გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019002793974
#2/1-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.04.2019 წ. ქ. მარნეული
შესავალი ნაწილი
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი ეკა ნავერიანი
მოსარჩელე - ტ--------- ხ----–---ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - ე------- ც-–---
მოპასუხე - ა----- კ------ი
მოპასუხის წარმომადგენელი - გ------- გ--–-----
დავის საგანი - განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ტ--------- ხ----–---ა ითხოვს ა----- კ------თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2001 წელს გათხოვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მცხოვრებ ა----- კ------ზე. 2003 წლის 13 ნოემბერს მათი ქორწინება დარეგისტრირდა. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 3 მარტს დაბადებული კ---- კ------ი და 2006 წლის 22 სექტემბერს დაბადებული ე-–--- კ------ი. ქორწინებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მეუღლეთა ურთიერთობა ნორმალური იყო. დაახლოებით 10 წლის წინ მისი მეუღლის დედამ ჩარევა დაიწყო მათ ოჯახურ ცხოვრებაში. საბოლოოდ კ. კ------იც აგრესიულად განეწყო მის მიმართ, დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რამაც მიიღო სისტემატური ხასიათი. მოსარჩელე ითმენდა ყველაფერს ოჯახის შესანარჩუნებლად. ბოლოს მან შესთავაზა მეუღლეს განქორწინება სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, მაგრამ მიიღო უარი, რის გამოც მომართა სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და დამატებით განმარტა, რომ მხარეები ცხოვრობდნენ უკრაინაში. ტ. ხ----–---მა პირველივე შესაძლებლობით ისარგებლა და საქართველოში წამოვიდა, მას აღარ სურს მეუღლესთან დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა----- კ------მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მიაჩნია, რომ მათი ოჯახის აღდგენა შესაძლებელია, და ითხოვა შესარიგებელი ვადის მიცემა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ტ--------- ხ----–---ა და ა----- კ------ი იმყოფებიან 2001 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2003 წლის 13 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 33).
3.1.2. ქორწინების განმავლობაში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 3 მარტს დაბადებული კ---- კ------ი და 2006 წლის 22 სექტემბერს დაბადებული ე-–--- კ------ი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 33).
3.1.3. ტ--------- ხ----–---ა და ა----- კ------ი დღეისათვის ერთად აღარ ცხოვრობენ. ტ. ხ----–---ას აღარ სურს ა----- კ------თან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 2019 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 44-45, 2019 წლის 5 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ტ--------- ხ----–---ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სკ-ის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნა სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებას სასამართლო მაშინ მიმართავს, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ ვადის დანიშვნამ შეიძლება შედეგი გამოიღოს და ოჯახი შენარჩუნდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მხარეებს განესაზღვრათ ერთი თვის შესარიგებელი ვადა, თუმცა მოსარჩელის პოზიცია არ შეცვლილა.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება, რომელიც ოჯახის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. ქორწინებაში ყოფნის ნება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ დაქორწინებისას, არამედ ქორწინების შენარჩუნებისთვისაც. ნების თავისუფლებიდან გამომდინარე დაუშვებელია პირის იძულება იმყოფებოდეს ქორწინებაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. საგულისხმოა, რომ განქორწინებისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობა აუცილებელი არ არის. მიუხედავად თავდაპირველი სურვილისა, თანაცხოვრების პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთოს მთელი რიგი გარემოებები, რაც კონკრეტულ პირთან ერთ ოჯახად ცხოვრებას მეუღლისათვის არასასურველს ხდის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას, აცხადებს რომ აღარ სურს ა. კ------თან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ. ხ----–---ასა და ა. კ------ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით, რადგან მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში დარჩენა, რის გამოც მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე,249-ე, 257-ე, 2591-ე, 272-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ტ--------- ხ----–---ას სარჩელი ა----- კ------ის მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მოსარჩელე ტ--------- ხ----–---ასა (პნ 2----------) და მოპასუხე ა----- კ------ს (პნ 2----------) შორის მარნეულის რაიონის კაჩაგანის სამოქალაქო რეესტრში 2003 წლის 13 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის №მნ 0------).
3. მოპასუხე ა----- კ------ს ტ--------- ხ----–---ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი