გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
120210119002805484
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2805484-2/012-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–ო’’

წარმომადგენელი - გ------- მ------–---–-

მოპასუხე - რ----- ს--------–--ე,წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–-

მოპასუხე - ბ------ ც---------–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს რ----- ს--------–--ეს და ბ------ ც---------–---–ს სს ,,ფ----------------------–ოს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 8482.35 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5882.94 ლარი, პროცენტი - 2564,62 ლარი, პირგასამტეხლო - 29 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა - 5.79 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ფ----------------------–ოსა“ და რ----- ს--------–--ეს შორის 2018 წლის 21 მაისს გაფორმდა №353579.3300.002 სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხის ოდენობამ შეადგინა 6300 ლარი, წლიური 30%· კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1095 თვე. პირგასამტეხლო - 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ბ------ ც---------–---–თან გაფრომებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრუელბით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 9700 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 21 მაისს სესხის დანართის სახით მსესხებელთან გაფორმებულია სიცოცხლის დაზღვევის პოლისი. საწყისი სადაზღვევო თანხაა 6300 ლარი. სადაზღვევო პრემია მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%. დაზღვევის პოლისის მიხედვით დაზღვევა უქმდება სესხის გრაფიკის დარღვევიდან 93 დღეს.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა რ----- ს--------–--ემ და ბ------ ც---------–---–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისს სს ,,ფ----------------------–ოსა’’ და რ----- ს--------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N353579.3300.002, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა სესხი 6300 ლარი, 1095 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური - 30%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 21 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბ------ ც---------–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 9700 ლარით.

 

3.1.3. 2018 წლის 21 მაისს რ----- ს--------–--ესთან გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 6300 ლარი. სადაზღვევო პრემია მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%.

 

3.1.4. მოპასუხეების მხრიდან 2018 წლის ოქტომბრის თვეში დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი; 2018 წლის 20 დეკემბერს შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება.

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

3.1.6. მოპასუხე მხარეს 2018 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი 1379.42 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა - 417.6 ლარის ოდენობით, სარგებელი - 768.20 ლარი, პირგასამტეხლო - 194.17 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 21.05.2018წ. სესხის ხელშეკრულება N353579.3300.002;

- 21.05.2018წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 21.05.2018წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 21.05.2018წ. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;

- 21.05.2018წ. თავდებობის წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გადახდების ისტორიები;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების რ----- ს--------–--ის და ბ------ ც---------–---–ის დავალიანება სს ,,ფ----------------------–ოს’’ მიმართ 21.05.2018წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 6211.87 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5882.94 ლარი, პროცენტი - 294.14 ლარი; ჯარიმა 29 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 5.79 ლარი;

 

სესხის ხელშეკრულების და მისი დანართის - სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, მოპასუხეს სესხის გადახდის ვალებულება წარმოეშვა 2018 წლს 20 ივნისიდან. გრაფიკის მიხედვით პირველი 4 თვე მოპასუხის მიერ ვალდეულება შესრულებული იქნა კეთილსინდისიერად, ხოლო ოქტომბრის თვეში გრაფიკით გათვალისიწნებული თანხა მოპასუხის მიერ არასრულად იქნა შეტანილი, საიდანაც სრულად დაიფარა ოქტომბრის თვის სარგებელი, ასევე ძირი თანხის ნაწილი. დეკემბრის თვეში კი მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებს სარგებლის სახით 21.05.2018წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ფ----------------------–ოსათვის’’ გადახდილი აქვს ხუთი თვის სარგებელი სესხის გრაფიკის შესაბამისად 768.2 ლარი (ოქტომბრის თვის ჩათვლით). ვალდებულების დარღვევის დროისათვის სესხის ძირითად თანხას შეადგენს 5882.94 ლარი. ასევე დადგენილია, რომ 21.05.2018წ. სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 20 დეკემბერს. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იქნა 30%. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევიდან თვეში გადასახდელი სარგებელის ოდება შეადგენს 5882,94 (ძირი თანხა)*30%/12თვეზე=147,07 ლარი (ერთი თვის სარგებელი). ხელშეკრულების შეწყვეტამდე, სესხის მოქმედების ვადის განმავლობაში (ნოემბერი და დეკემბრი) მოპასუხეთა მიერ გადასახდელი სარგებელი შეადგენს 294.14 (147,07*2) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 21.05.2018წ. სესხის ხელშეკრულება N353579.3300.002;

- 21.05.2018წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 21.05.2018წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 21.05.2018წ. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;

- 21.05.2018წ. თავდებობის წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გადახდების ისტორიები;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

-

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარგებლის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე რ----- ს--------–--ემ და ბ------ ც---------–---–მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - რ----- ს--------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ფ----------------------–ოსა’’ და რ----- ს--------–--ეს) შორის გაფორმებული 2018 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა რ----- ს--------–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხეებმა გადააცილეს ორი გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 5882.94 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ო’’ ითხოვს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ვადის ბოლომდე (20.05.2021 წლამდე) სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას-1701-1685-2011)

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ მოპასუხეებს სარგებლის გადახდა უნდა დაეკისროს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მის შეწყვეტამდე 2018 წლის 21 დეკემბრამდე. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს სესხის სახით გადახდილი აქვს 768.2 ლარი, მათ უნდა დაეკისროთ 294.14 ლარის გადახდა, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 29 ლარი მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბ------ ც---------–---–მა 21.05.2018წ. თავდებობის წერილით იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 9700 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 21 მაისს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვადლებულება.

 

6.6. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულების 4.9., ასევე 21.05.2018 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მე-4 აბზაცში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლეს. მოპასუხეებმა სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე რ----- ს--------–--ეს და ბ------ ც---------–---–ს მოსარეჩლე სს ,,ფ----------------------–ოს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 9.86 ლარის გადახდა ასევე უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა. სს ,,ფ----------------------–ოს’’ ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს 26.12.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 176.48 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ფ----------------------–ოს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე რ----- ს--------–--ეს და ბ------ ც---------–---–ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 6211.87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5882.94 ლარი, პროცენტი - 294.14 ლარი, პირგასამტეხლო - 29 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 5.79 ლარი.

 

3. მოპასუხე რ----- ს--------–--ეს და ბ------ ც---------–---–ს მოსარჩლე სს ,,ფ----------------------–ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 59.86 ლარის გადახდა.

 

4. სს ,,ფ----------------------–ოს’’ ხაზინიდან დაუბრუნდეს 26.12.2018წ. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 254.5 ლარიდან - 176.48 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი