გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
140210018002559498
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210018002559498

2/1430-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - ს----–-------------ი“

წარმომადგენელი - ნ--------------

მოპასუხეები - გ--------------–---–ი, ბ-----------ე

 

დავის საგანი- ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხეებს გ--------------–---–ს და ბ-----------ეს ს----–-------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 5102.79 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 2072.33 ლარი, სარგებელი - 2530.46 ლარი, პირგასამტეხლო - 1036 ლარი, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა და პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის დაკისრება.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

2013 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე გ--------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 4300 ლარი ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური სარგებელი 20.25%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ბ-----------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ-----------ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება ძირითად მოვალესთან ერთად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 6796.59 ლარით. მოსარჩელემ სრულად შესარულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად გაფრთხილებისა, ისინი ვალდებულებებს არ ასრულებენ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე მათ ცნეს სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში, ასევე სარგებლის ნახევარი - 1265.23 ლარი და სადავოდ გახადეს მხოლოდ დარიცხული სარგებლის ½ ნაწილის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე გ--------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 4300 ლარი ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური სარგებელი 20.25%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 14.11.2013 წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება

 

3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ბ-----------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ-----------ემ იკისრა სოლიდარული თვადებობა ძირითად მოვალესთან ერთად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზაღვარი განისაზღვრა 6796.59 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.11.2014 წ. თავდებობის ხელშეკრულება

 

3.1.3. მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილები წერილები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარეს ვალდებულება არ შეუსრულებია და მას ერიცხება დავალიანება, კეძოდ: ძირი თანხა 2072.33 ლარი (რომელიც მოპასუხემ აღიარა), სარგებელი - 2530.46 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს დარიცხული სარგებელის 2530.46 ლარის ½ და დაზუსტებული პირგასამტეხლო 500 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ის“ დაზუსტებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე გ--------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 4300 ლარი ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური სარგებელი 20.25%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, გ--------------–---–მა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 2072.33 ლარის ანაზღაურება. აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს დავალიანება ძირი თანხის ნაწილში.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2530.46 ლარის ნაწილშიც. ვინაიდან მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია ან არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საუძველი სარგებლის შემცირებისა, გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მოპსაუხეებმა სარგებლის ½ ნაწილი ცნეს მოსამზადებელ სხდომაზე, თუმცა მათი მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული მათი მხრიდან დანარჩენი სარგებლის გადახდის ვალდებულების არარსებობა, მითუმეტეს, რომ მათ მიერ აღიარებული სარგების თანხა გრაფიკით დადგენილ თანხის ოდენობაზეც კი მცირეა.

 

6.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. კერძოდ დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულება, შესაბამისად, მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა არ სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ბ-----------ის შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ-----------ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზაღვარი განისაზღვრა 6796.59 ლარით, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა თავდების, ბ-----------ის მიმართაც საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 53 ლარი სოლიდარულად უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს.

 

7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 169.17 ლარი, ამასთან, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ - 3337.56 ლარის ნაწილში, სარჩელი დამაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 169.17 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 116.17 ლარი, ხოლო 53 ლარიანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. უ

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე სს “ლ-------------ის” დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების: გ--------------–---–ის და ბ-----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს: გ--------------–---–ს და ბ-----------ეს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5102.79 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის 2072.33 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2530.46 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი.

 

3. მოსარჩელე ს----–-------------ს“ (ს/კ: 203828304) დაუბრუდეს 2018 წლის 23 ივლისს, შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 169,17 ლარიდან (საგადასახადო დავალება №5145508417) 116.17 ლარი, დანარჩენი 53 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხეებს: გ--------------–---–ს და ბ-----------ეს მოსარჩელე სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 53 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

 

6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი