გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
330210117001988637
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17153-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - შპს „ჯ---------ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი - რ--------- გ-------

მოპასუხე - ნ----- კ--–------ი

მოპასუხის წარმომადგენელი - ს------- ბ-------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ----- კ--–------ს შპს „ჯ---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 18 697 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 22 მარტს შპს „ჯ---------ი“-ს და შპს „მ------“-ს შორის გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ შპს „მ------“-ს გაუწევდა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარირება-ანგარიშგების ყოველთვიურ მომსახურებას 2016 ფისკალური წლის პერიოდში. აღნიშნული ასევე მოიცავდა საქართველოს საგადასახადო ორგანოებთან დეკლარირება/ანგარიშგებისა და სახელმწიფო საბიუჯეტო ანგარიშსწორების საკითხებზე ურთიერთობასა და წარმომადგენლობას შპს „მ------“-ს საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებულ დეკლარაციებსა და სახელმწიფო საბიუჯეტო ვალდებულებებზე.

 

2016 წლის 22 მარტს შპს „ჯ---------ი“-სა და ნ----- კ--–------ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება #1-----, გამოსაცდელი - 6 თვიანი ვადით, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე. მოპასუხე ახორციელებდა დამსაქმებლისა და მისი კონტრაქტორებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების საოპერატორო-საკონსულტაციო მომსახურებას და ასრულებდა ხელშეკრულების დანართი #1-ით დაკისრებულ ფუნქციებს.

 

სარჩელში მითითებულია, რომ ნ----- კ--–------ს დაევალა კონკრეტულად შპს „მ------“-ს საბუღალტრო მომსახურება, მათ შორის ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება www.rs.ge-ზე. თუმცა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, შემდგომში გამოირკვა, რომ მოპასუხე სათანადოდ არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. კერძოდ, როგორც 2016 წელს ჩატარებულმა საგადასახადო შემოწმებამ გამოავლინა, 2016 წლის აპრილის, მაისის და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში არ იყო ასახული შესაბამისი თვის ანგარიშფაქტურები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ორგანოების მხრიდან შპს „მ------“-ს დაჯარიმება 21 697 ლარით.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ნ----- კ--–------ის მიერ დაირღვა გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.1.3 და 2.1.4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები და გამომდინარე აღნიშნული ხელშეკრულების 5.1 და 5.3 პუნქტებიდან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 18 697 ლარის ოდენობით ეკისრება ნ----- კ--–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ----- კ--–------მა არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, იგი მოვალეობებს მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის მოთხოვნით და მისი ზედამხედველობისა და მითითებების ფარგლებში ასრულებდა. შესაბამისად, სწორედ კომპანიის დირექტორს ევალებოდა შესრულებული სამუშაოს კონტროლი.

 

შესაგებელში ასევე მითითებულია, რომ მასთან არანაირი სახის მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ერთის მხრივ შპს „ჯ---------ი“-ს და მეორეს მხრივ ნ----- კ--–------ს შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით #1-----.

 

ხელშეკრულების 1.1 პუნქტით დასაქმებული ინიშნება საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე გამოსაცდელი 6 (ექვსი) თვის ვადით და განახორციელებს დამსაქმებლის და მისი კონტრაქტორებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების საოპერატორო-საკონსულტაციო მომსახურებას და შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1 სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციებს, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტით დასაქმებული ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო 2.2 პუნქტი ავალდებულებს დროულად და სრულყოფილად შეასრულოს დამსაქმებლის დავალებები და მითითებები თავისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის ფარგლებში.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება, დანართით (ს.ფ. 21-25);

 

3.1.2. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 1 ოქტომბერს ერთის მხრივ შპს „ჯ---------ი“-ს და მეორეს მხრივ ნ----- კ--–------ს შორის გაფორმებული #8----- შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ნ----- კ--–------ი დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 1 წლის ვადით.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომითი ხელშეკრულება, დანართით (ს.ფ. 56-60)

 

3.1.3. 2016 წლის 22 მარტს შპს „ჯ---------ი“-ს და შპს „მ------“-ს შორის გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება #---------.

 

ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების გამწევის მიერ კლიენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა მიხედვით საბუღალტრო აღრიცხვის და საგადასახადო დეკლარირება/ანგარიშგების ყოველთვიური მომსახურების გაწევა 2016 ფისკალური წლის, რომელიც ემთხვევა კალენდარულ 2016 წელს, პერიოდზე.

 

ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: „მომსახურების გამწევი ადასტურებს, რომ კლიენტის მომსახურება იწარმოებს კვალიფიციურობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, თუკი დადასტურდა, რომ მომსახურების გამწევის მიერ გაწეული მომსახურებისა და შესაბამისად გაცემული რეკომენდაციების განხორციელების შედეგად კლიენტს მიადგა მატერიალური ზიანი ან/და ზარალი, მხარე სრულად მიიღებს კომპენსაციას მიყენებული მატერიალური ზიანისა და/ან ზარალის ფარგლებში. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ კლიენტისთვის დაკისრებული სანქციებისა და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამური თანხა თუ არ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ კლიენტი არ მოითხოვს ამ ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ ზიანი უნდა ანაზღაურდეს აღნიშნული სანქციების და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამურ თანხას გამოკლებული 3 000 ლარის ოდენობით...“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20)

 

3.1.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 20.0-.2017წ. შედგენილი შპს „მ------“-ს საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს „მ------“-ს საგადასახადო ორგანოსგან დაერიცხა ჯარიმა 21 697 ლარის ოდენობით იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „მ------ს“ მიერ 2016 წლის აპრილის, მაისის და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში მითითებულია დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შემოწმების აქტი (ს.ფ. 29-55);

 

3.1.5. შპს „მ------“-ზე დარიცხული ჯარიმა სრულად აანაზღაურა შპს „ჯ---------ი“-მ, მათ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ზარალის მოთხოვნაზე განცხადება (ს.ფ. 86);

- შეთანხმების აქტი (ს.ფ. 87-88);

- ელექტრონული საგადახდო დავალება No 0--- (08.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმზე დანართი)

 

3.1.6. შპს „ჯ---------ი“-ს დირექტორის 2017 წლის 25 მაისის #-----2017 ბრძანებით შპს „ჯ---------ი“-ს საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტი ნ----- კ--–------ი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის პირველი ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბრძანება (ს.ფ. 83);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ----- კ--–------ს არ ეკისრება ზიანის - 18 697 ლარის ანაზღაურების ვალდებულება შპს „ჯ---------ი“-ს წინაშე.

 

მოსარჩელე წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება გამომდინარე მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების (გამოსაცდელი ვადით) 5.1 და 5.3 პუნქტებიდან.

 

2016 წლის 22 მარტის #1----- ხელშეკრულების 5.1 პუნქტში მითითებულია, რომ მხარეები პასუხს აგებენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. 5.3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 2.1.6 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დასაქმებული აანაზღაურებს დამსაქმებლისთვის მიყენებულ ზარალს. მითითებული 2.1.6 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებული მათ შორის ვალდებულია არ მიაყენოს დამსაქმებელს მატერიალური ან სხვა სახის ზიანი ან/და ზარალი.

 

სასამართლო განმარტავს, იმისთვის რომ განისაზღვროს რამდენად ჯეროვნად მოხდა ნ----- კ--–------ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თავდაპირველად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რისი შესრულება ევალებოდა შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულებას ერთვის დანართი #1, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი მოპასუხის ფუნქციები. თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხსენებული დანართის 3.1 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული უშუალოდ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია დამსაქმებლის დირექტორის წინაშე.

 

დანართის მე-4 პუნქტი სრულად აყალიბებს დასაქმებულის ფუნქციებს, რომელთა შორისაცაა: დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ დამსაქმებლის კლიენტების ყველა სახის ეკონომიკური და არაეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების წარმოება; დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ დამსაქმებლის კლიენტების სახელით საქართველოს საგადასახადო ორგანოებთან დეკლარირება/ანგარიშგებებისა და სახელმწიფო საბიუჯეტო ანგარიშსწორების საკითხებზე ურთიერთობა და წარმომადგენლობა; დამსაქმებლის კლიენტების არსებულ საბანკო ანგარიშებზე და იმ საბანკო ოპერაციების წარმოება, რომელსაც განუსაზღვრავს დამსაქმებელი და სხვა. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, დასაქმებულის თითოეული ვალდებულება მიბმულია დამსაქმებლის კონკრეტულ მოთხოვნაზე, შეასრულოს დასაქმებულმა (ოპერატორ-კონსულტანტმა) დამსაქმებლის მიერ მითითებული ვალდებულებები. ამდენად, იმისთვის, რომ კონკრეტულ კონტრაქტორთან - შპს „მ------“-სთან არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ნ----- კ--–------ს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა დადასტურდეს, რომ დამსაქმებელმა კონკრეტულად ნ----- კ--–------ს დაავალა ზემოაღნიშნულ კლიენტთან ურთიერთობა და რომ სწორედ ნ----- კ--–------ი იყო ერთპიროვნულად ვალდებული ეწარმოებინა შპს „მ------ს“ ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება www.rs.ge-ზე.

 

იმის დამადასტურებლად, რომ მოსარჩელე კომპანიის მხრიდან შპს „მ------“-სთან დელეგირებული პირი, გამომდინარე მათ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებიდან, იყო ნ----- კ--–------ი, შპს „ჯ---------ი“-ს წარმომადგენელი მიუთითებს მის მიერ 2016 წლის 23 მარტით დათარიღებული წერილზე (ს.ფ. 28), რომელიც, მისი განმარტებით, გაუგზავნა შპს „მ------“-ს და რომლითაც აცნობა ხსენებული ფაქტის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1---ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. კოდექსის 1-5-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები დავის გარშემო.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტს, რომ შპს „მ------“-სთან დელეგირებულ იქნა ნ----- კ--–------ი, მოსარჩელე ადასტურებს მხოლოდ წერილით, რომელთან დაკავშირებითაც, ისიც კი არ არის წარმოდგენილი, რომ მის კლიენტს ნამდვილად ჩაბარდა. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს ვერ იქნება დასტური იმისა, რომ მოპასუხისთვისაც ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ მას ეკისრებოდა შპს „მ------“-სთვის შპს „ჯ---------ი“-ს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება და რომ რისკებიც მასზე გადადიოდა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც ხსენებულ ფაქტს დაადასტურებდა. მოპასუხე განმარტავდა, რომ იგი არ იყო ბუღალტერი და მით უფრო მთავარი ბუღალტერი, იყო მხოლოდ ოპერატორ-კონსულტანტი, რომლის საქმიანობის კონტროლიც ევალებოდა კომპანიის დირექტორს და რომელსაც ექვემდებარებოდა სამსახურებრივად. უფრო მეტიც, ნ----- კ--–------ი განმარტავდა, რომ მასთან ერთად შპს „მ------“-ს სასარგებლოდ ბუღალტრულ საქმიანობას ასრულებდა ნ------ ჩ-------იც. აღნიშნული გარემოება დადასტურა კიდეც მოსარჩელის წარმომადგენელმა, თუმცა აღნიშნა, რომ ნ------ ჩ-------ს ნ----- კ--–------ის დახმარება ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულება, მხოლოდ მის ზეპირ განმარტებას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს, მით უფრო, რომ პირიქით, სწორედ მასზე მოდის ამ ტიპის დავებში მტკიცების ტვირთი, რაც ვერ იქნა ჯეროვნად შესრულებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ჯ---------ი“-ს წარმომადგენელმა ვერ შეძლო დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ----- კ--–------ის პირდაპირ და უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა შპს „მ------“-ს ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება და შესაბამისად, მოთხოვნა მის მიმართ, აანაზღაუროს ამ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანი, არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ჯ---------ის“ სარჩელი ნ----- კ--–------ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუსაბუთებლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ჯ---------ის“ და მოპასუხე ნ----- კ--–------ს შორის სადავო პერიოდში არსებობდა 2016 წლის 22 მარტს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება #1-----, რომლის 2.1.3 და 2.1.4 პუნქტების დარღვევას ედავება დამსაქმებელი დასაქმებულს. ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტით დასაქმებულმა აიღო ვალდებულება სამუშაო შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადებში. 2.1.4 პუნქტით კი იგი ვალდებულია დროულად და სრულყოფილად შეასრულოს დამსაქმებლის დავალებები და მითითებები თავის სპეციალობისა და კვალიფიკაციის ფარგლებში. ხსენებული დარღვევების საპასუხოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ამავე ხელშეკრულების 5.1 და 5.3 პუნქტების გათვალისწინებით ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს.

 

ზემოხსენებული ხელშეკრულების 5.1 პუნქტში მითითებულია, რომ მხარეები პასუხს აგებენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. 5.3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 2.1.6 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დასაქმებული აანაზღაურებს დამსაქმებლისთვის მიყენებულ ზარალს. მითითებული 2.1.6 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებული მათ შორის ვალდებულია არ მიაყენოს დამსაქმებელს მატერიალური ან სხვა სახის ზიანი ან/და ზარალი.

 

სასამართლომ მტკიცების ტვირთის სწორი და ობიექტური გადანაწილების გათვალისწინებით იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომ ნ----- კ--–------ს ეკისრებოდა უშუალოდ და ერთპიროვნულად შპს „მ------“-ს ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 1---ე და 1-5-ე მუხლებიდან, დააკისრა მოსარჩელე - შპს „ჯ---------ი“-ს მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ხსენებული მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას კრედიტორის მხრიდან, როდესაც დარღვეულია სახელშეკრულებო პირობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სახელშეკრულებო პირობის დარღვევას ედავება მოსარჩელე მოპასუხეს. ნორმაში ცალსახადაა მითითებული, რომ ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამდენად, სადავო საკითხის განსახილველად, სასამართლომ უმთავრესად უნდა განსაზღვროს, რამდენად ეკისრება მოპასუხეს ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

მოცემულ დავაში სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ჯ---------ი“-ს წარმომადგენლის პოზიცია, რომ ნ----- კ--–------ი იყო პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რაც მიადგა შპს „მ------“-ს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მასზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „ჯ---------ი“-ს სარჩელი ნ----- კ--–------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ნ----- კ--–------ის (პ/ნ 4----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ჭ---------, #17, შენობა #1-დან საერთო ფართი 110.09 კვ.მ აქედან I სართულზე - ფართი 16.28 კვ.მ, II სართულზე - ფართი 93.81 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0-.1-.17.0--.0--;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური