გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
080210018002480557
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1841-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - შპს „მ-----“

წარმომადგენელი - ბ----------

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ს----------–--------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს 61450.24 ლარის გადახდა შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ.

 

1.2. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯები 1500 ლარის ოდენობით, შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ.

 

1.3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, დაეკისროს იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროსა’’ და შპს ,,მ-----ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულება (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT1--------), რაც გულისხმობდა, სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს’’ ტერიტორიულ ბიუროში - ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე.

 

2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N2017/117-12, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები. ამ შეთანხმების მე-4 მუხლის საფუძველზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკით გათვალისწინებული ნაწილის შესრულების შემდეგ მხარეებს შორის პერიოდულად ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები:

1) 27.06.2017 წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/1, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 40949.89 ლარი.

2) 13.09.2017 წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/2, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 113923,29 ლარი.

3) 06.12.2017 წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/3, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 147525,37 ლარი.

4) 21.12.2017 წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/4, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 159694,80 ლარი.

5) 11.01.2018 წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/5, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 285660,32 ლარი.

6) 26.02.2018 წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261274,04 ლარი.

 

აღნიშნული დავა უკავშირდება 2018 წლის 26 თებერვალს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტს N2017/117/6, რომელიც ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნა #R---------------. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261 274,04 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო ავანსად მიღებული თანხის შესაბამისი ნაწილი 77 407.72 ლარი და 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით შპს „მ-----ს“ ,,გადასახდელი’’ პირგასამტეხლო 61 450.24 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 122 416.08 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტზე N2017/117/6 შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----’’ არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად სადავო.

 

სწორედ ასანაზღაურებელი თანხიდან სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს’’ მიერ უსაფუძვლოდ გამოკლებული პირგასამტეხლო წარმოადგენს აღნიშნული სარჩელის დავის საგანს. სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ’’ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოიქცა არაკეთილსინდისერად და ბოროტად გამოიყენა ,,ძლიერი’’ მხარის პოზიცია. სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიურომ’’ სრულად უნდა გადაუხადოს შპს ,,მ-----ს’’ შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მათ აქვთ ერთი სასარჩელო მოთხოვნა, რომ არ უნდა ყოფილიყო დარიცხული პირგასამტეხლო, ან თუ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისი - 0.02%-ის ფარგლებში. ფაქტია, რომ შპს „მ-----მ“ შეასრულა სამუშაო და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ჩააბარა სამუშაო. მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა რაიმე განცხადება, რომ რაიმე პრეტენზია იყო ვადებზე, პირგასამტეხლოზე. გაქვითვა არ უნდა მომხდარიყო თუ სადავო იყო პირგასამტეხლო. მოპასუხემ უფლება გამოიყენა ბოროტად, თუნდაც ამის უფლება ჰქონოდა. მოპასუხემ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა შპს „მ-----“, მეწარმე სუბიექტს დაეკარგა ნდობა აღსრულების ეროვნული ბიუროსი. თუ მოპასუხეს ჰქონდა რამე პრეტენზია გეგმა-გრაფიკების შესრულებაზე, შეეძლო ყველა მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითებინა და ექნებოდა პრევენციული ფუნქცია, რომ სხვა გეგმა-გრაფიკები შეესრულებინა ვადაში და არ დაკისრებოდა პირგასამტეხლო, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლომ კომპანია გადახდისუუნარობამდე არ უნდა მიიყვანოს. ხოლო მე-6 ეტაპისთვის დარიცხული პირგასამტელო უცილოდ ბათილია. მოპასუხეს შეუძლია იდავოს პირგასამტეხლოზე. მოსარჩელემ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეასრულა ვალდებულება, აღსრულების ეროვნული ბიურო კი, რომელიც ძლიერი მხარეა, აკისრებს პირგასამტეხლოს და უქვითავს იმ თანხიდან, ანუ აყენებს ფაქტის წინაშე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. პირგასამტეხლოს ანაზღაურების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. უდავოა, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ასევე უდავოა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება. შესაბამისად, სახეზე იყო ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვისათვის. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა გამოწვეული იყო მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევით, რაც მიმწოდებლისთვის იმთავითვე იყო ცნობილი და დაადასტურა სახელშეკრულებო ვადების დარღვევა. (იხ. შესაგებელი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ არ ცნობს სარჩელს, სახეზეა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. არ შეიძლება გაქარწყლდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მაშინაც კი, თუ თავიდან არ მიუთითებს მხარე. ბოლოს მოხდა დაანგარიშება, როცა შეწყდა ხელშეკრულება. პირგასამტეხლოს გაქვითვა ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და პირდაპირ გადარიცხა მოპასუხემ ბიუჯეტში. წარმომადგენლის განმარტებით, მათი მხრიდან პრეტენზიები ვადების დარღვევაზე იყო ზეპირი ფორმით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროსა’’ და შპს ,,მ-----ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულება (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT1--------), რაც გულისხმობდა, სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს’’ ტერიტორიულ ბიუროში - ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე.

 

3.1.2. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები ამ შეთანხმების მე-4 მუხლის საფუძველზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2017/117 (ს.ფ. 18-23);

- 2017 წლის 16 ნოემბრის შეთანხმება N2017/117-2 (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. პერიოდულად, მთლიანი სამუშაოს სხვადასხვა ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ: 1) 27.06.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/1, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 40949.89 ლარი. 2) 13.09.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/2, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 113923,29 ლარი. 3) 06.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/3, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 147525,37 ლარი. 4) 21.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/4, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 159694,80 ლარი. 5) 11.01.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/5, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 285660,32 ლარი. 6) 26.02.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261274,04 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 27.06.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/1 (იხ. ს.ფ. 25);

- 13.09.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/2 (იხ. ს.ფ. 26);

- 06.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/3 (იხ. ს.ფ. 27);

- 21.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/4 (იხ. ს.ფ. 28);

- 11.01.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/5 (იხ. ს.ფ 29).

- 26.02.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6 (იხ. ს.ფ 31).

 

3.1.4. 2018 წლის 18 იანვრის წერილით შპს ,,მ-----ს“ დირექტორმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობა, რომ დაამთავრეს მათ შორის 2017 წლის 17 მაისს გაფორმებული N2017/117 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ტერიტორიულ ბიუროში - ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის მშენებლობის სამუშაოები. აცნობა, რომ წარმოუდგენდა შესრულებული სამუშაოების საბოლოო აქტს (ფ. N2). ასევე აცნობა, რომ აღნიშნული აქტები შესაბამის დოკუმენტებთან ერთად წარდგენილია ექსპერტიზაზე საექსპერტო დასკვნის მისაღებად.

 

3.1.5. 2018 წლის 02 თებერვლის წერილით შპს ,,მ-----ს“ დირექტორმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინა დამამთავრებელი ეტაპის შესრულებული სამუშაოების საექსპერტო დასკვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,მ-----ს“ დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის წერილი (იხ. ს.ფ. 30);

- შპს ,,მ-----ს“ დირექტორის 2018 წლის 02 თებერვლის წერილი (იხ. ს.ფ. 32);

- ინსპექტირების ანგარიში (იხ. ს.ფ 33-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6. 2018 წლის 26 თებერვალს გაფორმდა ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6, რომელიც ეყრდნობა ექსპერტიზის #R--------------- დასკვნას. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261 274,04 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო ავანსად მიღებული თანხის შესაბამისი ნაწილი 77 407.72 ლარი და 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით შპს „მ-----ს“ ,,გადასახდელი’’ პირგასამტეხლო 61 450.24 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 122 416.08 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტზე N2017/117/6 შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----’’ არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 26.02.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6 (იხ. ს.ფ 31).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადები და პირობები მოცემულია დანართი #2-ში. 3.2. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამ) კალენდარულ დღეში და დაასრულოს დანართი #2-ით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. 3.3. მუხლის თანახმად, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ცალკეულ ეტაპად და უნდა იქნას წარდგენილი ეტაპის დამადასტურებელი სამუშაოები ფორმა #2. 3.4. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შემოთავაზებული და ვადებისა და შემსყიდველთან შეთანხმებული ყოველთვიური კალენდარული გეგმა გრაფიკის შესაბამისად განახორციელოს სამუშაოები სრულად.

 

3.2.2. 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 7.10. მუხლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 10.2. პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან და გადარიცხოს მიმწოდებლის სახელით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში.

 

3.2.3. 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 10.2. მუხლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.3. და 3.4. პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ყოველთვიური კალენდარული გეგმა-გრაფიკის 1-5 ეტაპისათვის დასრულებული სამუშაოს ვადის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შეუსრულებელი (სამუშაო, რომლის დასრულება დაგეგმილი იყო კონკრეტული ეტაპით) სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო, გეგმა-გრაფიკის მე-6 ეტაპის ვადაგადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულების 7.10. მუხლის თანახმად, შემსყიდველი (ანუ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 10.2. პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოექვითა ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან და გადაერიცხა მიმწოდებლის სახელით სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში. მაგრამ დადგენილია, რომ 1-5 ეტაპის დასრულებისათვის მიღება ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული არ არის რაიმე პრეტენზია სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებაზე და პირგასამტეხლოს თანხების არსებობაზე.

 

3.2.5. 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება N2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით; ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გაიზარდა 78547.00 ლარით და ნაცვლად 941273.00 ლარისა, განისაზღვრა 1019820.00 ლარით.

 

3.2.6. მიმწოდებელს - შპს „მ-----ს“ 2018 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების N2017/117/6 აქტით ეცნობა შემსყიდველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირგასამტეხლოს უფლების გამოყენების თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა და მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----ს’’ დირექტორი არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23);

- 2017 წლის 16 ნოემბრის შეთანხმება N2017/117-2 (ს.ფ. 24);

- 26.02.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6 (იხ. ს.ფ 31).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაანგარიშება განხორციელდა ბოლოს, როცა შეწყდა ხელშეკრულება.

 

3.2.8. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა პირგასამტეხლოს გაანგარიშების კანონიერების დასადასტურებლად წარმოადგინა ე.წ. ცხრილი, სადაც გაანგარიშებულია პირგასამტეხლო თითოეული ეტაპისათვის, მაგრამ გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს ცხრილი შეიცავს მნიშვნელოვან უზუსტობებს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სათანადო მტკიცებულებად. წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ხელშეკრულების ღირებულება, კერძოდ ირკვევა, რომ შპს „მ-----ს“ ჯამში შეუსრულებია 1,169,749.01 ლარის სამუშაოები, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა ჯამში 1019820 ლარს, ანუ ამ გაანგარიშებას თუ დავუჯერებთ მ-----ს შეუსრულებია 149,929.01 ლარით მეტი სამუშაო, რაც არასწორია. ანუ ეს ცხრილი არ ასახავს რეალურ სურათს თუ როგორ სრულდებოდა ხელშეკრულება, ჰქონდა თუ არა ადგილი ვადების დარღვევას.

 

3.2.9. საქმეში მოთავსებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შპს „მ-----ს“ მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 1 009 027.71 ლარი.

 

3.2.10. ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2018 წლის 26 თებერვალს, შესაბამისად, სამუშაოს სრულად შესრულება დაფიქსირდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- პირგასამტეხლოს დაანგარიშების ცხრილი (იხ. ს.ფ. 70);

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილი პირგასამტეხლოს დაანგარიშების ცხრილში არსებული უზუსტობების შესახებ (იხ. ს.ფ. 247);

- მიღება ჩაბარების აქტები (იხ. ს.ფ. 25-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე, 442-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროსა’’ და შპს ,,მ-----ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2017/117 ხელშეკრულება (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT1--------), რაც გულისხმობდა, სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს’’ ტერიტორიულ ბიუროში - ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე.

 

2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები. ამ შეთანხმების მე-4 მუხლის საფუძველზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ პერიოდულად, მთლიანი სამუშაოს სხვადასხვა ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ: 1) 27.06.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/1, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 40949.89 ლარი. 2) 13.09.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/2, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 113923,29 ლარი. 3) 06.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/3, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 147525,37 ლარი. 4) 21.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/4, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 159694,80 ლარი. 5) 11.01.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/5, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 285660,32 ლარი. 6) 26.02.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261274,04 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 18 იანვრის წერილით შპს ,,მ-----ს“ დირექტორმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აცნობა, რომ დაამთავრეს მათ შორის 2017 წლის 17 მაისს გაფორმებული N2017/117 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ტერიტორიულ ბიუროში - ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის მშენებლობის სამუშაოები. აცნობა, რომ წარმოუდგენდა შესრულებული სამუშაოების საბოლოო აქტს (ფ. N2). ხოლო 2018 წლის 02 თებერვლის წერილით წარუდგინა დამამთავრებელი ეტაპის შესრულებული სამუშაოების საექსპერტო დასკვნა (ინსპექტირების ანგარიში).

 

2018 წლის 26 თებერვალს გაფორმდა ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი N2017/117/6, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში სასაწყობე ანგარის, საოფისე შენობისა და ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 261 274,04 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო ავანსად მიღებული თანხის შესაბამისი ნაწილი 77 407.72 ლარი და 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით შპს „მ-----ს“ ,,გადასახდელი’’ პირგასამტეხლო 61 450.24 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 122 416.08 ლარი. ანუ, შპს „მ-----მ“ დარიცხული პირგასამტეხლოს გაქვითვის შედეგად ვერ მიიღო მის მიერ შესრულებული სამუშაოს სრული ღირებულება.

 

დადგენილია, რომ შპს ,,მ-----ს’’ დირექტორი არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა იყო უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი, რაც დააფიქსირა მიღება-ჩაბარების აქტში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულების 7.10. მუხლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 10.2. პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოექვითა ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, შპს „მ-----ზე“ გადასარიცხი თანხიდან, რაც არ განხორციელებულა და არანაირი პრეტენზია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან არ ყოფილა.

 

2017 წლის 17 მაისის ხელშეკრულების 10.2. მუხლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო ამ ხელშეკრულების 3.3. და 3.4. პუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ყოველთვიური კალენდარული გეგმა-გრაფიკის 1-5 ეტაპისათვის დასრულებული სამუშაოს ვადის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებინა შპს „მ-----სთვის“ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული შეუსრულებელი (სამუშაო, რომლის დასრულება დაგეგმილი იყო კონკრეტული ეტაპით) სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ხოლო, გეგმა-გრაფიკის მე-6 ეტაპის ვადაგადაცილების შემთხვევაში - პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N2017/117-2, რომლითაც ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევად, რადგან ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გაიზარდა 78547.00 ლარით და ნაცვლად 941273.00 ლარისა, განისაზღვრა 1019820.00 ლარით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გაზრდამ გამოიწვია ახალი ვადების განსაზღვრა და არა ხელშეკრულების შეუსრულებლობამ; შესაბამისად, სასამართლო არ ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა გამოწვეული იყო მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევით, რაც მიმწოდებლისთვის იმთავითვე იყო ცნობილი და დაადასტურა სახელშეკრულებო ვადების დარღვევა. (იხ. შესაგებელი).

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიმწოდებელს - შპს „მ-----ს“ მხოლოდ 2018 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების N2017/117/6 აქტით ეცნობა შემსყიდველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირგასამტეხლოს უფლების გამოყენების თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა და მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----’’ არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი. შესაბამისად, სასამართლო არ ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ პრეტენზიები ვადების დარღვევაზე იყო ზეპირი ფორმით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია შესრულების ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა,მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ურთირთმოთხოვნათა გაქვითვის განცხადებისათვის არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებული ფორმა. ის შეიძლება იყოს ზეპირი, წერილობითი ან კონკლუდენტური მოქმედებით გამოხატული, რომელიც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, სავალდებულოა, ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო, მეორე მხარის მიერ მისი მიღება. სხვებთან ერთად, ეს წინაპირობაც წაეყენება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ განცხადების სისრულეში მოყვანას. მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. (იხ. სუსგ საქმე Nას-814-765-2015, 20 ნოემბერი, 2015 წელი).

 

ანუ გაქვითვა პრაქტიკულად ნიშნავს გამქვითავის მოთხოვნის განხორციელებას. მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად შესაძლებელი იყოს, კერძოდ, გამქვითავის მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს და ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. შეტყობინება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელსაც სჭირდება მეორე მხარის მიერ მიღება (51-ე მუხლის პირველი ნაწილი).

დადგენილია, რომ მიმწოდებელს - შპს „მ-----ს“ მხოლოდ 2018 წლის 26 თებერვლის მიღება-ჩაბარების N2017/117/6 აქტით ეცნობა შემსყიდველის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირგასამტეხლოს უფლების გამოყენების თაობაზე. მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,მ-----ს’’ მხრიდან გაკეთდა შენიშვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----’’ არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გამოკლებას ასანაზღაურებელი თანხიდან, რადგან მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაირცხვა და ოდენობა არის უსაფუძვლო და შეუსაბამოდ მაღალი.

 

შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „მ-----მ“ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ჩააბარა სამუშაო. მოპასუხის მხრიდან მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა პრეტენზია ვადებზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ხელშეკრულების 7.10. მუხლის დარღვევით. მოპასუხემ პირგასამტეხლოს დაანგარიშება განახორციელა ბოლოს, ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, რაც ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული. ამასთან დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშების ცხრილი შეიცავს მნიშვნელოვან უზუსტობებს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სათანადო მტკიცებულებად. ეს ცხრილი არ ასახავს რეალურ სურათს თუ როგორ სრულდებოდა ხელშეკრულება და ჰქონდა თუ არა ადგილი ვადების დარღვევას. დადგენილია, რომ ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაოს სრულად შესრულება დაფიქსირდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2018 წლის 26 თებერვალს. ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ გაქვითვა არ უნდა მომხდარიყო, რადგან სადავო იყო პირგასამტეხლო და ეს ცალსახად დააფიქსირა შპს „მ-----მ“ მიღება ჩაბარების აქტში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მოპასუხემ უფლება გამოიყენა ბოროტად და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა შპს „მ-----“, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაკისრების საფუძველი, ანუ სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიურომ’’ სრულად უნდა გადაუხადოს შპს ,,მ-----ს’’ შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ზოგადი წესის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც უფლების ბოროტად გამოყენებაზე აპელირებს. თუმცა, რამდენად ჰქონდა პირს უფლების განხორციელების ობიექტური ინტერესი, ასევე მესამე პირისათვის ზიანის მიყენების მიზანი, უფლების განმახორციელებელმა უნდა ამტკიცოს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სრულად შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლიანობა ვერ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით, ამასთან გაქვითვა არ უნდა მომხდარიყო, ვინაიდან პირგასამტეხლო სადავო გახადა შპს „მ-----მ“ მიღება-ჩაბარების აქტით. თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა სარჩელის უსაფუძვლობა და მის მიერ განხორციელებული ქმედებების მართლზომიერება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1843,51 ლარი. ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის - 1500 ლარი. ვონაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, არსებობს ამ ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს „მ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 61 450,24 ლარის გადახდა

 

3. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯები 1500 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1843.51 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე