გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421310019002807539
N3/1-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.04.2019 ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე:სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი: გიორგი გორგაძე;
მოპასუხე: ეთ---- სი------ი;
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საარსებო შემწეობის სახით ეთ---- სი------ზე გაცემული თანხის - 130 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, ეთ---- სი------ი (პ/ნ 4----------) იღებდა საარსებო შემწეობას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონულ განყოფილებაში
დაფიქსირდა ინფორმაცია, რომ მოპასუხეს გაუჩნდა შემოსავალი, რის შესახებაც არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებას.
მოსარჩელე ითხოვს უკანონოდ მიღებული შემწეობის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ეთ---- სი------ის ოჯახს 2014 წლიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 4 წევრზე და ზედმეტად გაცემულმა თანხამ შეადგინა130 ლარი.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ ყვარლის სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილებისათვის განცხადებით მიმართვისას მოპასუხე ეთ---- სი------მა აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ან/და იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.3. ეთ---- სი------ის ოჯახს უფიქსირდება შემოსავლები, რაც არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებას;
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.4. მოპასუხეს ზედმეტად მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 130 ლარი.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ოჯახის საარსებო შემწეობა ისე, რომ მის ოჯახს დაუფიქსირდა სხვა შემოსავალი, რის შესახერბაც არ აცნობა მოსარჩელეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.
,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და "ე" ქვეპუნქტების თანახმად, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის თითოეულ წევრზე.
როგორც აღინიშნა, ეთ---- სი------ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება ოჯახის 4 წევრზე.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილებისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და ეთ---- სი------მა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 130 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მისი ოჯახის მიმართ სხვა შემოსავლის შესახებ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილების სარჩელი ეთ---- სი------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
ეთ---- სი------ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 130(ას ოცდაათი ლარი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. ყვარელი, ილ. ჭავჭავაძის ქ. № 78).
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე