გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210018002586536
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23908-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”მ----------------------”

წარმომადგენელი გი----------------–---–-

მოპასუხე ზუ----------------

წარმომადგენელი ნი------–---–-

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხე ზუ----------------ს სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა 2 415.11 აშშ დოლარი;

1.2. დაეკისროს მოპასუხე ზუ----------------ს სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სარგებელი 48.24 აშშ დოლარი;

1.3. დაეკისროს მოპასუხე ზუ----------------ს სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ მიუღბელი შემოსავალი 430.59 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 24 ოქტომბერს, ზუ----------------სა და შპს „მ----------------------“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–---------- რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით მისცა სესხი 2 700 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ჰონდა. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 18 თვის ვადაში.

 

2018 წლის 12 აპრილს, მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 5 400 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 150 ლარი - ავტომობილის ძებნა - დაკავების ხარჯი; 448 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1 453.89 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 284.88 აშშ დოლარი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.

 

გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეს შპს „მ----------------------ს“ მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა - 2 699.99 აშშ დოლარი. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით შემცირებული ძირითადი თანხის ოდენობამ შეადგინა 2 415.11 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიური 5%-ის ოდენობით. ამასთან, ავტომობილის რეალიზაციიდან გრაფიკის ვადის ამოწურვამდე პერიოდში გასულია 12 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 48.24 აშშ დოლარს, რაც დღიურად შეადგენს 4.02 აშშ დოლარს. გრაფიკის ვადის ამოწურვიდან სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე გასულია 3 თვე და 17 კალენდარული დღე. ამ პერიოდში დარიცხული სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 430.59 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზუ----------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და აღნიშნა, რომ 2 700 აშშ დოლარის სესხზე მის მიერ ჯამურად გადახდილია 5 400 ლარი. დაფარული თანხით დაიფარა შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი და პირგასამტეხლო. პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მექანიზმი არასამართლიანია და არღვევს მსესხებლის როგორც ნებას, ასევე უფლებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 24 ოქტომბერს, ზუ----------------სა და შპს „მ----------------------“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–---------- რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით მისცა სესხი 2 700 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 18 თვის ვადაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

 

3.1.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.3. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა ზ-----------------ის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: HONDA-INSPIRE.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

3.1.5. ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას, სესხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ჯარიმის და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამსესხებლის იურიდიული მომსახურების, სანოტარო ხარჯები და სასამართლო ბაჟი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ სესხი და სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს გამსესხებლის შეხედულებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით დამრგვალებით შეადგენს 5 800 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 5 000 ლარი.

 

შპს "მ-----------------------" ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადაიხადა 100 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში.

- მიღება-ჩაბარების აქტი.

3.1.7. 2018 წლის 12 აპრილს შპს „მ-----------------------“ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია ლ---------------–---–ზე და მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის თანხამ შეადგინა 5 400 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 12.04.2018 ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.3 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოგირავნე გადაიფორმებს საკუთარ სახელზე გირავნობის საგანს - უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ გადაფორმების დროისათვის გირავნობის საგნის ღირებულების ფარგლებში, ხოლო უზრუნველყოფილი მოთხოვნის დარჩენილ/მიუღებელ ნაწილზე მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 276-ე, 623-ე, 403-ე, 427-ე, 361-ე, 316-ე, 361-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შპს „მ----------------------ს“ მოთხოვნა ზ-----------------ის მიმართ ძირითადი თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

ზემოღნიშნული ნორმის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ”მ----------------------ა” და მოპასუხე ზუ----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა სს ”მ-----------------------” გადასცა მსესხებელს თანხა, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადებში ნასესხები ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება.

ასევე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის შესაბამისად, მსესხებელს ეკისრება გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯის, კერძოდ, ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მხარეები სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, რომლის შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მსესხებლის ზ-----------------ის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის ვადების დარღვევის გამო, კრედიტორმა გამოიყენა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება და უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 5400 ლარად, საიდანაც რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანებიდან დაფარულად ჩათვალა 150 ლარი - ავტომობილის ძებნა - დაკავების ხარჯი; 448 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1 453.89 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 284.88 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.

 

ამ შემთხვევაში, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა კრედიტორმა გადაანაწილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგითობით. მოპასუხე სადავოდ ხდის კრედიტორის მიერ გაქვითული პირგასამტეხლოს და სარგებლის ოდენობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამით აიხსნება ის, რომ ზოგადი წესით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ ფარგლებში, რომელიც ვერ დაიფარა პირგასამტეხლოთი.

 

სასამართლო ვალდებულების დარღვევის ვადიდან, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან და პირგასამტეხლოსა და სარგებლის პროცენტიდან გამომდინარე, გონივრულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ გაქვითული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობა შეადგენს თვეში 5%-ს, რაც წელიწადში შეადგენს 60%-ს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი დიდია და ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა თვიური 5% სარგებლის გადახდა. ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ ზუ----------------ს კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ზიანის სახით, ერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო მიუთითებს,რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ნების გამოვლენის თავისუფლება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ზოგიერთი ხელშეკრულება საერთოდ არ შეიძლება დაიდოს ანუ ზოგიერთ სახელშეკრულებო პირობაზე საერთოდ არ შეიძლება შეთანხმება. ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა არ უნდა არღვევდეს საჯარო წესრიგს, ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს ან კანონით განსაზღვრულ ინტერესებს. ხოლო თუ ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა წარმოადგენს ასეთ დარღვევას ან ასეთ წინააღმდეგობას, მაშინ კანონი არ აღიარებს მოქალაქეთა შორის მსგავსი შეთანხმების სავალდებულო ძალას, თუნდაც ორივე მხარეს სურდეს შეთანხმება. თეორიულ-სამართლებრივი სახელწოდება ხელშეკრულების თავისუფლების ამგვარი შეზღუდვისა არის ის, რომ ხელშეკრულება ან ცალკეული სახელშეკრულებო პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება, მაგალითად, ზნეობის ნორმებს, ბათილია. ზოგ შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ დადონ რაიმე კონკრეტული ხელშეკრულება, მაგრამ თავისუფლად არ შეუძლიათ განსაზღვრონ მისი შინაარსი. ანუ ხელშეკრულების დადებისას მათ არ შეუძლიათ დაადგინონ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები. სავალდებულო ხასიათის ასეთი პირობები უმთავრესად მოიპოვება იმ ხელშეკრულებებში, რომლებშიც, კანონმდებლის აზრით, ერთი მხარე უფრო ძლიერ პოზიციაში, რის გამოც უფრო სუსტ პოზიციაში მყოფ მეორე მხარეს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა კანონით.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის ადეკვატური უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულებელყოფა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გარიგების ამორალურად მისაჩნევად არ არის აუცილებელი იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს შესრულებასა და სამაგიერო შესრულებას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება და ასეთი გარიგების სუბიექტის მხრიდან სარგებლის მიმღების შესაბამისი განზრახვა, რომ სასამართლომ ამორალურ გარიგებად მიიჩნიოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს დაუწესა ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნა, ყოველდღიურად გადასახდელი სარგებლის სახით, რომლის გადახდის ვალდებულება მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც, რაც მიუღებელი და არამართებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან არ გამომდინარეობს საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირობა, ამ ოდენობის საპროცენტო სარგებლის შესახებ გაუმართლებლად ლახავს საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოების წევრების ღირებულებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება პროცენტის თაობაზე გონივრულად ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წლიური 15% გონივრული პროცენტია და ამის ზევით უნდა ჩაითვალოს ბათილად მისი ამორალური ხასიათის გამო. შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მიერ ცალმხრივად გაქვითული 1453.89 აშშ დოლარის ნაცვლად, ამ დროისათვის გადასახდელი სარგებლის ოდენობა უნდა განისაზღვროს 363.47 აშშ დოლარით, სარგებელის ანგარიშში გადახდილი დარჩენილი 1090.42 აშშ დოლარით უნდა შემცირდეს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, დარჩენილი გადასახდელი ძირი თანხა, შესაბამისად, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი გადასახდელი ძირი თანხის ოდენობას 2415.11 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს სარგებლის ანგარიშში გაქვითული 1090.42 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 1324.69 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე ზუ----------------ს კრედიტორის სს ”მ----------------------ს” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1324. 69 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს სს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი გადაუხდელი თანხა 1 324.69 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა.

 

6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდევინებაზე.

 

გადაუხდელი სესხის ძირი თანხის 1324.69 აშშ დოლარის წლიური 15% შეადგენს თვეში, 1.25%-ს, ავტომანქანის რეალიზაციიდან 2018 წლის 12 აპრილიდან, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, გადაცილებულ 12 დღეზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 6.6. აშშ დოლარს. (1324.69 აშშ დოლარის წლიური 15%, შეადგენს 16.55 აშშ დოლარს, დღეში 0.55 აშშ დოლარი).

 

გადაუხდელი სესხის ძირი თანხის 1324.69 აშშ დოლარის წლიური 15% შეადგენს თვეში, 1.25%-ს, ხოლო დღეში 0.04%-ს. აქედან გამომდინარე, 2018 წლის 24 აპრილიდან, 2018 წლის 24 ივლისამდე გადაცილებულ სამ თვესა და 17 დღის პერიოდზე, დარიცხული პროცენტი შეადგენს 59 აშშ დოლარს. (დღიური 0.55 აშშ დოლარი, სამ თვეზე - 49.65 აშშ დოლარი + 17 დღის - 9.35 აშშ დოლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხე ზუ----------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 105.93 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ”მ----------------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე ზუ----------------ს დაეკისროს მოსარჩელე სს ''მ----------------------ს” სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 1 324.69 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში, სარგებლის - 6.6 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში და 59 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ზუ----------------ს დაეკისროს მოსარჩელე სს ''მ----------------------ს” სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ.

2. მოპასუხე ზუ----------------ს დაეკისროს მოსარჩელე სს „მ----------------------ს” სასარგებლოდ 105.93 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია