გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით) - სსიპ ე---------–---------- სააგენტო
წარმომადგენელი - თ----------------ა, ა-----–---------ა
მოპასუხე (ძირითადი სარჩელით) - შპს ,,მ-"
წარმომადგენელი - გ--------------------ა, ლ------------–---–ი
დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - თანხის დაკისრება
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,მ-"
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - სსიპ ე---------–---------- სააგენტო
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მ-“-ს მოსარჩელის სსიპ ე---------–---------- სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 8 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა და ვადაგაცილებისთვის, პირგასამტეხლოს ჯამში 43419,21 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის 2017 წლის 8 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ი-------ის რეგიონში, სავარაუდოდ 14000 ჰექტარ ფართობზე დაავადებული წაბლნარი ტყეების აღდგენა-განახლების პროგრამის ფარგლებში, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად საპროექტო ტერიტორიის სპეციალური გამოკვლევა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტის შემუშავება ხელშეკრულების პირობების და მისი დანართების შესაბამისად.
მომსახურება მოპასუხეს ეტაპობრივად (4 ეტაპად) უნდა განეხორციელებინა, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მისი ხელმოწერიდან (0-----2017 წლიდან) არანაკლებ 2018 წლის 1 მარტამდე ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 147498,40 ლარს.
მოპასუხის მიერ მე-2 და მე-3 ეტაპებით გათვალისწინებული ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა, ხოლო მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო საერთოდ არ შესრულდა. კერძოდ, ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის 2017 წლის 7 ნოემბრის დასკვნით, 7 ნოემბრის მდგომარეობით ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ყოფილიყო მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები (ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით შპს „დ---------ს“ ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე სანიტარული ჭრებისა და ძირნაყარი ხე-ტყის მონიშნული ტყეკაფების აღრიცხვის მასალების მომზადება. ამ ეტაპისთვის კი შესრულებული იყო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი - კომპანიამ წარმოადგინა ძირნაყარი ხე-ტყის აღრიცხვის მასალები, სადაც დაფიქსირდა ხარვეზი კოორდინატებში, ხოლო სანიტარული ჭრების მონიშნული ტყეკაფები საერთოდ არ წარმოდგენილა.
გარდა ამისა, 2017 წლის 18 ოქტომბრის შემოწმების აქტის, 2017 წლის 07 ნოემბრის აქტის, 2017 წლის 23 დეკემბრის, 2018 წლის 20 მარტისა და 2018 წლის 5 აპრილს აქტების შესაბამისად, სამუშაოები შესრულდა არასრულად. კერძოდ, მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც 120 დღეში უნდა განხორციელებულიყო, ნაწილობრივ შესრულდა ძირნაყარი ხე-ტყის აღრიცხვის კუთხით, ხოლო სანიტარული ტყეკაფები გამოყოფილი საერთოდ არ არის, ასევე შესამჩნევია უნებართვო ტყით სარგებლობის შედეგად დარჩენილი ძირკვები, რომელთაც არ ეტყობოდათ აღრიცხვის ნიშნები, რის აღრიცხვაც კომპანიას ევალებოდა. ტყეკაფებში დაფიქსირდა მონიშვნის ხარვეზები, ასევე საველე აქტებში დაფიქსირდა განხორციელებული სამუშაოების ხარვეზები. ჯამში მე-2 და მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შესრულდა ვადებში, ხოლო მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სააგენტოში წარმოდგენა საერთოდ არ მომხდარა.
2018 წლის 29 მაისს შედგა საბოლოო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად დაფიქსირდა ხარვეზები. კერძოდ, სანიტარული ჭრის ტყეკაფის აღრიცხვის მასალები წარმოდგენილია მხოლოდ 144,8 ჰექტარზე, მაშინ როდესაც შპს „დ---------ს“ ყოფილი სამოქმედო ტერიტორია 5825 ჰექტარს შეადგენდა. ასევე შემოწმებულ კვარტლებში დაფიქსირდა დაავადებული წაბლის კორომები, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო მინიშნული ზეხმელი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეები.
2018 წლის 4 ივნისს სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 43419,21 ლარი.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. მოპასუხე სსიპ ე---------–--------- სააგენტოს მოსარჩელე შპს „მ-“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მე-2 და მე-3 ეტაპებით გათვალისწინებული, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 81124,40 ლარის ანაზღაურება;
2.2. მოპასუხე სსიპ ე---------–--------- სააგენტოს მოსარჩელე შპს „მ-“-ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალის სახით დაეკისროს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მე-4 ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 39824,40 ლარის ანაზღაურება;
შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მე-2 ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების ნაწილის (2017 წელს ტყის მოვლის ღონისძიებების განხორცილების მიზნით შპს „დ---------ს“ ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე ძირნაყარი ხე-ტყის მონიშნული ტყეკაფების აღრიცხვა) მასალები წარდგენილ იქნა სრულყოფილი ფორმით, 2017 წლის 11 დეკემბერს, ასევე მესამე ეტაპით გათვალისწინებული საველე სამუშაოები სრულყოფილი ფორმით დასრულდა 2017 წლის 11 დეკემბერს. მისი ხარისხი და შესაბამისობა გადამოწმდა 19-23 დეკემბრის საველე და კამერალური შესწავლით და დადასტურდა 2017 წლის 23 დეკემბრის აქტით.
სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის წერილით ეცნობათ, რომ წარდგენილ ტყეკაფების აღრიცხვის დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზზე და მოითხოვეს დაკორექტირებული დოკუმენტაციის აღდგენა, რაზეც 2018 წლის 19 თებერვლის დასაბუთებული წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ხარვეზად არ უნდა მიეჩნიათ.
სააგენტომ, კომპანიის სპეციალური კვლევების პარალელურად დაიქირავა ა-------ის ტყის კვლევითი ცენტრის ტყის დაცვის დეპარტამენტი, რომელთა დასკვნა პრაქტიკულად სრულ თანხვედრაშია კომპანიის მიერ დაგეგმილ ტყის მოვლა-აღდგენის ს------- სამეურნეო ღონისძიებებთან და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შპს „მ-“-ის მიერ ჩატარებული სამუშაოები და დაგეგმილი ს--------სამეურნეო ღონისძიებები არ შეიძლება ჩათვლილიყო სააგენტოს მიერ ხარვეზად.
კომპანიამ 2018 წლის 2 აპრილს სააგენტოში წარადგინა მე-2 ეტაპის (მონიშნული სანიტარული ჭრების) კორექტირებული დოკუმენტაცია და 4-5 აპრილს განხორციელდა სამუშაოების საველე და დოკუმენტალური შემოწმება, ხოლო 5 აპრილს სააგენტოს მიერ დაიდო აქტი, რომლითაც დასტურდება 2017 წლის 23 დეკემბრის აქტით დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა. მიუხედავად ამისა, სსიპ ე---------–----------- სააგენტომ არ გააფორმა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და მოითხოვა კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით კიდევ ერთ საველე შემოწმებაში მონაწილეობა. ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის მიერ 2018 წლის 24 მაისს შედგენილ აქტში სააგენტოს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ახალი ხარვეზი, რაც სანიტარული ჭრების საერთო მოცულობას ეხებოდა, თუმცა რის საფუძველზე და რა სპეციალური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დადგინეს სანიტარული ჭრების მონიშვნის აუცილებლობა არ განმარტეს. შედგენილ აქტს არ დაეთანხმა კომპანიის წარმომადგენელი.
სააგენტომ 2018 წლის 4 ივნისის წერილით შეწყვიტა ხელშეკრულება, სადაც განმარტა, რომ ყოველგვარი დამატებითი ვადის განსაზღვრა მიმდინარე ეტაპზე შედეგის მომტანი არ იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის ბრძანებით შეიქმნა ი-------ის რეგიონში „მელნისებული ავადმყოფობით“ გამოწვეული წაბლის ტყის კორომების ძლიერ დეგრადაციასთან დაკავშირებული საკითხის შემსწავლელი კომისა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა საკითხი და დასკვნისა და რეკომენდაციის სახით დაადგინა: ა) დაუსაბუთებელია სააგენტოს მიერ 5828 ჰა-ზე ტყეკაფის მონიშვნის მოთხოვნა, ასევე სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის 2018 წლის 24 მაისის აქტი; ბ) მართვის ორგანომ შეუფერხებლად გააგრძელოს მოვლის ღონისძიებები ა-------ის ტყის კვლევითი ცენტრის მიერ შემოთავაზებული დასკვნებისა და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ წარდგენილი მიდგომების გათვალისწინებით. მართვის ორგანოს მიერ წაბლნარი კორომების მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ნებისმიერი სახის მანიპულაცია უნდა მოხდეს მხოლოდ მეცნიერულად დადასტურებული კვლევების საფუძველზე. კომისიის აღნიშნული დასკვნები და რეკომენდაციები უშუალოდ ეხება ხელშეკრულებით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობებს (14000ჰა), კომპანიის მიერ განხორციელებულ სპეციალურ გამოკვლევას და დაგეგმილ ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებს და შეფასებულია, როგორც კანონმდებლობის დაცვის განხორციელებული ქმედებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულებისა და ტექნიკური დავალების ფარგლებში კომპანიის მხრიდან ჯეროვნად და ხარისხიანად გაწეულ მომსახურებას.
ამდენად, არასწორად მოხდა სააგენტოს მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა, რის გამოც უნდა დაეკისროს მე-2 და მე-3 ეტაპებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 81124,40 ლარის ანაზღაურება. გარდა ამისა, ვინაიდან სააგენტო უკანონოდ გავიდა ხელშეკრულებიდან, აღნიშნული ქმედებით კომპანიამ დაკარგა მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 39824,40 ლარის მიღების შესაძლებლობა და მისი გადახდა უნდა დაეკისროს, როგორც მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება.
3. მოპასუხის პოზიცია (ძირითად სარჩელზე)
3.1. მოპასუხე შპს „მ-“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ მე-2 და მე-3 ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული იყო. რაც შეეხება მე-4 ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს, სააგენტოს მიერ ხელშეკრულებისა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა წინა ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების დახარვეზება, რის გამოც კომპანიას აღარ მიეცა შესაძლებლობა, დროულად დაესრულებინა და ჩაებარებინა საბოლოო ეტაპით გათვალისწინებული მომსახურება.
4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)
4.1. წარდგენილი შესაგებლით სსიპ ე---------–----------- სააგენტომ არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა შემდეგი: მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო ნაწილობრივ არის შესრულებული - კომპანიამ წარადგინა ძირნაყარი ხე-ტყის აღრიცხვის მასალები, სადაც დაფიქსირდა ხარვეზი კოორდინატებში, ხოლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სანიტარული ჭრების მონიშნული ტყეკაფები საერთოდ არ წარმოდგენილა. ხარვეზების შესახებ ეცნობა შპს „მ-“-ს, თუმცა მათი გამოსწორება არ მომხდარა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 31 ივლისის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის, ეხება ი-------ის რეგიონში „მელნისებური ავადმყოფობით“ გამოწვეული წაბლის ტყის კორომების ძლიერ დეგრადაციასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას და მასში არ არის მსჯელობა იმის შესახებ, შეასრულა თუ არა კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება. ასევე, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია ა-------ელი ექსპერტების დასკვნას.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე სსიპ ე---------–---------- სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მე-3 ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. სსიპ ე---------–--------- სააგენტოსა (შემსყიდველი) და შპს „მ-“-ს (მიმწოდებელი) შორის 2017 წლის 8 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ი-------ის რეგიონში, სავარაუდოდ 14000 ჰექტარ ფართობზე, დაავადებული წაბლნარი ტყეების აღდგენა-განახლების პროგრამის ფარგლებში, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად საპროექტო ტერიტორიის სპეციალური გამოკვლევა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტის შემუშავება.
შესრულება უნდა განხორციელებულიყო 4 ეტაპად:
პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები, საკვარტალე ქსელის პროექტი და ორთოფოტო გეგმების დეშიფრირების კონტურების Shp-ფაილები.
მე-2 ეტაპით - 2017 წელს ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით შპს „დ---------“-ს ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე სანიტარული ჭრებისა და ძირნაყარი ხე-ტყის მონიშნული ტყეკაფების აღრიცხვის მასალების მომზადება;
მე-3 ეტაპით - საველე სამუშაოების ასრულება;
მე-4 ეტაპით - საბოლოო ანგარიშის შედგენა, რაც მოიცავს: ა) საკვლევი ტერიტორიის თემატურ რუკებს; ბ) ტყის მოვლის ღონისძიებების (სანიტარული ჭრები და ძირნაყარი ხე-ტყის) განხორციელების გეგმასა და მოცულობებს; გ) შპს „დ---------“-ს ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე უნებართვო ჭრების აღრიცხვის მონაცემებს; დ) ტყის აღდგენისათვის იდენტიფიცირებული პრიორიტეტული ფართობები აღდგენის ღონისძიებების მიხედვით; ე) ტყის აღდგენის პროექტებს; ვ) მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის ტყის მართვის გეგმას.
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 147498,40 ლარით, აქედან პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება შეფასდა 26549,60 ლარით. მე-2 და მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, ორივე ერთად 81124,4 ლარით, ხოლო მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება - 39824,40ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 0-----2017 წლის ხელშეკრულება.
5.1.2. ხელშეკრულების თანახმად პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში;
მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის განმავლობაში და
მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში.
ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა არანაკლებ 2018 წლის 1 მარტამდე ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 0-----2017 წლის ხელშეკრულება.
5.1.3. ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის შემდეგ, თითოეული ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
მომსახურების მიღება წარმოებს, ასევე ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის სახით, ამასთან, აქტი ფორმდება კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების მხოლოდ დადებითი დასკვნის საფუძველზე. თუ გამოვლინდება, რომ მომსახურება არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველს უფლება აქვს, არ მიიღოს ნაკლოვანი მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 0-----2017 წლის ხელშეკრულება.
5.1.4. ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს პირობაზეც, რაც გათვალისწინებული იყო როგორც, არაჯეროვანი შესრულებისთვის, ასევე შესრულების ვადადარღვევით მიწოდებისას, კერძოდ:
ა) შემსყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულების გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;
ბ) შემსყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 0-----2017 წლის ხელშეკრულება.
5.1.5. შს „მ-“-მა შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო. საერთოდ არ შეუსრულებია მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „მ-“-ს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 210 დღის ვადაში - 2018 წლის 4 იანვრამდე. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 151 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 04.06.2018 წლის წერილი.
5.1.6. ხელშეკრულების დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება) თანახმად, 2005 წლის 10 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა შპს „დ---------“ და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა 5830 ჰექტარით. მოგვიანებით გაუქმდა შპს „დ---------“-სთან დადებული ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექნიკური დავალება - დანართი N1.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხის განმარტებას ხელშეკრულების მე-2 ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულების შპს „მ-“-ის მიერ ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახეზეა ამ ეტაპით გათვალისწინებული შესრულების ვადადარღვევით მიწოდება და მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილება 241 დღეს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულება შპს „მ-“-ს ეტაპობრივად (4 ეტაპად) უნდა შეესრულებინა, საიდანაც მე-2 ეტაპი მოიცავდა 2017 წელს ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით შპს „დ---------“-ს ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე სანიტარული ჭრებისა და ძირნაყარი ხე-ტყის მონიშნული ტყეკაფების აღრიცხვის მასალების მომზადებას. ამასთან, აღნიშნული შესრულება მოპასუხეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 დღის ვადაში, 2017 წლის 8 ოქტომბრამდე უნდა განეხორციელებინა.
ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს სსიპ ს------- სააგენტოს არაერთი აქტი და მოხსენებითი ბარათი, კერძოდ:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სსიპ ე---------–---------- სააგენტოს დაქვემდებარებულ ტყის ფონდში მიმდინარე ტყის ინვენტარიზაციის 2017 წლის 18 ოქტომბრის აქტში (აქტი შედგა ადგილზე მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე) საუბარია, რომ კონტრაქტორის მიერ სამუშაოები არასრულადაა შესრულებული. კერძოდ, მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ნაწილობრივ არის შესრულებული, მხოლოდ ძირნაყარი ხე-ტყის აღრიცხვის კუთხით, ხოლო სანიტარული ჭრის ტყეკაფები გამოყოფილი საერთოდ არ არის. ამასთანავე შესწავლილ ყველა კვარტალში შესამჩნევი იყო უნებართვო ტყით სარგებლობის შედეგად დარჩენილი ძირკვები, რომელთაც არ ეტყობოდა აღრიცხვის ნიშნები (საღებავი, ჩამონათალი ან სხვა), რის აღრიცხვაც კონტრაქტორს ტექნიკური დავალების თანახმად ევალებოდა. ამასთან, სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, არსებობდა დავალების დაგვიანებით შესრულების საფრთხე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის 2017 წლის 7 ნოემბრის წერილში ასევე საუბარია მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილობრივ შესრულებაზე, კერძოდ წარდგენილი ძირნაყარი ხე-ტყის აღრიცხვის მასალები, სადაც დაფიქსირდა ხარვეზი კოორდინატებში, ხოლო სანიტარული ჭრების მონიშნული ტყეკაფები წარდგენილი არ არის.
აღნიშნული აქტი და წერილი საფუძვლად დაედო სსიპ ე---------–---------- სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის მოხსენებით ბარათს, სადაც იგივე ხარვეზებზეა საუბარი.
მართალია შპს „მ-“-ის მიერ მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დასადასტურებლად 2017 წლის 11 დეკემბერს წარდგენილი იქნა მასალები, თუმცა სსიპ ე---------–---------- სააგენტოს 2017 წლის 23 დეკემბრის აქტით არ დასტურდება ხარვეზის სრულად აღმოფხვრა და საუბარია გარკვეულ უბნებზე, რიგ ხეებზე დამღა-ნუმერაციის არასწორად დატანებაზე (დაფიქსირებულია ფესვის ყელის ზემოთ და სხვა). აღნიშნული აქტის საფუძველზე 2018 წლის 29 იანვრისა და 21 მარტის წერილებით შპს „მ-“-ს მოეთხოვა კორექტირებული დოკუმენტაციის წარდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით შპს „მ-“-ის მიერ 2018 წლის 2 აპრილს დამატებით წარდგენილი იქნა მასალები, რომლის საფუძველზე შემსყიდველის მიერ კვლავ მოხდა გასვლითი შემოწმებები და 2018 წლის 5 აპრილის აქტით დადგინდა, რომ ტყეკაფში ხმობადი ხეები აღრიცხული არ არის, ხოლო 2018 წლის 24 მაისის აქტში საუბარია, რომ კონკრეტულ კვარტლებში ფიქსირდება დაავადებული წაბლის კორომები, სადაც ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არ არის მონიშნული ზეხმელი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაავადებული ხეები, შესაბამისად, არ არის მონიშნული სანიტარული ჭრის ტყეკაფები, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მე-2 ეტაპით იყო გათვალისწინებული. ხოლო ინსპექტირების ჯგუფის 2018 წლის 29 მაისის წერილით დამატებით ირკვევა, რომ შპს „დ---------“-ს ყოფილ სამოქმედო ტერიტორიიდან, 5825 ჰა ფართობიდან შპს „მ-“-ს მხრიდან სანიტარული ჭრის ტყეკაფის აღრიცხვის მასალები სააგენტოში წარდგენილია სულ 144,8 ჰექტარზე, რაც სრულად არ მოიცავს ხელშეკრულების გათვალისწინებულ სამოქმედო ტერიტორიას და შეადგენს საერთო ფართობის 2,48%-ს.
საბოლოო ჯამში ინსპექტირების ჯგუფის 2018 წლის 29 მაისის წერილით მიჩნეული იქნა, რომ შპს „მ-“-ის მიერ წარდგენილი მასალები ვერ პასუხობდა ტექნიკური დავალებით დადგენილ მოთხოვნებს, რაც ხელშეკრულებიდან შემსყიდველის გასვლის საფუძველი გახდა.
ამდენად, მიუხედავად შესრულების ვადის რამოდენიმეჯერ გაგრძელებისა, შპს „მ-“-ს მხრიდან სამუშაოები ჯეროვნად არ შესრულებულა.
რაც შეეხება ვადის გადაცილებას, მე-2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „მ-“-ს უნდა განეხორციელებინა 2017 წლის 8 ოქტომბრამდე, ხელშეკრულებიდან გასვლის დროისთვის (2018 წლის 4 ივნისი) მოპასუხეს შესრულებული არ ჰქონდა, ხოლო დღეების რაოდენობა შეადგენს 241 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილები, მოხსენებითი ბარათები, აქტები.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სსიპ ე---------–---------- სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მ-“-ის შეგებებული სარჩელი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სსიპ ე---------–---------- სააგენტოს სარჩელი მე-2 და მე-4 ეტაპებით გათვალისწინებული მომსახურების ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
7.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქმის მასალებით დადგენილია რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა დაავადებული წაბლნარი ტყეების აღდგენა-განახლების პროგრამის ფარგლებში, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად საპროექტო ტერიტორიის სპეციალური გამოკვლევა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტის შემუშავება. თავისი შინაარსით მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულებაა, სადაც მენარდე (მიმწოდებელი) ვალდებულებას კისრულობს შემკვიდრის სასარგებლოდ შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, შესაბამისი ანაზღაურების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო მომსახურების ხარისხი, რაც შპს „მ-“-ს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა. მათ შორის, მე-2 ეტაპით შეთანხმებული სამუშაოები მოიცავდა 2017 წელს ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით შპს „დ---------“-ს ყოფილ სამოქმედო ტერიტორიაზე სანიტარული ჭრებისა და ძირნაყარი ხე-ტყის მონიშნული ტყეკაფების აღრიცხვის მასალების მომზადებას. რაც მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა. ამასთან, მიმწოდებლის მხრიდან ადგილი აქვს შესრულების ვადის გადაცილებასაც. ვალდებულების ჯეროვან შესრულებას მხარეებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლიც ავალდებულებს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
7.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრების მექანიზმზე, რაც გამოყენებული იქნებოდა როგორც მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების, ასევე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ერთ შემთხვევაში მისი დაანგარიშება ხდებოდა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და შეადგენს ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ს.
ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მომსახურების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულ ვალდებულების ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მე-2 და მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის ღირებულება განისაზღვრება ჯამში 81124,4 ლარით, ისე, რომ არ არის დაკონკრეტებული ამ ორი ეტაპიდან თითოეულის ღირებულება, ამასთან, ვერც შემსყიდველი ახდენს მათ ცალ-ცალკე განსაზღვრას, სასამართლო სამართლიანად მიიჩნევს, თითოეული ეტაპის ღირებულება განისაზღვროს თანაბრად 40562,2-40562,2 ლარით. შესაბამისად, 0,1%-ის დაანგარიშებაც უნდა მოხდეს 40562,2 ლარზე. ხოლო ვინაიდან ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 241 დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 9775,49 ლარს.
რაც შეეხება ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (0,5%-ს), ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 147498,4 ლარს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით შპს „მ-“-ს დამატებით უნდა დაეკისროს 737,492 ლარის გადახდა.
რაც შეეხება მე-4 ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს, უდავოა, რომ მე-4 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „მ-“-ს არ შეუსრულებია. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ სააგენტოს მიერ ხელშეკრულებისა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა წინა ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების დახარვეზება, რის გამოც კომპანიას აღარ მიეცა შესაძლებლობა, დროულად დაესრულებინა და ჩაებარებინა საბოლოო ეტაპით გათვალისწინებული მომსახურება.
ხელშეკრულებით, მე-4 ეტაპით გათვალისწინებული შესრულება შემსყიდველის მხრიდან შეფასებულია 39824,4 ლარით, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 151 დღე. შესაბამისად პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%) შეადგენს 6013,48 ლარს. გარდა ამისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების 11.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 147498,4 ლარის 0,5% - 737,492 ლარი.
7.2. შპს „მ-“-ის შეგებებული სარჩელი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მე-2 და მე-3 ეტაპებით გათვალისწინებული, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 81124,4 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 39824,4 ლარის ანაზღაურების შესახებ.
7.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო გადაწყვეტილების 5.2.1 პუნქტით დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, არ არსებობს მე-2 ეტაპით ნაკისრი ვალდებულების ნაწილში მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მე-3 ეტაპით ნაკისრი შესრულებას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება საკმარისი საფუძველია გადაწყვეტილების გამოსატანად.
საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე სსიპ ე---------–---------- სააგენტოს წარმომადგენელმა დაადასტურა მიმწოდებლის მხრიდან ამ კონკრეტული ვალდებულების შესრულება, თუმცა განმარტა, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით მე-2 და მე-3 ეტაპი ერთიანად იყო დაანგარიშებული, სააგენტო ვერ მოახდენდა მის ნაწილობრივ ანაზღაურებას.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მე-2 და მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის ღირებულება განისაზღვრება ჯამში 81124,4 ლარით, ისე, რომ არ არის დაკონკრეტებული ამ ორი ეტაპიდან თითოეულის ღირებულება, ამასთან, ვერც შემსყიდველი ახდენს მათ ცალ-ცალკე განსაზღვრას, სასამართლო სამართლიანად მიიჩნევს, თითოეული ეტაპის ღირებულება განისაზღვროს თანაბრად 40562,2-40562,2 ლარით.
ამდენად, საფუძვლიანია შპს „მ-“-ს შეგებებული მოთხოვნა მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში და სსიპ ე---------–--------- სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 40562,2 ლარის გადახდა.
7.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორის შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ხოლო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელის შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება სსიპ ე---------–---------- სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის დროს ხელშეკრულების დარღვევა, პირიქით, ხელშეკრულებიდან გასვლას წინ უძღოდა შპს „მ-“-სთვის ვალდებულების შესრულების მიზნით რამოდენიმეჯერ ვადის განსაზღვრა და მხოლოდ შემდგომ მოხდა ხელშეკრულებიდან გასვლა. შესაბამისად, სახეზე არაა სსიპ ე---------–---------- სააგენტოს მხრიდან ვალდებულების დარღვევა, რაც თავისთავად საფუძველს უკარგავს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სახეზე არაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი). აქ საუბარია ხელშეკრულების მოშლით მიყენებულ ზიანზე, რაც არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ძირითად სარჩელზე სსიპ ე---------–---------- სააგენტოს მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1303 ლარი. შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3628,46 ლარი. ვინაიდან ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, ძირითადი სარჩელის ნაწილში შპს „მ-“-ს სსიპ ე---------–---------- სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 517,91 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში სსიპ ე---------–--------- სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1216,86 ლარის ანაზღაურება და დარჩენილი თანხები უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ე---------–---------- სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,მ-"-ს სსიპ ე---------–---------- სააგენტოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 17263.95 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე შპს ,,მ-"-ს სსიპ ე---------–---------- სააგენტოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 517.91 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. შპს ,,მ-"-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. შეგებებული სარჩელით მოპასუხე სსიპ ე---------–---------- სააგენტოს შპს ,,მ-"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მესამე ეტაპის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა 40562.20 ლარის ოდენობით;
6. შეგებებული სარჩელით მოპასუხე სსიპ ე---------–---------- სააგენტოს შპს ,,მ-"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1216.86 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე