილისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. უდავოა, რომ არსებობს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს „ე------------ს“ დაეკისრა 42 000 აშშ დოლარის გადახდა "N--------------"-ს სასარგებლოდ.
2014 წლის 10 დეკემბერს მომწოდებელმა (N--------------), მყიდველს (ე------------ი) მოაწოდა 85.640.20 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, შემდეგ 2015 წლის 17 აპრილს 71.784.58 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია რამაც ჯამში შეადგინა 157.424 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი გადახდილია შპს „ე------------ის“ მიერ ხოლო გადაუხდელმა თანხამ შეადგინა სწორედ აღნიშნული 42 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.3 უდავოა, რომ შპს „ე------–----ი“(ს/კ 4--------) და შპს „ე------------ი“ (ს/კ 4--------) შეცვლილი სახელწოდებით წარმოადგენს ერთი და იგივე კომპანიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ 33-36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მის მიერ გადახდილ იქნა, 44 865 ლარის ოდენობით ტვირთის იძულებითი მოცდენისთვის დაკისრებული ჯარიმა.
მოსარჩელე სარჩელში უთითებს მოპასუხის ბრალეულობაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დროულად არ მიაწოდა მყიდველს დედანი საბაჟო დოკუმენტები რის შედეგადაც ფოთის პორტში არსებული ტვირთი გადავიდა იძულებით მოცდენაზე. იძულებითი მოცდენისთვის კი კომპანია დაჯარიმდა 44 865 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ისეთი სახის მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის ბრალეულობას. შესაბამისად აღნიშნულ საკითხში სასამართლო გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას.
მთავარ სადაო გარემოებას წარმოადგენს, ის ფაქტი მოხდა თუ არა მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო კომპანიისთვის დარიცხული ჯარიმების (44865 ლარი) გადახდა რეალურად. ასევე მოსარჩელე უთითებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შედგა მოლაპარაკება აღნიშნული თანხის გაქვითვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მომხდარიყო 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის თანახმადაც მოსარჩელე შპს „ე------------ს“ დაეკისრა 42 000 აშშ დოლარის გადახდა კომპანია "N--------------"-სთვის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სასამართლომ კი აღნიშნული გაიზიარა (ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას შემოგთავაზებთ სამოტივაციო ნაწილში).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ ას-867-834-2016).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი, ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის გადახდას სატრანსპორტო კომპანიისთვის. ასევე არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეთანხმების არსებობის შესახებ.
მხოლოდ მხარის ზოგად განმარტებას სასამართლო არ იზიარებს, შესაბამისად არ მიიჩნევს დადგენილად ჯარიმის (44 865 ლარის) გადახდისა და შეთანხმების არსებობის ფაქტს.
სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების საფუძველი ვერ დაასაბუთა. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ დასაბუთებას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე, 1008-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128 I მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არა თანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
ხანდაზმულობის საერთო ვადაა ათი წელი, რომელიც დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომლისთვისაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ მხარის მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა რომელიც წარმოიშობა დელიქტით გამოწვეული ზიანიდან შეადგენს 3 წელს იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მხედველობაშია მისაღები, თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის დენის დაწყების ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
როგორც მოსაჩელე უთითებს, განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან, შესაბამისად სასამართლომ იხელმძღვანელა ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადით.
შპს "ე------–----სა" და კომპანია "N--------------"-ს შორის არსებობს სამართალურთიერთობა, თუმცა 2015 წლამდე მათ შორის არ ყოფილა არანაირი უთანხმოება, მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდნენ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
როგორც მოსარჩელე სარჩელში უთითებს მათ შორის უთანხმოება დაიწყო, მას შემდეგ რაც მოპასუხე მხარემ არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი მყიდველისთვის დედანი საბაჟო დოკუმენტების მიწოდებას, რის შედეგადაც ფოთის პორტში არსებული ტვირთი გადავიდა იძულებით მოცდენაზე და იძულებითი მოცდენისთვის კომპანია დაჯარიმდა 44865 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფოთის პორტში საქონელი შეყოვნდა 2015 წელს და ამავე პერიოდში დაერიცხა მოსარჩელეს დაყოვნებისთვის ჯარიმები სატრანსპორტო კომპანიის მიერ. შესაბამისად მოსარჩელემ 2015 წელს შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა, ზემოაღნიშნული სამ წლიანი ვადა 2018 წელს ამოიწურა ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2019 წლის 06 თებერვალს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომ 2015 წლის ზაფხულამდე, მოპასუხის წარმომადგენელი, ვინმე ქ-–---------ა მათ შეპირდათ, რომ დარჩენილი დავალიანება გაიქვითებოდა იმ ჯარიმებზე, რომლებიც დაეკისრა მოსარჩელეს ტვირთის დაგვიანებით გატანის გამო; ასეთ გარემოებას ვერაფერი ადასტურებს; რომც ჩავთვალოთ, რომ თუნდაც უფლებამოსილი პირის მიერ მართლაც მოხდა ასეთი ვალდებულების აღება, 2015 წლის ზაფხულამდე პერიოდიდან, მაინც გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხეების მხრიდან წარმომადგენლის მომსახურებისთვის თანხის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება შესაბამისად მოსარჩელე მხარეს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯები, სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოცულობით, არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. სასამართლოს შეფასებით მოპასუხის წარმომადგენლისთვის მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 500 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „ე------------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. დაეკისროს შპს „ე------------ს“ მოპასუხე კომპანია "N--------------"-ს სასარგებლოდ, მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი