გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210019002835752
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1976-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე - თ-------–---–-–---–ი

წარმომადგენელი - მ---------------ე, გ----------------–---–ი

მოპასუხე - მ-----–--------–--ე

მოპასუხის წარმომადგენელი - ზ---------–---

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მ-----–--------–--ეს (პ/ნ 0---------) არასრულწლოვანი შვილის, 2005 წლის 0------- დაბადებული ზ--------------–--ის (პ/ნ 3----------) რჩენა-აღზრდისთვის, თ-------–---–-–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 06 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

თ-------–---–-–---–ი და მ-----–--------–--ე 2004 წლიდან - 2018 წლის სექტემბრის თვემდე, იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ ერთი საერთო შვილი 2005 წლის 0------- დაბადებული - ზ--------------–--ე. თ------–---–-–---–ი დასაქმებულია საბავშო ბაგა-ბაღში და მისი შემოსავალი შეადგენს ყოველთვიურად 550 ლარს, ხოლო მ-----–--------–--ე დასაქმებულია თ---–---------------------------------ში და მისი ანაზღაურება ყოველთვიურად არის - 1300 ლარი, როგორც მოსარჩელისთვის ცნობილია მოპასუხეს 1900 ლარამდე გაეზარდა ხელფასი. მხარეების დაშორების შემდგომ, რაც განაპირობა მოპასუხის მხრიდან ღალატმა, მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს ნათესავთან, რომელსაც ნაქირავები აქვს საცხოვრებელი ბინა. მოპასუხე არ იღებს ვალდებულებას იზრუნოს და არჩინოს საკუთარი შვილი, რომელიც არის სკოლის მოსწავლე და ესაჭიროება სხვადასხვა სასკოლო საგნებში მომზადება, ჯანმრთელობისათვის საჭირო ხარჯები. მოპასუხე არ ეკონტაქტება შვილს და არ ზრუნავს შვილის არა თუ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეზე. მოსარჩელეს კი არ გააჩნია ისეთი შემოსავალი, რომლითაც შეძლებს საკუთარი შვილის უზრუნველყოფას მატერალურად, ასევე მას არ აქვს კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებს მკურნალობს.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მ-----–--------–--ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მისი განცხადებით, მას არ აქვს იმ ოდენობის შემოსავალი, რომელსაც მოსარჩელე უთითებს, შესაბამისად არ შეუძლია სარჩელში დასახელებული ოდენობით საალიმენტო ვალდებულების შესრულება. იგი აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შეთანხმებული იყო, რომ ყოველთვიურად 150 ლარი უნდა დაერიცხა, რომელიც მას საალიმენტო ვალდებულებად ჩაეთვლებოდა, შვილის მიმართ, მაგრამ მოსარჩელემ უარი განუცხადა ანგარიშის ნომრის მიცემაზე, რადგან, არ სურდა შეთანხმება. მოპასუხემ შექმნა ოჯახი და ჰყავს მოხუცებული დედა, რომელიც არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, მუდმივად საჭიროებს გამოკვლევებსა და მედიკამენტებს. ყოველივე ეს კი საკმაოდ ამცირებს მოპასუხის შემოსავალს. აქედან გამომდინარე მ-----–--------–--ეს არ აქვს ის მატერალური მდგომარეობა, რომ სალიმენტო ვალდებულების სახით გადაიხადოს ხსენებული თანხა, მას შეუძლია შვილის ინტერესებიდან გამოდმინარე გადაიხადოს 150 ლარი ყოველთვიურად. მოპასუხემ გაზარდა სასამართლო სხდომაზე ალიმენტის ოდენობა და თანახმაა გადაუხადოს შვილს 200 ლარის ოდენობით ალიმენტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დაბადების მოწმობის №2------ის ( სააქტო ჩანაწერი - №0------) თანახმად, ზ--------------–--ე (პ/ნ 3----------) დაიბადა 2005 წლის 0-------, ქალაქ საჩხერეში, მისი მშობლები არიან მ-----–--------–--ე (პ/ნ 0----------) და თ------–---–-–---–ი (პ/ნ 3---------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.14)

3.1.2. მ-----------------ა (პ/ნ 0----------) და მ-----–--------–--ე (პ/ნ 0----------) დაქორწინდნენ 2019 წლის 18 თებერვალს, ქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0----------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა. (იხ.ს.ფ.61)

3.1.3. ქ.თბილისის N1-- ბაგა-ბაღის მიერ 01.10.2018 წ. გაცემული ცნობის თანახმად, თ------–---–-–---–ი დასაქმებულია აღნიშნულ ბაგა-ბაღში და მის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 550 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის N1-- ბაგა-ბაღის ცნობა. (იხ.ს.ფ.15)

3.1.4. სსიპ გ--–-----------------------–--------------–------- საჯარო სკოლის 01.10.2018 წლის ცნობის თანახმად, ზ--------------–--ე ირიცხება აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების მე-8 კლასის მოსწავლედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ გ--–-----------------------–--------------–------- საჯარო სკოლის (იხ.ს.ფ. 30-31)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.02.2019 წლის ინფორმაციის თანახმად, მიხეილ გოგოოლაძის (პ/ნ 0----------) 2018 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის იანვრის თვემდე, უფიქრსირდება შემოსავალი, - 24,035.64 ლარის ოდენობით, საიდანაც დაკავშებული შემოსავალის ოდენობა შეადგენს - 5,226.84 ლარს, შესაბამისად მისი ყოველთვიური საშუალო შემოსავალი არის - 1567.40 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია(იხ.ს.ფ.79-83)

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20.02.2019 წლის ინფორმაციის თანახმად, თ------–---–-–--–ს (პ/ნ 3----------) 2018 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის იანვრის თვემდე, უფიქრსირდება შემოსავალი, - 7.825 ლარის ოდენობით, საიდანაც დაკავშებული შემოსავალის ოდენობა შეადგენს - 0 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია(იხ.ს.ფ.79-83)

3.2.3. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100ა, ცნობა N5454 -ის თანახმად, თ------–---–-–---–ის აღენიშნება აუტოიმუნური კვანძოვანი ჩიყვი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100ა, (იხ.ს.ფ.17)

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.2.4. შ.პ.ს. ნ--------------–-ს სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100ა-ს თანახმად პ---–--–--–------------ს დიაგნოზს წარმოადგენდა: იშემიური ინსულტი, მწვავე ლაკუნური ინფაქტი, არტერიული ჰიპერტენზია, საშარდე გზების ინფექცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100ა, (იხ.ს.ფ.37-38)

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

3.2.5. შ.პ.ს. ნ--------------–-ს 13.05.2018 წლის რადილოგიური განყოფილების თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის თანახმად რ--------------–--–---–ს აღენიშნებოდა მწვავე ლაკუნური იშემიური ინფარქტის კერა, ლეიკოენცეფალოპათია, დიფუზური კორტიკალური ატროფიული ცვლილებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ.პ.ს. ნ--------------–-ს რადილოგიური განყოფილების თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგი (იხ.ს.ფ. 43)

 

3.2.6. შპს „უ-–----------ს“ 17.04.2018 წლის ექსტრაკრანიალური დუპლექსსკანირების და ზედა კიდურების დუპლექსსკანირების თანახმად რ--------------–--–---–ს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შ.პ.ს. „უ-–----------ს“ გამოკვლევის შედგები (იხ.ს.ფ. 45-46)

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი)

3.2.7. შპს „თ---–----------------------------------“ 13.02.2019 წლის ცნობის თანახმად, მ-----–--------–--ე დასაქმებულია აღნიშულ კომპანიაში და მის შემოსავალი შეადგენს ყოველთვიურად 1720,69 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ თ---–----------------------------------“ (იხ.ს.ფ. 102)

3.2.8. სს „თიბისი ბანკის“ ამონაწერის მიხედვით, 01.09.2018 წლიდან 04.03.2019 წლის ჩათვლით მ-----–--------–--ის საბანაკო ანგარიშის კრედიტ ბრუნვა შეადგენს 11,714.90 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „თიბისი ბანკის“ ამონაწერი ანაგარიშიდან (იხ.ს.ფ. 103-108)

-

3.2.9. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მ-----–--------–--ეს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა 2005 წლის 0------- დაბადებული ზ--------------–--ისა არ ეკისრება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ის ქორწინებაში იმყოფება მ-----------------ასთან, რომელიც არ მუშაობს, ამათან, მისი ზრუნვა სჭირდება დედას, რომელიც არის პენსიონერი, ინვალიდი, მაგრამ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ მითითებულ პირებს სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება - პენსია ან სხვა გასაცემელი, მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის, ასევე შვილის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2005 წლის 0------------–ს დაბადებული ზ--------------–--ე, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ-----–--------–--ე და თ------–---–-–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ზ--------------–--ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-----–--------–--ე მუშაობს შპს „თ---–---------------------------------ში“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი - დარიცხული ხელფასი შეადგენს 1720.69 ლარს ( იხ. 13.02.2019წ. ცნობა ს.ფ. 102), ხოლო მოსარჩელე თ------–---–-–---–ი მუშაობს ქ. თბილისის 1---ე საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენს - 550 ლარს (იხ. 01.10.2018წ. ცნობა იხ.ს.ფ.15), ხოლო არასრულწლოვანი შვილი ზ--------------–--ე არის სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, რომელსაც აღზრდა-განვითარების, ემოციური და სულიერი განვითარების გათვალისწინებით ესაჭიროება ორივე მშობლის დახმარება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, ის არის სკოლის მოსწავლე, მას ესაჭიროება კვება, ტანსაცმელი, დამატებითი მეცადინეობა კერძო მასწავლებლებთან, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამდენად, ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, მის აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების, და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.

 

გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ის ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან, ამასთან, მისი ზრუნვა სჭირდება დედას, რომელიც არის პენსიონერი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმედუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით), საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ზ--------------–--ის მოთხოვნილებები, მისი ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციფიურია, ხოლო არასრულწლოვანი შვილის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია რაიმე სხვა წინაპირობაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 300 (სამასი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 06 თებერვლიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით მცირეწლოვანი ზ--------------–--ის სასარგებლოდ თვეში 300 (სამასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ-------–---–-–---–ი ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე მ-----–--------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე თ-------–---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე მ-----–--------–--ეს (პ/ნ 0---------) მოსარჩელე თ-------–---–-–---–ის (პ/ნ 3---------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2005 წლის 0------- დაბადებული ზ--------------–--ის (პ/ნ 3----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 06 თებერვლიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

2. მოპასუხე მ-----–--------–--ეს (პ/ნ 0---------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ლელა ცანავა