გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.04.2019
საქმის ნომერი
120310118002734287
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
27.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2734287-3/200-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

18 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - სს ,,ე------------------------“

წარმომადგენელი - თ--------------–---–ი, მ--------------–---–ი

 

მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ-----–---------–--ა

 

მესამე პირი - ი---------- ბ----------ი

წარმომადგენელი - ს--–---ე ა----–--ე, ე-–---------–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის № 0------ ბრძანება ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის პროექტის შეთანხმების შესახებ.

 

მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (მათ შორის, ბ---------ი, ც---...) გადის სს „ე------------------------“-ს კუთვნილი 35 კვ. ძაბვის ელექტროგადამც--- ხაზი „ც----1“. აღნიშნული ეგხ სს „ე------------------------მ“ შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს, სს „ს----------–-------------------–----------------–---------------------“-სთან გაფორმებული აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული საკუთრების უფლებით ფლობს, უწყვეტად უწევს მას ექსპლუატაციას და მისი საშუალებით ახორციელებს მითითებული რეგიონის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო აბონენტების ენერგომომარაგებას. 35 კვ. ეგხ „ც----1“ აშენებულია 1961 წ.

 

ბორჯომში, ა--------ის დასახლებაში თ----ის ქ. №67-ში სს „ე------------------------“-ს კუთვნილი 35კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ც----1“-ის №28-29 მალში, დაცვის ზონაში (ხაზის ქვეშ), მესამე პირის ი---------- ბ----------ის მიერ, უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით მიმდინარეობს მშენებლობა. დარღვევის შესახებ მესამე პირს სიტყვიერად განემარტა 2018 წლის სექტემბერში, 2018 წლის 11 ოქტომბერს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი ყველა შესაძლო შედეგის მითითებით, თუმცა იგი მაინც აგრძელებს მშენებლობას. სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად დარღვეულია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონა, რაც 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისთვის არის ხაზის ორივე მხარეს მყოფი განაპირა სადენებიდან 15 მეტრი, ასევე ელექტროდანადგარების მოწყობის წესები „პუე“ თავი 2.5. პუნქტი 2.5.114-ის მოთხოვნა, რომლის თანახმად, 35 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ აკრძალულია საცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 ოქტომბრის N 0------ ბრძანებით, მერიის მიერ შეთანხმებული იქნა ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის პროექტი.

 

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შესახებ სს „ე------------------------“-სთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 12.11.2018 წელს ახალი მიერთების შესახებ განაცხადით მიმართა მესამე პირის წარმომადგენელმა. განაცხადს ერთვოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის №0------ ბრძანება, პროექტის შეთანხმების შესახებ, რომლის საფუძველზეც კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის პროექტის შეთანხმება. საქართველოში ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას ის პირი, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს აღნიშნული წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირების და ფიზიკური პირების ვალდებულებას, ენერგოკომპანიასთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სს „ე------------------------ს“ თანხმობა მითითებულ მშენებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა ორგანომ გამორიცხა იმ საფუძვლით, რომ მიმდინარე მშენებლობასთან არსებული ელექტროგადამცემი ხაზები, როგორც საკადასტრო რუკით დგინდება არ არის რეგისტრირებული სს „ე------------------------ს“ საკუთრებაში. იქ მდებარეობს შენობა-ნაგებობები, რომლებიც სწორედ იმავე მანძილით არიან დაშორებული ელექტროგადამცემი ხაზიდან.

 

3. მესამე პირი

 

3.1. მესამე პირმა ი---------- ბ----------მა სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სს „ე------------------------ს" კუთვნილი 35 კვტ. ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი "ეგხ ც----I", რომელიც შეძენილია 2007 წლის 29 ივნისს და ფლობს საკუთრების უფლებით, რომელიც აშენებულია 1961 წელს. მასზე ექსპლოატაციას, მოვლა პატრონობას ახორციელებს სს „ე------------------------", თუმცა მათ არ წარუდგენიათ ამ ხაზობრივი ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების გამოცემისას დაცული იყო სრულად მოსარჩელეს მიერ მითითებული ნორმების წესები და არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

2018 წლის სექტემბერშიც და ოქტომბერშიც ბრძანების მიღებამდეც და მის შემდგომაც მოსარჩელეს განემარტა, რომ არ ირღვეოდა არსებული მშენებლობის მომზადებითა და შემდგომში უკვე ნებართვის მიღების შემდგომ კანონის მოთხოვნები, ხოლო რაც შეეხება მათ კუთვნილ ხაზობრივ ნაგებობებსა და ანძებს ისინი საკმაო მანძილით არიან დაშორებული და სხვა ნაგებობებს უფრო უქმნიან საფრთხეს თუკი ისინი არიან ექსპლოატაციაში. კერძოდ ნაკვეთის მიმდებარედ რეგისტრირებულია ასევე სახელმწიფო საკუთრებად ს/კ 6-.2--0--6-0 სახელმწიფო ქონება მასზედ დამაგრებული რამდენიმე შენობა-ნაგებობებით, რაც უფრო მეტად არის დაახლოებული, ვიდრე ეს ნაკვეთი, თუმცა ამაზე მოსარჩელე არ რეაგირებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3. 1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება მდებარე ბორჯომი, თ----ის ქ. (ა--------ის დასახლება), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. შენობა-ნაგებობით, ს.კ. 6-.2--0--6-- წარმოადგენს ი---------- ბ----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებას. უფლების რეგისტრაციის თარიღი 13.09.2018წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 93)

 

3.1.2. ხაზოვანი ობიექტი, 35 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, სიგრძით 8348.41 მ, დაფარვის ზონა ბორჯომი, ს.კ. 6-.0--1-- წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ე------------------------ს“ საკუთრებას. უფლების რეგისტრაციის თარიღი 09.11.2017წ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება №1-6-22, დამოწმების თარიღი 29.06.2007წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. )

 

3.1.3. ხაზოვანი ობიექტი, 35 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (ს.კ. 6-.0--1--) კვეთს ი---------- ბ----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ბორჯომში, თ----ის ქუჩაზე (ა--------ის დასახლება) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს.კ. 6-.2--0--6--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკადასტრო გეგმა (ს.ფ.94)

 

3.1.4. 01.10.2018 წელს ი---------- ბ----------ის წარმომადგენელმა ს--–---ე ა----–--ემ განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს, წარუდგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ბორჯომი, თ----ის ქუჩაზე (ა-------ის დასახლება) მიწის ნაკვეთზე (ს.კ.6-.2--0--6--) კოტეჯის ტიპის ინდივიდუალური ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი და ითხოვა პროექტის შეთანხმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს--–---ე ა----–--ის განცხადება (ს.ფ. 117);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 118-119);

- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 120);

- საცხოვრებელი სახლის პროექტი (ს.ფ. 121-128);

 

3.1.5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 09.10.2018 წლის N0------ ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ქ. ბორჯომში, თ----ის ქუჩაზე (ა--------ის დასახლება) ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტორული პროექტი (ნაკვეთის ს.კ. 6-.2--0--6--). საფუძველი: ქ. ბორჯომში, მ------ის ქ. N9-ში მცხოვრები, ი---------- ბ----------ის წარმომადგენლის ს--–---ე ა----–--ის 2018 წლის 01 ოქტომბრის N1------- განცხადებით წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა, საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ადმინისტრაციულ წარმოებაში სააქციო საზოგადოება „ე------------------------“ მოწვეული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 09.10.2018წლის N0------ ბრძანება (ს.ფ. 116);

- ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 117-131);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

 

3.1.6. 11.10.2018 წელს სს „ე------------------------მ“ მიმართა ი---------- ბ----------ს, ქ. ბორჯომის მერიას და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ბორჯომში, ა--------ის დასახლებაში თ----ის ქ. N67 სს „ე------------------------ს“ 35 კვ.მ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ც----1“-ს N28-29 მალში, დაცვის ზონაში (ხაზის ქვეშ) უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შესახებ და განუმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს დარღვეული იყო ხაზობრივი ნაგებობის (ელექტროგადამცემი ხაზებისთვის) დაცვის ზონები, რაც დადგენილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების შედეგად დარღვეულია ელექტრული ქსელის დაცვის ზონები, საფრთხე ექმნებოდა ქსელის ნორმალურ ფუნქციონირებას და მის უსაფრთხო ექსპლოატაციას, რის გამო ადრესატს ეთხოვა დაუყონებლივ განეხორციელებინა არსებული დარღვევების გამოსწორება, ემოქმედა დადგენილების შესაბამისად და დაეცვა ელექტრული ქსელის დაცვის ზონები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე კომპანია იხსნიდა პასუხისმგებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.10.2018წ. წერილი (ს.ფ. 20);

 

3.1.7. 2018 წლის 12 ნოემბერს ი---------- ბ----------ის წარმომადგენელმა ს--–---ე ა----–--ემ მიმართა სს „ე------------------------ს“ ქ. ბორჯომში, თ----ის ქუჩაზე (ა--------ის დასახლება) (ნაკვეთის ს.კ. 6-.2--0--6--) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი (ს.ფ. 22-24);

 

3.1.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 22.0--2019წ. N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში თუ ბორჯომის რაიონის დასახლება ა--------ში, თ----ის ქ.N67-ში, 35 კვ ეგხ ,,ც----1’’-ს დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობები მოეწყო ელ.ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე, დარღვეულია 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" მუხლი 4 პუნქტი 2-ის მოთხოვნა.

 

2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ მუხლი 4 პუნქტი 12-ისა და პუნქტი 13-ის თანახმად ელექტრონული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს მოაწყოს ეგხ-ს მისასვლელი გზები, ასევე საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, ეგხ-სთან მისასვლელ გზაზე და განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ეგხ-ს მფლობელ პირს (საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს) არ ექნება ეგხ-სთან მისასვლელი გზა ან არსებულ გზაზე შეეზღუდება გადაადგილების საშუალება, დარღვეულ იქნება 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" მუხლი 4 პუნქტი 12-ისა და პუნქტი 13-ის მოთხოვნები’.

 

2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" მუხლი 1, პუნქტი 2-ს თანახმად ამ წესების მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილება, შესაბამისაც ზემოხსენებული ნორმებისა და წესების დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მოშლა.

 

ბორჯომის რაიონის დასახლება ა--------ში, თ----ის ქ.№67-ში არსებული შენობა-ნაგებობისა და ეგხ-ს ექსპლუატაციის პირობებში დარღვეულია ელექტროდანადგარების მოწყობის წესი ( РУЭ) თავი 2.5 პუნქტი 2.5.114-ის მოთხოვნა.

 

ბორჯომის რაიონის დასახელება ა--------ში, თ----ის ქ.№67-ში, 35 კვ ეგხ ,,ც----1’’-ს სადენების ქვეშ შენობა-ნაგებობის არსებობისა და ეგხ-ს ექსპლუატაციის პირობებში ელექტროდანადგართა მოწყობის წესების (ПУЭ) მოთხოვნათა დარღვევის გათვალისწინებით იზრდება რისკის ფაქტორი იმისა, რომ საჰაერო ელ.ხაზის დაზიანების, კერძოდ სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში შესაძლებელია სადენებმა დააზიანონ როგორც ადამიანის ჯანმრთელობა ასევე ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 22.0--2019წ. N0-------- დასკვნა (ს.ფ. );

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 ოქტომბრის №0------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

5. კანონები, რომელებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“;

- საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 ოქტომბრის №0------ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ ი---------- ბ----------ის წარმომადგენელმა ს--–---ე ა----–--ემ 2018 წლის 01 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა კოტეჯის ტიპის ინდივიდუალური ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმება, განცხადებასთან ერთად წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ბორჯომი, თ----ის ქუჩაზე (ა-------ის დასახლება) მიწის ნაკვეთზე (ს.კ.6-.2--0--6--) საცხოვრებელი სახლის პროექტი.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ელექტროგადამცემი ხაზი, 35 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, სიგრძით 8348.41მ. დაფარვის ზონა ბორჯომი, ს.კ. 6-.0--1-- წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ე------------------------ს“ საკუთრებას. უფლების რეგისტრაციის თარიღი 09.11.2017წ.

 

დადგენილია ასევე, რომ ხაზოვანი ობიექტი, 35 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (ს.კ. 6-.0--1--) კვეთს ი---------- ბ----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ბორჯომში, თ----ის ქუჩაზე (ა--------ის დასახლება) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს.კ. 6-.2--0--6--.

 

დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 09.10.2018წლის N0------ ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ქ. ბორჯომში, თ----ის ქუჩაზე (ა--------ის დასახლება) ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტორული პროექტი (ნაკვეთის ს.კ. 6-.2--0--6--). საფუძველი: ქ. ბორჯომში, მ------ის ქ. N9-ში მცხოვრები, ი---------- ბ----------ის წარმომადგენლის ს--–---ე ა----–--ის 2018 წლის 01 ოქტომბრის N1------- განცხადებით წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა, საცხოვრებელი სახლის არქიტექტორული პროექტი. ადმინისტრაციულ წარმოებაში სააქციო საზოგადოება „ე------------------------“ მოწვეული არ ყოფილა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ცალსახად არის დადგენილი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პ თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს.

 

ამავე დადგენილების 32-ე მუხლის თანახმად, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების უსაფრთხოების მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებების მოთხოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 01.10.2018წ. ს--–---ე ა----–--ის განცხადებას მშენებლობის პროექტის შეთანხმების თაობაზე ერთვოდა საკადასტრო რუკა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობა კვეთს სააქციო საზოგადოება „ე------------------------ს“ კუთვნილი ხაზოვანი ობიექტი, 35 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამც--- ხაზი (ს.კ. 6-.0--1--). აღნიშნულის მიუხედავად მშენებლობის პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება ისე იქნა ჩატარებული და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სააქციო საზოგადოება „ე------------------------ს“ არ ეცნობა აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და მას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები და თავისი მოსაზრებები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ 1-ლი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: 35 კვ-15 მეტრი.

 

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად;

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება;

 

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო ან/და მიწის სამუშაოების წარმოება ხორციელდება ამ წესების დარღვევით, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოებული სამუშაოების შეჩერება და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს.

 

ამავე დადგენილების მე-11 ნაწილის თანახმად, იმ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის სამშენებლო მოედანზე ელექტროგადამცემი ხაზები გადის, უნდა შეიცავდეს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ან/და გადატანის ღონისძიებებს ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი პირის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად.

 

ამასთან 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ მუხლი 4 პუნქტი 12-ისა და პუნქტი 13-ის თანახმად ელექტრონული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს მოაწყოს ეგხ-ს მისასვლელი გზები, ასევე საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, ეგხ-სთან მისასვლელ გზაზე და განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით.

 

განსახილველ შემთხვევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ი---------- ბ----------ის სახელზე გაცემული ბრძანებით მშენებლობის პროექტის დამტკიცების შესახებ გაუარესდა მოსარჩელე სს ,,ე------------------------ს" მდგომარეობა, რადგანაც არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ნორმები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სს ,,ე------------------------ს" უზრუნველყოს მაღალი ძაბვის ელექტროხაზის უსაფრთხო ექსპლუატაციაში.

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ეცნობებინა სს ,,ე------------------------სთვის", რომლისთვისაც უნდა მიეცა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები და თავისი მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის პროექტის შეთანხმების თაობაზე, რომ სს ,,ე------------------------სთვის" არ იყო ცნობილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. შესაბამისად, მას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა სს ,,ე------------------------ს" დაინტერესებული მხარის სახით სავალდებულო ჩაბმის გარეშე, სასამართლოს შეფასებით სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N0------ ბრძანება ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის პროექტის შეთანხმების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტარაციულ წარმოებაში მოწვეული უნდა იქნეს დაინტერესებული მხარე - სააქციო საზოგადოება „ე------------------------“ , რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და უშუალო მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში. მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ე------------------------სთვის“ კანონით მინიჭებული უფლებების უზრუნველყოფის შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია იქნება უფლებამისილი საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის №2734287-3/200-18 განჩინებით შეჩერდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 ოქტომბრის N0------ ბრძანების მოქმედება და ბრძანების მოქმედების შეჩერების პერიოდში აეკრძალა მესამე პირს ი---------- ბ----------ს მშენებლობის წარმოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდები

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის №2734287-3/200-18 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში სს „ე------------------------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი, რომლის მისთვის დაბრუნება უნდა დაეკისროთ მოპასუხეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ე------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება ი---------- ბ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის მშენებლობის პროექტის შეთანხმების შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე სს „ე------------------------“-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 150 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა