გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019002800600
#2/4-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.03.2019 წ. ქ. მარნეული
შესავალი ნაწილი
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - ს----- გ--------
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ---- ა--–---–---–-
მოპასუხე - ტ--–-- ი----ი
წარმომადგენელი - მ-----– კ----–--
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ს----- გ-------- ითხოვს ტ--–-- ი----ისთვის ალიმენტის დაკისრებას.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
ს----- გ-------ი და ტ--–-- ი----ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2015 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ი------ ი----ი. 2018 წლის თებერვალში მხარეებს შორის წარმოიშვა კამათი, რის შემდეგაც მოპასუხემ აიძულა მოსარჩელე დაეტოვებინა სახლი და ის შვილთან ერთდ საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. ტ. ი----ი მუშაობს ხელოსნად, კერძოდ, აკეთებს რემონტს, აგებს მეტლახს, ასევე მუშაობდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, გარდა ამისა, მას აქვს პომიდვრის სათბური, სადაც წელიწადში სამჯერ იღებს მოსავალს. შესაბამისად, მას აქვს შემოსავალი, თუმცა ოდენობა მოსარჩელისთვის უცნობია.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ს. გ-------- ითხოვს მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებას ბავშვის სრულწლოვნებამდე.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ტ--–-- ი----მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ არის უმუშევარი და შემოსავლის წყარო არ გააჩნია, რის გამოც თანახმაა შვილს გადაუხადოს 70 ლარის ოდენობით ალიმენტი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ არის პირობითი მსჯავრის ქვეშ, რის გამოც ვერ მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ხოლო ასეთივე სათბური მოსარჩელის ოჯახსაც აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----- გ-------- და ტ--–-- ი----ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2015 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ი------ ი----ი.
მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 2019 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 2018 წლის თებერვლიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ს. გ-------- არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში. მისი მამა უმუშევარია, ხოლო დედა მუშაობს დამლაგებლად. თავად ს. გ-------- არ მუშაობს. მის ოჯახს ასევე აქვს სათბური, სადაც მოჰყავთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 2019 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 17:19:37-17:39:59 სთ).
3.1.3. ტ--–-- ი----ის ოჯახს აქვს სათბური, სადაც მოჰყავთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები. თავად ტ. ი----ს მისჯილი აქვს პირობითი მსჯავრი.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 2019 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 17:19:37-17:39:59 სთ).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ტ. ი----ი მუშაობს ხელოსნად და იღებს ანაზღაურებას.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოს არ წარმოუდგინა, ამასთან, მან ვერ დაასახელა კონკრეტული პირები, ვისაც შეეძლო ამ ფაქტის დადასტურება. მოპასუხე კი უარყოფს ამ ფაქტს.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 2019 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 17:19:37-17:39:59 სთ ).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- გ--------ს სარჩელი ტ--–-- ი----ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებითა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმუშევრობა არ წარმოადგენს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან მშობელი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს და არჩინოს შვილი, არ დაკმაყოფილდეს იმით, რომ თავად სხვის კმაყოფაზე იმყოფება და ამგვარად უმუშევრობის პირობებშიც კი თუნდაც ელემენტარული საჭიროების ნივთებით და საკვებით უზრუნველყოფილია.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე არ მუშაობს და თავს ირჩენს მშობლების დახმარებით, ასევე არ მუშაობს მოპასუხე, რომელიც პრობაციონერია, თუმცა იგი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი პირია, ორივე ოჯახს აქვს სათბური, სადაც მოჰყავთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, არასრულწლოვანი ბავშვი ამჟამად დედის კმაყოფაზეა, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2016 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ი------ ი----ის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 140 ლარის ოდენობით ალიმენტი, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 300 ლარის დაკისრებას, თუმცა მოთხოვნა დაკმაყოფილდა 140 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილებული სარჩელის ფასი შეადგენს (140X12) 1680 ლარს, რომლის 3%-ია 50,4 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს - 25,2 ლ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----- გ--------ს სარჩელი ტ--–-- ი----ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ტ--–-- ი----ს ს----- გ--------ს სასარგებლოდ შვილის - 2016 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ი------ ი----ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს 140 ლარის გადახდა 2019 წლის 11 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე ტ--–-- ი----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25,2 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი