გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30930-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - ჯ------------ე
მოპასუხეები - შპს ,,ო--–-------------ი’’ (წარმომადგენელი - თ--------------–-–---–ი), ქ-------------–--ე
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. ყადაღისაგან განთავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ქონება, კერძოდ: 1. სარეცხი მანქანა ,,ბეკოს’’ ფირმის, თეთრი ფერის; 2. მაცივარი ,,ვესტელის’’ ფირმის, თეთრი ფერის, ორკამერიანი; 3. გაზქურა ,,ბეკოს’’ ფირმის, თეთრი ფერის; 4. ტელევიზორი ,,სამსუნგი’’, შავი ფერის; 5. კომპიუტერი (ლეპტოპი); 6. ტელევიზორი ,,ვესტელის’’ ფირმის, შავი ფერის.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი 10:20:01,).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №2/4----17 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ------------ის დედას, ქ-------------–--ეს დაეკისრა თანხის გადახდა შპს ,,ო--–-------------ის’’ სასარგებლოდ. დედის ვალდებულებების გამო, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაყადაღდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. სარეცხი მანქანა ,,ბეკო’’ (თეთრი ფერის, მეორადი); 2. მაცივარი ,,ვესტელი’’ (თეთრი ფერის, ორ კამერიანი, მეორადი); 3. გაზქურა ,,ბეკო’’ (თეთრი ფერის, მეორადი); 4. ტელევიზორი ,,სამსუნგი’’ (ძველი მოდელი, შავი ფერის, მეორადი); 5. კომპიუტერი - ლეპტოპი (შავი ფერის, მეორადი); 6. ტელევიზორი ,,ვესტელი’’ (სერი ფერის, ძველი მოდელი, მეორადი). აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო აქტებს, რაც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს გულისხმობს. მოსარჩელის განმარტებით შვილს არ უნდა უწევდეს დედის ვალდებულებების გამო თავისი კუთვნილი ნივთების რეალიზაციის თმენა, შესაბამისად ის იძულებულია მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს ,,ო--–-------------ის’’ წარმომადგენელმა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არასწორად დააყადაღა ქონების აღწერის და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები. წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა საშუალება მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
2.2. მოპასუხე ქ-------------–--ემ სარჩელი ცნო.
(იხ. შესაგებელი ს.ფ. 34-43, შესაგებელი ს.ფ. 61-69, მოპასუხის ახსნა-განმარტება 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი 10:21:00; ქ-------------–--ის ახსნა-განმარტება 10:21:53).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A1------- სააღსრულებო საქმე. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული №2/4----17 სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალეა ქ-------------–--ე, ხოლო კრედიტორია შპს ,,ო--–-------------ი’’. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით 2018 წლის 14 სექტემბერს ყადაღა დაედო ქ-------------–--ის მოძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, ზ-------------------–--ა, მ---------, მ-------------–ი, კორპუსი №----, ბინა №-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 სექტემბრის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტის მიხედვით ქ-------------–--ის მიმართ გამოტანილი გადაწვეტილების აღსრულების მიზნით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ზ-------------------–--ა, მ--------- მ-------------–ი, კორპუსი 5- ბ, №- ბინაში განთავსებულ შემდეგ მოძრავ ქონებას: 1. სარეცხი მანქანა ,,ბეკო’’, (თეთრი ფერის, მეორადი); 2. მაცივარი ,,ვესტელი’’ (თეთრი ფერის, ორ კამერიანი, მეორადი); 3. გაზქურა ,,ბეკო’’ (თეთრი ფერის, მეორადი); 4. ტელევიზორი ,სამსუნგი’’ (ძველი მოდელი, შავი ფერის, მეორადი); 5. კომპიუტერი ლეპტოპი (შავი ფერის, მეორადი); 6. ტელევიზორი ,,ვესტელი’’ (სერი ფერის, ძველი მოდელი, მეორადი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლები; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, დავის ფარგლებში ერთ-ერთი მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნების მატერიალურ და პროცესუალურ კომპონენტებს, ვინაიდან ორივე მოპასუხე წარმოადგენს აღნიშნულ დავაში სავალდებულო (სოლიდარულ) მოპასუხეებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ორი მოპასუხის წინააღმდეგ - შპს ,,ო--–-------------ის’’ (წარმომადგენელი - თ--------------–-–---–ი) და ქ-------------–--ის მიმართ. კრედიტორი და მოვალე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის პოზიცია - სარჩელის ცნობა, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობა, რის გამოც მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს არსებითი განხილვის შედეგს და სამართლებრივი თვალსაზრისით იმის მტკიცებულებათა შეფასებას, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული ეხება ე.წ. საკუთრების პრეზუმფციას, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები, რომელთა ყადაღისაგან გათავისუფლებასაც მოითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენს მის საკუთრებას, უფრო მეტიც აღიშნული ნივთები განთავსებულია მოსარჩელის ბებიის სახელზე რიცხულ ბინაში.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------–--ემ განმარტა, რომ - ცხოვრობს ქ. თბილისში, ზ-------------------–--ა, მ--------- მე-3 კვარტ, კორპუსი 5-ბ, №- ბინაში დასთან, ქ-------------–--ესთან ერთად. იმ პერიოდში, როდესაც დაყადაღებული ქონება იქნა შეძენილი, დაახლოებით 11-12 წლის წინ, მოწმე ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, შესაბამისად, მისთვის ცნობილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეიძინა ოჯახმა ერთიანი ძალით, ძირითადად კი ნივთები ნაყიდია ჯ------------ის მიერ. ის უძრავი ქონება, სადაც დაყადაღებული მოძრავი ნივთებია განთავსებული, რეგისტრირებულია მშობლების სახელზე.
მოწმე ლ-------------ემ განმარტა, რომ - მოსარჩელე ჯ------------ე არის მისი ძმა, ხოლო მოპასუხე ქ-------------–--ე-დედა. ამ მისამართზე დაბადებიდან ცხოვრობს. დაყადაღებული სადავო ნივთები შეიძინეს მოწმის მშობლებმა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. აღიშნული ნივთები მოსარჩელეს არ შეუძენია.
ამდენად, სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებელება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, მოსარჩელეს ეკისრება სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, რომ დაყადაღებული ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს მოსარჩელეზეა.
სასამართლო განმარტავს, რომ აღმასრულებლის მიერ იძულებით აღსრულების ფარგლებში დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულ იყო მოსარჩელის და მოვალის საცხოვრებელში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოძრავ ნივთთან დაკავშირებით აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პრეზუმფცია, იძულებით აღსრულებისას, აღმასრულებლის მიერ ყადაღის დადების დროს იცვლება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილი მუხლი კონკურენციაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აღნიშნულ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური კანონით ,,სააღსრულებლო წარმოებათა’’ შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრეზუმფცია. იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის და იძულებით აღსრულებისას დაყადაღებული მოძრავი ქონების კუთვნილების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარეს და არა მოპასუხეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოვალეა და თითქმის ყოველთვის მოსარჩელესთან დაახლოებული სუბიექტია, ხოლო მეორე კრედიტორი, რომელიც შეიძლება სულაც არ იცნობდეს მოსარჩელეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია დაყადაღებული ნივთების წარმომავლობის შესახებ.
სასამართლოს მოსარჩელეთა ახსნა-განმარტების და მოწმეების ჩვენების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები არ არის ჯ------------ის საკუთრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 150 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ჯ------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2018 წლის 14 სექტემბრის აქტით დაყადაღებული (სააღსრულებო წარმოება NA1-------) მოძრავი ნივთების: 1. სარეცხი მანქანა ,,ბეკო’’, (თეთრი ფერის, მეორადი); 2. მაცივარი ,,ვესტელი’’ (თეთრი ფერის, ორ კამერიანი, მეორადი); 3. გაზქურა ,,ბეკო’’ (თეთრი ფერის, მეორადი); 4. ტელევიზორი ,სამსუნგი’’ (ძველი მოდელი, შავი ფერის, მეორადი); 5. კომპიუტერი ლეპტოპი (შავი ფერის, მეორადი); 6. ტელევიზორი ,,ვესტელი’’ (სერი ფერის, ძველი მოდელი, მეორადი) - რეალიზაცია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ჯ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2018 წლის 14 სექტემბრის აქტით დაყადაღებული (სააღსრულებო წარმოება NA1-------) მოძრავი ნივთების: 1. სარეცხი მანქანა ,,ბეკო’’, (თეთრი ფერის, მეორადი); 2. მაცივარი ,,ვესტელი’’ (თეთრი ფერის, ორ კამერიანი, მეორადი); 3. გაზქურა ,,ბეკო’’ (თეთრი ფერის, მეორადი); 4. ტელევიზორი ,სამსუნგი’’ (ძველი მოდელი, შავი ფერის, მეორადი); 5. კომპიუტერი ლეპტოპი (შავი ფერის, მეორადი); 6. ტელევიზორი ,,ვესტელი’’ (სერი ფერის, ძველი მოდელი, მეორადი) - რეალიზაცია;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე