გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.02.2019
საქმის ნომერი
330310018002407352
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2398-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - რ----------------ე

წარმომადგენელი - ჟ------------ი

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–--ა

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №-- ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M-------------- ბრძანება, რ----------------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ----------------ის იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლითაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის M---------------- და 2018 წლის 23 მარტის M-------------- ბრძანებებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს---------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--------------- თანამდებობაზე;

1.4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ----------------ის სასარგებლოდ განაცდური ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ანაზღაურება, 2018 წლის 23 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. რ----------------ე 2015 წლის 12 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს---------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--------------- თანამდებობაზე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის ბრძანებით რ----------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის M---------------- ბრძანებით რ----------------ე გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით (ადმინისტრაციული საქმე №3/837-17წ.) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის M----------------- ბრძანება, რ----------------ის გათავისუფლების შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე რ----------------ის მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის (საქმე №3ბ/1492-17წ.) გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის M----------------- ბრძანება რ----------------ის მიმართ და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ----------------ის იმ თანამდებობაზე და იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის M--------------- ბრძანებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა რ----------------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 5 სექტემბრიდან, მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი გათავისუფლებული თანამდებობიდან ღებულობდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით (საქმე №ბს-1074-1068 (კ-17)) უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 181-198);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-25);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინება (ს.ფ. 26-29).

 

3.2. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გ---------------------------------–--------------- თანამდებობა ვაკანტური იყო 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2017 წლის 16 მაისამდე, ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ს--–---–-------------–------ ს-----------–-------------ის თანამდებობა - 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 4 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 11 იანვრის M---------------- წერილი (ს.ფ. 38).

 

3.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, რ----------------ეს 2018 წლის 2 თებერვლის M---------------- წერილით შესთავაზა ვაკანტური თანამდებობაზე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ე---------–---------------------–------------–----------------–-------------------------–-- (საშტატო კატეგორია „-------–--------–---------, შტატი ნომერი №--------) შტატზე დანიშვნა. აღნიშნული წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ს---------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--------------- თანამდებობა არ იყო ვაკანტური, ხოლო მითითებულ თანამდებობაზე დანიშნული სხვა მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ივნისის საქართველოს კანონი. ამავე წერილით რ----------------ეს ეცნობა, რომ შეთავაზებულ თანამდებობაზე (რომელიც არის ტოლფასი საშტატო კატეგორია, ტოლფასი სახელფასო განაკვეთით) დანიშვნაზე თანხმობის შესახებ წერილობით ეცნობებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.

 

2018 წლის 14 თებერვლის №------ განცხადებით რ----------------ემ უარი განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2018 წლის 2 თებერვლის M---------------- წერილი შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით და მოითხოვა იმ საშტატო ერთეულზე აღდგენა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა განსაზღვრული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 2 თებერვლის M---------------- წერილი (ს.ფ. 86-87);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- წერილი (ს.ფ. 84);

- რ----------------ის 2018 წლის 14 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 88-89).

 

3.4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №-- ბრძანებით ცვლილება შევიდა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №--- ბრძანებაში, კერძოდ, მითითებული წესის 131 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №-- ბრძანება (ს.ფ. 41).

 

3.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის M---------------- წერილით რ----------------ეს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ 131 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, განმეორებით უარის შემთხვევაში იგი გათავისუფლდებოდა სამსახურიდან და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2016 წლის 5 სექტემბრიდან გათავისუფლების დღემდე აუნაზღაურდებოდა განაცდური ხელფასი (თანამდებობრივი სარგო), იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი ღებულობდა გათავისუფლებული თანამდებობიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით. ამავე წერილით რ----------------ეს ეთხოვა, რომ წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წერილობით ეცნობებინა მისი გადაწყვეტილება.

 

2018 წლის 20 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა-------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------–--------------- და რ----------------ეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. სატელეფონო საუბრისას რ----------------ემ უარი განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 39-40);

- 2018 წლის 20 მარტის სატელეფონო საუბრის ოქმი №- (ს.ფ. 80);

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 81-83).

 

3.6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სა--------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--- ყ------–------------- თავდაცვის სამხედრო პ---–-–--------–-------- რ----------------------------- გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

მითითებული ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს დაევალა რ------------------------------------ 2016 წლის 5 სექტემბრიდან ამავე ბრძანების პირველი პუნქტის ძალაში შესვლის დღემდე განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) ანაზღაურება, იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობიდან ღებულობდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის № M---------------- ბრძანება (ს.ფ. 81-83).

 

3.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 6 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რ----------------ის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვალეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის M---------------- წერილით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის №3ბ/1492-17 სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა, კერძოდ, ვინაიდან რ----------------ემ უარი განაცხადა შეთავაზებულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M---------------- ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ განაცდური ხელფასი (თანამდებობრივი სარგო) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ს--------------–----------- ანგარიშზე ჩარიცხვის გზით აანაზღაურა იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რასაც იგი გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობიდან ღებულობდა, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის A---------------- წერილით, რ----------------ეს ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოძიებული ინფორმაცია, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 31-33);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აპრილის M---------------- წერილი (ს.ფ. 74-76);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის A---------------- წერილი (ს.ფ. 72).

 

3.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივნისის M---------------- ცნობის მიხედვით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მომუშავე სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ხელფასი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: 1. თანამდებობრივი სარგო; 2. წოდებრივი სარგო; 3. დანამატი (წელთა ნამსახურობის დანამატი, საიდუმლო დაშვების დანამატი, სამეცნიერო ხარისხის დანამატი, მრავალშვილიანობის დანამატი და სხვა...); 4. კვების კომპენსაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივნისის M---------------- ცნობა (ს.ფ. 154).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის ამავე ნაწილის ,,დ‘‘ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №-- ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში, წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M---------------- ბრძანება, რომლითაც რ----------------ე გათავისუფლდა სამსახურიდან, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M---------------- ბრძანების გამოცემის წინაპირობა და საფუძველი გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის M----------------- ბრძანება რ----------------ის მიმართ და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაევალა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ----------------ის იმ თანამდებობაზე და იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლიდანაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში იგი აღდგენილ უნდა ყოფილიყო ტოლფას თანამდებობაზე, ტოლფასი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----------------ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაკავებული ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს---------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--------------- თანამდებობა, რომელიც ვაკანტური არ იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების დროს. საგულისხმოა, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს რ----------------ის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის არსებობის ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, მითითებული საშტატო ერთეული ფაქტობრივად არსებობდა, მაგრამ არ იყო ვაკანტური სახით, მოსარჩელეს შესთავაზეს მისი ტოლფასი თანამდებობა, ტოლფასი სახელფასო განაკვეთით (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ე---------–---------------------–------------–----------------–-------------------------–-- (საშტატო კატეგორია „-------–--------–---------, შტატი ნომერი №--------)).

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ რ----------------ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი განაცხადა 2018 წლის 14 თებერვალს, წერილობით და 2018 წლის 20 მარტს, ზეპირსიტყვიერად. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M---------------- ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სა--------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--- ყ------–------------- თავდაცვის სამხედრო პ---–-–--------–-------- რ----------------------------- კვლავ გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებით და ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ სასამართლოს დავალება კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით რეალურად არ შესრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს პირდაპირ დაევალა რ----------------ის აღდგენა კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი არსებობის შემთხვევაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელე კვლავ გაათავისუფლა სამსახურიდან, იმ საფუძვლით, რომ სადავო საშტატო ერთეულზე სხვა პირი იყო დანიშნული და რ----------------ემ შეთავაზებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი განაცხადა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის, ასევე, განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა ყველასთვის. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას – მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულების კომპეტენცია არ არის სასამართლო სისტემის იურისდიქცია, იგი განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ როცა, ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა ოდენ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კანონშესაბამისი, დროული აღსრულების უზრუნველყოფით”.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონი იმპერატიულად ადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მის აღდგენას იმავე თანამდებობაზე და მხოლოდ მისი არარსებობისას ითვალისწინებს მოხელისათვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ხსენებული ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს აღსადგენი მოხელის თანამდებობაზე დანიშნული სხვა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, მას მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა ტოლფასი თანამდებობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება, ისევე, როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ აძლევდა შესაძლებლობას დამატებით გამოეკვლია საკითხი - მითითებული საშტატო ერთეული არსებობდა ვაკანტური თუ დაკავებული სახით, რამდენადაც მას სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული ჰქონდა რ----------------ის აღდგენა მის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე იმ საშტატო ერთეულის არსებობის პირობებში, რაც ასევე გათვალისწინებულია კანონმდებლობით. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის ჩანაწერი არ შეიძლება ისე იქნეს გაგებული, თითქოს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე შესაძლებელია მხოლოდ ამ უკანასკნელის თავისუფალი სახით არსებობის დროს, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს საშტატო ერთეული ფაქტობრივად არსებობს და არ არის გაუქმებული, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურში უნდა აღდგეს.

 

6.3. სასამართლო გასაჩივრებული ნორმატიული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების წესის გამოყენებით; გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე და 53–ე მუხლების მოთხოვნებს; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება არის მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა.

 

ამასთან, რაც შეეხება, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ - შინაარსობრივ კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდებულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. გამომდინარე აქედან მატერიალური კანონიერების შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №-- ბრძანებით ცვლილება შევიდა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №--- ბრძანებაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №--- ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი. მითითებული ბრძანება გამოცემულია „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.

 

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული აქტი უნდა შეესაბამებოდეს სწორედ მითითებული საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს, რამდენადაც გამოცემულია მათ შესასრულებლად. ამასთან, მართალია კანონმდებლობა ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად დარეგულირდეს საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული სამსახურებრივი ურთიერთობები, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა იყოს ზოგად სამართლებრივ ნორმებთან და მიზანთან. აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ურთიერთობების ზოგად ნორმებს და მისი მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის 131 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება დასაქმებული პირის ინტერესებს, კერძოდ, იმ პირის ინტერესს, რომელიც დანიშნულია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის საშტატო ერთეულზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მითითებული მოსაზრება ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, კერძოდ, 118-ე მუხლს, რომელიც უზრუნველყოფს მოხელის დაცვას და მე-3 პუნქტით პირდაპირ ადგენს, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებამ მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და მხოლოდ ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე, იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მითითებული ჩანაწერი ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას არ აძლევს, მოხელე იმავე თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგინოს, თუ ასეთი თანამდებობა თავისუფალი სახით არსებობს. ამასთან, პირის იმავე თანამდებობაზე აღდგენა ავტომატურად არ გულისხმობს ამ თანამდებობაზე უკვე დანიშნული სხვა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, რამდენადაც შესაძლებელია ამ უკანასკნელის სამსახურში გადაადგილება ტოლფას ან სხვა თანამდებობაზე და წარმოადგენს ცალკე მსჯელობის საგანს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი გამოცემის აუცილებელი წინაპირობის - კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №-- ბრძანება, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M-------------- ბრძანება, რ----------------ის გათავისუფლების შესახებ და ამავე დროს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ----------------ის იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლითაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის M---------------- და 2018 წლის 23 მარტის M-------------- ბრძანებებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს---------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--------------- თანამდებობაზე.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ----------------ის გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება და ამავე დროს, საჯარო დაწესებულებას დაევალა მისი კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური მოიცავს ხელფასის ისეთ განაკვეთებს, რომლის მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არ არის დამოკიდებული შრომის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. საჯარო მოხელის ხელფასი არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს რ----------------ის სასარგებლოდ განაცდური ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ანაზღაურება, 2018 წლის 23 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის N-- ბრძანება;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 მარტის M-------------- ბრძანება, რომლითაც რ----------------ე გათავისუფლდა თანამდებობიდან;

 

4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ----------------ის იმ საშტატო კატეგორიაში აღდგენის შესახებ, რომლითაც იგი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 იანვრის M---------------- და 2018 წლის 23 მარტის M-------------- ბრძანებებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს---------------–-–-----------------------------------–----–------------------------–--------------- თანამდებობაზე;

 

5. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ----------------ის სასარგებლოდ განაცდური ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის (ხელფასის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით) ანაზღაურება, 2018 წლის 23 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად;

 

6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე