გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/630-18
N200210118002515732
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ტ---- ბანკი“
წარმომადგენელი - ბ----ა ხ-------–---–ი
მოპასუხეები: ა-–---------ე ც--------–---–ი, რ----- რ------ე, ზ------- რ------ე
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა-–---------ე ც--------–---–ს, რ----- რ------ესა და ზ------- რ------ეს სს ,,ტ---- ბანკის” სასარგებლოდ #4.0191702.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების შემცირებული ოდენობის 2392,05 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც ძირი თანხაა - 2023,06 ლარი, პროცენტი - 156,34 ლარი, ხოლო ჯარიმა - 212,65 ლარი.
1.2. ა-–---------ე ც--------–---–ს, რ----- რ------ესა და ზ------- რ------ეს სს ,,ტ---- ბანკის ” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14.06.2018-დან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის #4.0191702.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირ თანხაზე - 2023,06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 13,5% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 22,75 ლარს (არაუმეტეს 273 ლარი).
1.3. მოპასუხეებს სს ,,ტ---- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარისა და უზრუნველყოფის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 05 მარტს სს ,,ტ---- ბანკსა” (ყოფ. სს ,,კო-------------- ბანკი”) და ა-–---------ე ც--------–---–ს დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება #4.0191702.001. მხარეთა შორის არესებული შეთანხმებით მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 500 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 13.5% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა ვადა 05.03.2015 წლიდან 05.03.2019 წლამდე. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის, შეადგენდა ფიქსირებულ 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით უნდა მომხდარიყო.
#4.0191702.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 05 მარტს სს ,,ტ---- ბანკსა” და რ----- რ------ეს, ასევე, სს ,,ტ---- ბანკსა” და ზ------- რ------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, შესაბამისად, #4.0191702.001-c6822 და #4.0191702.001-c6821, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე თავდებებმა იკისრეს ვალდებულება, სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, პირადად აგონ პასუხი მათ სახელზე არსებული ქონებით #4.0191702.001 ხელშეკრულების მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 5 873. 76 ლარი.
მოპასუხის მიერ 2018 წლის თებერვლის შემდეგ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება აღარ შესრულებულა, გადაცილებულ იქნა სულ ცოტა 2-ჯერ კრედიტის დაბრუნების ვადა, რის საფუძველზეც ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. მოპასუხეთა სახელზე არსებული დავალიანება 14.06.2018 წლის (დავალიანების ცნობის თარიღი) მდგომარეობით შეადგენს 2786,97 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 2023,06 ლარი, პროცენტი - 156,34 ლარი, ჯარიმა - 607,57 ლარი.
2016 წლის 18 მარტს სს ,,ტ---- ბანკსა” და ა-–---------ე ც--------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება #KSB.0191702.001 სახელფასო ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ. ხსენებული შეთანხმების მიხედვით ოვერდრაფტის თანხად განისაზღვრა 450 ლარი. ოვერდრაფტით სარგებლობის პროცენტი შეადგენდა 16%-ს, მოქმედების ვადა კი 18.03.2016 -18.03.2018 წწ. მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2017 წლის დეკემბრის შემდეგ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება აღარ შესრულებულა. მოვალემ სულ ცოტა 2-ჯერ გადააცილა თანხის გადახდის ვადას, რის საფუძველზეც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალეზე დავალიანების დაკისრება. 14.06.2018 წლის (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით ა-–---------ე ც--------–---–ს ერიცხება დავალიანება 788,57 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 450 ლარი, პროცენტი - 11.05 ლარი, ჯარიმა - 327,52 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილში ცნეს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ა-–---------ე ც--------–---–მა კი განმარტა, რომ 2015 წლის 05 მარტს სს ,,ტ---- ბანკსა” და მას შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება 4500 ლარის ოდენობით, 05.03.2015 - დან 05.03.2019 წლამდე.
ამასთან ვალდებულების შეუსრულებლობა მოსარჩელის მიმართ გამოწვეულ იქნა საპატიო მიზეზით. კერძოდ, სესხის აღების მომენტისათვის მას ჰქონდა გარკვეული სახის შემოსავალი, შესაბამისად კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რაც დასტურდება გადახდის ისტორიითაც, მაგრამ შემდგომში ვინაიდან სხვა ბანკის წინაშეც წარმოეშვა ფულადი ვალდებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყადაღა დაედო მის შემოსავალს, შესაბამისად შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ვეღარ უზრუნველყო ორივე ბანკის წინაშე თანაბრად ვალდებულების შესრულება. სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო ვეღარ შეძელო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. როგორც თავდებები და სოლიდარული მოვალეები, მოსარჩელის წინაშე, ძირითადი მოვალის დავალიანების ვალდებულების შესრულებას არ გავურბიან, მაგრამ შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფიზიკურად არ შეუძლიათ მოსარჩელეს გადაუხადონ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე ითხოვეს ჯარიმის თანხის შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,კორ სტანდარტ ბანკმა” შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით გახლავთ სს ,,ტ---- ბანკი”, თუმცა საიდენტიფიკაციო ნომერი დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 05 მარტს სს ,,ტ---- ბანკსა” (ყოფ. სს ,,კო-------------- ბანკი”) და ა-–---------ე ც--------–---–ს დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება #4.0191702.001. მხარეთა შორის არესებული შეთანხმებით მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 500 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 13.5% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა ვადა 05.03.2015 წლიდან 05.03.2019 წლამდე. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის, შეადგენდა ფიქსირებულ 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით უნდა მომხდარიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #4.0191702.001 (ს.ფ. 14-21).
3.2.2. #4.0191702.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 05 მარტს სს ,,ტ---- ბანკსა” და რ----- რ------ეს, ასევე, სს ,,ტ---- ბანკსა” და ზ------- რ------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, შესაბამისად, #4.0191702.001-c6822 და #4.0191702.001-c6821, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე თავდებებმა იკისრეს ვალდებულება, სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, პირადად აგონ პასუხი მათ სახელზე არსებული ქონებით #4.0191702.001 ხელშეკრულების მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 5 873. 76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #4.0191702.001-c6822, ხელშეკრულება #4.0191702.001-c6821 (ს.ფ. 29-41);
3.2.3. მოპასუხის მიერ 2018 წლის თებერვლის შემდეგ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება აღარ შესრულებულა. მოპასუხეთა სახელზე არსებული დავალიანება 14.06.2018 წლის (დავალიანების ცნობის თარიღი) მდგომარეობით შეადგენს 2786,97 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 2023,06 ლარი, პროცენტი - 156,34 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 212,65 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია, დავალიანების ცნობა (ს.ფ. 57-60);
3.2.4. სს ,,ტ---- ბანკმა” ა-–---------ე ც--------–---–ს, რ----- რ------ესა და ზ------- რ------ეს გაუგზავნა შეტყობინება ფოსტის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს კიდევ ერთხელ აცნობა არსებული დავალიანების შესახებ და ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდებოდა დავალიანების სრული დაფარვა, კომპანია საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავდა სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება და უკუგზავნილები (ს.ფ. 45-47);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ტ---- ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ტ---- ბანკს“ ა-–---------ე ც--------–---–ს, რ----- რ------ესა და ზ------- რ------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკი“, ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
დადგენილია, რომ 2015 წლის 05 მარტს სს ,,ტ---- ბანკთან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ----- რ------ე წარმოადგენს თავდებ პირს და მას ზ------- რ------ესთან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ტ---- ბანკი“ უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 2023.06 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 156.34 ლარს.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 21.20 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,,ტ---- ბანკის” სარჩელი მოპასუხეების ა-–---------ე ც--------–---–ის, რ----- რ------ის, ზ------- რ------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
1.1. მოპასუხეებს ა-–---------ე ც--------–---–ს, რ----- რ------ეს, ზ------- რ------ეს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N4.0191702.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2200.60 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2023.06 ლარი, საკომისიო - 156.34 ლარი და ჯარიმა - 21.20 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ა-–---------ე ც--------–---–ს, რ----- რ------ეს, ზ------- რ------ეს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14.06.2018-დან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის N4.0191702.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირ თანხაზე - 2023.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 13.5% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 22.75 ლარს (არაუმეტეს 273 ლარი).
3. მოპასუხეებს ა-–---------ე ც--------–---–ს, რ----- რ------ეს, ზ------- რ------ეს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯის (სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარისა და უზრუნველყოფის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის ოდენობით) 76.20 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გადახდილი სახელწმიფო ბაჟიდან (საკრედიტო საგადასახადო დავალება N7, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულებები, თვითმმართველი ქალაქი თელავი, ანგარიში/სახაზინო კოდი:300863150, მიმღების ბანკი/ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22) 38.44 ლარი, ხოლო დანარჩენი ჩაითვალოს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე