გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2019
საქმის ნომერი
140310116001649395
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310116001649395

საქმე № 3/430-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: ნ----- ბ--–--–---–-

 

მოპასუხეები: შპს ,,ბ------" და ბ------- ც---–---ე

წარმომადგენელი: გ---- ფ-----

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,ვ-----ს", შპს ,,ბ------სა” და ბ------- ც---–---ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, შპს ,,ვ-----ს" (საიდენტ. № 4--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის დირექტორი და 80 %-იანი წილის მფლობელი იყო ბ------- ც---–---ე (პირ. № 5----------); მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენდა რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება (სადისტრიბუციო ქსელი); შპს ,,ვ-----ს" გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 164 036 ლარის ოდენობით, რაც წარმოიშვა მის მიერ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების საფუძველზე; ამ პერიოდში მან წარადგინა დაზუსტებული დეკლარაცია, რითაც 69 995 ლარით შეიმცირა საგადასახადო ვალდებულებები, რითაც საწარმოს საშუალება მიეცა, თავისუფლად განეხორციელებინა საბაჟო ოპერაციები და მოეხდინა ფულადი სახსრების მოძრაობა მის საბანკო ანგარიშებზე;

 

შპს ,,ვ-----ს" 2016 წლის ივლის-აგვისტოში შემოტანილი აქვს 77 980 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამ პერიოდიდან, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი 1 920 167 ლარია.

 

ამის შემდეგ შპს ,,ვ-----მ" კვლავ დააზუსტა 2016 წლის აგვისტოში ჩაბარებული დღგ-ს დეკლარაცია და შემცირებული 69 995 ლარი კვლავ დაერიცხა გადასახდელად იგივე თარიღის - 2016 წლის 16 ივნისის სავადოთი, რის შემდეგაც შპს ,,ვ-----მ" სამეწარმეო აქტივობა შეწყვიტა.

 

ბ------- ც---–---ემ 2015 წელს დააფუძნა შპს ,,ბ------" (საიდენტ. კოდი 4--------), რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი თვითონაა;

 

საბაჟო დეკლარაციებით, გამოწერილი და მიღებული ზედნადებებით ირკვევა, რომ ბ------- ც---–---ემ იგივე სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელა შპს ,,ბ------ს" სახელით; ამასთან, ორივე კომპანიის იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა: გორი, მ–-------ის გამზ. № 22/4.

 

ბ------- ც---–---ემ 2016 წლის აგვისტოში შეიძინა ავტომანქანა ,,ნისანი", რაც იმავე წლის ოქტომბერში გადაუფორმა მეუღლეს; მეუღლის სახელზევე შეიძინა მან ავტომანქანა ,,ჰონდა" 2016 წლის სექტემბერში. მეუღლეს, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, საკუთარი შემოსავლების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება.

 

შპს ,,ვ-----ს" მიერ გადასახადის დარიცხვის შემდგომ საქმიანობის შეჩერება და შპს ,,ბ------ს" მიერ იგივე საქმიანობის გაგრძელება, დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ, საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნაცვლად, პირად საკუთრებაში ქონების შეძენა მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

მართალია, შპს ,,ვ-----" გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაცია, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საკმარის საფუძველს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ შპს ,,ბ------" და ბ------- ც---–---ე შპს ,,ვ-----სგან" სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ შპს ,,ვ-----ს" გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის.

 

შპს ,,ვ-----ს" ანგარიშგება, საბაჟო და საბანკო ოპერაციები ბ------- ც---–---ის მიერ საკუთარი მატერიალური ინტერესებისათვის გამოყენებული არ ყოფილა. ავტომანქანის შეძენის პერიოდში (2016 წელი) შპს ,,ბ------" სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სრული დატვირთვით, საიდანაც ბ------- ც---–---ე იღებდა გარკვეულ შემოსავალს (მაგალითად, 2016 წლის სექტემბერში ხელფასის სახით მიღებული აქვს 14 000 ლარი).

 

შპს ,,ვ-----" საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო რძისა და რძის ნაწარმის რეალიზაციასთან მაშინ, როდესაც შპს ,,ბ------" ახორციელბდა შაქრისა და ბენზინის იმპორტს. შპს ,,ბ------მ" მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მოახდინა რძის ნაწარმის შემოტანა.

 

მართლია, ამ ორი კომპანიის იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა - გორი, მ–-------ის გამზ. № 22/4 - თუმცა ფაქტობრივი საქმიანობის განხორციელებას შპს ,,ვ-----" ახდენდა ქ. თბილისში, ხოლო შპს ,,ბ------" - ქ. ბათუმში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ვ-----" გამოცხადდა გაკოტრებულად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ სუბიექტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; შემოსავლების სამსახურს კი დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს ,,ვ-----ს" საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,ვ-----" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2013 წლის 8 მაისს, მისი იურიდიული მისამართი გორი, მ–-------ის გამზ. № 22/4-ია; მისი დირექტორი და 80 %-იანი წილის მესაკუთრე ბ------- ც---–---ე იყო; მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენდა რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებელი წარმოება, სადისტრიბუციო ქსელი;

 

მტკიცებულება: ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 149-154);

 

3.2.2. შპს ,,ბ------" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 17 თებერვალს, მისი იურიდიული მისამართი გორი, მ–-------ის გამზ. № 22/4-ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე ბ------- ც---–---ეა; მისი საქმიანობის სახეეებია: რძე და რძის პროდუქტები, ცხოველური წარმოშობის კონსერვი, წარმოება, გადამუშავება, შეფუთვა და დაფასოება, სადისტრიბუციო ქსელი, საწყობი მაცივარი, ბაზარი (ბაზრობა), საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მაღაზია (მაღაზიების ქსელი), იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი;

 

მტკიცებულება: ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 205-210).

 

3.2.3. შპს ,,ვ-----" და შპს ,,ბ------" ახორციელებდნენ რძისა და რძის პროდუქტების, ასევე შაქრისა და ნავთობპროდუქტის იმპორტს;

 

მტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საქმის წარმოების მასალები (ტომი 1, ს. ფ. 155-163, 211-212), სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები.

 

3.2.4. შპს ,,ვ-----ს" 2016 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 164 036 ლარის ოდენობით, რაც წარმოიშვა მის მიერ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების საფუძველზე; ამ პერიოდში მან წარადგინა დაზუსტებული დეკლარაცია, რითაც 69 995 ლარით შეიმცირა საგადასახადო ვალდებულებები. შპს ,,ვ-----ს" 2016 წლის ივლის-აგვისტოში შემოტანილი აქვს 77 980 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამ პერიოდიდან, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი 1 920 167 ლარია. შპს ,,ვ-----მ" კვლავ დააზუსტა 2016 წლის აგვისტოში ჩაბარებული დღგ-ს დეკლარაცია და შემცირებული 69 995 ლარი კვლავ დაერიცხა გადასახდელად იგივე თარიღის - 2016 წლის 16 ივნისის სავადოთი;

 

მტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2016 წლის 6 დეკემბრის № 159873-21-05 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 19-21), შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საქმის წარმოების მასალები (ტომი 1, ს. ფ. 39-149).

 

3.2.5. ბ------- ც---–---ის სახელზე 2016 წლის აგვისტოში აღირიცხა ავტომანქანა ,,ნისანი", რაც იმავე წლის ოქტომბერში აღირიცხა მეუღლის - ს------- ჩ--------–---–ის სახელზე; ამ უკანასკნელის სახელზევე აღირიცხა ავტომანქანა ,,ჰონდა" 2016 წლის სექტემბერში;

 

მტკიცებულება: საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული საქმის წარმოების მასალები (ტომი 1, ს. ფ. 28-30, 35-36).

 

3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის № 2/35208-16 განჩინებით შპს ,,ვ-----” გამოცხადდა გაკოტრებულად და დადგინდა რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 18 იანვარს მიღებული იქნა № B17006362/3 გადაწყვეტილება ამ სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;

 

მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის № 2/35208-16 განჩინება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის № B17006362/3 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს. ფ. 245-249, ტომი 2, ს. ფ. 72-79).

 

3.2.7. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება შპს ,,ვ-----ს" მიმართ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო;

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინება (ტომი 2, ს. ფ. 181-184).

 

3.2.8. 2019 წლის 22 აპრილის მდგომარეობით შპს ,,ვ-----ს" ერიცხება საგადასახადო დავალიანება 1 224 056, 38 ლარი (დამატებით დარიცხული აქვს 255 148,78 ლარი), ხოლო შპს ,,ბ------ს" - 5 145 969, 60 ლარი (დამატებით დარიცხული აქვს 400 ლარი).

 

მტკიცებულება: სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი შედარების აქტები.

 

3.2.9. შპს ,,ვ-----ს" მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2016 წლის 17 აგვისტოს, შპს ,,ბ------ს" ქონებაზე - 2016 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ბ------- ც---–---ის ქონებაზე - 2014 წლის 20 ნოემბერს.

 

მტკიცებულება: ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 149-150, 205-208);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც გადასახადის გადამხდელი - შპს ,,ვ-----", ვისი საგადასახადო ვალდებულებების გადახდისაგან თავის არიდების საფუძვლითაც მოსარჩელე ითხოვდა დანარჩენი ორი მოპასუხის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას, ლიკვიდირებულია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთისაგან გამიჯნულ უნდა იქნენ იურიდიული პირები და ფიზიკური პირი და დადგინდეს, რამდენად წარმოადგენს ბ------- ც---–---ე შპს ,,ვ-----სა" და შპს ,,ბ------ს" ცრუმაგიერ პირს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებულ პირთა დეფინიცია: ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად;

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს ბ------- ც---–---ის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ------- ც---–---ეს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის დასახელებულ შპს-ებთან მიმართებაში.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

 

დადგენილია, რომ შპს „ვ-----ს“ პარტნიორი 80 %-იანი წილით და დირექტორი, ხოლო შპს „ბ------ს“ პარტნიორი 100 %-იანი წილით და დირექტორი ბ------- ც---–---ეა.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება და კაპიტალის განსაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს ბ------- ც---–---ის მიერ შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ, ბ------- ც---–---ეს, როგორც ფიზიკური პირს, და მეორე მხრივ, შპს „ვ-----სა“ და შპს „ბ------ს“, როგორც იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

საქმის მასალებით, ბ------- ც---–---ე და შპს-ები წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

აქედან გამომდინარე, კომპანიის ვალდებულებებზე პასუხს აგებს არა საზოგადოების დამფუძნებელი, დირექტორი და ა. შ., არამედ თვითონ საზოგადოება მთელი თავისი ქონებით.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე დაფუძნებული კომპანიის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია დამფუძნებლისაგან (პარტნიორისაგან) განცალკევებულ და დამოუკიდებელ სუბიექტს წარმოადგენს. საზოგადოების პარტნიორი კომპანიის ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე არ არის პასუხისმგებელი. სწორედ აღნიშნული გარემოება განასხვავებს იურიდიულ პირებს ინდივიდუალური მეწარმისაგან, რომელიც თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ბ------- ც---–---ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, შეიძინა მოძრავი ქონება (ავტომანქანები) შპს „ვ-----ს“ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

 

ბ------- ც---–---ისა თუ მისი მეუღლის სახელზე ავტომანქანების აღრიცხვასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ფაქტი არ ადასტურებს შპს „ვ-----სა“ თუ შპს ,,ბ------ს" ბ------- ც---–---ისაგან გაუმიჯნაობის ფაქტს, რადგან თვით მოპასუხე განმარტავს, რომ ავტომანქანა შეიძინა შპს ,,ბ------დან" მიღებული ხელფასით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, ბ------- ც---–---ე და, მეორე მხრივ, შპს „ვ-----“ და შპს „ბ------“, საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, ერთი მხრივ, ბ------- ც---–---ის და, მეორე მხრივ, შპს „ვ-----სა“ და შპს „ბ------ს“ ცრუმაგიერ პირად ცნობასთან მიმართებაში უსაფუძვლოა.

 

შპს ,,ვ-----სა" და შპს ,,ბ------ს" ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობასთან მიმართებაში მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: შპს ,,ვ-----ს" გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის დირექტორი და 80 %-იანი წილის მფლობელი იყო ბ------- ც---–---ე; მისი საქმიანობის სახე იყო რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება (სადისტრიბუციო ქსელი); შპს ,,ვ-----ს" აღიარებული საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა მის მიერ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების საფუძველზე, რის შემდეგაც შპს ,,ვ-----მ" სამეწარმეო აქტივობა შეწყვიტა. ბ------- ც---–---ემ 2015 წელს დააფუძნა შპს ,,ბ------", რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი თვითონაა; ბ------- ც---–---ემ იგივე სამეწარმეო საქმიანობა გააგრძელა შპს ,,ბ------ს" სახელით; ამასთან, ორივე კომპანიის იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა: გორი, მ–-------ის გამზ. № 22/4. ბ------- ც---–---ემ 2016 წლის აგვისტოში შეიძინა ავტომანქანა ,,ნისანი", რაც იმავე წლის ოქტომბერში გადაუფორმა მეუღლეს; მეუღლის სახელზევე შეიძინა მან ავტომანქანა ,,ჰონდა" 2016 წლის სექტემბერში. მეუღლეს, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, საკუთარი შემოსავლების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. შპს ,,ვ-----ს" მიერ გადასახადის დარიცხვის შემდგომ საქმიანობის შეჩერება და შპს ,,ბ------ს" მიერ იგივე საქმიანობის გაგრძელება, დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ, საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნაცვლად, პირად საკუთრებაში ქონების შეძენა მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

 

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ვ-----ს" მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2016 წლის 17 აგვისტოს, შპს ,,ბ------ს" ქონებაზე - 2016 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ბ------- ც---–---ის ქონებაზე - 2014 წლის 20 ნოემბერს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფაქტი, რომ შპს ,,ბ------" წარმოადგენს შპს ,,ვ-----ს" ცრუმაგიერ პირს და შპს ,,ვ-----ს" ქონება გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის) განხორციელებამდე გადაეცა შპს ,,ბ------ს", საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, როგორც წესი, არ უკავშირდება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას, რამდენადაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.

 

ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ, მის საკუთრებაში არსებული აქტივების ნებისმიერი, თუნდაც კანონით დადგენილი წესით განკარგვა, მას შემდეგ, რაც შეიტყო საგადასახადო ორგანოს მიერ მისი საქმიანობის მოსალოდნელი შემოწმების შესახებ, უკვე წარმოშობს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენის საფუძველს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს „ვ-----ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების საფუძველზე.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი უტყუარად არ დასტურდება იმ გარემოების არსებობა, რომ საქმიანობის შეწყვეტის მიზანი იყო გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება; მით უფრო, რომ შპს ,,ვ-----ს" მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება უკვე რეგისტრირებული იყო 2016 წლის 17 აგვისტოს; იგივე უფლება გავრცელებული იყო შპს ,,ბ------სა" და ბ------- ც---–---ეზე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, სარჩელის მიხედვით, შპს ,,ბ------" ბ------- ც---–---ემ დააფუძნა შპს ,,ვ-----ს" საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდების მოტივით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება, თუ იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

 

შპს ,,ვ-----", თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, გამოცხადდა გაკოტრებულად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ სუბიექტის რეგისტრაცია რეესტრში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება შპს ,,ვ-----ს" მიმართ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან იურიდიული პირის ამოშლა იწვევს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ შპს ,,ბ------" დაფუძნებულია რეესტრიდან ამოშლილი შპს ,,ვ-----ს" საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდების მოტივით, და რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან პრაქტიკულად გამიჯვნა ვერ ხდება.

 

ცრუმაგიერ პირებად აღიარება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების (დავალიანების) იძულებით აღსრულების საშუალებას ცრუმაგიერი პირების ქონებიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე აღარ არის საგადასახადო დავალიანება, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის დავის საგანიც აღარ არსებობს.

 

მოცემულ საქმეზე შპს ,,ვ-----ს" მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო; შემოსავლების სამსახურის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება-დაკონკრეტება არ მომხდარა;

 

პირი, ვის მიმართაც საქმის წარმოება შეწყვეტილია, გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება, ხოლო შპს ,,ბ------სა" და ბ------- ც---–---ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი, ამ სარჩელის ფარგლებში, არ არსებობს.

 

კონკრეტული ერთი პირი სხვა პირის მხრიდან გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია, დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, ინტერესები.

 

დადგენილია, რომ ბ------- ც---–---ე არის შპს ,,ბ------ს" დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ფიზიკური პირის მის მიერ დაფუძნებული შპს-სგან გაუმიჯნაობას.

 

მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელ - შპს ,,ბ------ს" განსხვავება შეუძლებელია მისი დამფუძნებელი და დირექტორი ფიზიკური პირისა და თუნდაც შპს ,,ვ-----სგან".

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, არ არის განმსაზღვრელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე, დამფუძნებელ პირთა ან დირექტორების შპს-ს ცრუმაგიერ პირებად მიჩნევისათვის.

 

მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ შპს-ს დაფუძნება გამოყენებულია საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით, იმთავითვე არ ქმნის მოპასუხე ფიზიკური და იურიდიული პირების ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობის წინაპირობას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სრულიად სხვაა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით შპს-ს პარტნიორისათვის განსაზღვრული პირადი პასუხისმგებლობის ფორმები, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, და სხვაა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით პირთა ცრუმაგიერად მიჩნევის საფუძვლები: პირველი შემთხვევა დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობებზე, ხოლო მეორე - საგადასახადო სამართალურთიერთობასთან.

 

გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას.

 

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას.

 

ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა.

 

არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება.

 

სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას.

 

გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა, დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

მოცემულ სარჩელზე უტყუარად დასტურდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. - 3.2.9. პუნქტები), რომელიც არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გაააჩნიათ, ან გააჩნდათ იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე.

 

მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციებით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებებისა და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავიდან აცილების მიზნით.

 

მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელ ქმედებებს, და თუ მყარად, უტყუარად არ იქნა დადასტურებული გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება, მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოკლებული იქნება როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს.

 

ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

შპს ,,ბ------სა" და ბ------- ც---–---ეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საჩივარზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 50-50 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს. ფ. 250-251), თუმცა იმის გამო, რომ ისინი არ შუამდგომლობენ მის ანაზღაურებას, მოსარჩელეზე ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება ვერ მოხდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო, ბარგატ ც---–---ის მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს და შპს ,,მ------ში” (ს/ნ 4--------) ბ------- ც---–---ის 50% იანი წილს; ბ------- ც---–---ის სახელზე რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1/2 წილს, მდებარე ქ.გორში, ს----–---–ის ქუჩა № 8-ში, საკადასტრო კოდით № 6--4--1--0--- ბ------- ც---–---ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მოდელი NISSAN ROGUE, სახ.ნომერი Z------ (ტომი 1, ს. ფ. 214-217, 254-258).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,ბ------სა” და ბ------- ც---–---ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ბარგატ ც---–---ის მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს და შპს ,,მ------ში” (ს/ნ 4--------) ბ------- ც---–---ის 50%-იან წილს; ბ------- ც---–---ის სახელზე რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1/2 წილს, მდებარე ქ. გორში, ს----–---–ის ქუჩა № 8-ში, საკადასტრო კოდით № 6--4--1--0--- ბ------- ც---–---ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას: მოდელი NISSAN ROGUE, სახ.ნომერი Z--------.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი