გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6178-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „თ---–---------------ი“
წარმომადგენლები: გ---------------ი, ლ--–------–--–--ე
მოპასუხე: შპს „ი----“
წარმომადგენლები: გ--------–----–---–ი, თ--------------–---–ი, კ--------------–--ე (დირე-------ი)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ი----ს“ შპს „თ---–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის (მარკა ELEN C1 Series 40KVA UPS) ღირებულების - 13 088.56 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ი----ს“ შორის 2014 წლის 05 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №42--------- ხელშეკრულება ერთი ერთეული უწვეტი კვების წყაროს შესყიდვის შესახებ (მარკა ELEN C1 Series 40KVA UPS).
აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ი----მ“ აიღო ვალდებულება მიწოდებული საქონლის ხარისხზე. ხოლო 12.1. პუნქტის საფუძვლზე, კი მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან სამი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა საგარანტიო მომსახურება, რაც ნიშნავს იმას, რომ მითითებულ ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია უფასოდ განახორციელოს შეკეთება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
შესყიდული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2014 წლის 03 დეკემბერს.
თავდაპირველად აღნიშნული მოწყობილობა დაამონტაჟა შპს „ი----ს“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოახდინა არასწორი ჩართვა, რამაც გამოიწვია მცველების დაზიანება. აღნიშნულზე მათ მაშინვე მოახდინეს რეაგირება, წაიღეს მოწყობილობა, შეაკეთეს და დაამონტაჟეს თავიდან, რის შემდეგაც მოწყობილობამ იმუშავა 2015 წლის მარტის თვემდე.
2015 წლის 01 მარტს, გარანტიის მოქმედების ვადაში, მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს, რომ მოწყობილობა გამოვიდა მწყობრიდან და ხელშეკრულების 12.1. პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქონლის შეკეთება ან შეცვლა. მოპასუხემ მოსარჩელეს 13 მარტს ასევე წერილობით აცნობა, რომ უწყვეტი კვების წყაროს მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეული იყო მოსარჩელის მხრიდან არასწორი ექსპლუატაციით, რის გამოც უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.
2015 წლის 08 მაისს შპს „თ---–---------------მა“ ხელშეკრულება გააფორმა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვე----------ნ“, რათა გაეგო დაზიანების რეალური მიზეზი. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვე-------ის“ მიერ მოწოდებული დასკვნის საფუძველზე, შპს „თ---–---------------ის“ ბრალეულობა გამოირიცხა. კერძოდ, დასკვნის თანახმად, დანადგარის მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეული იყო აკუმულატორის დაზიანების შედეგად. აკუმულატორის დაზიანება, კი გამოწვეული იყო მისი უხარისხობით.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ სცადა აღნიშნული საკითხის მორიგებით დასრულება, მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა გამოხატული შესაბამისი ნება, რის გამოც შპს „თ---–---------------მა“ 2017 წლის 31 იანვარს წერილობით მიმართა შპს „ი----ს“ და აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ი----მ“ შემსყიდველს აცნობა, რომ საქონლის დაზიანება გამოწვეული იყო სწორედ ამ უკანასკნელის ბრალით, რის გამოც საქონლის შეკეთებაზე არ ვრცელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობები.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია არაკვალიფიციურად. ექსპერტი უთითებს, რომ აკუმულატორები არის უხარისხო და დანადგარს არ გააჩნია დენის შემზღუდველი მოწყობილობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. დანადგარს აქვს მაღალი ხარისხის ქარხნული აკუმულატორები, რასაც ადასტურებს მწარმოებლის ხარისხის არაერთი სერთიფიკატი და საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების მრავალწლიანი გამოცდილება. მსგავსი UPS-ები არაეთხელ აქვს მოპასუხეს მიწოდებული სხვა კომპანიებისათვის, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, სადაც დანადგარი 2011 წლიდან დღემდე მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად.
რაც შეეხება დენის შემზღუდველ მოწყობილობას, მოპასუხის მიერ მიწოდებილი აპარატი არის ე.წ. „სმარტ“ აპარატი, რომელსაც აქვს მიკროპროცესორული მართვის სისტემა (აქვს დენის შემზღუდველი ელექტრონული, თანამედროვე), რაც გულისხმობს მოწყობილობის ელექტრონულ მართვას. შესაბამისად, ნებისმიერი შეფერხების თაობაზე აპარატი ახორციელებს გაფრთხილებას ელექტრონულად შესაბამისი შეტყობინების მონიტორზე გაგზავნის გზით. საგულისხმოა, რომ ექსპერტმა აღნიშნულის თაობაზე არც კი იმსჯელა დასკვნაში. სავარაუდოდ, მან არც კი იცოდა, რომ აღნიშნულ UPS-ს აქვს დენის შემზღუდველი არა მოძველებული ტექნოლოგიით, არამედ უახლესი, თანამედროვე ფორმით, რამაც გამოიწვია დასკვნის ასეთი დაუსაბუთებელი სახით წარმოდგენა.
მოპასუხის განმარტებით, UPS-ის დაზიანება ცალსახად გამოწვეულია დანადგარის არასწორი ექსპლუატაციით. კერძოდ, UPS-ის შემადგენელი აკუმულატორი იმუხტებოდა მაღალი დენით, რომელზეც UPS რამდენიმე კვირის განმავლობაში აგზავნიდა მონიტორზე შეტყობინებას. რაც შეეხება შეტყობინების გაგზავნას, აღნიშნული ნიშნავს შემდეგს: UPS მომხმარებელს თავისსავე მონიტორზე მიუთითებდა რომ იყო გარკვეული პრობლემა (გადატვირთვა) და ვინმეს ეს უნდა გამოესწორებინა. ანუ UPS-ის დამუხტვა უნდა გადაეყვანა შესაბამის რეჟიმში და ამით მოგვარდებოდა ყველაფერი. თუმცა, შემსყიდველმა UPS ამუშავა ავარიულ რეჟიმში თვეების მანძილზე და არ მიაქცია განგაშის შეტყობინებებს ყურადღება, ხოლო როდესაც საბოლოოდ მოწყობილობა დაზიანდა, საკუთარი დაუდევრობითა და უყურადღებობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა მიმწოდებლისაგან. იმ მიმწოდებლისაგან, რომელსაც ხელშეკრულებით არც UPS-ის მონტაჟი, გამართვა და არც მისი შემდგომი მეთვალყურეობა ევალებოდა. აკუმულატორების ზღვრულ ნორმებზე მეტი დენით დამუხტვა, რომელიც განხორციელდებოდა ერთჯერადად არ გამოიწვევდა მსგავსი დაზიანების ფორმას, თუმცა მუდმივმა გადატვირთვამ (რომელიც ხორციელდებოდა დამუხტვის დენის თითქმის 3-ჯერ მეტი მიწოდების საშუალებით) რამდენიმე კვირა და თვეც, გამოიწვია აკუმულატორების თითქმის მთელი ნაწილის დაზიანება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქონლის მონტაჟი განხორციელდა შპს „ი----ს“ სპეციალისტების მიერ. ანალოგიური მითითება არის ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შპს „ი----ს“ არ განუხორციელებია კვების ბლოკის მონტაჟი. აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველმა დაიწყო მონტაჟი და მონტაჟის დროს (არასწორი მონტაჟით) დაიწვა მცველები, შეატყობინა მოპასუხეს დაზიანების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, შპს „ი----მ“ UPS წარმოიღო ოფისში და შეუცვალა მხოლოდ მცველები. მოპასუხემ კეთილი ნების საფუძველზე შეცვალა მცველები და მოსარჩელეს მისცა რეკომენდაცია, რომ ყურადღებით განეხორციელებინათ შემდეგი მონტაჟი. შემყიდველმა ხელახლა განახორციელა UPS-ის მონტაჟი თავისი ძალებით, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც დაზიანდა მოწყობილობა კვლავ მოპასუხეს მიმართა შესაკეთებლად.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის შპს „ი----ს“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. საქონლის დაზიანება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით, რის გამოც საქონლის შეკეთებაზე არ ვრცელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „თ---–---------------ის“ მიერ ჩატარებული №SPA1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, 2014 წლის 05 ნოემბერს შპს „თ---–---------------სა“ (შემსყიდველი) და შპს „ი----ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №42--------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ი----მ“ იკისრა ვალდებულება შპს „თ---–---------------ისათვის“ მიეწოდებინა ერთი ერთეული უწვეტი კვების წყარო (CPV კოდები: 31100000; 31154000; მარკა ELEN, მოდელი ELEN C1 Series 40KVA UPS).
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, შესასყიდი საქონლის ღირებულება განისაზღვრა - 13 088.56 ლარით;
ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესასყიდი ობიექტის მიღება ფორმდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, რაც ასევე ადასტურებს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ შეძენილ საქონელზე ვრცელდება საგარანტიო მომსახურება სამი წლის განმავლობაში, მხარეთა მირ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო სერვისის პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი მოვალეა უფასოდ განახორციელოს საქონლის შეკეთება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი თავისუფლდება ზემოთ ხსენებული მოვალეობის შესრულებისაგან თუ დადგინდა, რომ დაზიანება შემსყიდველის პერსონალური ბრალითაა გამოწვეული.
ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“) დამატებით მითითებულია საგარანტიო სერვისის პირობები, სადაც აღნიშნულია, რომ არასწორი ექსპლუატაციის პირობებში გარანტია არ ვრცელდება.
ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“), ასევე შენიშვნის სახით მითითებულია შემდეგი: „შემოთავაზებული უპს-ი შერჩეული და წარმოდგენილია თქვენი ტექნიკური მოთხოვნების (იგულისხმება უპს-ს პარამეტრები) მიხედვით. რაც შეეხება იმას, რომ მან უნდა უზრუნველყოს ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული წყლის გაწმენდა, დანადგარის შეუფერხებელი ფუნქციონირება - ეს უპს-ის პარამეტრს არ წარმოადგენს. მთავარია განხორციელდეს სწორი მონტაჟი კვალიფიციური კადრის მიერ, დატვირთოთ სწორად, აკუმულატორების დამუხტვა დაცლა აწარმოოთ ისე, როგორც ექნება ტექნიკურ პასპორტში, ასევე შეუქმნათ სამუშაო გარემო პირობები (ეს ყველაფერი გახლავთ აბსოლუტურად სტანდარტული მოთხოვნები). ანუ როდესაც არ დაირღვევა ექსპლუატაციის პირობები, თქვენ გამოიყენებთ წყლის გამწმენდ დანადგარზე თუ სხვაზე მნიშვნელობა არ აქვს“.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „თ---–---------------ის“ მიერ განხორციელდა მხოლოდ ერთი ერთეული კვების წყაროს შეძენა, მონტაჟისა და შემდგომი მეთვალყურეობის მომსახურების გარეშე.
3.1.2. 2014 წლის 03 დეკემბერს შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 05.11.2014წ. №42--------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----მ“ მიაწოდა, ხოლო შპს „თ---–---------------მა“ მიიღო ერთი ცალი უწყვეტი კვების წყარო, ღირებულებით - 13 088.56 ლარი.
3.1.3. 05.11.2014წ. №42--------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თ---–---------------ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყარო - UPS, მონტაჟის შემდგომ რამდენიმე დღეში გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც შპს „ი----მ“ ხელშეკრულების შესაბამისად, მოახდინა მისი შეკეთება. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უწყვეტი კვების წყარო კვლავ გამოვიდა მწყობრიდან.
3.1.4. 2015 წლის 11 მარტს შპს „თ---–---------------მა“ №2/5-- წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „ი----ს“, რომლითაც აცნობა 05.11.2014წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №42--------- ხელშეკრულებით მიწოდებული საქონლის - უწყვეტი კვების წყაროს, მწყობრიდან გამოსვლის შესახებ და აღნიშნული ხელშეკრულების 12.1. პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის პირობების შესაბამისად, მოითხოვა საქონლის შეკეთება ან გამოცვლა.
შპს „ი----მ“ 2015 წლის 13 მარტს საპასუხო წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „თ---–---------------ს“, რომლითაც უარი განაცხადა საქონლის შეკეთებაზე ან/და გამოცვლაზე იმ საფუძვლით, რომ შპს „თ---–---------------ის“ მიერ დარღვეულ იქნა ექსპლუატაციის პირობები, ხოლო გარანტია ვრცელდებოდა მხოლოდ სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში. აღნიშნულ წერილობით შეტყობინებაში მითითებულია, რომ შპს „ი----ს“ კვალიფიციური კადრის მიერ მოხდა პრობლემისა და დაზიანების არსის დეტალურად შესწავლა, რის საფუძველზეც ცალსახად დასტურდება, რომ უპს-ის შემადგენელი აკუმულატორები იმუხტებოდა მაღალი დენით. კერძოდ, მოცემული სიმძლავრის აკუმულატორების რეკომენდირებული დამუხტვის დენის ნორმაა 1.7 ამპერი, არსებული კი, როგორც აღმოჩნდა, იმუხტებოდა 4.7 ამპერით, რამაც გამოიწვია აკუმულატორების მწყობრიდან გამოსვლა.
3.1.5. 2017 წლის 31 იანვარს შპს „თ---–---------------მა“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა შპს „ი----ს“, რომლითაც აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
3.1.6. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ UPS-მა მწყობრიდან გამოსვლამდე არაერთხელ გამოსცა დაზიანების შესახებ გაფრთხილების სიგნალი თავისსავე მონიტორზე, რასაც შპს „თ---–---------------ის“ მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
3.1.7. შპს „თ---–---------------ის“ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსის - გი-------–------ის მიერ 22.08.2017წ. შედგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ი----საგან“ მოწოდებული პირველი უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის სრული დამონტაჟება ელ. ენერგიაზე მიერთება მოხდენილ იქნა მომწოდებელი კომპანიის მიერ (შპს „ი----). კერძოდ, შემომავალი ელ. ენერგიის კაბელის დაერთება (380 ვოლტი) UPS-ზე და UPS-დან გამავალი ელ. ენერგიის კაბელის მიერთება შპს „ი----ს“ რჩევით მოწყობილ ელ. კარადაში არსებულ ჩამრთველ გამომრთველ ელ. ავტომატებზე.
3.1.8. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვე-------ის“ ექსპერტის მიერ 14.05.2015წ. შედგენილი №09--- ენერგეტიკული დასკვნის თანახმად:
- შპს „თ---–---------------ის“ კუთვნილი ელექტრომომარაგების სქემა შესრულებულია მაღალ დონეზე სტანდარტების დაცვით. ამიტომ UPS-ის შესასვლელზე გამორიცხულია არასტანდარტული ძაბვის მიწოდება;
- UPS მწყობრიდან გამოსულია აკუმულატორების დაზიანების გამო;
- აკუმულატორის დაზიანება გამოიწვია მისმა უხარისხობამ და დანადგარში დენის შემზღუდველი მოწყობილობის უქონლობამ. აღნიშნულ დანადგარში არის 120 აკუმულატორი. ზუსტად ერთნაირი მახასიათებლების მქონე ასეთი მცირე სიმძლავრის აკუმულატორის პოვნა ძალიან ძნელია. ერთი რომელიმე აკუმულატორის დაზიანება იწვევს სხვა აკუმულატორზე ძაბვის მომატებას და შესაბამისად დამუხტვის დენის გაზრდას. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობეს აკუმულატორების მასიური დაზიანება;
- დაზიანება გამოწვეულია დანადგარების აკუმულატორების უხარისხობით და არა მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციით;
- მომხმარებლის დადანაშაულება UPS-ის დაზაინების საქმეში სრულიად გამორიცხულია;
დასკვნაში, ასევე მითითებულია შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების პერიოდში (თებერვალი) მუშა ტემპერატურა ბოქსში არ აღემატებოდა დასაშვებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ აკუმულატორების მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულია UPS-ის დასამუხტი მოწყობილობის გაუმართაობით (არ იმუშავა დენის და ძაბვის შეზღუდვის მოწყობილობამ).
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვე-------ის“ ექსპერტის მიერ, აღნიშნული დასკვნა შედგენილ იქნა მხოლოდ შპს „თბ--–----------------ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მას უწყვეტი კვების წყარო - UPS, პირადად არ უნახავს და არ შეუმოწმებია.
3.1.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.09.2015წ. №00------ კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მწარმოებლის ოფიციალური გვერდიდან მოპოვებული უწყვეტი კვების წყაროს ტექნიკური მომსახურების (ექსპლუატაციის) პირობების შესწავლის თანახმად, მომხმარებლის (კლიენტის) მხრიდან პერიოდულად უნდა ხდებოდეს მონიტორინგი, მნიშვნელოვანი კომპონენტების გაწმენდა და გასუფთავება.
3.1.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.08.2018წ. №00------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური დასკვნის თანახმად:
- შპს „ი----ს“ მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ, ორმაგი გარდაქმნის ტექნოლოგიით (Online double conversion) დამზადებული თურქული წაროების უწყვეტი კვების წყაროს ELEN (მოდელი - C1 Series), ჩინური წარმოების 12 ვოლტიანი და 9 ამპ/სთ-იანი აკუმულატორები გამოსულია მწყობრიდან მათი ძლიერი დეფორმაციის, გაბერვის და ხშირ შემთხვევაში მთლიანობების დარღვევის გამო;
აღნიშნული აკუმულატორების მწობრიდან გამოსვლის მიზეზია მათი დამუხტვის არასათანადოდ მაღალი დენი, რომელიც გახდა მიზეზი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი გადახურების, შინაგანი წნევის გაზრდის შედეგად მაღალი ხარიხის დეფორმაციისა და ხშირ შემთხვევაში კორპუსის მთლიანობის დარღვევისა;
-აღნიშნული უწყვეტი კვების წყაროს მიკროკონტროლერის მეხსიერებიდან ამოღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული მოწყობილობა თავის თხევადკრისტალურ ეკრანზე სისტემატიურად აგზავნიდა შეტყობინება-გაფრთხილებებს („Warnings”) დამუხტვის დენის გადაჭარბებაზე;
ვინაიდან, აღნიშნული მრავალჯერადი შეტყობინების მიუხედავად, არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, აღნიშნული უწვეტი კვების წყაროს დაზიანების მიზეზია - დანადგარის სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევა;
3.1.11. სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა თ-------------–---მა (შეადგინა 14.05.2015წ. №09--- დასკვნა) განმარტა შემდეგი:
მას UPS და მისი აკუმულატორი არ უნახავს. მისი სამუშაო მოიცავდა იმის გამოკვლევას, თუ როგორი კვება ეწოდებოდა გარედან და შეეძლო თუ არა მას გამოეყვანა მწყობრიდან UPS. იგი ვარაუდებით მივიდა დასკვნამდე. მისი დასკვნა ემყარება ვარაუდებს და არ არის კატეგორიული.
ექსპერტის განმარტებით, UPS-ის მონიტორზე გამოსახული პირველი ინფორმაცია იყო იმის მანიშნებელი, რომ იყო დაზიანება. ამისათვის მომსახურე პერსონალს ყურადღება უნდა მიექცია. ეს არის სწორი ექპლუატაცია. ნივთი დაზიანდა ექსპლუატაციის შედეგად. (იხ. 12.12.2017წ. სხდომის ოქმი)
3.1.12. სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა ზუ---------–-----მა (შეადგინა 23.08.2018წ. №00------- დასკვნა) განმარტა შემდეგი:
როდესაც UPS ნახა ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. ყველა აკუმულატორი იყო დაბერილი და დამსკდარი. პირველი რაც ითხოვა იყო ეჩვენებინათ დამუხტვის დენი. აღნოჩნდა, რომ იმ პირობებში, როდესაც 1 ამპერიც არ იყო მისი დატენვის დენი, ამ შემთხვევაში იყო 4-ზე მეტი. ფიზიკის კანონია, რომ გამოყოფილი ენერგია პროპორციულია დენის კვადრატის. ე.ი თუ დენი იზრდება ორჯერ, გამოყოფილი ენერგია, ანუ სითბო, იზრდება 4-ჯერ. ამ შემთხვევაში, გვქონდა 5-ჯერ მეტი დამუხტვის დენი. ეს ნიშნავს, რომ 25-ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფოდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ეს გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, ერთადერთი პასუხი არსებობს - UPS-ის დაზიანების მიზეზია ცუდი, არასწორი ექპლუატაცია. მითუმეტეს მას აქვს ტექნიკური პასპორტი, სადაც ყველაფერი წერია და რომელსაც უნდა გაცნობოდა მყიდველი.
UPS-ის აკუმულატორი ცვლადი დენით არ იტენება თვითონ აპარატი გარდაქმნის. თავიდანვე არ იყო დაყენებული სწორად დამუხტვის დენი. დამუხტვის დენი ყენდება პროგრამულად. ვისაც აქვს კოდი შეუძლია შევიდეს და დააყენოს. თუმცა, პარამეტრებს ჭირდება შემოწმება პერიოდულად. ეს არის მომსახურების საკითხი. აპარატი ისეთ სპეციალისტს უნდა დაეყენებინა ვისაც აქვს გავლილი შესაბამისი კურსები და მიღებული აქვს სერთიფიკატი.
ძალიან დაბალი პროცენტულობით შეიძლება ვივარაუდოდ ის, რომ აკუმულატორის დაზიანება გამოიწვია მისმა უხარისხობამ. ამის ალბათობა არის თითქმის ნული. უშუალო მიზეზობრივ კავშირში არის გადამეტებული დამუხტვის დენი. რამ გამოიწვია დამუხტვა ამ აკუმულატორების გაბერვისთვის არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც რაიმე ნაწილი ყოფილიყო დაზიანებული, ის დაზიანება რაც ამჟამად აკუმულატორს აქვს, გამოიწვია დამუხტვის დენის გადაჭარბებით მიწოდებამ.
ნებისმიერ ხელსაწყოს კომპიუტერზე მომუშავე ერთადერთი დაცვის საშუალება აქვს - ის გაძლევს შეტყობინებას - ინფორმაცია გამოაქვს ეკრანზე, ამის საფუძველზე, კი უნდა მოხდეს რეაგირება. შეუძლებელია ვინმემ მექანიკურად შეცვალოს შეტყობინების ტექსტი. მთლიანად ნებისმიერი ქმედება რაც ტარდება UPS-ზე ეს არის აღწერილი მეხსიერებაში. ვინმეს რომ მოეხდინა კორექტირება დენზე, ანუ დამუხტვის დენზე, მაშინვე ჩაიწერებოდა ეს ინფორმაცია. ნებიმიერ შეტყობინებაზე უნდა იყოს მომხმარებლის შესაბამისი რეაგირება. (იხ. 05.02.2019წ. სხდომის ოქმი)
3.1.13. მოწმე გიორგი ცოტაძის ჩვენების თანახმად:
გამარტივებული ტენდერის გზით, შპს „ი----საგან“ შეიძინეს უწყვეტი კვების წყარო UPS, რომლის დამონტაჟება და ელექტროობაზე დაერთება მოხდა მომწოდებელი კომპანიის - შპს „ი----საგან“, ვინაიდან მათ მანამდე არ ჰქონიათ შეხება UPS-ის აპარატთან. პირველი დაერთების დროს ჩვენი ჩარევა არ ყოფილა. გი-------–------ის განმარტებით, იგი ესწრებოდა UPS-ის დამონტაჟებას, სხვა გარემოებების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. (იხ. 06.02.2018წ. სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №42--------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–---------------ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს - UPS-ის მონტაჟი არც თავდაპირველად და არც მისი შეკეთების შემდგომ, არ მომხდარა შპს „ი----ს“ მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ UPS-ის მონტაჟი როგორც თავდაპირველად, ასევე შეკეთების შემდგომ განხორციელდა შპს „ი----ს“ წარმომადგენლის მიერ. აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე და თავის მხრივ უთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ ნასყიდობის საგნის გადაცემას. მისი მონტაჟი ან/და შემდგომი მეთვალყურეობა წარმოადგენდა ცალკე შეთანხმების საგანს, რაც ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებილი და შესაბამისად მოპასუხეს აღნიშნული მომსახურება მოსარჩელისათვის არ გაუწევია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ი----ს“ შორის 05.11.2014წ. დადებული №42--------- ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს „თ---–---------------ის“ მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდულ იქნა მხოლოდ საქონელი - ერთი ერთეული უწყვეტი კვების წყარო - UPS. ხელშეკრულებით შემსყიდველს არ შეუსყიდია უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟის ან/და შემდგომი მეთვალყურეობის მომსახურება, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენდა ცალკე შეთანხმების საგანს. ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია არც მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, გამყიდველის ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენდა მყიდველისათვის მიეწოდებინა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ამასთან, 2014 წლის 03 დეკემბერს შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 05.11.2014წ. №42--------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----მ“ მიაწოდა, ხოლო შპს „თ---–---------------მა“ მიიღო ერთი ცალი უწყვეტი კვების წყარო, ღირებულებით - 13 088.56 ლარი. მოპასუხის განმარტებით, სხვა მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, მხარეთა შორის, ასევე გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხეს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შპს „თ---–---------------ის“ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსის - გი-------–------ის მიერ 22.08.2017წ. შედგენილი მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ შპს „ი----საგან“ მოწოდებული პირველი უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის სრული დამონტაჟება ელ. ენერგიაზე მიერთება მოხდენილ იქნა მომწოდებელი კომპანიის მიერ (შპს „ი----). კერძოდ, შემომავალი ელ. ენერგიის კაბელის დაერთება (380 ვოლტი) UPS-ზე და UPS-დან გამავალი ელ. ენერგიის კაბელის მიერთება შპს „ი----ს“ რჩევით მოწყობილ ელ. კარადაში არსებულ ჩამრთველ გამომრთველ ელ. ავტომატებზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, ასევე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსი - გი-------–------ე, რომელმაც განმარტა, რომ იგი ესწრებოდა შპს „ი----ს“ მიერ უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის მონტაჟს, თუმცა სხვა გარემოებების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მოხსენებითი ბარათი წარმოადგენს ცალმხრივ დოკუმენტს, ხოლო მოწმე გი-------–------ემ ვერ მიუთითა ისეთ კონკრეტულ და უტყუარ გარემოებებზე, რასაც შეეძლო სასამართლოსთვის თუნდაც გონივრული ეჭვი შეექმნა მოპასუხის მხრიდან უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟის თაობაზე.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული შესასყიდი ობიექტის - უწყვეტი კვების წყაროს, მონტაჟი, ხოლო მოპასუხე უარყოფს მის მიერ სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „თ---–---------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 477-ე, 487-488-ე, 496-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „თ---–---------------ის“ მიერ ჩატარებული №SPA1-------- გამარტივებულ ელექტრონული ტენდერის შესაბამისად, 2014 წლის 05 ნოემბერს შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №42--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს „ი----მ“ იკისრა ვალდებულება შპს „თ---–---------------ისათვის“ მიეწოდებინა ერთი ერთეული უწვეტი კვების წყარო (CPV კოდები: 3100000; 31154000). შესასყიდი საქონლის ღირებულება განისაზღვრა - 13 088.56 ლარით.
2014 წლის 03 დეკემბერს შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ი----ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც 05.11.2014წ. №42--------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი----მ“ მიაწოდა, ხოლო შპს „თ---–---------------მა“ მიიღო ერთი ცალი უწყვეტი კვების წყარო, ღირებულებით - 13 088.56 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.
ვარგისიანობის ვადა გარანტიის ერთგვარი სახეა. ეს არის სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც მყიდველს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მეტი დაცვის გარანტიას ანიჭებს და მის უფლებებს აფართოვებს. ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა გამყიდველის მიერ ნივთის თვისებების თაობაზე გარანტიის დაკონკრეტებაა. კერძოდ, გამყიდველი გარანტიას გასცემს ნივთის თვისებებთან დაკავშირებით გარკვეულ ვადამდე.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მყიდველის უფლებებს შორის ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ნივთის ნაკლის გამო მისთვის მინიჭებული კანონისმიერი მოთხოვნის უფლებები, საგარანტიო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებისაგან. ისინი ერთმანეთისაგან პარალელურად არსებობს და გააჩნია დამოუკიდებელი სამართლებრივი წინაპირობები. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი თვისებაა, რომ გარანტიით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების არსებობისათვის არ არის მნიშვნელოვანი ნაკლის წარმოშობის პერიოდი, მთავარია რომ მისი გამოვლენა მოხდეს საგარანტიო პერიოდში. მიუხედავად მისი, განსხვავებული ბუნებისა, საგარანტიო პერიოდში წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები, ანალოგიურად მიმართულია იმ სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, რომელიც არსებობს ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი კანონისმიერი უფლებებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული №42--------- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საგარანტიო მომსახურებაზე, რომელიც იმოქმედებდა სამი წლის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ შეძენილ საქონელზე მხარეთა მირ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან (ხელშეკრულების 12.1. პუნქტი). შესაბამისად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება საგარანტიო ვადაში უფასოდ განეხორციელებინა საქონლის შეკეთება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეცვლა (ხელშეკრულების 12.2. პუნქტი). ამასთან განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა დაზიანების შემსყიდველის პერსონალური ბრალით გამოწვევის ფაქტი, მიმწოდებელი გათავისუფლდებოდა ზემოთ ხსენებული მოვალეობის შესრულებისაგან (ხელშეკრულების 12.3. პუნქტი). გარანტია არ გავრცელდებოდა, ასევე არასწორი ექსპლუატაციის პირობებში (ხელშეკრულების დანართი №3).
6.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობის გამოსარკვევად მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რამ გამოიწვია №42--------- ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–---------------ისათვის“ მიწოდებული დენის წყაროს - UPS-ის მწყობრიდან გამოსვლა - აკუმულატორების უხარისხობამ თუ UPS-ის არასწორმა ექსპლუატაციამ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, ნივთის ნაკლის დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მატარებელია მყიდველი. ის ვალდებულია დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით დაასაბუთოს ნივთობრივი ნაკლის საქონლის გადაცემის დროისათვის არსებობის ფაქტი. თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა მაშინ, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ნივთის ვარგისიანობის - საგარანტიო ვადა. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა მყიდველმა ნასყიდობის საგანი, საგარანტიო პერიოდში ნივთის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მყიდველს - მოსარჩელეს ნაკლთან დაკავშირებით მხოლოდ ფაქტების მითითების ვალდებულება ეკისრება, ხოლო გამყიდველის მტკიცების ტვირთია გამორიცხოს აღნიშნული ნაკლის არსებობა და მისი პასუხისმგებლობა. ამრიგად, მყიდველს ეკისრება მხოლოდ იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი ნივთის ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა და გამყიდველის მიერ განსაზღვრული იყო ნივთის ვარგისიანობის შესაბამისი ვადა. ამის საპირისპიროდ, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ ნივთის ნაკლი მყიდველის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. გამყიდველის პასუხისმგებლობის თავისებურება სწორედ იმაში ვლინდება, რომ საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, პრეზუმირებულია მისი ბრალეულობა და გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, ეკისრება გამყიდველს.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვე-------ის“ 14.05.2015წ. №09--- (ენერგეტიკული) ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დასკვნის სახით მითითებულია, რომ აკუმულატორის დაზიანება გამოწვეულია აკუმულატორების უხარისხობით და არა მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციით. მომხმარებლის დადანაშაულება UPS-ის დაზიანების საქმეში სრულიად გამორიცხულია.
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვე-------ის“ ექსპერტის მიერ ზემოთ აღნიშნული დასკვნა შედგენილ იქნა მხოლოდ შპს „თ---–---------------ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი ვარაუდების საფუძველზე და მას უწყვეტი კვების წყარო უშუალოდ არ უნახავს და არ შეუმოწმებია. აღნიშნული გარემოება თავად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა - თ-------------–---მა (მის მიერ იქნა შედგენილ ზემოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა). სასამართლოს ხდომაზე თ-------------–---მა, ასევე განაცხადა, რომ დასკვნის შედგენისას მისი სამუშაო მოიცავდა მხოლოდ იმას, რომ დაედგინა როგორი იყო კვება გარედან და შეეძლო თუ არა მას გამოეყვანა მწყობრიდა UPS. თ-------------–---მა, მის მიერ 14.05.2015წ. შედგენილი დასკვნის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ შპს „თ---–---------------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა უწყვეტი კვების წყაროს არასწორ ექპლუატაციას. მისი განმარტებით, UPS-ის მონიტორზე გამოსახული ინფორმაცია იყო იმის მანიშნებელი, რომ სახეზე იყო დაზიანება, რაზეც მომსახურების პერსონალს ყურადღება უნდა მიექცია. ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლო სხდომაზე მოწვეული შესაბამისი ექსპერტის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება მოპასუხეს, მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ UPS-ის შემადგენელი აკუმულატორები იმუხტებოდა მაღალი დენით, რის შესახებაც UPS რამდენიმე კვირის განმავლობაში აგზავნიდა მონიტორზე შეტყობინებას. აღნიშნულზე მომხმარებელს შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა და UPS-ის დამუხტვა გადაეყვანა შესაბამის რეჟიმში. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შემსყიდველმა UPS თვეების მანძილზე ამუშავა ავარიულ რეჟიმში და არ მიაქცია განგაშის შეტყობინებებს ყურადღება. მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.08.2018წ. №00------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური დასკვნა, სადაც დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ აკუმულატორების მწობრიდან გამოსვლის მიზეზია მათი დამუხტვის არასათანადოდ მაღალი დენი, რომელიც გახდა მიზეზი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი გადახურების, შინაგანი წნევის გაზრდის შედეგად მაღალი ხარიხის დეფორმაციისა და ხშირ შემთხვევაში კორპუსის მთლიანობის დარღვევისა. დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, რომ უწყვეტი კვების წყაროს მიკროკონტროლერის მეხსიერებიდან ამოღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული მოწყობილობა თავის თხევადკრისტალურ ეკრანზე სისტემატიურად აგზავნიდა შეტყობინება-გაფრთხილებებს („Warnings”) დამუხტვის დენის გადაჭარბებაზე. ვინაიდან, აღნიშნული მრავალჯერადი შეტყობინების მიუხედავად, არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, აღნიშნული უწვეტი კვების წყაროს დაზიანების მიზეზია - დანადგარის სწორი ექსპლუატაციის პირობების დარღვევა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ზუ---------–-----მა დამატებით განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავიდანვე არ იყო დაყენებული სწორად დამუხტვის დენი, რის გამოც UPS-ის აკუმულატორებს დიდი ხნის განმავლობაში ნაცვლად მათთვის განსაზღვრული დატენვის დენის ოდენობისა მიეწოდებოდა 4-ჯერ მეტი დატენვის დენი, რომელიც პროგრამულად მომხმარებელს უნდა დაეყენებინა. შესაბამისად, ერთადერეთი პასუხი UPS-ის დაზიანების მიზეზისა არის არასწორი ექპლუატაცია. ძალიან დაბალი პროცენტულობით შეიძლება ვივარაუდოდ ის, რომ აკუმულატორის დაზიანება გამოიწვია მისმა უხარისხობამ. ამის ალბათობა არის თითქმის ნული. უშუალო მიზეზობრივ კავშირში არის გადამეტებული დამუხტვის დენი. ნებისმიერ ხელსაწყოს კომპიუტერზე მომუშავე ერთადერთი დაცვის საშუალება აქვს - ის გაძლევს შეტყობინებას, ინფორმაცია გამოაქვს ეკრანზე, ამის საფუძველზე, კი უნდა მოხდეს რეაგირება. შეუძლებელია ვინმემ მექანიკურად შეცვალოს შეტყობინების ტექსტი. ნებისმიერ შეტყობინებაზე, კი უნდა იყოს მომხმარებლის შესაბამისი რეაგირება. თუნდაც რაიმე ნაწილი ყოფილიყო დაზიანებული, ის დაზიანება რაც ამჟამად აკუმულატორს აქვს, გამოიწვია დამუხტვის დენის გადაჭარბებით მიწოდებამ.
მოსარჩელემ, ასევე წარმოადგინა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.09.2015წ. №00------ კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ მომხმარებლის (კლიენტის) მხრიდან პერიოდულად უნდა ხდებოდეს UPS-ის მონიტორინგი, მნიშვნელოვანი კომპონენტების გაწმენდა და გასუფთავება.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ UPS-მა მწყობრიდან გამოსვლამდე არაერთხელ გამოსცა დაზიანების შესახებ გაფრთხილების სიგნალი თავისსავე მონიტორზე, რასაც შპს „თ---–---------------ის“ მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–---------------ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს - UPS-ის მონტაჟი არც თავდაპირველად და არც მისი შეკეთების შემდგომ, არ მომხდარა შპს „ი----ს“ მიერ. შესაბამისად, UPS-ის მონტაჟი განხორციელებულ იქნა შპს „თ---–---------------ის“ მიერ, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ UPS-ის აკუმულატორების დამუხტვის დენის რეჟიმი პროგრამულად განსაზღვრულ იქნა სწორედ ამ უკანასკნელის მიერ. ამასთან, როგორც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიდან დგინდება, UPS-ის აკუმულატორები იმუხტებოდა 4.7 ამპერი დენით მაშინ როდესაც დამუხტვის დენის რეკომენდირებული ნორმა იყო 1.7 ამპერი.
ამასთან, სასამართლო სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს შემდეგს:
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს „თ---–---------------სა“ და შპს „ი----ს“ შორის 05.11.2014წ. დადებული №42--------- ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თ---–---------------ის“ მიერ შესყიდულ იქნა მხოლოდ საქონელი - ერთი ერთეული უწყვეტი კვების წყარო - UPS. ხელშეკრულებით შემსყიდველს არ შეუსყიდია უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟის ან/და შემდგომი მეთვალყურეობის მომსახურება. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი----ს“ არც ფაქტობრივად განუხორციელებია UPS-ის მონტაჟი. შესასყიდი საქონლის მიწოდებასთან ერთად შპს „თ---–---------------ს“ გადაეცა ტექნიკური პასპორტი, სადაც დეტალურად იყო მითითებული, UPS-ის მოხმარებისა და გამოყენების წინაპირობები. გარდა ამისა, ხელშეკრულების დანართი №3-ში („ფასების ცხრილი“) შპს „ი----ს“ მიერ შენიშვნის სახით მითითებულ იქნა, რომ UPS-ის მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო კვალიფიციური კადრის მიერ, უნდა დაეტვირთათ სწორად, აკუმულატორების დამუხტვა, დაცლა ეწარმოებინათ ისე, როგორც იქნებოდა ტექნიკურ პასპორტში და შეექმნათ სამუშაო გარემო - პირობები. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისა და მისი უფლებამოსილების ფარგლებში, შემსყიდველს მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ მას მინიმუმ იმის წარმოდგენა შექმნოდა, რომ უწყვეტი კვების წყაროს მონტაჟი და ექსპლუატაცია საჭიროებდა სათანადო წესების დაცვით განხორციელებას. შესაბამისად, ვინაიდან შპს „თ---–---------------ის“ მიერ არ ყოფილა შესყიდული UPS-ის მონტაჟი და შემდგომი მეთვალყურეობა, იგი ვალდებული იყო გამოეჩინა სათანადო გულისხმიერება და აღნიშნული განეხორციელებინა წესების დაცვით. ამრიგად, შპს „თ---–---------------ის“ პირად პასუხისმგებლობას წარმოადგენდა მონტაჟის დროს პროგრამა მოემართა კონკრეტული UPS-ის აკუმულატორებისათვის რეკომენდირებული დამუხტვის დენის ოდენობის გათვალისწინებით, ხოლო შემდგომ ყურადღება მიექცია UPS-ის მონიტორზე გამოსახული გაფრთხილების სიგნალისათვის და მასზე რეაგირება მოეხდინა. შესაბამისად, აღნიშნული მოვალეობის განუხორციელებლობის გამო, უმოქმედობის შესაბამისი რისკის მატარებელს თავადვე წარმოადგენს. გაფრთხილების სიგნალებზე რეაგირების მოხდენის შემთხვევაში, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოწყობილობა მწყობრიდან არ გამოვიდოდა.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–---------------ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს UPS-ის მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულ იქნა, ასევე შპს „თ---–---------------ის“ მხრიდან მისი არასწორი მონტაჟით, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მასზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლში მითითებული „მოთხოვნის უფლება“ გულისხმობს მეორად მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლის დისპოზიცია გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს დანაწესი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირველადი ვალდებულება (ვალდებულებები) შესრულებულია არაჯეროვნად, და მხარის კანონიერი ინტერესების დასაცავად აუცილებელია ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა. ამასთან, იმისათვის, რომ არსებობდეს ხსენებული მეორადი მოთხოვნების განხორციელების ნამდვილი უფლება აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის მიხედვით სახეზე უნდა იყოს ნაკლი, რომელიც გამოვლენილია საგარანტიო ფურცლის მოქმედების პერიოდში.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ვარგისიანობის ვადის განსაზღვრის ფარგლებში გამყიდველის პასხისმგებლობა არ ვრცელდება ნაკლზე, რომლის წარმოშობაზე გავლენის შესაძლებლობაც გამყიდველს არ ჰქონდა და რომელიც მყიდველის მიერ შესრულების შესაბამისად განხორციელებასთან დაკავშირებული არ არის. ეს შესაძლებელია იყოს ნაკლი, რომელიც გამყიდველის პასუხისმგებლობისა (რისკის) და ზეგავლენის სფეროში არ ექცევა. გამორიცხულია გამყიდველის პასუხისმგებლობა საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ისეთი ნაკლის გამო, რომელიც მყიდველის ბრალეული ქმედების, ნივთისადმი შეუსაბამო მოპყრობის, ინტსრუქციის წესები დარღვევის ან მესამე პირების ზემოქმედების შედეგად გამოვლინდა.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ი----ს“ მიერ შპს „თ---–---------------ისათვის“ მიწოდებული უწყვეტი კვების წყაროს - UPS-ის მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეულ იქნა შპს „თ---–---------------ის“ მხრიდან მისი არასწორი ექსპლუატაციის შედეგად.
შესაბამისად, სახეზეა მყიდველის ბრალეული ქმედებით გამოწვეული ნაკლი, რაც გამორიცხავს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „თ---–---------------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ი----სათვის“ ნასყიდობის საგნის ღირებულების - 13 088.56 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „თ---–---------------ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის დაკისრების თაობაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „თ---–---------------ის“ სარჩელი შპს „ი----ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/6178-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
19 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „თ---–---------------ი“
წარმომადგენლები: გ---------------ი, ლ--–------–--–--ე
მოპასუხე: შპს „ი----“
წარმომადგენლები: გ--------–----–---–ი, თ--------------–---–ი, კ--------------–--ე (დირე-------ი)
დავის საგანი: თანხის დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „თ---–---------------ის“ სარჩელი შპს „ი----ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი