გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210210018002556629
საქმე № 2/545-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შ--------------------
წარმომადგენლები - ელ------ ჯა------, და---- მე------–---–-, გი-------–----–---–ი
მოპასუხე: (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - კა------ მა--------, ინ----------–-–---–ი, მა------ სა-----–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს იძულებით გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელზე)
1.1. მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შ---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული საქონლის ღირებულების 28700 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემთავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე (ძირითად სარჩელზე):
2018 წლის 07 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და შ---------------------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N65/1, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის 1 ცალი მიკროავტობუსი, მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას შეადგენს 28700 ლარი, მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 19 ივნისი. აღნიშნული მიკროავტობუსი მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 22 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგების გამო, რის თაობაზეც ცნობილი იყო მოპასუხისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსი სრულად აკმაყოფილებდა ხელშეკრულების პირობებს, მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მიწოდების ვადის გადაცილების გამო. 25 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხეს მიწერა წერილი, რათა განემარტა რა საფუძვლით არ იღებდნენ მიწოდებულ საქონელს, თუმცა წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
2. მოპასუხის პოზიცია (ძირითად სარჩელზე)
მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალება მიწოდებული იქნა 2018 წლის 22 ივნისს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევით. მიწოდების ვადის დარღვევა და სატრანსპორტო საშუალების დაგვიანებით წარმოდგენა გამოწვეული რომ იყო საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგების გამო, ამის შესახებ მოპასუხისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ რაც გავიდა მოწოდების ვადა, ხოლო ის დოკუმენტი რომლითაც დასტურდებოდა აღნიშნული შედგენილი იყო უცხო ენაზე, სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის გარეშე. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას დადგინდა, რომ ის იყო ნივთობრივად ნაკლის მქონე, კოროზირებული და ასევე დაზიანებული ჰქონდა ძრავი. ასევე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2005 წელს გამოშვებულ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა, ხოლო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იყო 2006 წელს გამოცემული. 2018 წლის 25 ივნისის წერილის პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე გაუგზავნა წერილი მიწოდების ვადის გაგრძელებაზე უარის შესახებ.
3. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელზე)
3.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, 2018 წლის 04 ივლისის N249 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს იძულებითი გადახდევინება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე (შეგებებულ სარჩელზე):
2018 წლის 07 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და შ---------------------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N65/1, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის 1 ცალი მიკროავტობუსის მიწოდების თაობაზე, მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას შეადგენდა 28700 ლარი, მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 19 ივნისი. აღნიშნული მიკროავტობუსი მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 22 ივნისს. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა. 2018 წლის 07 ივნისს ხელშეკრულების მე-15 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20% ოდენობით-5740 ლარი. მოპასუხე მხარე ვალდებულებას ნებაყოფლობით არ ასრულებს.
4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)
მოპასუხე შ-------------------- -ის შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, 2018 წლის 07 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და შ---------------------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N65/1, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის 1 ცალი მიკროავტობუსი, მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას შეადგენს 28700 ლარი, მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 19 ივნისამდე. აღნიშნული მიკროავტობუსი მოპასუხისათვის მიწოდებული იქნა 22 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგების გამო, რის თაობაზეც ცნობილი იყო მოპასუხისათვის.
შ---------------------მა სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არანაირი პირგასამტეხლოს გადახდა არ ეკისრება.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2018 წლის 07 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და შ---------------------ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N65/1, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის 1 ცალი მიკროავტობუსის მიწოდების შესახებ, მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას შეადგენს 28700 ლარი, მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 19 ივნისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-07.06.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N65/1;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.2. მოსარჩელემ 2018 წლის 25 ივნისს საგარეჯოს მუნიცპალიტეტის მერიას მიწერა წერილი და ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 3 კალენდარული დღით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-25.06.2018 წლის წერილი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.3. 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ N249 ბრძანებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა 2018 წლის 07 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N65/1.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-04.07.2018 წლის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბრძანება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.1.4. 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ N249 ბრძანებით შ---------------------ს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დააკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (28700 ლარი) 20%-5740 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-04.07.2018 წლის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბრძანება;
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 22 ივნისის მიკროავტობუსის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო ავტომანქანის ძრავი, ამასთან კოროზია აღენიშნებოდა ავტომანქანის კარის სამაგრზე, ოთხივე სატერფილთან, ასევე ბალკაზე, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებით განსზღვრულ მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-22.06.2018 წლის მიკროავტობუსის დათვალიერების ოქმი;
-ფოტოსურათები;
5.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის N GG2100000001170 მიხედვით მიკროავტობუსს არ გააჩნია ხარვეზები და იგი არის გამართული;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში N GG2100000001170;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადაოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით და მისთვის ნივთობრივი ნაკლის მქონე საქონლის მიწოდებით, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა მხოლოდ ვადის დარღვევით შესრულებული მიწოდების გამო, ხოლო პრეტენზია ნივთობრივი ნაკლის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებასთან დაკავშირებით, მან მხოლოდ სასამართლოს პროცესზე წარმოადგინა. იმ შემთხვევაშიც კი თუ წარმოდგენილ ნივთს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი, რაც მოპასუხის განმარტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აღმოჩენილ კოროზიებში გამოიხატა, მიმწოდებლისთვის უნდა მიეცა საშუალება აღნიშნულის გამოსასწორებლად. სასამართლო დამატებით აღნიშნავს რომ, ისეთი ნაკლი, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე კოროზიები ხელშეკრულების თანახმად არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ნივთის მიღებაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შ---------------------ს მიერ მისთვის მიწოდებულ საქონელს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულებას, სასამართლო აღნიშნულზე მიუთითებს, რომ ეს გამოწვეული იყო შ---------------------გან დამოუკიდებელი მიზეზების, ხელშეკრულების საგნის საბაჟო ტერმინალზე შეყოვნების გამო, რის შესახებაც მათ აცნობეს მოპასუხეს და ითხოვეს ვადის გაგრძელება 3 დღის ვადით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ, სახეზეა, შ---------------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-488-ე, 490-ე, 492-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიერ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ არის თუ არა შესრულებული და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშივა 07.06.2018 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნაყიდი ქონება, ხოლო მყიდველის მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ მიმწოდებელმა შ---------------------მა მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩამოუყვანა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი, რომელიც სარფის გამშვებ პუნქტში შექმნილი პრობლემების გამო ჩამოვიდა სამი დღის დაგვიანებით, რის შესახებაც ცნობილი იყო მოპასუხისთვის. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მისაწოდებელი ნივთი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რაც გამოიხატებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე კოროზიების არსებობაში. მოპასუხემ უარი თქვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღებაზე და დღეის მდგომარეობით ის ინახება მოსარჩელესთან. საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ არ შეასრულა ნაყიდი საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება და მისი დავალიანება შ---------------------ის წინაშე შეადგენს 28700 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის მიხედვით, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადაოდ გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით და მისთვის ნივთობრივი ნაკლის მქონე საქონლის მიწოდებით, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხემ ხელშეკრულება მოშალა მხოლოდ ვადის დარღვევით შესრულებული მიწოდების გამო, ხოლო პრეტენზია ნივთობრივი ნაკლის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებასთან დაკავშირებით, მან მხოლოდ სასამართლოს პროცესზე წარმოადგინა. იმ შემთხვევაშიც კი თუ წარმოდგენილ ნივთს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი, რაც მოპასუხის განმარტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აღმოჩენილ კოროზიებში გამოიხატა, მიმწოდებლისთვის უნდა მიეცა საშუალება აღნიშნულის გამოსასწორებლად. სასამართლო დამატებით აღნიშნავს რომ, ისეთი ნაკლი, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე კოროზიები ხელშეკრულების თანახმად არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ნივთის მიღებაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შ---------------------ს მიერ მისთვის მიწოდებულ საქონელს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადის დარღვევით შესრულებას, სასამართლო აღნიშნულზე მიუთითებს, რომ ეს გამოწვეული იყო შ---------------------გან დამოუკიდებელი მიზეზების, ხელშეკრულების საგნის საბაჟო ტერმინალზე შეყოვნების გამო, რის შესახებაც მათ აცნობეს მოპასუხეს და ითხოვეს ვადის გაგრძელება 3 დღის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, მას უნდა ემტკიცებინა ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის, ამის შესახებ გამყიდველისათვის პრეტენზიის წაყენების ნაკლის გამოსწორების ვადის მიცემისა და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია რომ შ---------------------ის სარჩელი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. სამართლებრივი შეფასება (შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში)
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირსაგამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხარეთა თავისუფლება გარანტირებულია სსკ-ის 319-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, დამრღვევს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო. ხოლო მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საერთო 20%-ის -5740 ლარის დაკისრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ)სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ამ კანონიდან გამომდინარე, შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესია, რომ არ მოხდეს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული პროექტების შესრულების გაჭიანურება და ამ მიზნის უზრუნველყოფისათვის დგინდება შესაბამისი პირგასამტეხლოს პროცენტიც.
,,ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20% -ის ოდენობით, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით ,,ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ძირითად სარჩელთან მიმართებაში ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი(დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტში) სასამართლოს მიაჩნია რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შპს ,------------------------ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 861ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,------------------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,------------------------ სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული საქონლის ღირებულების 28 700 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე შპს ,------------------------ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 861 ლარის გადახდა.
4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი