გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/974-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ფ--------------------ი
წარმომადგენელი სალომე მაჭავარიანი
მოპასუხე გ------- გ---–-–---–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგსამატეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- გ---–-–---–ისათვის 1670.50 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 18 ოქტომბერს გ------- გ---–-–---–სა და შპს სისი ლოუნს შორის დაიდო N650004 ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 650 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი შეადგენდა ყოველდღიურად 0.06333%-ს დღეში 4.1167 ლარს. რაც ჯამურად არის 123.50 ლარი.
მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. . სესხის დაუბრუნებლობის გამო მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 9.4 პუნქტის საფუძველზე – 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2016 წლის 16 ნოემბრამდე ყოვედღიურად 1.3% სულ 897 ლარი (დღეში 8.45 ლარი). ასევე დაერიცხა ხელშეკრულების 10.4 პუნქტის საფუძველზე ერთჯერადი პირგასამტეხლო, რაც ვადის გადაცილების 60 დღით გადაცილების შემდეგ გამსესხებელს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას, რა დროსაც მსესხებელს ეკისრება სესხის თანხის 60%-ის ოდენობით პირგასამტეხლო.
2018 წლის 1 თებერვალს შპს მისო კონტინეტალ სითი კრედიტსა და შპს ფინანსურ სექტორს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მისო კონტინენტალ სითი კრედიტმა მოსარჩელეს დაუთმო მოთხოვნის უფლება გ------- გ---–-–---–ის მიმართ შემდეგი სახით – მოთხოვნის ოდენობა 1670,5 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 650 ლარი სარგებელი 123.5 ლარი, პირგასმატეხლო 897 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 ოქტომბერს გ------- გ---–-–---–სა და შპს სისი ლოუნს შორის დაიდო N650004 ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 650 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი შეადგენდა ყოველდღიურად 0.06333%-ს დღეში 4.1167 ლარს. რაც ჯამურად არის 123.50 ლარი.. ხელშეკრულების 9.4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1.3%-ს. ხელშეკრულების 10.4 პუნქტით გათვალისწინებულია ერთჯერადი პირგასამტეხლო. ვადის გადაცილების 60 დღით გადაცილების შემდეგ გამსესხებელს აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, რა დროსაც მსესხებელს ეკისრება სესხის თანხის 60%-ის ოდენობით პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-34)
3.1.2. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. სესხის დაუბრუნებლობის გამო მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 9.4 პუნქტის საფუძველზე – 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2016 წლის 16 ნოემბრამდე ყოველდღიურად 1.3% სულ 897 ლარი (დღეში 8.45 ლარი). ასევე დაერიცხა ხელშეკრულების 10.4 პუნქტის საფუძველზე ერთჯერადი პირგასამტეხლო, სესხის თანხის 60% - 390 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 2-6)
- მოსარჩელის განმარტება (28.03.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.3. 2018 წლის 1 თებერვალს შპს მისო კონტინეტალ სითი კრედიტსა და შპს ფინანსურ სექტორს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მისო კონტინენტალ სითი კრედიტმა მოსარჩელეს დაუთმო მოთხოვნის უფლება გ------- გ---–-–---–ის მიმართ შემდეგი სახით – მოთხოვნის ოდენობა 1670.50 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 650 ლარი სარგებელი 123.5 ლარი, პირგასმატეხლო 897 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
– მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 35)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე მუხლები, 400-ე მუხლის ”ა” პუნქტი, 420–ე მუხლი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ?? ???????? 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
2019 წლის 28 მარტის სხდომის თარიღი მოპასუხეს ეცნობა 2019 წლის 22 მარტს სატელეფონო შეტყობინებით პირადად. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოა. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა სსსკ 74-ე მუხლის დადგენილი წესით, კორესპონდენცია ჩაიბარა დედამ მარინა გ---–-–---–მა 2018 წლის 5 აპრილს, თუმცა მოპასუხემ არც შესაგებელი წარმოადგინა. ამდენად, მოპასუხისათვის ცნობილი იყო ასევე დავის ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული გარემოებები და სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, დამტკიცებულად ითვლება სარჩელის გარემოებები სესხის ხელშეკრულების არსებობის და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას სრულად არ ამართლებს, კერძოდ, ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შეუსაბამოდ და იგი უნდა შემცირდეს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია, სარგებელი შეადგენს დღეში 0.63%-ს. ხოლო სესხის ხელშეკრულების ვადაა 30 დღე. სარგებელია არის 123.5 ლარი.
მოპასუხეს არ შეუსრულებია სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც შემდგომ, სესხის თანხა არ დააბრუნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სესხის სარგებლის 123.50 ლარის დაკისრების ნაწილში. სესხის ხელშეკრულების დადების დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. მხარეთა შეთანხმებით სესხი პროცენტიანია, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხზე სარგებლის დარიცხვას, რაც შეადგენს სესხის სარგებლობის ვადაში (30 დღე) ჯამურად 123.5 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში. ამ ნორმის საფუძველზე ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების პირობების სრულად დაცვით. სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება წარმოშობს არა მარტო სესხად მიღებული თანხის, არამედ სარგებლის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირითად თანხასთან ერთად 123.5 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და მოთხოვნილი პირგასმატეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მოსარჩელეს პირგასმატეხლო დარიცხული აქვს სხვადასხვა საპროცენტო მაჩვენებლით, ფიქსირებული ოდენობით სესხის 60%, ამასთან პირგასმატეხლო დარიცხულია ყოველდღიურად სესხის თანხის 1.3%-ის ოდენობით დღეში 8.45 ლარი, ჯამში 897 ლარი..
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოთხოვნილი პირგასატეხლოს თანხა არაგონივრულად მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხაა 650 ლარი, სარგებელი 123.50 ლარი. ხოლო მოთხოვნილია პირგასამტეხლო 897 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს პროცენტი მაღალია, რადგან ითვალისწინებს დღეში 8.45 ლარის გადახდას. იმის გათვალისწინებით, რონ ხელშეკრულება ერთჯერად პირგასამტეხლოსაც ითვალისწინებს სესხის თანხის 60%-ის ოდენობით, დამატებით ყოველდღიურად 8.45 ლარის დაკისრება მეტისმეტად მკაცრი სანქციაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების შემთხვევაში სახეზე იქნება ისეთი ვითარება, რომ ვალდებულების შესრულებაზე უფრო ხელსაყრელი მოსარჩელისთვის აღმოჩნდება ვალდებულების დარღვევა, რადგან პირგასამტეხლოს დარიცხვის შედეგად მოსარჩელე იმაზე მეტ თანხას მიიღებს ვალდებულების მცირევადიან გადაცილების დროსაც, ვიდრე სესხის ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების პირობებში მიიღებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს პრევენციული დანიშნულების გარდა აქვს ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურების ფუნქცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა ამავდროულად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაცაა. ისინი დამოუკიდებელი მოთხოვნებად რჩებიან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნისგან დამოუკიდებლად შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა, მაგრამ მხარეებს შორის არ იყო დადებული გრძელვადიანი სესხის ხელშეკრულება. ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურებაში იგულისხმება, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით უზრუნველყოფილია კრედიტორისათვის სავარაუდო ზიანის მინიმალურად ანაზღაურება და ზიანის ოდენობის მტკიცების ვალდებულება კრედიტორის არ ეკისრება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არ არის ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურება და ზიანის ნაცვლად პირგასამტეხლოს დაკისრება.
სესხის დაბრუნების 60 დღიან პერიოდში მოსარჩელეს ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო, ხოლო 60 დღის შემდეგ ერიცხება ასევე ერთჯერადი ჯარიმა სესხის 60%-ის ოდენობით, რის გამოც მოპასუხეს გადაცილების ერთიდაიგივე ვადაში ორი პრინციპით ერიცხება პირგასამტეხლო, რაც შედეგად იწვევს უსამართლოდ მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველდრიურად დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით, რაც არის დღეში 1.3 ლარი. ხოლო ვადის გადაცილების 60 დღეში 78 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის, სესხის დავალიანების და სესხად გაცემული ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ეს თანხა გონივრულია და სრულად უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას.
ამდენად, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა 650 ლარი, სარგებელი 123.50 ლარი, პირგასამტეხლო 78 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 390 ლარი, საერთო ჯამში 1241.5 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სარჩელი დაკმაყოფილების ნაწილში მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სხდომაზე არასაპატიო მიზეზით მოპასუხის გამოუცხადებლობის პირობებში, რის გამოც ამ ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი წესით. ხოლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საჩივრდება სააპელაციო წესით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე მოითხოვს 1670.5 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 1241.5 ლარის გადახდა, შესაბამისად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის 74%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 74% არის 37 ლარი, რომლის მოსარჩელისათვის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 230-ე, 237-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ფ--------------------ის სარჩელი;
1.1. გ------- გ---–-–---–ს დაეკისროს შპს ფ--------------------ისათვის 1241.5 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 429 ლარის ანაზღაურების ნაწილში;
2. გ------- გ---–-–---–ს დაეკისროს შპს ფ--------------------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 37 ლარის გადახდა;
3. განემარტოს მოპასუხეს, რომ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი.
4. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი