გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/20273-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ნო----------–---–-
წარმომადგენელი თი-----------–---–-
მოპასუხე შპს „პ-------------“
წარმომადგენელი გო-----------–---–-
მოპასუხე რო----------–----
წარმომადგენელი მა--------–-–---–-
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა
1.1. მოპასუხეებს შპს „პ------------“-სს და რო----------–----ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ნო----------–---–-ს სასარგებლოდ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის 5 000 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხეებს შპს „პ------------“-სს და რო----------–----ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე ნო----------–---–-ს სასარგებლოდ ზიანის დროულად აუნაზღაურებლობის გამო მიყენებული დამატებითი ფინანსური ზარალი 3 600 ლარის ოდენობით.
2018 წლის 11 იანვარს, ქ. თბილისში, ბ--–--–---–--------ზე, პარკირების ზოლში გაჩერებულ მოსარჩელის „Alfa Romeos” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით A------ დაეჯახა მოპასუხე შპს „პ-------------“-ის კუთვნილი ავტომობილი R------, რომელსაც მართავდა მესაკუთრის თანამშრომელი - რო----------–----.
რო----------–----ს მიერ დარღვეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რის საფუძველზეც მას შეეფარდა ჯარიმა 250 ლარი. რო----------–----ს მიერ არ მომხდარა აღნიშნულის გასაჩივრება, ხოლო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა განმარტებაში დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტი და სრულად აიღო პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
ავტომობილი R------ დაზღვეული იყო სს „ჯ------------–-----–-“, სადაზღვევო პირობები ითვალისწინებდა მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულის მიუხედავად ზიანი დღემდე არ არის ანაზღაურებული. მოსარჩელემ ორჯერ მიმართა თხოვნით სადაზღვევო კომპანიას დაზიანების შეფასებისა და ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, თუმცა კომპანიის მხრიდან ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა ასევე არც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მხრიდან.
მოსარჩელე თანახმა იყო დაზიანებული ავტომობილის გადაცემის სანაცვლოდ მიეღო იგივე მარკისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე ავტომობილი, თუმცა შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელის ავტომობილის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 5000 ლარს, ხოლო ავტოავარიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. თუმცა აღნიშნული მიუხედავად ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ დაზიანების ხარისხიდან და მასშტაბიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი მისი აღდგენა.
ნო----------–---–- არის სტუდენტი და პარალელურად მუშაობს გარდაბანში - შპს „მ-----------------–-“ სადღეღამისო მორიგეობით, 4 დღიანი მორიგების და 4 დღიანი დასვენების გრაფიკით. აღნიშნული გრაფიკით მუშაობა და სწავლა მოითხოვს საკუთარი ავტომობილით სარგებლობის აუცილებლობას, რისთვისაც მოსარჩელეს ხშირად უხდებოდა საკუთარი ავტომანქანით გადაადგილება თბილისში და გარდაბანში. ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე საკუთარი ავტომობილით მომსახურება შეცვლილი იქნა ტაქსით მომსახურებით. 6 თვის განმავლობაში მოსარჩელის მიერ ზედმეტად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3600 ლარი, რომელიც შედგება თბილისიდან რუსთავამდე და რუსთავიდან თბილისამდე თვეში თხუთმეტჯერ ტაქსის მომსახურების ღირებულებისაგან, რომლის საშუალო ღირებულება ცალმხრივი მიმართულებით შეადგენს 20 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხებმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნა და აღნიშნეს, რომ მოპასუხეების თანახმანი არიან შეაკეთონ დაზიანებული ავტომანქანა, მაგრამ მოსარჩელე ითხოვს არა დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებას, არამედ ახალი ავტომანქანის ყიდვას ან ახალი ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურებას, რაზეც მოპასუხეები არ იყვნენ თანახმა.
მოსარჩელის კუთნილი ავტომანქანა არ იყო დაზღვეული და შესაბამისად, მას ვერ ექნება მოთხოვნა სადაზღვევოს მიმართ.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული დაზიანებების აღმოფხვრის ღირებულებების ხარჯთაღრიცხვა, დასკვნა არის ზოგადი და საორიენტაციო. გამოკვლევა ჩატარებულია მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად და არ დადგენილა დაზიანებების შესაბამისობა 2018 წლის 11 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 11 იანვარს, ქ. თბილისში, ბ--–--–---–--------ზე, პარკირების ზოლში გაჩერებულ ნო----------–---–-ს კუთვნილ „Alfa Romeos” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით A------ დაეჯახა მოპასუხე შპს „პ-------------“-ის კუთვნილი ავტომანქანა R------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი;
- ნო----------–---–-სა და რო----------–----ს ახსნა-განმარტებები;
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა.
3.1.2. 2018 წლის 11 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას შპს „პ------------“-ის კუთვნილ ავტომანქანას მართავდა რო----------–----.
ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რო----------–----ს მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.
რო----------–----ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საჯარიმო ქვითარი;
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა;
- რო----------–----ს ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2003 წელს დამზადებული სედანის ტიპის ავტომობილ „A-------------”-ზე - სახელმწიფო ნომრით A------ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 3000 ლარს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობებისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება ექსპერტმა განსაზღვრა 5000 ლარით. ავტომობილის მარკა-მოდელის, მასზე განვითარებული დაზიანებებისა და შეფასების დროისათვის საბაზრო ფასების გათვალისწინებით, მისი ნარჩენი საბაზრო ღირებულება - 2000 ლარით.
დასკვნის მიხედვით, ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საორიენტაციოდ შეადგენს მის საბაზრო ღირებულებას დაზიანებამდე გამოკლებული მისივე ნარჩენი ღირებულება, ანუ 5000-2000=3000 ლარს.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული დაზიანებების აღმოფხვრის ღირებულებების ხარჯთაღრიცხვა, დასკვნა არის ზოგადი და საორიენტაციო. გამოკვლევა ჩატარებულია მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად და არ დადგენილა დაზიანებების შესაბამისობა 2018 წლის 11 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევასთან.
სადავო შეფასებისაგან განსხვავებული რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელთა დამტკიცებაც მათ ობიექტურად ხელეწიფებათ. თუ გამოიკვეთება, რომ ამა თუ იმ ფაქტის დადასტურება შეუძლებელია, მტკიცების ტვირთიც იხსნება.
მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა განსხვავდებოდა დასკვნაში მითითებულისაგან, ასევე მტკიცებულება, რომელშიც მითითებული იქნებოდა კონკრეტული დაზიანების აღმოფხვრის ღირებულების ხარჯთაღრიცხვა და რომ ზიანის ღირებულება შეესაბამებოდა 2018 წლის 11 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა შეუძლებელი არ იყო. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა ზიანის ოდენობის მაჩვენებელს, მას შეეძლო ალტერნატიული ინფორმაცია წარმოედგინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანების შედეგად შემცირდა 3000 ლარით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასა და დაზიანების შემდგომ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობას (5000 ლარს - 2000 ლარი = 3000 ლარს).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე რო----------–----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 326-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს (იხ. 3.2.1 პუნქტი). მოპასუხე რო----------–----ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა, რადგან მის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.
6.2. დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომელსაც საგზაო შემთხვევის დროს რო----------–---- მართავდა წარმოადგენს შპს „პ------------“-ის საკუთრებას. მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა.
მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).
ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევია რო----------–----, ხოლო შპს „პ------------“-ის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა 3600 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნული მუხლის თანახმად, ანაზღაურებადია მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მიზეზშედეგობრივად გამომდინარეობს დამზიანებლის პასუხისმგებლობის წარმომშობი ქმედებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 412-ე მუხლების თანახმად, ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გამოყენებული ტაქსის მომსახურება(ასეთი ხარჯების გაღების დადასტურების შემთხვევაშიც) არ წარმოდგენს საგზაო შემთხვევის ისეთ ლოგიკურ და უშუალო შედეგს, რაც ზიანის მიმყენებლისათვის წინასწარ სავარაუდო იქნებოდა. ის მოცემულობა, რომ მხარემ თვეების მანძილზე არ შეაკეთა ავტომანქანა და ამჯობინა ესარგებლა ტაქსის მომსახურებით, არ წარმოდგენს სამოქალაქო სამართალურთიერთობისათვის ისეთ ნორმალურ მდგომარეობას, რაც მოპასუხისათვის ცხადი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რო----------–----ს ნო----------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარისა და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის - 17.44 ლარის გადახდა.
ამავე მუხლის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
რო----------–----ს ნო----------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის - 174.44 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 და 37.3 პუნქტების შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
რო----------–----ს ნო----------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სასამართლოს გარეშე ხარჯის 79.80 ლარის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ნ------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8.4 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნო----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1.დაეკისროს მოპასუხე რო----------–----ს მოსარჩელე ნო----------–---–-ს სასარგებლოდ 3 000 ლარის გადახდა;
1.2.სარჩელის მოთხოვნა 5 600 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
1.3.სარჩელის მოთხოვნა შპს „პ------------“-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე რო----------–----ს მოსარჩელე ნო----------–---–-ს სასარგებლოდ 90 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 17.44 ლარის გადახდა უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
2.1.დაეკისროს მოპასუხე რო----------–----ს მოსარჩელე ნო----------–---–-ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურეობის ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად 174.4 ლარის გადახდა.
2.2.დაეკისროს მოპასუხე რო----------–----ს მოსარჩელე ნო----------–---–-ს სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად 79.80 ლარის გადახდა.
2.3.დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ------------–---–ს 2018 წლის 24 აპრილს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 266.40 ლარიდან 8.4 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია