გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.03.2019
საქმის ნომერი
330310118002376583
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/1948-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: თ---------------;

მოპასუხე: ი/მ რ------–-----–--ა (პ/ნ 0----------);

მოპასუხე: ბ-------–-----–--ა (პ/ნ 5----------);

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ი/მ რ------–-----–--ა და ბ-------–-----–--ა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, ცნობილ იქან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ი/მ „რ------–-----–--ა“-ს (პ/ნ 0----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2018 წლის 23 მარტის მდგომარეობით შეადგენს 383764 ლარს. ი/მ „რ------–-----–--ა“-ს (ს/ნ 0----------) მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2013 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 27 დეკემბერს. 2014 წლის 11 აპრილს გამოიცა N------- ბრძანება გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად დაყადაღებული ქონება არ ყოფნის საგადასახადო დავალიანებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე ი/მ რ------–-----–--ამ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე ბორის შენგელაიამ წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ამონაწერი მეწარმეთა და რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, თანახმად: სუბიექტი: რ------–-----–--ა - ჯვარი; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ძ---–-------–---------------–-----------–---–------- საიდენტიფიკაციო კოდი: 1--------- პ/ნ 0----------; სამართლებრივი ფორმა: ინდივიდუალური მეწარმე; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 21.12.2006 წელი. მარეგისტრირებელი ორგანო: თბილისის საგადასახადო ინსპექცია. ბოლო ცვლილების თარიღი 16.07.2013წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (იხ.ს.ფ. 20).

 

3.2. 2013 წლის 03 ოქტომბერს, რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) და ბ-------–-----–--ას (პ/ნ 5----------) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. რომლის საფუძველზეც, ბ-------–-----–--ს გადაეცა რ------–-----–--ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–----------------------------------. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 20 000 ლარად. ნასყიდობის საგანი უძრავი ქონება, მდებარე, ქ.------–---------------------------------- (ს/კ 0------------------------ ნ---------------) 1-------------------- ბ-------------------------------------–---, , რეგისტრირებული იქნა საკუთრების უფლებით ბ-------–-----–--ას (პ/ნ 5----------) სახელზე საჯარო რეესტრში (განცხადების რეგისტრაციის N-------------- თარიღი 03/10/2013წ., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 09.10.2013 წ.).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 33-38);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 39-40);

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20/12/2013 წლის N----- ბრძანების (ი/მ რ------–-----–--ას (ს/ნ 0----------) მიმართ თანხების დარიცხვის შესახებ) თანახმად, ი/მ რ------–-----–--ას (ს/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა გადასახადი თანხა შემდეგი ოდენობით: დღგ: სულ - 49734.72 ლარი.

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20/12/2013 წლის N---------------- საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) დაერიცხა დღგ: ძირითადი - 33156.47 ლარი; ჯარიმა - 16578.25 ლარი; საურავი - 0 ლარი; სულ - 49734.72 ლარი. საფუძველი: ბრძანება 67015, თარიღი 20.12.2013წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20/12/2013 წლის N----- ბრძანება (იხ.ს.ფ. 31-32);

- 20/12/2013 წლის S--------------- საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 30);

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.03.2017 წლის N------ წერილით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

მიმდინარე პერიოდზე რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) ქონების მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: რ------–-----–--ს (ს/ნ 1--------- პ/ნ 0----------) საგანი: მთელი ქონება, განაცხადების თარიღი 1------------ 23 დეკ. 2013 14:30. სტატუსი: სარეგისტრაციო წარმოება დასრულებულია. გადაწყვეტილების თარიღი 1------------- 23 დეკ. 2013 წლის 14:30. საფუძველი შეტყობინება N--------- 23.12.2013, შემოსავლების სამსახური.

 

3.6. საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის ამონაწერის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 1------------ 23 დეკ. 2013 14:30. მესაკუთრე/მოსარგებლე რ------–-----–-- (ს/ნ 1--------- პ/ნ 0----------); საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია გადაწყვეტილებქ 1------------- 23 დეკ. 2013 წლის 14:30. საფუძველი შეტყობინება N--------- 23.12.2013, შემოსავლების სამსახური. რასაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო, ელექტრონულად. 27.12.2013 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.03.2017 წლის N------ წერილი. (იხ.ს.ფ. 27);

- საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის

რეესტრის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 22);

- გადამხდელის ფაილის ამონაწერი. (ს.ფ. 23).

 

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის "ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" 11.04.2014 წლის N------- ბრძანების თანახმად,, ყადაღა დაედო რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას, რაც ჩაბარდა პირადად, რ------–-----–--ს 14.05.2014 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება N------- (იხ. ს.ფ. 24):

 

3.8. ი/მ რ------–-----–--ს (პ/ნ0----------) შედარების აქტის (02.01.2018-დან-27.03.2018-მდე) თანახმად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 214 178.5 ლარი, ჯარიმა - 16 578.25 ლარი, საურავი - 170034.44 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი. (იხ. ს.ფ 51).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 31.1 მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 34.1. მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მულით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 2.1. მუხლით მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე.

 

ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.

 

ამ კანონის 3.1. მუხლით, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

6.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ:

- 2013 წლის 3 ოქტომბერს, ფიზიკურ პირებს, რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) და ბ-------–-----–--ას (პ/ნ 5----------) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანი: უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–---------------------------------- (ს/კ 0------------------------ ნ---------------) 1-------------------- ბ-------------------------------------–---. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ბ-------–-----–--ას (პ/ნ 5----------) სახელზე საჯარო რეესტრში (განცხადების რეგისტრაციის N-------------- თარიღი 03/10/2013წ., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 09.10.2013 წ.).

- სიპ შემოსავლების სამსახურის 20/12/2013 წლის N----- ბრძანებისა (ი/მ რ------–-----–--ას (ს/ნ 0----------) მიმართ თანხების დარიცხვის შესახებ) და ამავე სამსახურის 20/12/2013 წლის S--------------- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ: სულ (ძირითადი, ჯარიმა, საურავი) - 49734.72 ლარი.

- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება 1------------ 23 დეკ. 2013 14:30. მესაკუთრე/მოსარგებლე რ------–-----–--ას (ს/ნ 1--------- პ/ნ 0----------) მიმართ წარმოიშვა 2013 წლის 23 დეკემბერს, 14:30. რასაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო, ელექტრონულად. 27.12.2013 წელს.

- შემოსავლების სამსახურის 11.04.2014 წლის N------- ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო ი/მ რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას.

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ:

1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან;

2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: თ) პირები ნათესავები არიან; ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ მოპასუხედ დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.3. მუხლის საფუძველზე, ითვლებიან ნათესავებად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის. საგულისხმოა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხედ დასახელებულმა ბ-------–-----–--ამ და ი/მ რ------–-----–--ამ დაადასტურეს, რომ არიან ბიძა-ძმისშვილი.

 

6.8. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ პირებს შორის 03.10.2013 წელს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობა) სამოქალაქო კოდესის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც თავის მხრივ ემყარება მხარეთა ავტონომიურობის პრინციპს. ამასთან, გადასახადის გადამხდელ ი/მ რ------–-----–--ას გადასახადი დაერიცხა 20.12.2013 წლის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადასახადის დარიცხვამდე (20.12.2013 წ), გადასახადის გადამხდელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი (03.10.2013 წელი) არ შეიძლება გახდეს მოპასუხედ დასახელებული პირების ერთიმეორის ცრუმაგირ პირებად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

6.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელი შემოტანილია, 2018 წლის 29 მარტს. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხედ დასახელებული ი/მ რ------–-----–--ასა და ფ/პ ბ-------–-----–--ას ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შემთხევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.2. მუხლის საფუძელზე, საგადასახადო ორგანოს მიენიჭება უფლება, გადასახადის გადამხდელის მოპასუხე ი/მ რ------–-----–--ას აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 20 დეკემბრის N N---------------- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის (2013 წლის აგვისტოს, სექტემბერის, ოქტომბრის, ნოემბერის პერიოდი) გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერად აღიარებული ფიზიკური პირის, ბ-------–-----–--ას მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც სასამართლოს მოსაზრებით, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესს, გამოიწევევს გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის აღდგენასა და ხანდაზმული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის ახალი ვადის განსაზღვრას.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.

 

6.10. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული ი/მ რ------–-----–--ასა და ფ/პ ბ-------–-----–--ას ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

6.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების ი/მ რ------–-----–--ასა და ბ-------–-----–--ას ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის განჩინებით (საქმე N3ბ/1339-18), 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის

ღინისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე და 2018 წლის 5 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადმოგზავნის თაობაზე. 3) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო მოპასუხე ბ-------–-----–--ას შემდეგ ქონებას: 1) თანასაკუთრება, უძრავი ქონება, მის: რაიონი წ--–----------------------------------------------------- 2) თანასაკუთრება, უძრავი ქონება, მის: წ--–------------–-----------------–---------------, ს---------------------------------- 3) ავტო მანქანა VOLKSWAGEN COLF 1998. 4) საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

6.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის განჩინება (საქმე N3ბ/1339-18) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ბ-------–-----–--ას შემდეგ ქონებას: 1) თანასაკუთრება, უძრავი ქონება, მის: რაიონი წ--–----------------------------------------------------- 2) თანასაკუთრება, უძრავი ქონება, მის: წ--–------------–-----------------–---------------, ს---------------------------------- 3) ავტო მანქანა VOLKSWAGEN COLF 1998. და ყადაღა ჩაითვალოს მოხსნილად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3.;მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - ი/მ რ------–-----–--ას (პ/ნ 0----------) და ბ-------–-----–--ას (პ/ნ 5----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინება (3ბ/1339-18) სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ბ-------–-----–--ას შემდეგ ქონებას: 1) თანასაკუთრება, უძრავი ქონება, მის: რაიონი წ--–----------------------------------------------------- 2) თანასაკუთრება, უძრავი ქონება, მის: წ--–------------–-----------------–---------------, ს---------------------------------- 3) ავტო მანქანა VOLKSWAGEN COLF 1998.;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

4. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი