გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
611210019002889910
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019002889910

#2/109-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.04.2019 წ. ქ. მ--------–ი

შესავალი ნაწილი

მ--------–ის მ-----------ი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - ს------ ნ-------ა

მოსარჩელის წარმომადგენლები - ნ--- ა------–---–-, ს------ ა------–---–-,მოპასუხე - ი--–-- ნ-------ი

მოპასუხის წარმომადგენელი - მ---- კ---------

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ს------ ნ-------ა ითხოვს ი--–-- ნ-------თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1994 წელს ცოლად გაჰყვა ი--–-- ნ-------ს. 2010 წლის 4 მაისს მათი ქორწინება დარეგისტრირდა. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: 1995 წლის 26 ივნისს დაბადებული ს----- ნ-------ა, 2002 წლის 26 თებერვალს დაბადებული ს--- ნ-------ა და 2004 წლის 14 აგვისტოს დაბადებული ი-–--- ნ-------ი. მხარეთა თანაცხოვრება გაგრძელდა 2018 წლის ნოემბრის თვემდე. ერთად ცხოვრების განმავლობაში მოპასუხე ს. ნ-------ას მუდმივად აყენებდა სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც მოსარჩელე იტანდა ოჯახის შენარჩუნების მიზნით. თუმცა ბოლო პერიოდში მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ამჟამად ის შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში. მოპასუხე კატეგორიულად წინააღმდეგია ერთობლივი განცხადებით განქორწინებისა, რის გამოც ს. ნ-------ამ მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი--–-- ნ-------მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მის მეუღლეს აშინებენ და მასზე ზეგავლენას ახდენენ მისი მშობლები და ძმა. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ გარკვეული პერიოდით წასვლა მოუწია და უკან დარუნებულს ასეთი ვითარება დახვდა. მან თავისი ქონება გააფორმა სიმამრის სახელზე, რაც ცუდი ურთერთობის შემთხვევაში არ მოხდებოდა, ახლა კი ცდილობენ ამგვარად მისი ქონების მითვისებას, ასევე არ აძლევენ შვილების მონახულების უფლებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს------ ნ-------ა და ი--–-- ნ-------ი იმყოფებიან 1994 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2010 წლის 4 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 29).

 

3.1.2. ქორწინების განმავლობაში მათ შეეძინათ სამი შვილი: 1995 წლის 26 ივნისს დაბადებული ს----- ნ-------ა, 2002 წლის 26 თებერვალს დაბადებული ს--- ნ-------ა და 2004 წლის 14 აგვისტოს დაბადებული ი-–--- ნ-------ი.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 18-20).

 

3.1.3. ს------ ნ-------ა და ი--–-- ნ-------ი დღეისათვის ერთად აღარ ცხოვრობენ. ს. ნ-------ა შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან.

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 29, 2019 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ს------ ნ-------ას აღარ სურს ი--–-- ნ-------თან ერთად ოჯახური თანაცხოვრება.

მოპასუხე სადავოდ ხდიდა აღნიშნულ ფაქტს, მიუთითებდა, რომ ს. ნ-------ას აშინებენ და მასზე ზეგავლენას ახდენენ მისი ოჯახის წევრები, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ დაადასტურა თავისი განზრახვა, მათ შორის შესვენებაზე, როდესაც დარბაზში მხოლოდ მხარეები იმყოფებოდნენ, და განმარტა, რომ თავად დაურეკა მამას და სთხოვა წაყვანა.

შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა, რომ განქორწინება მის ნამდვილ ნებას შეესაბამება.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 2019 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი 14:28:05-14:28:14 სთ; 14:36:36-14:37:00 სთ, 14:38:06-14:38:15 სთ).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ს------ ნ-------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სკ-ის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება, რომელიც ოჯახის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. ქორწინებაში ყოფნის ნება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ დაქორწინებისას, არამედ ქორწინების შენარჩუნებისთვისაც. ნების თავისუფლებიდან გამომდინარე დაუშვებელია პირის იძულება იმყოფებოდეს ქორწინებაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. საგულისხმოა, რომ განქორწინებისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობა აუცილებელი არ არის. მიუხედავად თავდაპირველი სურვილისა, თანაცხოვრების პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთოს მთელი რიგი გარემოებები, რაც კონკრეტულ პირთან ერთ ოჯახად ცხოვრებას მეუღლისათვის არასასურველს ხდის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას, აცხადებს რომ აღარ სურს ი. ნ-------თან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა. ამასთან, მხარეთა განმარტებით, მოპასუხეს რამდენჯერმე ჰქონდა შერიგების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. ნ-------ასა და ი. ნ-------ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით, რადგან მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში დარჩენა, რის გამოც მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე,249-ე, 257-ე, 2591-ე, 272-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ს------ ნ-------ას სარჩელი ი--–-- ნ-------ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს ს------ ნ-------ას (ქორწინებამდელი გვარი კ-----------, პნ 2----------) და ი--–-- ნ-------ს (პნ 2----------) შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მ--------–ის სამსახურში 2010 წლის 4 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის №-----------).

 

3. ი--–-- ნ-------ს ს------ ნ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, საპელაციო საჩივრით, მ--------–ის მ-----------ი სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

 

5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი