გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2019
საქმის ნომერი
330310018002632091
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/5847-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ლ--------–---–ი

წარმომადგენელი - მ-------------–--ე

 

მოპასუხეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - ს--------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის ოჯახისათვის 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №-------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, მისი ოჯახისათვის 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში;

 

1.3. დაევალოთ მოპასუხეებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი, 2017 წლის 13 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციის „--- და „-- პუნქტებში ცვლილების შეტანა - დახმარებისა და არარეგულირებადი ფულადი შემოსავლის ამორიცხვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების სახით;

 

1.4. დაევალოთ მოპასუხეებს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის ოჯახისათვის დეკლარაციის საფუძველზე ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ლ--------–---–ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------), რომელიც შედგება 1 წევრისაგან, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, 2017 წლის 9 აგვისტოს შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 1----- ერთეულით (ქულის მინიჭების თარიღი: 27.10.2017წ.), ხოლო 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული დეკლარაციით - 1----- ერთეულით (ქულის მინიჭების თარიღი: 13.12.2017წ.).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი: 07.09.2018წ. (ს.ფ. 14).

 

3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 13 ნოემბერს შეავსო ლ--------–---–ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) დეკლარაცია. დეკლარაციის თანახმად, ოჯახი ცხოვრობს ქ-------–--–-- გ-–------------ი, I-------------------------------------

 

ოჯახის დეკლარაციაში მოდულში „A - ოჯახის საცხოვრებელი“ დაფიქსირდა, რომ ოჯახში არის მხოლოდ 1 წევრი - ლ--------–---–ი; საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება; შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებელი არის ერთოთახიანი და მისი საერთო ფართობი შეადგენს 14 კვ.მ-ს; შინამეურნეობის მიერ დაკავებული ფართობში იატაკი ძირითადად არის პარკეტის (A10); სხვა საცხოვრებელ ფართს ოჯახი არ ფლობს.

 

მოდულში „B - ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები“ დაფიქსირდა, რომ ოჯახის უფლებამოსილი ერთადერთი წევრი - ლ--------–---–ი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსული (20 და მეტი კვირის); მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას); სპეციალური სტატუსი არ გააჩნია; ჰყავს ერთი სრულწლოვანი შვილი, რომელიც მასთან არ ცხოვრობს.

 

მოდულში „C - ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“ დაფიქსირდა, რომ ლ--------–---–ს აქვს საშუალო განათლება; პირადი შემოსავლები არ გააჩნია; გასული 12 თვეში მიიღო: 1. ფულადი დახმარება საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისაგან და 2. სხვა არარეგულირებადი ფულადი შემოსავალი 1-------–----- ოდენობით (C4).

 

მოდულში „D - ოჯახის მიწა და სხვა ქონება“ დაფიქსირდა, რომ ოჯახს არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არასაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი; ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); არ ჰყავს ზრდასრული შინაური პირუტყვი ან ფრინველი.

 

მოდულში „E - კომუნალური ხარჯები“ დაფიქსირდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 2-------–----- ბუნებრივი გაზისათვის - 0 ლარი; წყლისთვის - 3------–---- და დასუფთავებაში - 3------–-----

 

2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე, 2017 წლის 13 დეკემბერს ლ--------–---–ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 1----- ერთეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 89-95);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი: 03.01.2018წ.(ს.ფ. 96).

 

3.3. ლ--------–---–მა 2018 წლის 26 აპრილს №----- საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე მიღებული იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა; ასევე, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ლ--------–---–ის ოჯახის შემოწმება და მონაცემების ობიექტურად ასახვა დეკლარაციაში. საჩივრის ავტორის განმარტებით, A10 გრაფაში დაფიქსირებული პარკეტის იატაკი და C4 გრაფაში მითითებული შემოსავლები არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, მას არ გააჩნია არავითარი შემოსავალი და ასევე, არ ჰყავს ისეთი ახლობელი, რომელიც ფინანსურად დაეხმარება.

 

ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ლ--------–---–ის ოჯახის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 13 ნოემბერს სოციალური აგენტი იმყოფებოდა მის საცხოვრებელში, მდებარე: ქ-------–-------–----------------------------------- საცხოვრებელის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ იგი შედგებოდა 1 ოთახისაგან და ოთახის იატაკი იყო პარკეტის. ამასთან, დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული ლ--------–---–ის შემოსავალი თავად დაადასტურა ოჯახის უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაზე ხელმოწერით. შემოსავლების სამსახურის მონაცემების ელექტრონული ბაზის მიხედვით, ლ--------–---–ს ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული აქვს სს „კ---–----ისგან“, დივიდენდის სახით 1-------–-----

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლ--------–---–ს 2018 წლის 26 აპრილის №----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სარეიტინგო ქულა განისაზღვრება ოჯახის დეკლარაციაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ხოლო ოჯახის დეკლარაციის სინამდვილეს ლ--------–---–ი მასზე ხელმოწერით ადასტურებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ--------–---–ის 2018 წლის 26 აპრილის №----- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 86-88);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის №-------- წერილი (ს.ფ. 101);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური აგენტის 2018 წლის 16 მაისის №----------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 104);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 17 მაისის №----------- წერილი (ს.ფ. 102-103);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-26).

 

3.6. ლ--------–---–მა 2017 წლის 17 ოქტომბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის დაზუსტებასთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 19 ოქტომბრის №------------- წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მის სახელზე დაფიქსირდა დივიდენდის სახით დასაბეგრი შემოსავალი - 1----–----- შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო შემოსავლების სამსახურიდან საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში განიხილავდა მონაცემების კორექტირების ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლის საკითხს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 19 ოქტომბრის №------------- წერილი (ს.ფ. 105-106).

 

3.7. ლ--------–---–ის 2017 წლის 12 ოქტომბრის ახსნა-განმარტების თანახმად, ოჯახის დეკლარაციის შევსებისას სოციალურ აგენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მატერიალურად დაეხმარნენ 1----–------- თუმცა თითქმის 2 თვეა მსგავსი დახმარება მას არ მიუღია. მას ძირითადად ეხმარებიან ეკლესიიდან, სურსათით. ამასთან, დასუფთავების თანხას ყოველ თვე იხდის 2-----–---ს, რაც 1 წლის მანძილზე საშუალოდ შეადგენს 2---–-----

 

ს---------- კ---–----ის“ დირექტორის 2019 წლის 16 იანვრის ცნობის თანახმად, ს---------- კ---–----ის“ (2--------) ყოფილმა თანამშრომელმა ლ--------–---–მა, 2017 წლის მარტის თვეში ფირმისგან ერთჯერადი სახით აიღო 1-------–-----

 

კომუნალური გადასახადების ქვითრების თანახმად, ქ-------–--–-- გ-–------------ში, I-------------------------- გამრიცხველიანებულია მ------------–---–ის სახელზე. აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი 2018 წლის 4 ოქტომბრისთვის შეადგენდა 12,80 ლარს, 2018 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით - 1------–---ს, 2019 წლის 19 იანვრის მდგომარეობით - 3------–---ს, საიდანაც კომუნალური სუბსიდიის მეშვეობით იქნა გადახდილი 1------–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ--------–---–ის 2017 წლის 12 ოქტომბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 100);

- ს---------- კ---–----ის“ დირექტორის 2019 წლის 16 იანვრის ცნობა (ს.ფ. 62);

- ქვითრები (ს.ფ. 63-65).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ლ--------–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება; „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება; ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ლ--------–---–ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 1----- ერთეული, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელის მოთხოვნები - ოჯახის დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მოსარჩელის ოჯახისათვის შეცვლილი დეკლარაციის საფუძველზე ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი“ ან „შინამეურნეობა“) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

 

აღნიშნული ასევე განმტკიცებულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით, რომლის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

ამდენად, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ სოციალური აგენტი კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით მოიპოვებს ობიექტურ და სუბიექტურ ინფორმაციას, რაც გულისხმობს მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის, მისი გადამოწმების სავალდებულო ხასიათს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ლ--------–---–ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის - ლ--------–---–ის მიერ მითითებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მოსარჩელე სადავოდ ხდის, კერძოდ, მონაცემებს შემოსავლებისა და კომუნალური გადასახადების ოდენობის შესახებ.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში მოდულში „C - ოჯახის წევრთა განათლება და შემოსავლები“, კერძოდ, C4 გრაფაში დაფიქსირდა, რომ ლ--------–---–მა გასულ 12 თვეში მიიღო: 1. ფულადი დახმარება საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისაგან 1----–---- და 2. სხვა არარეგულირებადი ფულადი შემოსავალი 1-------–----- ოდენობით. ამასთან, მოდულში „E - კომუნალური ხარჯები“ დაფიქსირდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადა 2-------–---- (E1).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ, მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად; დ) ეთხოვოთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ შორის, ელექტროენერგიის განაწილების, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე დაგვა-დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამის ოპერატორ კომპანიებს ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრებ შესაბამის უფლებამოსილ პირებს და სხვა) აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად.

 

აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ვალდებულება ოჯახის უფლებამოსილი პირის მითითებით ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადაემოწმებინა შესაბამის ბაზაში ან/და ინფორმაციის მოძიების მიზნით მიემართა შესაბამისი ორგანოსათვის, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ განახორციელა არასრულყოფილად. კერძოდ, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სოციალურმა სამსახურმა ლ--------–---–ის შემოსავლები შეამოწმა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, თუმცა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან მიმართებაში დაეყრდნო მხოლოდ მოქალაქის მიერ მითითებულ ზეპირსიტყვიერ განაცხადს და არ გადაამოწმა შესაბამის პირებთან, მათ ბაზაში. საქმეში წარმოდგენილი ელექტროენერგიის გადასახადის ქვითრებით დგინდება, რომ მათზე დაფიქსირებული თანხისა და სეზონის გათვალისწინებით, ლ--------–---–ის ელექტროენერგიის გადასახადი 12 თვის განმავლობაში ოჯახის დეკლარაციაში „--- გრაფაში მითითებულ თანხას ვერ შეადგენდა. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ლ--------–---–მა ერთჯერადად მიიღო შემოსავალი სს „კ---–----ისგან“, 1-------–----- ოდენობით. ამ გარემოებას ადასტურებს თავად მოსარჩელე, თუმცა აპელირებს თანხის ერთჯერადად მიღების გამო ოჯახის დეკლარაციაში ზედმეტად შეტანაზე. სასამართლო მითითებულ მოსაზრებას ვერ გაითვალისწინებს და აღნიშნავს, რომ სწორედ თანხის მიღების მითითებული გზა გახდა თანხის არარეგულირებად შემოსავალად დაფიქსირების საფუძველი. რაც შეეხება ,,ფულად დახმარებას საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისაგან“, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ისეთი სახის შემოსავალს, რომლის ოდენობის და საერთოდ მიღების დადასტურება/გადამოწმება ადმინისტრაციული ორგანოს, ისევე როგორც სასამართლოს მიერ ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ძირითადად ეყრდნობა უშუალოდ შემოსავლის მიმღების განმარტებას. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ პერიოდულად იღებს ეკლესიისგან დახმარებას სურსათის და მცირეოდენი ფულადი სახით. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შემოსავლებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიძია ობიექტური ინფორმაცია, განსხვავებით კომუნალური გადასახადებისაგან.

 

ამასთან, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი, რომელიც ადგენს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს, პირველი პუნქტით იმპერატიულად განსაზღვრავს შემოსავლებს, მათ შორის, დროებითი და ერთჯერადი ხასიათის შემოსავლებს, რომლებიც არ უნდა დაფიქსირდეს ოჯახის დეკლარაციაში, რაც განხორციელდა კიდეც. კერძოდ, სოციალურმა აგენტმა დეკლარაციაში არ დააფიქსირა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემოსავლები.

 

სასამართლო მიუთითებს ხსენებული წესის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ ოჯახი იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო ოცდამეათე კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამდენად, ვინაიდან ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებულ თითოეულ მონაცემს აქვს მნიშვნელობა სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას, სოციალური აგენტი ვალდებულია ზუსტად ასახოს მაძიებლის მიერ მიწოდებული მონაცემები და ამავე დროს, მოიძიოს ობიექტური ინფორმაცია შესაბამის პირებთან დაცული ინფორმაციასთან გადამოწმების გზით. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ასახა სრულყოფილი (გადამოწმებული) ინფორმაცია კომუნალური, კერძოდ, ელექტროენერგიის გადასახადის შესახებ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 13 ნოემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე 2017 წლის 13 დეკემბერს მინიჭებული ოჯახის სარეიტინგო ქულა 2018 წლის 26 აპრილს გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა 2017 წლის 13 ნოემბერს შედგენილი ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე მიღებული იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურის მიერ ლ--------–---–ის ოჯახის შემოწმება და მონაცემების ობიექტურად ასახვა დეკლარაციაში. ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლ--------–---–ს 2018 წლის 26 აპრილის №----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სარეიტინგო ქულა განისაზღვრება ოჯახის დეკლარაციაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ხოლო ოჯახის დეკლარაციის სინამდვილეს ლ--------–---–ი მასზე ხელმოწერით ადასტურებდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დამატებით არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს სარეიტინგო ქულა განსაზღვროს ერთობლივად სუბიექტურ და ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს როგორც მიზანშეწონილობის, ასევე, კანონიერების თვალსაზრისით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

მითითებული კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმების გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №-------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, მისი ოჯახისათვის 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში; ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოსარჩელის ოჯახისათვის 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ხოლო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი, 2017 წლის 13 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციის „-- პუნქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე და ამავე დროს, მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს დაევალოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ცვლილების შეტანა მითითებულ გრაფაში (ელექტროენერგიის ხარჯების სახით) და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის ოჯახისათვის დეკლარაციის საფუძველზე ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის ოჯახისათვის 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 ივლისის №-------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, მისი ოჯახისათვის 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ 2017 წლის 13 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი, 2017 წლის 13 ნოემბრის ოჯახის დეკლარაციის „--- პუნქტი და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ცვლილების შეტანა მითითებულ გრაფაში (ელექტროენერგიის ხარჯების სახით); დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის ოჯახისათვის დეკლარაციის საფუძველზე ახალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ;

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე