გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5166-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: ნ------ ა-–---ი (A-----------------------------------------------------------------------------–---);
წარმომადგენელი: მ---–-----------–--------------------;
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: ლ-–-----–-------;
თარჯიმანი: ნ-------–------- ე-–------------;
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.06.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N---------;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სგპ. „თბილისის“ აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკი „თიზ“ 2017 წლის 4 ივნისის მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N---------;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 4 ივნისის განცხადება სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის ბრძანება N-----.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 6---- საბაჟო გამშვები პუნქტი თბილისის აეროპორტის ტერიტორიის უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 04 ივნისს შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------- აზერბაიჯანის მოქალაქე ნ------ ა-–---ის მიმართ პასპ/ნ C--------.
ოქმში აღინიშნა: 2017 წლის 04 ივნისს რეისით დ------თბილისი F----- ჩამოფრინდა აზერბაიჯანის მოქალაქე ნ------ ა-–---ი პასპ/ნ C--------, რომელიც ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის, კერძოდ მობილური ტელეფონების (SAMSUNG GALAXY A3(16gb)2ც; SAMSUB\NG GALAXY S6 edge(32gb)1ც; IPHONE 7PLUS(128gb)1ც; SAMSUNG GALAXY S8+(64gb)3ც საქართველოში შემოტანას, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 8851,03 ლარი. სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 8851,03 ლარის ოდენობით .
შეფარდებული სანქცია: სსკ-ის მუხ/ნაწ 1) 289/10 8851,03 ლარი, ფულადი ჯარიმა.
ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ, ოქმის შემდგენის მიერ. ოქმი არ შეიცავს მითითებას საქონლის ჩამორთმევის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.06.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------- (იხ.ს.ფ. 12-13);
3.2. სგპ თბილისის აეროპორტის და თბილისის ტექნოლოგიური პარკი „თიზ-ის“ უფელებამოსილმა პირმა 2017 წლის 04 ივნისს შედგინა მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N---------. ოქმში აღინიშნა, რომ დათვალიერდა მგზავრის N----------- კუთვნილი ხელბარგი. დათვალიერებას ესწრებოდა მგზავრი N-----------. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა: მობილური ტელეფონები: SAMSUNG GALAXY A3(16gb)2ც; SAMSUB\NG GALAXY S6 edge(32gb)1ც; IPHONE 7PLUS(128gb)1ც; SAMSUNG GALAXY S8+(64gb)3ც. ოქმის მონაცემებს ადსტურება დათვალიერების განმახორციელებელი თანამშრომლის ხელმოწერით. აღმოჩენილი ნივთმტკიცებები და ხელმოწერილი დალუქულ იქნა N-------- ლუქით და გადაეცა (არ არის მითითებული).შენიშვნა: უარი განაცხადა ხელის მოწერაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.06.2017 წლის მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N--------- (იხ.ს.ფ. 14);
3.3. საქმეში წარმოდგენილია ,,განცხადება სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ", სადაც მითითებულია: პირის სახელი, გვარი: N-----------; დოკუმენტის N------------; საბაჟო: სგპ: „თბილისის აეროპორტი“; თარიღი: 04.06.2017; სახელმწიფო კუთვნილებაში გადავცემა: MARLBORO RED ONE 1800.00 ღერი; ლუქის ნომერი: G-------. ,,გრაფა" ჩავაბარე - არ არის ხელმოწერილი და დადასტურებული განმცხადებლის (მოსარჩელე ნ------ ა-–---ი) მიერ. გრაფაში ,,ჩაიბარა" მითითებულია გიორგი სამხარაძე, მაგრამ არ არის დადასტურუბელი ხელმოწერით. განცხდება შესრულებულია ნაბეჭდი სახით, ტექნიკური საშულებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ (იხ.ს.ფ. 15);
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის N----- ბრძანებით (ნ------ ა-–---ის (პასპ/ნ C--------) წარმომადგენლის 2017 წლის 04 ივნისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საჩივრის მოთხოვნა: საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა და ჩამორთმეული ნივთების დაბრუნება..
ბრძანებაში აღინიშნა:
სსიპ შემოსავლებისა სამსახურმა 2017 წლის 07 ივლისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ------ ა-–---ის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 4 ივნისის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლით, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ხოლო საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. ამასთან, დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 24-ე მუხლით დადგენილია, რომ დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია. საბაჟო კონტროლს ექვემდებარება პირი საზღვრის გადაკვეთისას და საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ფორმებია: ა) დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმება; ბ) ზეპირი გამოკითხვა; გ) ახსნა განმარტების მიღება; დ) დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება; 3) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება; ზ) ფიზიკური პირის დათვალიერება; თ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საბაჟო კონტროლის ფორმას ირჩევს უფლებამოსილი პირი.
სსკ-ის 115-ე მუხლით დადგენილია საქონლის შემოტანის, გატანის და გაფორმების წესები, რომლის მიხედვით საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას კი ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
სსკ-ის 218.1. მუხლით დადგენილია, რომ საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა - რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის No290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის. გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ამავე დროს საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას, ასევე თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
ამავე ინსტრუქციის მე-49 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია და „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” ივსება „ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1. მუხლის შესაბამისად - საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
სსკ-ის 20711 მუხლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 4 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამოფრინდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნ------ ა-–---ი, მან საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ასევე გაიარა მწვანე დერეფანი და დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. იგი შეჩერებულ იქნა უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რადგან საეჭვოდ იქნა მიჩნეული მის მიერ ორი ერთეული ხელბარგის გადაადგილება. ზელბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 7 ცალი მობილური ტელეფონი, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულებამ შესყიდვის დოკუმენტების (ინვოისი) მონაცემებით, შეადგინა 8851,03 ლარი. ხელბარგში ასევე აღმოაჩნდა 1800 ღერი სიგარეტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად დგინდება, რომ სამართალდამრღვევი საქართველოს საზღვარზე გადააადგილებდა საქონელს, რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, დასტურდება ის ფაქტი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით. - რაც შეეხება 1800 ღერი სიგარეტის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას, საბჭო აღნიშნავს, რომ პირის ასეთი ნების არ არსებობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, ვინაიდან. სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილი იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. — საგულისხმოა ასევე, რომ სამართალდამრღვევი სისტემატიურად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს და მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი საბაჟო პროცედურები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ სამართალდამრღვევთან საუბარი - მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე, მისთვის გასაგები იყო დასმული შეკითხვები და ასევე უპრობლემოდ პასუხობდა მათზე. საბჭო მთლიანად ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებებს და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებაში და უთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გაუქმების საფუძველს. - რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან . დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე . წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი. სადავო აქტი შედგენილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული სანქცია კანონშესაბამისია. ამასთან, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის ბრძანება (იხ. ს.ფ. 20-24).
3.5. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით დათვალიერებული იქნა, წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი (CD ჩანაწერი), აუდიო ჩანაწერის გარეშე (ხმა არ ისმის) შესაბამისად, სასამართლოს მერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელესა და მებაჟე ოფიცრებს შორის მიმდინარე საუბრების შინაარსი. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, მოსარჩელე გადაადგილდება თბილისის აეროპორტი 1-ის საბაჟო კონტროლის ზონაში, პირადად მიმართავს, მებაჟე ოფიცერს, აწვდის პასპორტს, ესაუბრება, წარუდგენს ხელბარგს, შემდეგ გადაადგილდება მებაჟე ოფიცრის მიერ მითითებული მიმართულებით. (ჩანაწერი დასრულდა). შემდეგი ჩანაწერით, თბილისი აეროპორტ 2-ის საბაჟო კონტროლის ზონაში ხდება ხელბარგის დათვალიერება ორი მებაჟე ოფიცრი მამაკაცისა და მოსარჩელის მონაწილეობით. მომდევნო ჩანაწერის მიხედვით, თბილისი აეროპორტ 2-ის საბაჟო კონტროლის ზონაში ხდება საქონლის დალუქვა მოსარჩელეს მონაწილეობის გარეშე, ორი მებაჟე ოფიცრი მამაკაცის მიერ. მებაჟე ოფიცერი ქლაბატონი ზის ზურგშექცევით, კომპიტერთან, რომელთანაც, ამავე პერიოდში, რამდენიმე წამით მიდის ერთერთი მებაჟე ოფიცერი მამკაცი, შემდეგ ბრუნდება უკან და აგრძელებს დალუქვას. მოსარჩელე, მხოლოდ რამდენინე წამით, 15:37 დან 15:16 წამის მონაკვეთში შემოდის და გადის. მიმდინარე საუბრის შინაარსი უცნობია (აუდიო ჩანაწერი არ არის).
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი მებაჟე ოფიცერი მ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ მან 2017 წლის 04 ივნისს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------- აზერბაიჯანის მოქალაქე ნ------ ა-–---ის მიმართ პასპ/ნ C--------, შეადგინა მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N--------- ოქმის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვიდეო (CD ) ჩანაწერი. (იხ. ს.ფ. 96 და 2018 წლის 08 ოქტომბრის სხდომის ოქმი - ს.ფ. 130);
-მოწმის ჩვენება. (იხ. 2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.7. სასამართლო დავალების საფუძველზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია მოსარჩელე ნ------ ა-–---ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა (შემოსვლა, გამოსვლა) 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წლებში საბაჟო გამშვები პუნქტების - წითელი ხიდის, ცოდნა, სარფი, ვახტანგისის - მეშვეობით. ამასთან, 2017 წლის 04 ივნისამდე (შემოსვლა) არცერთხელ არ ფიქსირდება მოსარჩელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი კვეთა (შემოსვლა, გამოსვლა) თბილისის საერთაშორის აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით.
3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 10.05.2018 წლის N----------10 წერილის მიხედვით, აზარბაიჯანის მოქალაქემ ნ------ ა-–---მა პასპ/ნ C--------, 2017 წლის 04 ივნისს შ. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ამავე დღეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.10. მუხლის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N---------, განისაზღვრა სანქცია 8851,03 ლარი, ხოლო არადეკლარირებული საქონელი - მობილური ტელეფონები სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული იქნა იქნა, დაილუქა N--------- ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდისტრიულ ზონა" , ჩამოფრენის დარბაზში მდებარე ბარგის გაცემის საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილ ერთერთ ოთახში არსებულ სპეციალურ საცავში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 104-1043 );
- ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 103).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ნ------ ა-–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 21.1. მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო მე-3 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ამ კოდექსის 22.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.4. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.06.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N---------; სგპ. „თბილისის“ აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკი „თიზ“ 2017 წლის 4 ივნისის მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N--------- და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის ბრძანება N----- - წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, განსახილველი შემთხვევაში სადავო აქტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს წინამდებარე დავის საგნის ფარგლებში.
სასამართლოს მოსაზრებით, 2017 წლის 04 ივნისის განცხადება სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ, არ წარმოადენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. ამასთან, სასამართლო პროცესუალურად არ არის შეზღუდული, შეაფასოს აღნიშნული განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება ფაქტობრივი და სმართლებრივი თვალსაზრისით.
6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამ კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
ამ კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამ კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ;
ამ კოდექსის 51.1. მუხლით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით. პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: დ) ფიზიკური პირის მიერ: დ.გ.) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარელას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, აგრეთვე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
ამ კოდექსის 207-ე მუხლით, ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: გ) დეკლარანტი – პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს; ზ) პირადი ნივთი – მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; კ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; მ) საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი; ტ) საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამ კოდექსის 215.1. მუხლის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე, ხოლო მე-3 ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება. ამ ნორმის მე-4 ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას, ხოლო მე-7 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.
ამ კოდექსის 218.1. მუხლით, საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.7. სასამართლო ყურადრებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე ნ------ ა-–---ი არის აზარბაიჯანის მოქალაქე (A-----------------------------------------------------------------------------–---), რომლის განცხადებით იგი არ ფლობს ქართულ ენას, შეზღუდულად ფლობს რუსულ ენას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა პირველად (რაც დასტურდება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე), რის გამოც გამოსვლისას მიმართა მებაჟე ოფიცერს, წარუდგინა პასპორტი და ხელბარგი (რაც დასტურდება CD ჩანაწერით) და ითხოვა დახმარება დეკლარაციის შევსავსებაზე გაემართა მებაჟე ოფიცრის ნაჩვენები მიმართულებით (რაც დასტურდება CD ჩანაწერით), კითხვა კითხვით მიაღწია და მებაჟე ოფიცერს სთხოვა დახმარება, რომელმაც თანხმობა განუცხადა და მოემზადა დეკლარაციის შესავსებად, მაგრამ შემდეგ ქართულად, ტელეფონით დაელაპარაკა სხვა პიროვნებას, შეწყვიტა დეკლარაციის შევსება და დაელოდა სხვა პირის გამოჩენას. მისთვის გაუგებარ ქართულ ენაზე, რაღაც მოახსენა გამოძახებულ პიროვნებას, რომელიც შემდგომში გაეცნო სამსახურის უფროსად და რუსულ ენაზე განუმარტა, რომ არავითარი დეკლარაცია არ შეივსებოდა, რადგან გადმოჰქონდა კონტრაბანდული საქონელი, დახია დეკლარაცია და უთხრა, რომ ჩამოართმევდნენ ნივთებს და დააჯარიმებდნენ, რომლის მითითებით, დაიწყეს დოკუმეტების შევსება ქართულ ენაზე. არ იქნა გათვალისწინებული მისი თხოვნა თარჯიმანის მოწვევის თაობაზე. დოკუმენტების შინაარსი მისთვის გაუგებარი იყო, რის გამოც ხელ არ მოაწერა მათ. სურდა თარჯიმანის მეშვეობით დაეფიქსირებინა პროტესტი წერილობით, რაც არ იქნა გაზიარებული საბაჟოს თანამშრომლების მიერ.
6.8. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია:
- 2017 წლის 04 ივნისს ს.გ.პ. თბილისის აეროპორტის ტერიტორის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------- აზერბაიჯანის მოქალაქე ნ------ ა-–---ის მიმართ პასპ/ნ C--------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 8851,03 ლარის ოდენობით. ოქმის მიხედვით, მოსარჩელე ,,ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის, კერძოდ მობილური ტელეფონების (SAMSUNG GALAXY A3(16gb)2ც; SAMSUB\NG GALAXY S6 edge(32gb)1ც; IPHONE 7PLUS(128gb)1ც; SAMSUNG GALAXY S8+(64gb)3ც საქართველოში შემოტანას"
- 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, მოწმემ, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა პირმა ( მ---------------–---–ი) დაადასტურა, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N--------- აზერბაიჯანის მოქალაქე ნ------ ა-–---ის მიმართ, შეადგინა მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N--------- ოქმის საფუძველზე.
- 2017 წლის 04 ივნისს შედგა მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N---------, სადაც აღინიშნა, რომ დათვალიერების შედეგად გამოვლინდა: მობილური ტელეფონები: SAMSUNG GALAXY A3(16gb)2ც; SAMSUB\NG GALAXY S6 edge(32gb)1ც; IPHONE 7PLUS(128gb)1ც; SAMSUNG GALAXY S8+(64gb)3ც. გრაფაში ,,შენიშვნა" აღნიშნულია, მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. (წარმოდგენილი CD ჩანაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე ესწრებოდა დათვალიერებას).
- საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ, განცხადებით (შესრულებულია ნაბეჭდი სახით, ტექნიკური საშულებების გამოყენებით) დასტურდება, რომ მოსარჩელის ნება სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ არ არის გაცხადებული (,,გრაფა" ჩავაბარე - არ არის ხელმოწერილი და დადასტურებული განმცხადებლის მიერ) საგულისხმოა, რომ განცხადება არ არის დადსტურებული აგრეთვე ,,საქონლის" მიმღები უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
- წარმოდგენილი CD ჩანაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე არ ესწრებოდა საქონლის დალუქვისა და საგადასახადო სამართალდაღვევის ოქმის შედგენის პროცედურებს.
- მოსარჩელე ნ------ ა-–---ი არის ა-–---ი არის აზარბაიჯანის მოქალაქე (A-----------------------------------------------------------------------------–---), ეროვნებით აზარბაიჯანელი, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში გადაკვეთა შემოსვლა) პირველად. მოსარჩელის განცხადებით იგი არ ფლობს ქართულ ენას, შეზღუდულად ფლობს რუსულ ენას. საქონელი განკუთვნილი გახლდათ პირადი მოხმარებისა და ალობლებისათვის საჩუქრის გაკეთების მიზნით.
- თარჯიმანი, საგადასახადო სამართალდარღვევის წარმოებში მოწვეული არ იქნა.
- მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში და მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება და ჩამორთმეული საქოლის დაბრუნება.
- სსიპ შემოსავლებისა სამსახურმა 2017 წლის 11 ივლისის N----- ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა
6.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.10. მუხლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
ამ კოდექსის 269.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამ კოდექსის 270.1. მუხლით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამ კოდექსის 271.1. მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე ნორმიის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება ან ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. ამავე ნორმის მე-10 ნაწილით, ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები. სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
6.10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“
,,ინსტრუქციის" 1.1. მუხლის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით, ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
,,ინსტრუქციის" 2.1. მუხლით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებელ პირს, ხოლო მე-3..გ" ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება: გ) საერთაშორისო აეროპორტებში – სატვირთო მანიფესტისა და ბარგის 15 წუთში ფაქტობრივი წარდგენით.
,,ინსტრუქციის" 3.1. მუხლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ ნორმის მე-3 ნაწილით, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 ნაწილით, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
,,ინსტრუქციის" 19.1. მუხლით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გაფორმების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
,,ინსტრუქციის" 21.1. მუხლის შესაბამისად, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ,,ე" ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციის სახეებია: ( დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება საბაჟო დეკლარაციის წარდგენად.
ამავე მუხლის 7.,,ბ" ნაწილით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას,6.11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცდა ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი".
მითითებული ,,წესის" 69.1. მუხლის თანახმად, საგადასახადოსამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის, აგრეთვე საგადასახადო სამართალდარღვევაზე დავის შემთხვევაში დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანმდევ პროცედურებს ხოლო მე-3 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება №30 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.
მითითებული ,,წესის" 70.1. მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, თუ იგი ესწრება მის შედგენას. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. თუ სამართალდამრღვევი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, ოქმს ხელს აწერენ: ოქმის შემდგენელი პირი (გარდა ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმისა), სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი (თუ ისინი ესწრებიან ოქმის შედგენას), აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული ფორმით შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე. ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და გაგზავნა სამართალდამრღვევი პირისათვის. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და ჩაბარება სამართალდამრღვევი პირისათვის, თუ იგი ესწრება მის შედგენას.
მითითებული ,,წესის" 71. 1. მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
6.12. საქართველოს ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 258-ე მუხლით, თარჯიმანს დანიშნავს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. თარჯიმანი მოვალეა გამოცხადდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით და სრულად და ზუსტად შეასრულოს მისთვის დავალებული თარგმანი.
6.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ (Gradinger v. Austra), განაცხადი no. 15963/90, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ესა თუ ის სამართალდარღვევა და სანქცია, ამ სამართალდარღვევის ხასიათისა და მისთვის დადგენილი სანქციის სიმკაცრის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში მათი ადმინისტრაციულ დარღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად კატეგორიზაციის მიუხედავად, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლის სასჯელი შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა მიჩნეული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და მასზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) მოქმედება უნდა გავრცელდეს (გადაწყვეტილების პუნქტები 35-36).
საქართველოს კონსტიტუციის 40.3. მუხლით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
6.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი
6.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.16. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდება მოსარჩელე ნ------ ა-–---ის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.10. მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, არ დგინდება, რომ მოსარჩელე ჰქონდა მცდელობა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოში შემოეტანა საქონლი (მობილური ტელეფონების (SAMSUNG GALAXY A3(16gb)2ც; SAMSUB\NG GALAXY S6 edge(32gb)1ც; IPHONE 7PLUS(128gb)1ც; SAMSUNG GALAXY S8+(64gb)3ც). შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ განახორციელა საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის გატანა ან შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცება (აუდიო, ვიდეო ჩანაწერი, მოწმის ჩვენება და ა. შ).
6.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.06.2017 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N---------; სგპ. „თბილისის“ აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკი „თეზ“ 2017 წლის 04 ივნისის მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N--------- და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის ბრძანება N----- - შედგენილია კანონდარღვევით, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.18. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი 2017 წლის 04 ივნისის განცხადება, სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის შესახებ, არ წარმოადენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ“ მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები). საგულისხმოა, რომ განცხადება შედგენილია ფიზიკური პირის ნ------ ა-–---ის სახელით, თუმცა, ასეთი ნების გაცხადება არ დასტურდება არც ფიზიკური პირის ნ------ ა-–---ის ხელმოწერითა და არც ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის - მიმღები პირის ხელმოწერით.
ამრიგად, მოსარჩელე ნ------ ა-–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავოდ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 04 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N---------, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სგპ „თბილისის“ აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკი თეზ 2014 წლის 04 ივნისის მგზავრის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N--------- და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის N----- ბრძანება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელმწიფო ბაჟს.
ამ კოდექსის 53.1. მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 266 (ორას სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 266 (ორას სამოცდაექვსი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 22-ე; 261.3.; 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნ------ ა-–---ის (A-----------------------------------------------------------------------------–---) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 04 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N---------;;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სგპ „თბილისის“ აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკი თიზ 2014 წლის 04 ივნისის მგზავრის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N---------;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის N----- ბრძანება;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. დაეკისროთ მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს, მოსარჩელე ნ------ ა-–---ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 266 (ორას სამოცდაექვსი) ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
8. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი