გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1031-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე ნ---------–---
მოსარჩელის წარმომადგენელი ი----------–ი
მოპასუხე ი-----–---------–--ე
მოპასუხის წარმომადგენელები ს--–---------------ე
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ი-----–---------–--ეს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2006 წლის 1--------- დაბადებული ნ-----–------------–--ის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის ნ---------–---ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
1.2 ი-----–---------–--ეს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 3---------- დაბადებული დ----------------–--ის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის ნ---------–---ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 24 იანვრიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
ნ---------–--- (პ/ნ 0----------) და ი-----–---------–--ე (პ/ნ 0----------) არარეგისტრურებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2005 წლიდან, ჰყავთ ორი საერთო შვილი, 2006 წლის 1--------- დაბადებული ნ-----–------------–--ე (პ/ნ 0----------) და 2008 წლის 3-------- დაბადებული დ----------------–--ე (პ/ნ 0----------). მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბოლო ათი თვის განმავლობაში შეუძლებელი გახდა მხარეთა თანაცხოვრება, რაც გამოწვეული იყო ი-----–---------–--ის ალკოჰოლური სასმელისადმი დამოკიდებულებით. ცოლ-ქმარს შორის მუდმივმა კამათმა, მოპასუხის ყოველდღიურმა აგრესიულმა ქცევებმა, რასაც ბავშვები ესწრებოდნენ და მოქმედაებდა მათ ფსიქიკაზე, ნ---------–--- მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, შვილებთან ერთად ცალკე გადასულიყო საცხოვრებლად.
მოსარჩელე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად უკვე 10 თვეა რაც ცხოვრობს ცალკე, მას უწევს მთელი მატერიალური და მორალური ზრუნვის გამოყნება შვილების აღსაზღდელად, რადგან მამა არ არის დაინტერსებული ბავშვების ბედით. გარდა იმისა, რომ არასრუწლოვანი ნ-----–----- და დ----------------–--ეები სწავლობენ კერძოს სკოლაში, ასევე ემზადებიან სხვადასხვა წრეებზე, კერძოდ: მათემატიკის საგანზე, ცურვაზე, ხატვაზე. ასევე ესაჭიროებათ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობები, ეს ყოველივე კი დაკავშირებულია საკმაო ხარჯებთან. მოსარჩელეს კი არ აქვს იმ რაოდენობის შემოსავალი, რომ გაწვდეს ორი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდას და მათი სასიკეთო ინტერესებიდან ამოსვლას, აქედან გამომდინარე მომართავს სასამართლოს და მოითხოვს ალიმენტის დაკისრებას მოპასუხისათვის. მისთვის ცნობილია, რომ მოპასუხე ი-----–---------–--ე დასაქმებულია „ჰ--------------------------–-“ და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 3 000 ლარს, ასევე მას გააჩნია სხვა სახის შემოსაველბიც.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი-----–---------–--ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მისი განცხადებით, იგი არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, სადაც მოპასუხე წარმოადგენილია ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირად, რომელიც აგრესიულად ექცეოდა ოჯახის წევრებს. ამით მოსარჩელეს სურს, რომ სასამართლოს წინაშე ი-----–---------–--ე ნეგატიურად დაახასიათოს. მოპასუხე ბავშვების დაბადებიდან ზრუნავს მათზე და სწევს ყველანაირ ხარჯს მათი რჩენა-აღზრდის მიზნით. ბავშევბი დადებითად და თბილად არიან განწყობილი მამის მიმართ. ი-----–---------–--ე მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეხმარება საკუთარ შვილებს, თუმცა საალიმენტო ვალდებულებად დასახელებული თანხა შეუსაბამოა მოპასუხის შემოსავლებთან, ასევე არ გამომდინარეობს ბავშვების საჭიროებებიდან. მოპასუხე თანახმაა შვილების რჩენა-აღზრდის მიხნით გადაიხადოს ალიმენტის სახით ჯამში 300 (სამასი) ლარი. ი-----–---------–--ე დასაქმებულია „ჰ--------------------------–-“ და მისი შემოსავალი შეადგენს ყოველთვიურად 3000 ( სამი ათას) ლარს, მას სხვა დამატებითი შემოსავალი არ გაჩნია. ი-----–---------–--ეს აქვს საბანკო ვალდებულება 8220.34 ლარის ოდენობით, რისთვისაც ყოველთვიურად იხდის 300(სამას) ლარს, საცხოვრებელი ბინა აქვს დაქირავებული, რომლის ღირებულება თვიურად შეადგენს 700 (შვიდას) ლარს, ემატება კომუნალური მომსახურები საზღაური 200-250 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ფინანსური მდგომარეობდან გამომდინარე, შესწევს შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად ალაიმენტის სახით გადაიხადოს 150-150 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. დაბადების მოწმობა №4-----, სააქტო ჩანაწერი - №0-------ის თანახმად,ნ-----–------------–--ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 2006 წლის 1---------, ქალაქ თბილისში. მისი მშობლები არიან ი-----–---------–--ე (პ/ნ 0----------) და ნ---------–--- (პ/ნ 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.17);
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. დაბადების მოწმობა №7-----, სააქტო ჩანაწერი - №0-------ის თანახმად,დ----------------–--ე (პ/ნ 0----------) დაიბადა 2008 წლის 3----------. მისი მშობლები არიან ი-----–---------–--ე (პ/ნ 0----------) და ნ---------–--- (პ/ნ 0----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.17)
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.1.4. შპს „კ--------“ საშუალო სკოლის 24.12.2018 წლის ცნობის თანახმად, ნ-----–------------–--ე სწავლობს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულების მე-7 კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „კ--------ს“ ცნობა (იხ.ს.ფ. 18)
3.1.5. შპს „კ--------“ საშუალო სკოლის 24.12.2018 წლის ცნობის თანახმად, დ----------------–--ე სწავლობს აღნიშნულ სგანმანათლებლო დაწესებულების მე-6 კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „კ--------ს“ ცნობა (იხ.ს.ფ. 19)
3.1.6. მატისის სამხატვრო სტუდიის 23.12.2018 წლის ცნობის თანახმად, ნ-----–-------------–--ე შაბათ-კვირა ესწრება აღნიშნულ სამხატვრო წრის გაკვეთილებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მატისის სამხატვრო სტუდიის ცნობა (იხ.ს.ფ. 20)
3.1.7. სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის „ ბ-–------------“ 26.11.2017 წლის ცნობის თანახმად დ----------------–--ე ირიცხება ცურვის შემსწავლელთა ჯგუფში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის „ ბ-–------------“ ცნობა (იხ.ს.ფ. 21)
3.1.8. სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის „ ბ-–------------“ 26.11.2017 წლის ცნობის თანახმად ნ-----–------------–--ე ირიცხება ირიცხება ცურვის შემსწავლელთა ჯგუფში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის „ ბ-–------------“ ცნობა (იხ.ს.ფ. 22)
3.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. შპს „H----------------------”-ის 11.12.2018 წლის ცნობის თანახმად, ი-----–---------–--ე დასაქმებულია აღნიშნულ დაწესებულებაში და მისი ყოველთვიური ანაზრაურება შეადგენს 3 000 (სამი ათას) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „H----------------------”-ის ცნობა (იხ.ს.ფ.23)
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.02.2019 წლის ცნობის თანახმად ნ---------–---ს შემოსავალი 01.01.2018 წლიდან 01.02.2019 წლამდე წარმოადგენს ფიქსირებულ ხელფასს -750 ლარს, რასაც აკლდება დაკავებული გადასახადი 150 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (იხ.ს.ფ.32-34)
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.02.2019 წლის ცნობის თანახმად ი-----–---------–--ის შემოსავალი 01.01.2018 წლიდან 01.02.2019 წლამდე წარმოადგენს 37915.6 ლარს, რასაც აკლდება დაკავებული გადასახადი - 7583,12 ლარი. შესაბამისად მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 3370.27 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა (იხ.ს.ფ.32-33)
3.2.5. სს „თიბისი ბანკის“ 18.12.2018 წლის ხელშეკრულების მიხედვით ი-----–---------–--ეს აქვს საკრედიტო ვლადებულება 1253.3 ლარის ოდენობით, რისთვისაც ყოველთვიურად შეაქვს 85.84 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თიბისი“ ბანკის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.53)
3.2.6. მიკროსაფინანსო კომპანია amica-ს ხელშეკრულების მიხედვით, ი-----–---------–--ეს აქვს სესხი 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიკროსაფინანსო კომპანიის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 57-61)
3.2.7. სს „თიბისი“ ბანკის 11.02.2019 წლის ხელშეკრულების მიხედვით ი-----–---------–--ეს აქვს სასესხო ვალდებულება 1500 ლარის დენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თიბისი“ ბანკის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 62-65)
3.2.8. 2018 წლის 11 ივნისის ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ ხელშკრულების მიხედვით ი-----–---------–--ის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის მოცულობა შეადგენს - 1500 ლარს, ხოლო 2018 წლის 29 მაისის ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ ხელშკრულების მიხედვით, ი-----–---------–--ის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის მოცულობა შეადგენს - 1500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოვერდაფით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები (იხ.ს.ფ. 66-71)
3.2.9. სს „თიბისი“ ბანკის ხელშეკრულების მიხედვით ი-----–---------–--ეს აქვს საბანკო კრედიტი 1.515.98 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თიბისი“ ბანკის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 72-74)
-
3.2.10. სს „თიბისი“ ბანკის ხელშეკრულების მიხედვით ი-----–---------–--ეს აქვს საბანკო კრედიტი 701.06 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თიბისი“ ბანკის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 75-77)
3.2.11. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 08.04.2019 წლის ცნობის თანახმად, დ----------------–--ს აღენიშნება, პირველი ხარისხის სქოლიოზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (იხ.ს.ფ. 179)
3.2.12. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 11.04.2019 წლის ცნობის თანახმად, ი-----–---------–--ს აღენიშნება, უკიდურესი ხასიათის სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (იხ.ს.ფ. 105)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის, ასევე შვილის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე,“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2006 წლის 1--------- დაბადებული ნ-----–------------–--ე და 2008 წლის 3---------- დაბადებული დ----------------–--ე, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ი-----–---------–--ე და ნ---------–--- ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების - ნ-----–---- და დ----------------–--ეების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–---------–--ე არის დასაქმებული და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 3370.27 ლარს, ნ---------–--- ასევე არის დასაქმებული და მისი ყოველთვიური შემოსავალი დაკავებული გადასახადის სახით შეადგენს - 600 ლარს, ხოლო არასრულწლოვან შვილებს ნ-----–------------–--ე და დ----------------–--ე არიან არასრულწლოვანები, რომლებსაც აღზრდა-განვითარების, ემოციური და სულიერი განვითარების გათვალისწინებით ესაჭიროებათ ორივე მშობლის დახმარება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, ვინაიდან არიან არასრულწლოვნები, მათი აღზრდა-განვითარებისა და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მინიმალური მოთხოვნილებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს რამოდენიმე ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს ალიმენტის ტაობაზე სარჩელის შემოტანის შემდგომ, ამასთან ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---- და დ----------------–--ეების მოთხოვნილებები, მათი ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციფიურია, ხოლო არასრულწლოვანი შვილების აღზრდაზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია რაიმე სხვა წინაპირობაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მარტის თვისათვის - 181.2 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოელუსთვის 325 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 24 იანვრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ნ--------------–--ის და დ----------------–--ის სასარგებლოდ თითოეულისათვის თვეში 325 (სამას ოცდახუთი) ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---------–--- ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე ი-----–---------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ნ---------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ი-----–---------–--ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ნ---------–---ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2006 წლის 1--------- დაბადებული ნ-----–------------–--ის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 325 (სამას ოცდახუთი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 24 იანვრიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
2.1. მოპასუხე ი-----–---------–--ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ნ---------–---ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2008 წლის 3---------- დაბადებული დ----------------–--ის (პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 325 (სამას ოცდახუთი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 24 იანვრიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
2. მოპასუხე ი-----–---------–--ეს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა