გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1147-17 (140210017002033657)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - ნ---------------–---–ი
წარმომადგენლები - გ----–-----------–---–ი, ნ----------------ე
მოპასუხე - მ-------–------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ-------–------–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ნ---------------–---–ის სასარგებლოდ 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, მ-------–------–-–---–მა 2014 წლის ნოემბრის თვეში ისესხა 10 000 აშშ დოლარი, რაც დაადასტურა ხელწერილით. აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა მისთვის, თუმცა გადაიხადა მხოლოდ ნაწილი, გადასახდელი დარჩა 4 000 აშშ დოლარი, რომელსაც აღარ იხდის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ 10 000 აშშ დოლარი 2012 წლის თებერვალში აწ გარდადვლილ ჯ------–ი (პ-----) ფ--–----საგან ისესხა, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა. ეს უკანასკნელი რუსეთში ცხოვრობდა და როდესაც თანხა დაჭირდა მოსარჩელის ანგარიშზე გადაურიცხა. მოპასუხის მტკიცებით, ჯ------–ი იყო მისი ბავშვობის მეგობარი და შეთანხმების მიხედვით, როგორც შეძლებდა თანხა ისე უნდა დაებრუნებინა. ამასთან, თანხა იმისთვის უნდა გადაეხადა, ვისზეც ჯ------–ი ეტყოდა.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ ნაწილი თანხა ჯ------–ის მითითებით მის მეუღლეს, გ----–-----------–---–ს მისცა. ნაწილი თანხა ნ---------------–---–ს გადასცა, ხოლო გარკვეული ნაწილი ჯ------–ისთან ამ უკანასკნელის ძმას, ჯ----ს გაატანა. ნაწილი თანხა სახლის რემონტში გაუქვითა, რომელიც მათ სოფელში შეიძინა. საბოლოოდ გადასახდელი 3 000 აშშ დოლარი დარჩა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ-------–------–-–---–მა ჯ------–ა (პ-----) ფ--–----საგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
-შესაგებელი.
3.1.2. ჯ------–ა (პ-----) ფ--–---- გარდაიცვალა 2014 წლის ნოემბრის თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. ნ---------------–---–ი ითხოვს ჯ------–ა (პ-----) ფ--–----ს მიერ მ-------–------–-–---–ისათვის ნასესხები თანხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ-------–------–-–---–ის ვალდებულება ჯ------–ა (პ-----) ფ--–----ს მიმართ ნ---------------–---–მა შეასრულა, რის გამოც ჯ------–ა (პ-----) ფ--–---მა სესხის მოთხოვნის უფლება მირიან წკრილაშვილის მიმართ ნ---------------–---–ს გადასცა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელეს განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. ხელწერილის მიხედვით, მ-------–------–-–---–მა ჯ------–ა ფ--–----საგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ორი წლის ვადით, რომელიც უნდა დაუბრუნოს ნ---------------–---–ს ორი წლის განმავლობაში, რომლის მიღებასაც ესწრებოდნენ ნ---------------–---–ი და გ--------------–---–ი. ხელწერილის ხელს აწერენ მ. წ------–-–---–ი, ნ. ნ-------–---–ი და ნ. კ--------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-------–------–-–---–ის ხელწერილი.
3.2.3. მ-------–------–-–---–ს სესხის სახით აღებული თანხა უნდა გადაეცა იმისთვის ვისზეც ჯ------–ა (პ-----) ფ--–---- ეტყოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-------–------–-–---–ის განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მ-------–------–-–---–ის ვალდებულება ჯ------–ა (პ-----) ფ--–----ს წინაშე შეასრულა და ამ უკანასკნელმა თანხის მოთხოვნის უფლება მ-------–------–-–---–ის მიმართ მას გადასცა.
მოსარჩელე ნ---------------–---–ი ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას მხოლოდ ახსნა-განმარტებით შეეცადა, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. რაც შეეხება მ-------–------–-–---–ის ხელწერილს მასზე არ არსებობს ჯ------–ა (პ-----) ფ--–----ს ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც იგი ნ---------------–---–ისათვის თანხის გადაცემას დათანხმდა.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ნ---------------–---–ის განამარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჯ------–ა (პ-----) ფ--–---მა სესხის მოთხოვნის უფლება დაუთმო მ-------–------–-–---–ის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 198-ე, 59-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
გარდა უფლების სასამართლო წესით დაცვისა, მხარე უფლებამისილია მიიღოს სასამართლოსაგან დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Ruiz Torija v. Spain, §§29-30 განმარტა, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება განიხილება სამართალწარმოების „სამართლიანობის“ ჭრილში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §§30-33), სტრუქტურულად, ის ასევე შეესაბამება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, ვინაიდან ორივე მოითხოვს კონკრეტულ საქმეში აპლიკანტის მიერ წამოჭრილი შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დადგენას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Chevrol v. France).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Fomin v. Moldova §§22-34 აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს. უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე სასამართლომ საქმეში Suominen v. Finland §§25-38 განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში.
შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარი არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არალევანტური, დაუსაბუთებული, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Fomin v Moldova §§ 22-34).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Seryavin and others v. Ukraine §§55-62 მიუთითა, რომ ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას, თუმცა სასამართლომ სხვა საქმეში აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §32).
მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მ-------–------–-–---–მა თანხა ისესხა, რომელიც მისთვის უნდა დაებრუნებინა, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, მოსარჩელემ მისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მომართა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, ერთი მხარე - მოვალე კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი, გააჩნია შესაბამისი უფლება - მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება. ამავე დროს სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად მიიჩნევა მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან.
დადგენილია, რომ მ-------–------–-–---–მა ჯ------–ა (პ-----) ფ--–----საგან 10 000 აშშ დოლარი ისესხა, რომელიც სრულად არ დააბრუნა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ნივთი, არამედ მოთხოვნაც და უფლებაც შეიძლება იყოს გასხვისების ობიექტი და მასზე საკუთრება გადაეცეს სხვა პირს. იმ ურთიერთობას, რომლის დროსაც მოთხოვნის მფლობელს შესაძლებლობა აქვს თავისი მოთხოვნა სხვა პირს გადასცეს მოთხოვნის დათმობა (ცესია) ეწოდება. მოთხოვნის დათმობის საფუძველი შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული გარიგებები: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, ანდერძი და ა.შ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ჯ------–ა (პ-----) ფ--–---მა თანხის მოთხოვნის უფლება მ-------–------–-–---–ის მიმართ ნ---------------–---–ს გადასცა.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ხელწერილს, სადაც მ-------–------–-–---–ი უთითებს, რომ ჯ------–ა ფ--–----საგან ნასესხები თანხა უნდა დაუბრუნოს ნ---------------–---–ს, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია, ვინაიდან აღნიშნულ გარიგებაზე საჭირო იყო ჯ------–ა ფ--–----ს თანხმობა, რომელიც მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------------–---–ის მოთხოვა თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ დავაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ---------------–---–ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მ-------–------–-–---–ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე გორის რაიონი, სოფელი ახალსოფელი (საკადასტრო კოდი 6--5--1--0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან ნ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გორის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ---------------–---–ის საჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №12/62-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ-------–------–-–---–ს (პ--------------------) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე გორის რაიონი, სოფელი ახალსოფელი (საკადასტრო კოდი 6--5--1--0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი