გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.04.2019
საქმის ნომერი
330310018002667022
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6304-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: შპს "N--------------" (ს/ნ 4--------);

წარმომადგენელი: დ---------–--------–-–---------------------------------------

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: ლ-–--------–---–-;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 03 სექტემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - სერია N C-------;

1.2- ბათილად იქნეს ცნობილი ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანება N 2----;

1.3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების გადახდა;

 

სარჩელში აღინიშნა, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით N------, რა დროსაც დადგინდა, რომ ბ--------–-- (ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი) ახდენდა შპს "----------------ის" სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ საქონელს (სულ 65 ლარის ღირებულების საქონელი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზედაც გამოიცა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოსარჩელეს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286.2- მუხლით გათვალისწინებული სანქცია - 5000 ლარი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ბრძანება N2----) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამართალდარღვევის ოქმსა და გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მძღოლი ახდენდა შპს "----------------ის" საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რეალურად მძღოლს თნ ჰქონდა სასაქონლო ზედნადები, რომელშიც გამორჩენილი იყო მანქანის ნომერი (მე-10 ველი) რაც წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს, ხოლო ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა პროდუქცია, მხარეები, საქონლის ფასი და ა. შ იყო აღნიშნული. მიაჩნიათ, რომ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.

 

2- მოპასუხის პოზიცია:

 

2-1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს საღჩელი უსაფუძვლობის გამო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.2- მუხლი, რაც ითვალისწინებს სამეწარმეო საქმიანობისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე, საქონლის ტრანსპორტირებისას, პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2018 წლის 03 სექტემბერს 17:24 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------.

 

ოქმში აღინიშნა, რომ საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს "----------------ს" (ს/ნ 4--------) მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ.-ს მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 00 ლარს, ჩადენილი განმეორებით) (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: N-----; მძღოლი: ბ--------–-- პ/ნ 1---------- გადამოწმების დრო: 03.09.2018 16:59), კერძოდ 65 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის „სამუშაო ხელთათმანი 52 ცალი, სამუშაო სათვალე 2 ცალი“ (65,00 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც ს.ს.კ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას.

სამართალდამრღვევი: შპს "----------------ს" (ს/ნ 4--------);

შეფარდებული სანქცია: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ფულადი ჯარიმა (5000 ლარი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.09.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C------- (ს.ფ. 16)

 

3.2- 2018 წლის 2018 წლის 05 სექტემბერს მოსარჩელე შპს "----------------მ "(ს/ნ 4--------) წარადგინა საჩივარი (N 3------------ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.09.2018 წლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე და მოითხოვა დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლება.

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N2---- ბრძანებით, (შპს "----------------ს" (ს/ნ 4--------) 2018 წლის 05 სექტემბერის საჩივარი არ დაკმაყოფილების თაობაზე) თანახმად, შპს "----------------ს" (ს/ნ 4--------) 2018 წლის 05 სექტემბერის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

ბრძანებაში აღინიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 14 სექტემბერის სხდომაზე (ოქმიN75) განიხილა შპს "----------------ს" (ს/ნ 4--------) 2018 წლის 05 სექტემბერის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.09.2018 წლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოეათა გამო:

 

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადოკოდექსის 269.1. მუხლი; 270-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები; 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები;

საქმეზე არსებული მასალებით და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დაადგინა, რომ შპს "----------------ს“ (ს/ნ 4--------) მხრიდან ადგილი ქონდა სამართალდარღვევის ჩადების ფაქტს, შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით დგინდებოდა, რომ სამართალდარღვევის ფაქტი წარმოადგენდა განმეორებით შემთხვევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია რომ საჩივარი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.03.2018 წლის ბრძანება N2----(იხ. ს.ფ. 21-22).

 

3.4. საქმეში წარმოდგენილია 03.09.2018 წლის სასაქონლო ზედნადების Nე-–----------- და ცხრილი.

სასაქონლო ზედნადები:

1.სასაქონლო ზედნადები Nე-–-------------- 2-თარიღი: 03.09.2018 წლის 3. დრო: 14:42:02; კორექტირების თარიღი: 03.09.2018 18:24:11 და სასაქონლო ზედნადების ცხრილი; 4. გამყიდველი (გამგზავნის) დასახელება: შპს “T--; საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: 4--------; 5. მყიდველი (მიმღები) დასახელება: შპს "N--------------“; საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: 4--------; 6. ოპერაციის შინაარსი: ტრანსპორტირებით. 7. ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი): ე-–-----------------------; 8. ტრანსპორტირების დასრულების ადგილი (მისამართი): ზუ---------------------------; 9. ტრანსპორტირების სახე: საავტომობილო; 10. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: N------; მისაბმელი: X; 11. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი: 1----------, ბ--------–--; 12- გამყიდველის (გამგზავნის) მყიდველის (მიმღების) მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი: მყიდველი - 0;

სასაქონლო ზედნადების ცხრილი:

საქონლის დასახელება: 1. სამუშაო ხელთათმანი სვარკის (საქონლის კოდი: 05310;, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 2-0000; საქონლის ერთეულის ფასი: 6,000; საქონლის ფასი: 12-000); 2-დამცავი სათვალე რეზინზე (საქონლის კოდი: 05591;, საქონლის ზომის ერთეული: ცალი; საქონლის რაოდენობა: 2-0000; საქონლის ერთეულის ფასი: 4,000; საქონლის ფასი: 8.000); 3. პოლიურეთანის ხელთათმანი (საქონლის კოდი: 006189;, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 82-0000; საქონლის ერთეულის ფასი: 0.5500; საქონლის ფასი: 45.1000); 13. მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით სიტყვიერად): 65.1 - სამოცდახუთი ლარი და ათი თეთრი; 18. მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი(რიცხვი, თვე, წელი): 04.09.2018, დრო (საათი, წუთი): 10:15:00.

 

3.5. საქმეში წარმოდგენილია ძირითადი ინფორმაცია 03.09.2018 წლის სასაქონლო ზედნადების Nე-–----------- და ცხრილი (ელექტრონული ამონაწერი), გააქტიურების თარიღი 03.09.2018 წლის 14:42-

აქტიური ზედნადები/ მისაღები :

1. საქონლის დასახელება: სამუშაო ხელთათმანი სვარკის (საქონლის კოდი: 05310;, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 2-0000; საქონლის ერთეულის ფასი: 6,000; საქონლის ფასი: 12-000);

2- დამცავი სათვალე რეზინზე (საქონლის კოდი: 05591;, საქონლის ზომის ერთეული: ცალი; საქონლის რაოდენობა: 2-0000; საქონლის ერთეულის ფასი: 4,000; საქონლის ფასი: 8.000);

3. პოლიურეთანის ხელთათმანი (საქონლის კოდი: 006189;, საქონლის ზომის ერთეული: წყვილი; საქონლის რაოდენობა: 82-0000; საქონლის ერთეულის ფასი: 0.5500; საქონლის ფასი: 45.1000); მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით სიტყვიერად): 65.1 - სამოცდახუთი ლარი და ათი თეთრი.

ტრანსპორტირების დაწყების თარიღი (გადავადება) 03.სექ.2018, საათი: 14:42- ექსპორტი. ჩამბარებელი: .(არ არის მითითებული); მიმღები (არ არის მითითებული). ჩაბარების თარიღი 04 ოქტ.2018წ. საათი 13. წუთი 04

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-03.09.2018 წლის სასაქონლო ზედნადების Nე-–-----------, ცხრილი (იხ. ს.ფ.23);

- აქტიური ზედნანდები/მისაღები (იხ. ს.ფ.24).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით შესწავლისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს "----------------ის“ (ს/ნ 4--------) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N996;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2- მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამ კოდექსის 22-1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

ამ კოდექსის 17.1. მუხლით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე ნოემის მე-2 ნაწილით, უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

6.2- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-1.,,დ“ მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.3. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 03 სექტემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C------- და შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N2---- ბრძანება, წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-1.,,დ“ მუხლით რეგლამენტირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, განსახილველი დავის ფაგლებში.

 

6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2-2- მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამ კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ;

 

ამ კოდექსის 51.1. მუხლით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით. პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

 

6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია:

- 2018 წლის 03 სექტემბერს 17:24 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------, შპს "----------------ს" (ს/ნ 4--------) მიმართ, საგადასახადო სამართალდარღვევა, გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.2- მუხლით, (საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს "----------------ს" ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო N N------; მძღოლი: ბ--------–--; გადამოწმების დრო: 03.09.2018 16:59, კერძოდ 65 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის „სამუშაო ხელთათმანი 52 ცალი, სამუშაო სათვალე 2 ცალი“ 65,00 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე) შეფარდებული სანქცია - ფულადი ჯარიმა (5000 ლარი).

- 03.09.2018 წლის 14:42:02 სათზე გაცემულ N--–------------- სასაქონლო ზედნადებში კორექტირება იქნა შეტანილი იმავე დღეს, 03.09.2018 წლის 18:24:11 საათზე.

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის N2---- ბრძანებით, შპს "----------------ს" (ს/ნ 4--------) 2018 წლის 05 სექტემბერის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავის საგანი - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 03 სექტემბერის (17:24 საათი) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №C-------.

- სასამართლო სახდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქონელი განკუთვნილი გახლდათ შიდა მოხმარებისათვის, მოსარჩელის სამშენებლო ობიექტის მუშებისათვის და არა სამეწარმეო მიზნებისთვის.

- არ დასტურდება საგადასახადო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს საქაართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განმარტებაზე, საქმეზე Nბს-946-942(კ-17) , სახელდობრ:

 

,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისათვის აუცილებელია სამი საფუძველი: ნორმატიული, ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისთვის, ფაქტიური – საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური – ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსული სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის."

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადების გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების და აღრიცხვის წესი მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებითა და ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ასევე მოწესრიგებულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით საქონლის ტრანსპორტირებისა და სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეები და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა.

 

6.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1. მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამავე ნორმის მე-8 ნაწილით, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ამ კოდექსის 270.1. მუხლით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

ამ კოდექსის 271.1 მუხლით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ან ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მე-4 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.

 

ამ კოდექსის 136.4. მუხლით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.1. მუხლით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

6.9. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტიკცება (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი), რომლითაც დადასტურდებოდა განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი სამართალდარღვევის (სსკ-ის 286.2- მუხლი) მოსარჩელის მიერ, განმეორებით (სადავო ოქმის შედგენამდე, წინა 12 თვის განმავლობაში) ჩადენის ფაქტი.

 

6.10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცდა ,,„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი“ თანდართული რედაქციით.

 

,,წესის’’ 70.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

 

,,წესის" 72-1. მუხლით, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

,,წესის" 74.1. მუხლით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, წარმოადგენს პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ამ წესის 70-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენასთან და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ეგზავნება უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ღონისძიებებს.

 

6.11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.

 

,,ინსტრუქციის" 24.1. მუხლით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

,,ინსტრუქციის" 251 1. მუხლის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამავე ნორმის მე-14 ნაწილით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

 

ამავე მუხლის მე-15,,ა" ნაწილის მიხედვით, ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის: ა) შესაბამისი პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში.

 

6.12- ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელია ვალდებულია, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები. სასაქონლო ზედნადები წარმოადგენს შემოსავლისა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, იგი გამოიცემა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, საგადასახადო მიზნებისთვის. ამასთან, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება, ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ თავისუფალი მეწარმეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საგადასახადო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია გადასახადის გადამხდელთა კანონიერი ინტერესების დაცვა. ამდენად, საგადასახადო ორგანოთა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის განხორციელებისთვის ხელშეშლა თუ შეფერხება, რამეთუ აღნიშნული პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტთან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. ამასთან, კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი ზედნადების გამოწერების ვალდებულება საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ან საქონლის მიწოდებისთანავე, როდესაც ადგილი არ აქვს ტრანსპორტირებას.

 

6.13. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.5. მუხლით, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.

 

6.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი და დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, მოსარჩელემ, 03.09.2018 წლის 14:42 საათზე გამოწერილ Nე-–----------- სასაქონლო ზედნადებში, საქონლის მიწოდების დასრულებამდე (04.09.2018 10:15:00) განახორციელა კორექტირება 03.09.2018 წლის 18:24:11 საათზე ,,მე-10 სტრიქონში (ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა) და მიუთითა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. ამასთან, ტრანსპორტირებული საქონელი, განკუთვნილი გახლდათ, შიდა მოხმარებისათვის, მოსარჩელის სამშენებლო ობიექტის მუშებისათვის.საგულისხმოა, რომ არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286.1. მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი.

 

ამასთან, სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივ გარემოება და საქმის მასალებით დასტურდება, რომ 03.09.2018 წლის Nე-–----------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულია: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი, დრო (გამოცემის და კორექტირების); ბ) დასახელებულია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეები და საიდენტიფიკაციო ნომერი (შპს “T--", ს/ნ 4-------- და ს "N--------------" ს/ნ4--------) სახელი და გვარი (მძღოლის), პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა (იხ. ცხრილი).

 

6.15. სასამართლოს მოსაზრებით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად ჩაითვლება და შესაბამისი სანქცია გამოიყენება, იმ შემთხვევაში თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული: 1) რაიმე რეკვიზიტი, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე; 2) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; 3) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; 4) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ტექნიკურ შეცდომად უნდა იქნეს მიჩნეული სასაქონლო ზედნადებში ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოს ნომერის მიუთითებლობა, რადგან აღნიშნულმა შეცდომა არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე (საქონელი განკუთვლია შიდა მოხმარებისთვის, მოსარჩელის კუთვნილი სამშენებლო ობიექტების მუშებისათვის, კორექტირებული იქნა და არ დასტურდება განმეორებით ჩადენის ფაქტი)

 

6.16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ შეუსწავლია, არსებითად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სახელდობრ, არ იქნა დადგენილი რეალურად ჰქონდა თუ არა საგადასახადო კოდექსის 136.4. მუხლის და 286.2- მუხლის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი, კერძოდ, ახორციელებდა თუ არა მეწარმე საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას და სამართალდარღვევა ჩადენილი გახლდათ თუ არა განმეორებით.

 

სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5. მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

6.17. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 5.2- მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.

 

6.18. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-1. მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.09.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის N C------- ოქმი და შემოსავლების სამსახურის 19.09. 2018 წლის ბრძანება2---- - ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მათი გამოცემის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2- მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელმწიფო ბაჟს.

 

ამ კოდექსის 53.1. მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2- სასამართლო აღნიშნავს, რომ წაინამდებარე სარჩელზე მოსარჩელე შპს "----------------ის" (ს/ნ 4--------) მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, შესაბამისად, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს, უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-; მე-2; მე-12; მე-13; 22-ე; 261.3.; 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს "----------------ის" (ს/ნ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 03 სექტემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია N C-------;

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანება N 2----;

4. დაეკისროს, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს, მოსარჩელე შპს "----------------ის" (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინამდებარე სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

6. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი