გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21406-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: გ------------ე
წარმომადგენელები: ზ------------ე, კ------------–----ე, ნ-----–----------ე
მოპასუხე: მ--------------ე
წარმომადგენელი: გ---------------ე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------------ესა და მ--------------ეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ზაჰესი, მ–-------------------, ბინა 304-305, ს/კ 7-------------------, 2016 წლის 07 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე გ------------ეს საკუთრებაში ჰქონდა ბინა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზაჰესის დასახლება, მ–-------------------, ბინა 304-305, ს/კ 7-------------------. მას და მის მეუღლეს მ--------------ეს შორის 2016 წლის 07 ივნისს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა ზემოთ დასახელებული უძრავი ქონება.
ბინის ჩუქებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მოპასუხე გახდა აგრესიული, გამოხატავდა უპატივცემულობას და სურდა გ------------ეს დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. ასევე, მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სცემდა და სხეულის დაზიანებაც მიაყენა, რისთვისაც მას ბრალიც წაუყენეს.
მოპასუხემ თავისი მოქმედებებით გამოიჩინა უმადურობა და უპატივცემულობა მოსარჩელის მიმართ. გ------------ეს უნდოდა, რომ მისთვის ესიამოვნებინა ქონების გადაფორმებით, მან კი მიითვისა ქონება და მოსარჩელეს სახლიდანაც აგდებდა.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი, დღეის მდგომარეობით, ცხოვრობს ბიძაშვილის სახლში. განქორწინება არ სურს და უნდა ოჯახთან - მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრება. თუმცა, მას არ სურს გერთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრება, რომლებიც ამჟამად სადავო სახლში ცხოვრობენ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მოსარჩელეზე ძალადობდა და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არამედ, პირიქით, გ------------ე ძალადობდა მუდმივად მ--------------ეზე. მოპასუხე და მისი შვილი გახდნენ მოსარჩელის ძალადობის მსხვერპლნი, რომელმაც სიმთვრალის დროს სასტიკად ცემა მოპასუხე და ძლიერ უკბინა მის შვილს. მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო ჩუქების მომენტში. მ--------------ე მართლაც სთხოვდა გ------------ეს ბინის დატოვებას, რადგან მას აღარ შეეძლო გაუსაძლისი შეურაცხყოფისა და ფიზიკური დამცირების ატანა. მოსარჩელეს არაერთი წელია ურთიერთობა აქვს სხვა ქალთან და სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი აგრესიულობისა.
მოპასუხის განმარტებით, არც ის გარემოება შეესაბამება სიმართლეს, რომ გ------------ემ მ--------------ეს იმ მიზეზით აჩუქა ბინა, რომ მისთვის ესიამოვნებინა. ბინის ჩუქების რეალური მიზეზი გახდა ის, რომ ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, ხოლო ვინაიდან გ------------ე ვეღარ იხდიდა იპოთეკის საფასურს, ცოლს შესთავაზა, რომ თუკი ის გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას, ბინას მას გადაუფორმებდა. სწორედ ეს გახდა ბინის ჩუქების მიზეზი და არა სიყვარული და პატივისცემა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ------------ე და მ--------------ე 2007 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
3.1.2. 2016 წლის 07 ივნისს გ------------ესა და მ--------------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------------ემ მ--------------ეს საკუთრებაში გადასცა, აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ზაჰესი, მ–-------------------, სართ. 3, ბინა 304-305, ფართი 44.67 კვ.მ., ს/კ 7-------------------.
აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მ--------------ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ზემოთ დასახელებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენის თანახმად, მ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნული განაჩენის თანახმად, სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2018 წლის 09 ივნისს ღამის საათებში ქ. თბილისი, მ–---------------------------------------------ში, მ--------------ემ შვილ ა-------–---–--–---–--ან ერთად, არასრულწლოვანი შვილის ვ-------------ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს გ------------ეს. კერძოდ, რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, მოქაჩა თმებში და დაკაწრა სახეზე ხელებით, რის შედეგადაც გ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე გ------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
3.1.4. გ------------ე, დღეის მდგომარეობით, არ ცხვრობს სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ზაჰესი, მ–-------------------, ბინა 304-305, ფართი 44.67 კვ.მ., ს/კ 7-------------------. მოსარჩელის განმარტებით, იგი ამჟამად ცხოვრობს ბიძაშვილთან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-525-ე, 529-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ №7932/03; იხ. სუსგ. №ას-668-668-2018, 20.07.2018წ.).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, კი მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
ამდენად, ჩუქება ცალმხრივი გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მჩუქებელი გამოხატავს ცალმხრივ ნებას, რომლის ნამდვილობისთვისაც საჭიროა მეორე მხარის მიერ მისი მიღება
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ივნისს გ------------ესა და მ--------------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------------ემ მ--------------ეს საკუთრებაში გადასცა, აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ზაჰესი, მ–-------------------, სართ. 3, ბინა 304-305, ფართი 44.67 კვ.მ., ს/კ 7-------------------. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მ--------------ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ზემოთ დასახელებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
ჩუქების ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ქონების უსასყიდლო, აუნაზღაურებელი გადაცემა. დასაჩუქრებული არ არის ვალდებული, რაიმე საპასუხო მოქმედება განახორციელოს მჩუქებლის მისამართით. აღნიშნული ხელშეკრულება მას, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ აყენებს „დავალებულ“ მდგომარეობაში. თუმცა, ჩუქების ხელშეკრულებით დასაჩუქრებული ხდება მესაკუთრე და ნივთზე ბატონობა მთლიანად მის ხელში გადადის. მჩუქებელი კარგავს ყველანაირ უფლებას გაჩუქებულ ნივთზე და სამართლებრივად კავშირს წყვეტს მასთან. თუმცა, კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს, როდესაც ეს კავშირი შეიძლება, კვლავ აღდგეს. ასეთი დამოკიდებულება, როგორც წესი, ჩუქების ხელშეკრულების ბუნებისთვის არ არის დამახასიათებელი და სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების თავისებურებიდან გამომდინარე, ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება მხოლოდ კანონით იმპერატიულად დადგენილ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას ხდება შესაძლებელი. სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის ხელშეკრულების იმ სახეს წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ მორალურ პრინციპებთან არის დაკავშირებული, რაც მის უსასყიდლო ხასიათში ვლინდება. ამგვარ ხელშეკრულებათა მოტივს, როგორც წესი, მჩუქებლის კეთილი ნება წარმოადგენს. ამდენად, კანონი მას უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხელშეკრულებათა ბათილობის საფუძვლების გარდა, მისი გაუქმების გარემოებად მიიჩნევს დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას ან მათ მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენას.
ჩუქების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი ადგენს, რომ საკუთრების გაუქმება დასაშვებია, თუ დასაჩუქრებული მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოიჩენს უმადურობას ან მიაყენებს მძიმე შეურაცხყოფას. აღნიშნული დათქმა ჩუქების „ზნეობრივი“ ბუნებიდან გამომდინარეობს და ხელშეკრულების გაუქმება დასახული მიზნის პროპორციული შეიძლება იყოს არა მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებიდან, არამედ, ჩუქების აქტის შემდგომ განვითარებული მოვლენების გონივრული განსჯიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოს, მსგავსად მჩუქებლისა, მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ დასაჩუქრებულის ქცევა ეწინააღმდეგება საზოგადოების სოციუმში დამკვიდრებულ მორალურ სტანდარტს, რომლის გამოც გაუმართლებელია ხელშეკრულების მონაწილეთა შემდგომი ურთიერთობა. (იხ. სუსგ. №ას-447-419-2017; 09.06.2017წ.)
კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობის გამოვლენად. შესაბამისად, წარმოიშვას ჩუქების გაუქმების საფუძველი. თავისთავად „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. სასამართლოს და არა თავად მოსარჩელის შეფასების საგანია, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. (იხ. სუსგ. №ას-290-276-2016; 25.05.2016 წ.)
ამრიგად, ზემოთ აღნიშნული საფუძვლებით ჩუქების ხელშეკრულების სადავოობისას, მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, ვალდებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მიუთითოს იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც შეიძლება სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნეს როგორც მძიმე შეურაცხყოფა ან/და დიდი უმადურობა, ასევე წარმოადგინოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელემ ცემა მოპასუხე და აგდებდა სახლიდან. მოპასუხის მიერ მოსარჩელის ცემის ფაქტი დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, რომლის თანახმად სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 09 ივნისს ღამის საათებში ქ. თბილისი, მ–---------------------------------------------ში, მ--------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს გ------------ეს. კერძოდ, რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, მოქაჩა თმებში და დაკაწრა სახეზე ხელებით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გ------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო მ--------------ე დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. რაც შეეხება მოსარჩელის სადავო ბინიდან გაგდების ფაქტს, მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, იგი წავიდა სახლიდან და ცხოვრობს ბიძაშვილთან. ამასთან, მხარეთა განმარტებით, ზემოთ დასახელებულ გარემოებებს ადგილი ჰქონდა ეჭვიანობის ნიადაგზე. ხოლო, როგორც სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელე გ------------ემ განმარტა, მას არ უნდა მის მეუღლესთან განქორწინება და სურს საკუთარ მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრება. თუმცა, მას არ სურს გერთან, მეუღლის შვილთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრება, რომლებიც სადავო ბინაში ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კვლავ სურს მის მეულღესთან ერთად თანაცხოვრება და არ უნდა განქორწინება სასამართლოს არ უქმნის იმის შინაგან რწმენას, რომ 2018 წლის 09 ივნისს მომხდარი ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსარჩელის მიერ აღქმულ იქნა ისეთი სახის შეურაცხყოფად ან/და უმადურობად, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იწვევს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას. მართალია, ზემოთ მითითებული ქცევა, ზოგადად ეწინააღმდეგება საზოგადოების სოციუმში დამკვიდრებულ მორალურ სტანდარტს, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მთავარი გარემოებაა ის, რომ გამჩუქებელი თავად ადასტურებს დასაჩუქრებულთან შემდგომი ურთიერთობის შესაძლებლობას, რაც თავისი არსით წინააღმდეგობაში მოდის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობებთან.
სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ განსაკუთრებული უმადურობა და მძიმე შეურაცხყოფა შეფასებითი კატეგორიაა, თუმცა საკამათოა აღნიშნულის დადგენის შეფასებისას მხოლოდ მჩუქებლის მოსაზრებების გათვალისწინება. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა რომ 07.06.2016წ. ჩუქების ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან გამჩუქებლის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის შესახებ. შესაბამისად, ვინაიდან სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს დასაჩუქრებულის - მ--------------ის საკუთრებას, იგი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ ფლობდეს, სარგებლობდეს ან/და განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მათ შორის დაუშვას ან არ დაუშვას ნებისმიერ მესამე პირთა მიერ, მისი ქონებით სარგებლობა. ამდენად, ის გარემოება, რომ მ--------------ე გ------------ეს „სახლიდან აგდებდა“ ან/და ის გარემოება, რომ გ------------ის მიერ მეუღლისათვის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს მისი მეუღლის შვილი (მისი გერი) თავის ოჯახთან ერთად, ვერ იქნება შეფასებული, როგორც მოსარჩელის მძიმე შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ გამოხატული დიდი უმდურობა.
ამრიგად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ „მძიმე შეურაცხყოფის“ მიყენება ან „დიდ უმადურობის“ გამოჩენა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა დადასტურებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------ის სარჩელი მ--------------ის მიმართ მათ შორის 2016 წლის 07 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ ასებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. აქვე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2019-ე მუხლის პირველ ნაწილაზე, რომლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული, და განმარტავს, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებებზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ახალ გარემოებებს, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა გ------------ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე მ--------------ის მოთხოვნა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განჩინებით, გ------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მ--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თბილისი, დასახლება ზაჰესი, მ–--------------------------------, ს/კ 7-------------------, ფართით 44.61 კვ.მ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------------ის სარჩელი მ--------------ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ზაჰესი, მ–--------------------------------, ს/კ 7-------------------, ფართით 44.61 კვ.მ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/21406-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: გ------------ე
წარმომადგენელები: ზ------------ე, კ------------–----ე, ნ-----–----------ე
მოპასუხე: მ--------------ე
წარმომადგენელი: გ---------------ე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------------ის სარჩელი მ--------------ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ზაჰესი, მ–--------------------------------, ს/კ 7-------------------, ფართით 44.61 კვ.მ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი