განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/42-19
(№------------)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი, ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ქეთევან ინასარიძის მდივნობით,პროკურორ - ა-----------–---–ის;
ბრალდებულ - ს----------------–--ის;
ადვოკატ - მ---------ას;
თარჯიმან - ო------------------ის;
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
ს---------------------------------–--ის (დაბადებული 07.02.1----–--–--------------–----------–--------------------------------------------------–-----–----–----------–------------------–-----------------------------------–------------------------–----------------------------------------–-------–---) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ს----------------–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 26 დეკემბერს, გარდაბნის რაიონ სოფელ ბირლიკში არსებულ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 17:00 საათზე, ს--------------–--ი დაბრუნდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ოჯახის წევრების შვილიშვილის და მეუღლის მიმართ გახდა აგრესიული, რის შედეგადაც აიღო დანა და მეუღლეს - ზ---–--------–--ას დაემუქრა რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარის შედეგად, ზ---–--------–--ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს----------------–--ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 26 დეკემბერს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ მ-------------–---–ის მიერ. ბარათის მიხედვით ს----------------–--ი ფსიქოლოგიურად ძალადობს მისი ოჯახის წევრებზე. (ტ1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ---–--------–---ამ და ფაქტის შემსწრე მოწმეებმა რ--------–--მა, რ----–----–--მა და თ--------–---მ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის (დაზარალებულის შემთხვევაში მეუღლის, რ--------–--ის და რ----–----–--ის შემთხვევაში ბაბუის, ხოლო თ--------–---ს შემთხვევაში მამის) ს----------------–--ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
დაზარალებულ ზ---–--------–---ას, რ--------–--ის, რ----–----–--ის და თ--------–---ს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიუცემლობის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილი, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის და მოწმეების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადაოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტი დ---------–--ე, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულ ზ---–--------–--ის მითითებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოტანიკაში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ოთახიდან დანის ამოღების ფაქტი (ტ2. ს.ფ. 85-86)
ბრალდებულმა ს----------------–--მა წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკცებულებების შეფასება და გაანალიზება სასამართლომ მოახდინა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საზოგადოდ ცნობილია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც, თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული. მუქარის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით.
აღნიშნული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად სახეზე გვაქვს მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.
სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმით არამედ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით. ეს ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შესაფასებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი და განისაზღვროს ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, ან წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არა ერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ.) ხოლო სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებაში უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა, თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში.
ამდენად დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმის დ---------–--ის ჩვენება, ასევე სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე უდაოდ ცნობილი მოწმეების: რ----–------------ის, ხ-----------–-–---–ის და გ-------------------ის გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ჩვენებები - ს----------------–--ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებით არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ზ---–--------–--ისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო პროცესზე ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ს----------------–--ის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.
ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )
ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ს----------------–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა ს----------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ს----------------–--ის ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ყველა მტკიცებულება, რომლიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული და უდაოდ ცნობილი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს----------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ს----------------–--ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------------–--ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
3. განემარტოს ს----------------–--ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე