გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
330210018002490077
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დაკავშირებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/17408-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.04.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთ კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

მოსარჩელე მ------ ბ------,წარმომადგენელი ვ-–-------- ქ---------–---, დ----- ჭ-----–---–-,მოპასუხე ა---------– ხ-------,წარმომადგენელი დ----- ხ-------,დავის საგანი: დისკრიმინაციულად მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი მოპასუხე ა---------– ხ-------- მხრიდან მ------ ბ------- მიმართ პროფესიული შევიწროების ნიშნით.

1.2. მოპასუხე ა---------– ხ------- მ------ ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად 1 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა---------– ხ------- არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ------ ბ------ 2015 წლის 10 ივნისიდან არის ააიპ ს--------–------- დ---------- და ს------------------ ჩ--------–----- მ----–----–----- ც-------- დირექტორი.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

10.06.2015 წლის განკარგულების ასლი ს. ფ. 22-23.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ს.ფ. 19-20.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.2. მოპასუხე ა---------– ხ------- 2015 წლის 01 აგვისტოდან არის დასაქმებული ააიპ ს--------–------- დ---------- და ს------------------ ჩ--------–----- მ----–----–----- ც-------- დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

01.08.2015 წლის შრომითი ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 24-25.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.3. მოპასუხე ა---------– ხ------- წარმოადგენდა სამსახურეობრივად მოსარჩელისადმი დაქვემდებარებულ პირს ააიპ ს--------–------- დ---------- და ს------------------ ჩ--------–----- მ----–----–----- ც-------- წესდების და შინაგანაწესით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ააიპ ს--------–------- დ---------- და ს------------------ ჩ--------–----- მ----–----–----- ც-------- წესდების ასლი ს. ფ. 29-36.

ააიპ ს--------–------- დ---------- და ს------------------ ჩ--------–----- მ----–----–----- ც-------- შინაგანაწესის ასლი ს. ფ. 37-70.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.4. მოსარჩელე მ------ ბ------- მიერ დაკავებული თანამდებობისათვის წარდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში სავალდებულო არ არის იურიდიული განათლება. ა.ა.ი.პ-ის წესდების 5.1.2. პუნქტის თანახმად, ა.ა.ი.პ.-ის დირექტორი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. წესდების 5.2.11. პუნქტის თანახმად, დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, ნიშნავს და ათავისუფლებს ა.ა.ი.პ.-ის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს პრემიების გაცემის ან სხვაგვარი წახალისების საკითხებს. წესდების 5.6.1. პუნქტის თანახმად, დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი. 5.6.2. პუნქტის თანახმად, დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნისას ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში. წესდების 5.6.3. პუნქტით, კი დირექტორის მოადგილეები ასრულებენ, როგორც მასზე დაკისრებულ/დელეგირებულ მოვალეობებს, ასევე დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ააიპ ს--------–------- დ---------- და ს------------------ ჩ--------–----- მ----–----–----- ც-------- წესდების ასლი ს. ფ. 29-36.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.5. მოსარჩელე მ------ ბ------- გააჩნია უმაღლესი სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის განხრით.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.6. მოპასუხე ა---------– ხ------- 01.06.2018 წელს მოსარჩელის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის თაობაზეც ამჟამად მიმდინარეობს დავა სასამართლოში.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

10.09.2018 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასლი ს.ფ. 132 – 133.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელე მ------ ბ------- მიმართ დისკრიმინაციული მოტივით ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თავად განსაზღვრავენ იმ ფაქტობრივ საფუძველთა წრეს, რასაც შესაბამისი პოზიცია (მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის შესაგებელი) ეფუძნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ პროფესიული ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე და 3635-ე, მუხლები აწესრიგებენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურებს. დასახელებული ნორმების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა საკმარისი ფაქტები და ვერ წარმოადგინა დამაჯერებილი მტკიცებულელები რაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებას დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან (ვრცელი განმარტება იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი.

 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი.

 

სიტყვის და გამოხატვის თვისუფლების შესახებ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 9.1 მუხლით ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსიტუციის 11.1 მუხლით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მულით: 1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. 5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1-ე მუხლის მიხედვით ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

 

სარჩელი ემყარება პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად:

 

შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

 

დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება და არღვევს სამართლიანობის და საზოგადოებაში დამკვიდრებულ თანასწორობისა პრინციპებს, რის გამოც აკრძალულია, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ისე, საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

 

სასამართლო მიუთითებს დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადანაწილების შესახებ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საქმეზე ,,ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ (განაცხადები N43577/98 და 43579/98; Nachova and Others v. Bulgaria [GC] - 43577/98 and 43579/98 Judgment 6.7.2005 [GC]). აღნიშნულ საქმეში განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს ,,გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა“. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და არა სისხლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც განიხილება ხოლმე სახელმწიფოებში ეროვნულ დონეზე და რომელიც ხშირად არ ითხოვს მტკიცებულებათა წარდგენის ასეთ მაღალ სტანდარტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე და 3635-ე, მუხლები აწესრიგებენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურებს. დასახელებული ნორმების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

ზემოაღნიშნული მუხლების სამართლებრივი ანალიზიდან ირკვევა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი მოსარჩელე მხარემ მტკიცების მაღალი სტანდარტით უნდა დაადასტუროს. რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა primafacie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 2014 წლის 4 თებერვალი). მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

 

ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში დასაქმებულის პოზიცია, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, თუმცა, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (სუსგ ას№-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით სარჩელში და ახსნა-განმარტებებში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით 2 ნაწილად უნდა გაიყოს. პირველი ნაწილი შეეხება 2018 წლის 27 მარტს მომხდარ ფაქტს, ხოლო მეორე ნაწილია ის ფაქტები, რასაც მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამდა სასამართლოში და ზემდგომ ორგანოებში მითითებას მოსარჩელის განათლებაზე, კერძოდ მოსარჩელის სტომატოლოგობაზე.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 3.2. მუხლის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური თავისუფლებით, ხოლო ამავე კანონის 5.1. მუხლის თანახმად, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია წინასასამართლო ან სასამართლო სხდომაზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად სარჩელში, შესაგებელში, ზემდგომ ორგანოებში მითითება - თავდაცვა (რაც მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლებას და უფლების აღდგენისათვის ზემდგომ ინსტანციებში და სასამართლოსათვის მიმარვის საჭიროებამ განაპირობა) არ შეიძლება აღქმულ იქნეს დისკრიმინაციად, ვინაიდან კანონით განსაზღვრული უფლების რეალიზაციის და თვითდაცვის ფარგლებში ახორციელებს პირი თავისი უფლების რეალიზაციას. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დისკრიმინაციის ფაქტი არ შეიძლება იქნეს დადგენილი.

 

რაც შეეხება 27.03.2018 წლის ფაქტს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ამ ფაქტზე.

 

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციას ითვალისწინებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა მის პირველ მუხლში მითითებულია სხვა ნიშანიც, რომელშიც შესაძლოა ასევე მოიაზრებდეს განათლების მიხედვით დისკრიმინაცია.

 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია პირდაპირი დისკრიმინაცია და ირიბი დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია მოიცავს დისკრიმინაციულ მოპყრობას ან დისკრიმინაციული მოპყრობის პირობების შექმნას და არახელსაყრელ პირობებში ჩაყენებას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან მიმართებაში. აქ ყურადღება გასამახვილებელია იმ ფაქტზე, რომ როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე იყვნენ ა.ა.ი.პ.-ის თანამშრომლები, მოსარჩელე დირექტორია, ხოლო მოპასუხე იყო მისი მოადგილე ანუ სამსახურებრივად მისდამი დაქვემდებარებული პირი. შესაბამისად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მოპასუხის პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციული ქმედებით მოსარჩელე სხვებთან არათანაბარ მდგომაროებაში აღმოჩნდა ან შეიძმნა მტრული გარემო და დამოკიდებულება მისდამი სამსახურის თანამშრომლების მხრიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ა.ა.ი.პ.-ის სხვა რამდენიმე დირექტორი არ ჰყავს, მოსარჩელე წარმოადგენს ა.ა.ი.პ.-ის ერთადერთ დირექტორს, რომელიც სხვა პირებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში ვერ ჩადგებოდა, რაც შეეხება მრტულ გარემოს შექმნას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით და მოწმის დაკითხვით აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა არ დადასტურდა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ დადგინდა მოპასუხის მიერ გამოვლენილი რაიმე ქმედება პროფესილი ნიშნით დისკრიმინაციის, რაც სასამართლოს მიერ ასეთდ შეიძლება მიჩნეულ ან შეფასებულ იქნეს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ "სტომატოლოგობა" ანუ სტომატოლოგია, წარმოადგენს სამედიცინო დარგიდ ერთ-ერთ წარმატებულ და შემოსავლის მომტან სფეროს და იგი დამამცირებელი ან შეურაწმყოფელი გინდაც საზოგადოებაში არასწორედ დამკვიდრებული შეხედულების (სტიგმის) გამო დისკრიმინაციულად არ მიიჩნევა. შესაბამისად სტომატოლოგიაზე ან სტომატოლოგობაზე ხაზგასმა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციად. შესაბამისად, ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხემ მ------ ბ------- მიმართ განახორციელა რაიმე სახის დისკრიმინაცია, არ დასტურდება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით არ იკვეთება მოპასუხის დისკრიმინაციული ქმედება, ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ზიანის არსებობის ფაქტს. შესაბამისად, არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ ნაცვლად 10 000 ლარისა მოითხოვა მოპასუხისათვის სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მოთხოვნის პროპორციულად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 150 ლარის ოდენობით უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

3. საქმეზე 12.06.2018 წელს, სს თიბისი ბანკის მეშვეობით, N0 საგადახდო დავალებით, სახაზინო კოდით 300773150, ბანკის კოდით TRESGE22, მარინე კორძაძის მიერ მ------ ბ------- სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 150 ლარი დაუბრუნდეს მ------ ბ-------.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამარტლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი