გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210019002824037
საქმე #2/1369-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი ანი ჯაჭვაძე
მოსარჩელე კ------------------ი
მოსარჩელის წარმომადგენელი ი--------–--ე,მოპასუხე სა---–-–-------------------------–----------ო,მოპასუხის წარმომადგენელი გ-----------------–-–---–ი,დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ. თბილისი, 2 ქ-----------–ის შესახვევი #8-ში მდებარე, მ-----–----–---ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელე კ------------------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–-----------ომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისი, 2 ქ-----------–ის შესახვევი #8-ში მდებარე უძრავი ნივთი რეგისტრირებულია მ-----–----–---ის საკუთრებად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, შესახვევი II, ქ-----------–ის #8, ტექნიკური აღრიცხვის არქივში მ-----–----–---ის სახელზე აღრიცხულია ბინა #1-ზე (საცხოვრებელი ფართი - 26.10 კვ.მ, საერთო ფართი - 41.79 კვ.მ)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 14);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია (ს.ფ.13);
3.1.2. მ-----–----–---ი გარდაიცვალა 2-----–-–-------------
ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მ-----–----–---ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის ინფორმაციის თანახმად, არ მოიძებნა ინფორმაცია მ-----–----–---ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 23);
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 24);
- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 25);
3.1.3. ქ. თბილისი, გ---------ის ქუჩა #19, ბინა #18-ში კ------------------ი რეგისტრირებულია 2007 წლიდან, თუმცა საინფორმაციო ბარათში მითითებულია 1992 წლის ჩანაწერი, რომ „წავიდა ქ-----------–ის II შეს. ბინა #8-ში მუდმივ საცხოვრებლად.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს არქივში დაცულია კ------------------ის გასვლის (ამოწერის) სამისამართო ფურცელი, რომლის თანახმად, კ------------------ი1992 წლის 20 ნოემბერს ამოწერილი იქნა მისამართიდან - ქ. თბილისი, მოსტკოვას ქუჩა, კორპუსი #4, ბინა #13 და შემდგომი საცხოვრისის, ანუ რეგისტრაციის ადგილად გრაფაში - „სად წავიდა“ - დააფიქსირა მისამართი: ქ. თბილისი, 2 ქ-----------–ის შესახვევი #8-ში. გრაფაში: გასვლის (ამოწერის) მიზეზი, ფიქსირდება : „მუდმივ საცხოვრებლად“. ჩანაწერი: „დოკუმენტის გაუქმებულია“, ნიშნავს, რომ კ------------------ის საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტია გაუქმებული.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 19);
- ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (ს.ფ. )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად მ-----–----–---მა გასცა ხელწერილი მასზედ, რომ გაყიდვის სანაცვლოდ მიიღო თანხა 165000 მანეთი. ხელწერილს ხელს აწერენ მოწმეები. რომელთა შორის მითითებულია კ. კ----------ი და რ.კირაკოსიანი.
მოსარჩელე კ------------------ის მითითებით, ხელწერილზე მისი ხელმოწერაა და მიუხედავად იმისა, რომ ხელწერილზე მისი სტატუსი მოწმედაა მითითებული, მან ხელი მოაწერა როგორც მყიდველმა. ხელწერილს ასევე მოაწერა ხელი მისმა აწ. გარდაცვლილმა ზ. ვ-------------მა და მეზობელმა რ------–-------------მა .
მოწმე რ------–-------------ის ჩვენებით იგი არის კ------------------ის მეზობელი და მას იცნობს 1971 წლიდან. იგი ასევე იცნობდა მ-----–----–---ს. 1990 წლების დასაწყისში მიხელ ვალიევმა გამოთქვა სურვილი ბინის გაყიდვისა და მისი ბინა იყიდა კ------------------მა. გარიგებას და ფულის გადაცემას სხვებთან ერთად ესწრებოდა ისიც და მოაწერა ხელწერილს ხელი. მას შემდეგ კ------------------ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მ-----–----–---ისაგან ნაყიდ ბინაში.
სადავო საცხოვრებელი სადგომი არის უმკვიდრო.
კ------------------ი არის სადავო საცხოვრებელი სადგომის კანონიერი მოსარგებლე.
აბონენტად ამავე მისამართზე მართალია აღიცხულია ვალიევი, გადასახადებს იხდის კ------------------ი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი (ს.ფ. 16);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- მოწმე რ------–-------------ის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);
- გადასახადის გადახდის ქვითრები (ს.ფ. 26-32);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას;
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ ქ. თბილისი, 2 ქ-----------–ის შესახვევი #8-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა კ------------------ი. მისი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის უფლება დასტურდება, საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგებით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით, საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
დადგენილია, რომ მ-----–----–---ი გარდაცვლილია და მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია.
6.2. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე. 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რის გამოც მ-----–----–---ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, 2 ქ-----------–ის შესახვევი #8-ში, ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ და უსასყიდლო საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისი, 2 ქ-----------–ის შესახვევი #8-ში მდებარე, მ-----–----–---ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და იგი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე კ------------------ს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე