გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
160210017002217958
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002217958

N 2/1211-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: სალომე ჯელიაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი, ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ორ-------–---ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენლები: ზა-------------–---–ი (არ გამოცხადდა), მა-------------–--ე

მოპასუხე - იმ-------–----–---ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - მზ---------–---–ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - ფა--–-----------ა (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - დი------------–---–ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - გა-------------ი

თარჯიმნები: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნოტარიუს ხა------------–---–ის მიერ, 2016 წლის 08 აპრილს, ალ----–---ის სახელზე გაცემული N160349034 სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.2. ბო-–-----------------------–-----–-----ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 80.04.67.5--, ს/კ 80.04.67.5-- და ს/კ 80.04.73.0--, 1/2 წილზე ორ-------–---ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;

 

1.3. 2016 წლის 08 აგვისტოს, ალ----–---სა და იმ-------–----–---ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.4. 2017 წლის 01 მარტს გაცემული N170206318 სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.5. 2016 წლის 03 ოქტომბერს, იმ-------–----–---სა და ფა--–-----------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, უძრავ ქონებაზე, ს/კ 80.04.67.5--, ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.6. იმ-------–----–---სა და გა-------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. სარჩელები ტომი1, ს.ფ. 1-22, ტომი 2, ს.ფ. 2-14);

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2003 წლის 20 იანვარს, გარდაიცვალა მოსარჩელის მამა ას------–---ი, რომელიც იყო კომლის ბოლო წევრი. კომლში ასევე ირიცხებოდა მოსარჩელის დედინაცვალი გი---–----------–---ა, რომელიც მამის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა და მემკვიდრე არ ჰყოლია. ას------–---ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო კომლის საერთო ქონებაზე. ას------–---ი საკუთრების უფლებით ფლობდა უძრავ ქონებას, მდებარე ბო-–-----------------------–-----–-----ი, ს/კ 80.04.03.--- და ს/კ 80.04.10.3--.

 

მოსარჩელეს ასევე ჰყავდა სამი დედ-მამიშვილი: ალ----–---ი, მა----------–---ა (ქორწინების შემდგომი გვარი აბ------ა), რომელიც 2012 წლის 29 აგვისტოს გარდაიცვალა და გი---–---------–---ა (ქორწინების შემდგომი გვარი ოს------ა).

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობდა აზ-----------ს რესპუბლიკაში, თუმცა მამასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და ხშირად ჩამოდიოდა მის სანახავად. მამის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისი სამკვიდრო ქონება. ორ-------–---ის მითითებით, მან გასწია ხარჯი მამის დაკრძალვაზე, ასევე ორმოცზე და წლისთავზე და საფლავის ქვაზე. ასევე აზ-----------დან გამოაგზავნა აივნისათვის სამშენებლო მასალები და მონაწილეობა მიიღო სახლის შეკეთებაში. მოსარჩელე დღემდე ფლობს და განაგებს მამის დანატოვარ ნივთებს (სამოვარი, ვერცხლით გაფორმებული ქამარი, ხალიჩა), რომელსაც ჯერ იმავე ეზოში მდებარე ძველ სახლში ინახავდა, ხოლო შემდეგ წაიღო ქ. სუმგაითში. ორ-------–---ი მამის დანატოვარი სახლის ეზოში აპირებდა სახლის აშენებას, ამის შესახებ იცოდა მისმა ძმამ ალ----–---მაც და სწორედ ამიტომ ცალკე საკადასტრო კოდით: 80.04.67.5--, დაარეგისტრირა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ორ-------–---სა და ალ----–---ს ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მამის დანატოვარი ქონება ორივეს თანაბარწილად ეკუთვნოდა. ორ-------–---ს გარდაეცვალა 23 წლის ქალიშვილი, ასევე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა მეუღლე, რის გამოც მამის დანატოვარი სამკვიდროდან მისი წილი ქონების დროულად გადაფორმება ვერ შეძლო.

 

ორ-------–---ის განმარტებით, 2016 წლის 29 ივლისს ჩამოვიდა საქართველოში ძმის მოსანახულებლად და ამ დროს ძმამ ალ----–---მა უთხრა, რომ მამის ას------–---ის დანატოვარი სამკვიდრო სრულად გადაიფორმა და სანოტარო ორგანოში სხვა მემკვიდრეთა არსებობა არ გაამხილა. თუმცა ალ----–---მა შესთავაზა, რომ ქონების ნახევარს მას გადაუფორმებდა. ამ საუბარს ასევე ესწრებოდა მათი და გი---–----------------ა. ორ-------–---მა ძმას სთხოვა, რომ მხოლოდ 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეფორმებინა, სადაც შეძლებდა სახლის აშენებას და ალ----–---მა უთხრა, რომ ეს ნაკვეთი მას ისედაც ჰქონდა ცალკე ძმისთვის გამოყოფილი. ისინი წავიდნენ ნოტარიუსთან ჩუქების ხელშეკრულების გასაფორმებლად. ნოტარიუსმა მოსთხოვა ნათესაური კავშირის დადგენის მიზნით საბუთების წარდგენა, მოამზადეს საბუთები და როდესაც უნდა წასულიყვნენ ნოტარიუსთან, ალ----–---ი გახდა ცუდად და დააწვინეს საავადმყოფოში. ორ-------–---მა ნოტარიუსი წაიყვანა საავადმყოფოში და 2016 წლის 02 აგვისტოს ორი მოწმის თანდასწრებით ალ----–---მა ორ-------–---ს საჩუქრად გადასცა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ 80.04.67.5--. 2016 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულება წარადგინა საჯარო რეესტრში. 2016 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა ალ----–---ი. 2016 წლის 19 აგვისტოს საჯარო რეესტრში მოსარჩელეს აცნობეს, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, 2016 წლის 8 აგვისტოს, ალ----–---მა, ნოტარიუსის მეშვეობით, შეადგინა ჩუქების ახალი ხელშეკრულება, რითაც მის მიერ მემკვიდრეობით უკანონოდ მიღებული მთელი ქონება აჩუქა მის შვილს იმ-------–----–---ს. ალ----–---მა იმავე დღეს გააფორმა მინდობილობა ადვოკატ მზ---------–---–ის სახელზე, რის შემდგომაც მათ მიმართეს საჯარო რეესტრს და მოითხოვეს, რომ ქონება არ დარეგისტრირებულიყო ორ-------–---ის სახელზე, რადგან ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს, ალ----–---ი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. აღნიშნული განცხადების შემდეგ, საჯარო რეესტრმა შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. იმ-------–----–---მა 2016 წლის 12 აგვისტოს, დაჩქარებული წესით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაიფორმა უძრავი ქონება, ს/კ 80.04.67.5--. ხოლო ის ქონება, რომელიც ალ----–---მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა ორ-------–---ს, იმ-------–----–---მა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში დაირეგისტრირა 2017 წლის 23 მაისს. უძრავი ქონება ს/კ 80.04.73.0--, საჯარო რეესტრში ისევ ირიცხება ალ----–---ის სახელზე.

 

2016 წლის 28 სექტემბერს, ორ-------–---მა სარჩელი შეიტანა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მამის ას------–---ის დანაშთი უძრავი ქონების 1/2 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, თუმცა უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ასევე შემდგომ რამოდენიმეჯერ კვლავ იქნა დახარვეზებული სარჩელი. საბოლოოდ, 2017 წლის 19 მაისს სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო იმ-------–----–---ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის ½ წილს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 27 მაისს იმ-------–----–---ს ჩაბარდა სასამართლოს განჩინება, მან 2017 წლის 01 ივნისს უძრავი ქონება გადააფორმა მოპასუხე ფა--–-----------ას საკუთრებად. აღნიშნულის შემდეგ გამოიხმეს სარჩელი, რათა მოპასუხედ ჩართულიყო ახალი მესაკუთრეც.

 

2018 წლის 25 მაისს, იმ-------–----–---სა და გა-------------ს შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იმ-------–----–---მა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით უძრავი ქონება ს/კ 80.04.67.5--, გადაუფორმა გა-------------ს. როგორც იმ-------–----–---სა და ფა--–-----------ას, ასევე იმ-------–----–---სა და გა-------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები არის თვალთმაქცური (იხ. სარჩელები: ტომი 1, ს.ფ. 1-22, ტომი 2 ს.ფ. 2-14);

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე იმ-------–----–---ის პოზიცია

 

მოპასუხე იმ-------–----–---მა წარმოდგენილი შესაგებლით ორ-------–---ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ას------–---ი გარდაიცვალა 2003 წლის 20 იანვარს, მას შემდეგ გასულია 15 წელი და მოსარჩელეს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი ქონებაზე. ალ----–---ი იყო ერთადერთი შვილი, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო სამკვიდრო ქონება. იმ-------–----–---ის მითითებით, ორ-------–---თან ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს, ალ----–---ი იყო ძალიან ცუდად და მოსარჩელემ ისარგებლა მისი ავადმყოფობით. მოსარჩელე 40 წელია ცხოვრობს აზერბაიჯანში და აზ-----------ს მოქალაქეა. მამის გარდაცვალების შემდეგ არც კი ჩამოდიოდა. მას სახლიდან ნივთები არ წაუღია. ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო უძრავი ქონება აღარ წარმოადგენს მის საკუთრებას (იხ. შესაგებელი ს.ფ. 128-136).

 

2.2. მოპასუხე ფა--–-----------ას პოზიცია

 

მოპასუხე ფა--–-----------ამ წარმოდგენილი შესაგებლით ორ-------–---ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან უძრავი ქონება შეიძინა იმ-------–----–---ისაგან და მისთვის უცნობი იყო მოსარჩელის პრეტენზიის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურში უძრავი ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მოპასუხის მითითებით, იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი და ქონებას სხვას ვერ დაუბრუნებს (იხ. შესაგებელი ს.ფ.143-151).

 

2.3. მოპასუხე გა-------------ის პოზიცია

 

მოპასუხე გა-------------მა წარმოდგენილი შესაგებლით ორ-------–---ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან უძრავი ქონება შეიძინა სრულიად კანონიერად, არის კეთილსინდისიერი შემძენი და მიაჩნია, რომ მისი, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებები არ უნდა შეილახოს (იხ. შესაგებელი ტომი 2, ს.ფ. 64-72).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2003 წლის 03 თებერვალს გარდაიცვალა მამკვიდრებელი ას------–---ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 34);

 

3.1.2. აწ გარდაცვლილ ას------–---ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: ალ----–---ი, ორ-------–---ი, მა----------–---ა (ქორწინების შემდგომი გვარი აბ------ა) და გი---–--------–---ა (ქორწინების შემდგომი გვარი ოს------ა).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი).

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 25-26, 31);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 28-29, 32-33);

 

3.1.3. 2012 წლის 29 აგვისტოს გარდაიცვალა მა----------–---ა (ქორწინების შემდგომი გვარი აბ------ა), ხოლო 2016 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა ალ----–---ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 27);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 36);

 

3.1.4. აწ გარდაცვლილ ას------–---ის სახელზე ირიცხებოდა ორი უძრავი ქონება, მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.03.---, დაუზუსტებელი ფართობი: 1674,27 კვ.მ. და ს/კ 80.04.10.3--, დაუზუსტებელი ფართობი: 2050.00 კვ.მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 38-45).

 

3.1.5. ორ-------–---ს, მამის აწ გარდაცვლილი ას------–---ის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, სანოტარო ორგანოსთვის კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში არ მიუმართავს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი).

 

3.1.6. 2016 წლის 26 სექტემბერს, ას------–---ის ერთ-ერთმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა გი---–----------------ამ სანოტარო წესით დაადასტურა მამის ას------–---ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიუღებლობის ფაქტი და განმარტა, რომ არ გააჩნია პრეტენზია მამის ქონებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 50-51);

 

3.1.7. 2016 წლის 08 აპრილს, ნოტარიუს ხა------------–---–ის მიერ, ას------–---ის დანაშთ ქონებაზე აწ გარდაცვლილ ალ----–---ის სასარგებლოდ გაცემული იქნა №160349034 სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ალ----–---მა სრულად მიიღო ას------–---ის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება. 2016 წლის 08 აპრილის №160349034 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნული ქონება აღირიცხა ალ----–---ის სახელზე შეცვლილი საკადასტრო კოდებით, კერძოდ: უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით: 80.04.03.--- მიენიჭა ახალი კოდი: 80.04.73.0--, დაზუსტებული ფართობი: 80.04.73.0--; ხოლო საკადასტრო კოდით: 80.04.10.3-- რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მიენიჭა - 80.04.67.5--, დაზუსტებული ფართობი: 2011.00 კვ.მ., შემდგომ იგი დაყოფილი იქნა ორ ნაწილად და მიენიჭა საკადასტრო კოდები 80.04.67.5--, დაზუსტებული ფართობი: 1411 კვ.მ. და 80.04.67.5--, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ..

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 38-45).

- სამკვიდრო მოწმობა №160349034 (ს.ფ.84-88).

 

3.1.8. 2016 წლის 02 აგვისტოს, ალ----–---მა ძმას ორ-------–---ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.67.5--.

2016 წლის 03 აგვისტოს, ორ-------–---მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ჩუქების ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ალ----–---ის წარმომადგენელმა მზ---------–---–მა და მიუთითა, რომ ალ----–---ს ორ-------–---ისათვის ქონება არ უჩუქებია, მას ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და მოითხოვა ორ-------–---ის სახელზე ქონების დარეგისტრირებაზე უარის თქმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 57-62);

- განცხადებები (ს.ფ. 56, 71);

- მინდობილობა (ს.ფ. 72-75);

- რეესტრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 53);

 

3.1.9. 2016 წლის 08 აგვისტოს, ალ----–---მა შვილს იმ-------–----–---ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.67.5--. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა იმ-------–----–---ის საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 64-69);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46-47);

 

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 36);

 

3.1.10. 2017 წლის 01 მარტს, ნოტარიუს დიანა სვანაძის მიერ, ალ----–---ის დანაშთ ქონებაზე იმ-------–----–---ის სასარგებლოდ გაცემული იქნა №170206318 სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად იმ-------–----–---მა სრულად მიიღო ალ----–---ის კუთვნილი სამკვიდრო ქონება სრულად.

 

სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.67.5--, აღირიცხა იმ-------–----–---ის საკუთრებად, ხოლო უძრავი ქონება, ს/კ 80.04.67.0-- კვლავ ალ----–---ის სახელზეა აღრიცხული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 108-111);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40, 48-49).

 

3.1.11. 2016 წლის 03 ოქტომბერს, იმ-------–----–---მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.67.5--, მიყიდა ფა--–-----------ას.

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.67.5--, დარეგისტრირდა ფა--–-----------ას საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 105-106);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 107).

 

3.1.12. 2018 წლის 25 მაისს, იმ-------–----–---მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.67.5--, მიყიდა გა-------------ს.

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ბო-–-----------------------–------–-----ი, ს/კ 80.04.67.5--, დარეგისტრირდა გა-------------ის საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 37-40);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ორ-------–---ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას, მამის ას------–---ის სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ ას------–---ის გარდაცვალებით 2003 წლის 03 თებერვალს გაიხსნა მისი სამკვიდრო. დადგენილია, რომ ორ-------–---ს კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს.

 

მოპასუხე იმ-------–----–---მა აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა და განმარტა, რომ მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია, ვინაიდან, მას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ არ უცხოვრია სადავო სახლში, ასევე არ იმყოფებოდა მამის დაკრძალვაზე და არც მამკვიდრებლის მოძრავ ქონებას არ დაუფლებია.

 

სადავო გარემოების დადგენის მიზნით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის ინიციატივით დაიკითხნენ მოწმეები. მოწმეებმა გიულფარ ოს------ამ და ელდარ გუსეინოვმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ორ-------–---ი ესწრებოდა მამის დაკრძალვას და ორმოცს, მან ასევე გასწია დაჯრძალვის ხარჯი, სხვა მემკვიდრეებთან ერთად. მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ელდარ გუსეინოვმა აღნიშნა, რომ ორ-------–---მა შეცვალა მამის საფლავის ქვა, თუმცა რა პერიოდში - მას არ ახსოვს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელე ორ-------–---ი მამის დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა და არც შემდგომ 6 თვის განმავლობაში არ ჩამოსულა საქართველოში. მართალია, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ორ-------–---ს, 2003 წლის 01 იანვრიდან - 2014 წლის 01 იანვრის მდგომარეობით საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს, თუმცა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ორ-------–---ი იმყოფებოდა საქართველოში მამის დაკრძალვის დროს. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულმა ორ-------–---ის დამ გიულფარ ოს------ამ დაადასტურა, რომ ორ-------–---ი მასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, ასევე მოწმეებმა ელდარ გუსეინოვმა და ისმაილ ალიევმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელე მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა საქართველოში და მამის ორმოცის შემდეგ დაბრუნდა აზ-----------ს რესპუბლიკაში. თუმცა, მხოლოდ მამკვიდრებლის (მამის) დაკრძალვაზე ჩასვლა და დაკრძალვის ხარჯების გაწევა ვერ იქნება მიჩნეული სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენად. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ორ-------–---ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აწ გარდაცვლილი ძმის, ალ----–---ის მიერ სამკვიდროს სრულად მიღების შესახებ, მას აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია, ვინაიდან, ის თავის ძმას ენდობოდა, ხოლო ქონება მათ შორის არასდროს ყოფილა სადავო (იხ. 28.02.2019წ. სხდომის ოქმი 17:16:27). მამის დანაშთ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების დადება, რომელიც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთპიროვნულად მიიღო ალ----–---მა, სწორედ იმის გამოვლინებაა, რომ ორ-------–---ს არ გამოუხატავს სამკვიდროს მიღების ნება. ყოველივე აღნიშნული კი, აქარწყლებს მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლებისა და მართვის თაობაზე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ის მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში დაეუფლა მამკვიდრებლის ქონებას. სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს ნივთების დაუფლებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ორ-------–---ის განმარტებით, მას მამამ სიცოცხლეში აჩუქა სხვადასხვა საოჯახო ნივთები, როგორიცაა: საბანი, საწოლი, მაგიდა თავისი სკამებით, ჭურჭელი, ნოხი, ვერცხლის ქამარი, სამოვარი და სხვა. მოსარჩელის მითითებით, მან აღნიშნული ნივთები გადაიტანა მამის ეზოშივე მდებარე ძველ სახლში და მამის გარდაცვალების შემდეგ, ნაჩუქარი ნივთებიდან ღირებული და საჭირო ნივთები წაიღო აზერბაიჯანში, ხოლო მძიმე ნივთები არ წაუღია და დატოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ორ-------–---მა სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დაადასტურა, რომ მას მამამ სიცოცხლეშივე აჩუქა სხვადასხვა ნივთები, რომლებიც გადაიტანა ეზოშივე მდებარე ძველ სახლში, შესაბამისად მამის გარდაცვალების დროს ორ-------–---ი დაუფლებული იყო ამ ნივთებს, წარმოდგენდა მის პირად საკუთრებას და თუნდაც მამის გარდაცვალების შემდეგ წაეღო ისინი აზერბაიჯანში, აღნიშნული ვერ ჩაითვლება მამის სამკვიდრო ქონების დაუფლებად. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ორ-------–---ის დამ გი---–----------------ამაც განმარტა, რომ ორ-------–---მა მამის გარდაცვალების შემდეგ წაიღო ის ნივთები, რომელიც მამამ აჩუქა, აღნიშნული ნივთები ას------–---მა სიცოცხლეშივე დაუნაწილა მის ვაჟებს (იხ. 28.02.2019წ. სხდომის ოქმი 17:11:27).

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მან მამის გარდაცვალების შემდეგ აზ-----------დან საქართველოში გამოაგზავნა სახლის შესაკეთებლად საჭირო სამშენებლო მასალები. აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა მოპასუხე იმ-------–----–---მა. მოწმის სახით დაკითხულმა ორ-------–---ის დამ გი---–----------------ამა კი განმარტა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, სადავო საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მოწმე ელდარ გუსეინოვმა მიუთითა, რომ სარემონტო მასალები ორ-------–---მა გამოაგზავნა მამის გარდაცვალებამდე.

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, რაც მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ ვერ იქნა დადასტურებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 28.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 17:11:17-17:16:12);

- მოწმე გი---–----------------ას ჩვენება (იხ. 28.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 17:46:09-18:08:09).

- მოწმე ელ-----------------ს ჩვენება (იხ. 28.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 18:12:05-18:25:38);

- მოწმე ის----–---–----ს ჩვენება (იხ. 28.02.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 18:29:22-18:39:34).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ორ-------–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

მოცემული დავის საგანს წარმოადგენს ნოტარიუს ხა------------–---–ის მიერ, 2016 წლის 08 აპრილს ალ----–---ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და აწ გარდაცვლილ ას------–---ის სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე ორ-------–---ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ აღიარებითი ხასიათისაა და გამომდინარეობს მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნიდან. ამდენად, პირველ რიგში სასამართლომ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა სადავო ქონებაზე მოსარჩელის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის საფუძველი და გააჩნია თუ არა მას იურიდიული ინტერესი სადავოდ გამხდარი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მიმართ. როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი იურდიული ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ მათ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. ამავე კოდექსის 1324-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, - სამკვიდროს ადგილსამყოფელი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ას------–---ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ბო-–-----------------------–-----–-----ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოსთვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებლად მიიჩნევს ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულებას - სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებას (მართვას), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენას. ამასთან, აღნიშნული მოქმედება განხორციელებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნება-სურვილს, მიიღოს სამკვიდრო. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა საკუთრებაზე ბატონობა და, აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება. სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღების მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. ამ მოქმედების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა, იგი არის მისი მესაკუთრე. მითითებულ დანაწესში კანონმდებელი უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს მემკვიდრის ნების დადგენას - სურს თუ არა მას სამკვიდროს მიღება. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ორ-------–---ის მიერ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მამის დაკრძალვის ხარჯების გაწევის ფაქტს, აღნიშნული იქნება სამკვდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიჩნევის საფუძველი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამკვდროს ფაქტობრივი ფლობის გზით დაუფლებისათვის მემკვიდრის ნებელობითი მოქმედება უნდა იყოს იმგვარი, რომ ცალსახად დგინდებოდეს მისი გადაწყვეტილება, თავისად მიიჩნიოს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება და დაეპატრონოს მას, როგორც საკუთარს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შვილი მონაწილეობას იღებდა მშობლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ტრადიციულ რიტუალებში, რომლებიც სწორედ მამკვიდრებლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში წარიმართა, იმ პირობებში, როდესაც სადავოდ არის გამხდარი სამკვიდროს მიღება, არ წარმოადგენდა საკმარის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან, როგორც წესი, ასეთ რიტუალებში გარდაცვლილის ახლობლები (პირველ რიგში კანონით მემკვიდრეები) იღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ის მემკვიდრეებიც, რომლებიც არ აპირებენ სამკვიდროს მიღებას“ (იხ. სუსგ 15.05.2018წ. საქმე Nას-263-263-2018).

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მიმართ, კერძოდ: სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ორ-------–---ის სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში თავისი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რის გამოც, მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს ამგვარი აღიარების მიმართ იურიდიული ინტერესი.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია საკითხის გარკვევა – გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება ორ-------–---ის მიერ, მამის ას------–---ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია თუ რა შედეგი შეიძლება უკავშირდებოდეს მოსარჩელისათვის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას.

 

6.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს 2016 წლის 08 აგვისტოს, ალ----–---სა და იმ-------–----–---ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, 2017 წლის 01 მარტს გაცემული N170206318 სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, 2016 წლის 03 ოქტომბერს, იმ-------–----–---სა და ფა--–-----------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, უძრავ ქონებაზე, ს/კ 80.04.67.5--, ნაწილობრივ ბათილად ცნობას, იმ-------–----–---სა და გა-------------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

 

აღნიშნული მოთხოვნები, ისევე როგორც წინა სასარჩელო მოთხოვნა აღიარებითი ხასიათისაა და უკავშირდება იურიდიული ინტერესის არსებობას. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება დამოკიდებულია პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე; ვინაიდან, არ არსებობს სამკვიდრო მოწმობისა და უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების, სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიმართ ასევე არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ორ-------–---ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ორ-------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და სხვა ხარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ორ-------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე