გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
330210119002817498
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,T------"

წარმომადგენელი - ლ-------------ი

 

მოპასუხე - შპს ,,ტ----------------------ი"

წარმომადგენელი - ა-–-------------------–---–----------------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ტ----------------------ის“ მოსარჩელე შპს „T------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 175200 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მხარეებს შორის არსებობდა წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ფასადის მოწყობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა ფულადი თანხა ავანსის სახით 175200 ლარის ოდენობით.

 

ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, ავანსის სახით გადახდილი თანხით მხარემ უსაფუძვლოდ ისარგებლა და მიიღო მატერიალური სარგებელი. არაერთი მიმართვის მიუხედავად, თანხის დაბრუნება სარჩელის წარმოდგენის დღემდე არ მომხდარა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ გამორიცხა მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხოლო სასამართლო სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ მის მიერ ნაწილი სამუშაოებისა შესრულებული იყო და ვალდებულების სრულად შესრულებას თავად მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების შეუსრულებლობა გამორიცხავდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „T------“ და შპს „ტ----------------------ი“ ერთმანეთთან იმყოფებოდნენ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სადაც მოსარჩელემ მოპასუხეს შეუკვეთა შენობის ფასადის მოწყობის სამუშაოების შესრულება და სამუშაოების შესრულების მიზნით ავანსის სახით 2014 წლის 17 ოქტომბერს შპს „ტ----------------------ის“ ანგარიშზე გადარიცხა 175200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყდა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის გადაცემის გზით, 2019 წლის 8 თებერვალს.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე სამუშაოებს აღარ შეასრულებდა. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან მას წარმოეშვა უფლება უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულება, მეორე მხარისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის ან გაფრთხილების მიცემის თაობაზე, რათა მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლამდე დამატებით მიეცეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა. ამასთან, მხარე ინფორმირებული იყოს, დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებს, დაცულია თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესი, მოვალისათვის ვადის დამატებით განსაზღვრასა თუ გაფრთხილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, კრედიტორის მტკიცების ტვირთია იმ ფაქტობრივი შემადგელობის არსებობის დადასტურება, რომელიც გამორიცხავს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლს, მითითებული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ინფორმაციული ხასიათის მატარებელი, შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასულ სუბიექტს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობა ხელშეკრულების გასვლით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, როდესაც იგი ამის თაობაზე ხელშეკრულების მეორე მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. ამ მიზნით, სრულად საკმარისია დამატებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ სარჩელის წარდგენა და სასამართლო წესით მხარის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გადის და ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებულ უფლებათა რეალიზებას სასამართლო წესით ახორციელებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით, ეს წესი შესრულებულია სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის გზით.

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელესთან არსებული ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ ფასადური სამუშაოებიდან მის მიერ შესრულებულია საპროექტო სამუშაოები, ასევე სხვადასხვა სამუშაოები, რომლის მტკიცებულებებიც წარდგენილი აქვს მოსარჩელესთან, თუმცა დავის ფარგლებში მას სასამართლოსთვის ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 317-ე, 352-ე, 405-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას უკავშირებს უსაფუძვლო გამდიდრების წესებით გათვალისწინებულ ნორმებს და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა, რაც მას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს მოპასუხისგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის და მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, აღნიშნული სწორედ ნარდობის ურთიერთობის ნორმებით უნდა დარეგულირდეს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე:

 

სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. სასამართლო, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.

 

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ნორმა მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს მას უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. აღნიშნულით კანონი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გადარიცხული თანხა გულისხმობდა მოპასუხის (მენარდის) მიერ ფასადის სამუშაოებისთვის წინასწარ, ავანსის სახით ღირებულების ანაზღაურებას. მოპასუხე ვერ ადასტურებს, მიღებული თანხიდან რა სახის და რა მოცულობის სამუშაოები იქნა მის მიერ შესრულებული. შესაბამისად, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ავანსის ღირებულების პროპორციული სამუშაოები შპს „ტ----------------------ის“ მიერ შესრულებული არ არის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ავანსის სახით მოპასუხისათვის გადახდილა 175200 ლარი, რომლის შესატყვისი მომსახურების გაწევა მოპასუხეს არ დაუდასტურებია. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტის არსებობის თაობაზე, არც საქმის მასალებით დასტურდება შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლით მენარდეს მიადგა თუ არა ზიანი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამუშაოების შესრულების მოთხოვნით მოპასუხესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა 2018 წელს მათთვის საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ ვალდებულებას შპს „ტ----------------------ი“ აღარ შეასრულებდა. სარჩელი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ 2018 წელსვე შემოიტანა, ხოლო ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მოპასუხეს სარჩელისა და მასალების ჩაბარებით, 2019 წელს ეცნობა. ამდენად, შპს “T------“-ს მხრიდან დაცულია ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, ძალაში უნდა დარჩეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 48-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,T------" - ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ტ----------------------ი"-ს შპს ,,T------"- ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 175 200 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,ტ----------------------ი"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე