გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25531-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - გ------ი ფ----ა
წარმომადგენელი - ნ------------ა
მოპასუხე - კომპანია ,,ს--–----------------პ ს--’’ (ს.ნ 4-----)
წარმომადგენელი - მ-----–------–--ე
დავის საგანი - აქციების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ------ი ფ----ა ცნობილი იქნას სს ,,ს------------------ას’’ 316 ცალი ჩვეულებრივი აქციის მესაკუთრედ.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე 2005 წლის მდგომარეობით იყო სს ,,ს------------------ას’’ ერთ-ერთი აქციონერი და ფლობდა 316 ცალ ჩვეულებრივ აქციას.
კომპანია ,,ს--–----------------პ ს--’’-ს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა სს ,,ს------------------ას’’ აქციათა გამოსყიდვა, რადგან 2005 წლის 24 ივნისის მდგომარეობით მოქმედი ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 53.3 მუხლის თანახმად, მაჟორიტარ აქციონერს უფლება ენიჭებოდა გამოესყიდა მინორიტარი აქციონერების აქციები.
,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 53.3 მუხლი წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, რომელიც განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების უფლების, მისი შეძენის, საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ისე, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის 53.3 მუხლი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აქციათა გამოსყიდვა მოხდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის დარღვევით. აქციები მოსარჩელეს ჩამოერთვა უკანონოდ, ამით კი დაირღვა საკუთრების უფლების არსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაირღვა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლება, ამის შესახებ გ------ი ფ----ამ კომპანია ,,ს--–----------------პ ს--’’-ს წერილობითაც აცნობა ელექტრონული ფოტის მეშვეობით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14 და სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 31 იანვარი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 11:26:08).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ კომპანია ,,ს--–- რ------ ს--’’-ს ფილიალი საქართველოში საიდენტიფიკაციო კოდით 2-------- ლიკვიდირებულია, თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 თებერვლის №ბ1--------- გადაწყვეტილებისა. კომპანია ,,ს--–- რ------ ს--’’ რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში, რეგისტრაციის ნომერი 2-----. აღნიშნული კომპანია დღეს არ ფუნქციონირებს საქართველოში და შესაბამისად არ გააჩნია წარმომადგენლობა.
აქციათა გამოსყიდვის პროცესი განხორციელდა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო იმ აქციონერებთან მიმართებაში, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცხადება და აქციათა რეალიზაცია, მოხდა შესაბამისი თანხების დეპონირება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით. დავის საგანს წარმოადგენს სს ,,ს------------------ას’’ აქციებზე საკუთრების უფლების მოპოვება, კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღება და დივიდენდის მიღება. სარჩელი წარდგენილია არასათანადო მოპასუხის მიმართ, რადგან დამოუკიდებლად მოცემულ საზოგადოებაში აქციათა კუთვნილებისა, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული სს ,,ს------------------ას’’-თან მიმართებაში.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოუყალიბებელი და დაუსაბუთებელია, მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივ გარემოებებიდან, სარჩელი წარდგენილია არასათანადო მოპასუხის მიმართ და შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2004 წლის 01 ივნისის მდგომარეობით, გ------ი ფ----ა იყო სს ,,ს------------------ას’’ აქციონერი და №1---- პირად ანგარიშზე საკუთრების უფლებით ფლობდა 796000 ცალი აქციიდან 316 ცალ ჩვეულებრივ აქციას (ფასიან ქაღალდს). თითო აქციის მინიმალური ღირებულება შეადგენდა 1 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი რეესტრიდან (ს.ფ. 15).
3.1.2. 2006 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, გ------ი ფ----ა იყო სს ,,ს------------------ას’’ აქციონერი და №1---- პირად ანგარიშზე საკუთრების უფლებით ფლობდა 3616000 ცალი აქციიდან 0 ცალ ჩვეულებრივ აქციას („ფასიან ქაღალდს’’). თითო აქციის მინიმალური ღირებულება შეადგენდა 1 აშშ დოლარს (,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 533 ,,აქციათა სავალდებულო მიყიდვა’’ - საფუძველზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი რეესტრიდან (ს.ფ. 16).
3.1.3. სს ,,ს------------------ის’’ საწესდებო კაპიტალის 84.1983 %-ის მესაკუთრე აქციონერის-კომპანია ,,ს--–----------------პ ს--’’-ს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად კომპანია ,,ს--–- რ------ ს--’’-მ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
1. სს ,,ს------------------ამ’’ დააფუძნოს იურიდიული პირი, რომელშიც სს ,,ს------------------ის’’ წილი იქნება საწესდებო კაპიტალის 100%;
2. ახლადდასაფუძნებელი იურიდიული პირის ორგანიზციულ-სამართლებრივი ფორმა იქნება სააქციო საზოგადოება;
3. ახლადდასაფუძნებელი იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება იქნება სს ,,ა---–--------------'';
4. სს ,,ა---–--------------ს’’ საქმიანობის პირდაპირი მიზანი იქნება უძრავი ქონების განვითარება და მართვა, ასევე ტურისტული საქმიანობის წარმართვა, სს ,,ა---–--------------’’ ასევე უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა;
5. სს ,,ა---–--------------ს’’ იურიდიული მისამართი იქნება ქ. თბილისი, რ-------–---ს მ-------ი;
6. სს ,,ა---–--------------ს’’ საწესდებო კაპიტალი ფორმირდება სს ,,ს------------------ის’’ მიერ ახალ საზოგადოებაში უძრავი ქონების (კერძოდ, ქ. თბილისი, რ-------–---ს მ-------ზე მდებარე მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 10840 კვ.მ და ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებული 2 შენობა) შეტანის გზით. სს ,,ა---–--------------ს’’ საწესდებო კაპიტალში შესატანი ქონების საბალანსო ღირებულება შეფასებული იქნება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
7. სს ,,ა---–--------------ს’’ თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება იქნება 100 ლარი; სს ,,ა---–--------------ს’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან თ-----------–---–ი, ვ--------–-----ძე და ა-–----------------ა;
8. დაევალოს სს ,,ს------------------ის’’ დირექტორს კ--------------------ს განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება, შეადგინოს და ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს (მათ შორის სს ,,ა---–--------------ს’’ დაფუძნების შესახებ პირველი კრების ოქმს, სს ,,ა---–--------------ს’’ წესდებას, განცხადებას მარეგისტრირებელ ორგანოში და სხვა) იმისათვის, რომ დაფუძნდეს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ახალი საზოგადოება.
9. ეცნობოთ სს ,,ს------------------ის’’ აქციონერებს ამ გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17).
3.1.4 . ,,ს--–----------------პ ს--’’-ს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ სს ,,სასატუმრო ივერიას’’ აქციათა გამოსყიდვის შესახებ განცხადება არაუგვიანეს 2005 წლის 19 დეკემბრისა გაეგზავნოს სს ,,ს------------------ას’’ ყოველ აქციონერს დაზღვეული წერილით და ასევე სს ,,ს------------------ას’’ აქციათა გამოსყიდვის შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს გაზეთში, საქართველოს რესპუბლიკა’’ (2015 წლის 17 დეკემბერი).
ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების ტექსტი სს ,,ს------------------ას’’ აქციათა გამოსყიდვის შესახებ უნდა ყოფილიყო შემდეგი: სს ,,ს------------------ას’’ აქციათა გამოსყიდვის მიზნით ,,გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად’’ დადგენილია 2006 წლის 3 იანვარი, რომლის მდგომარეობითაც არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან მოხდება მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა;
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები: სს ,,ს------------------ა’’-ს აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულია აქციების გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა (ერთი აქცია 2.16 ლარი), რომლის მიღებაც გამოსყიდვის რეეტრში ხელის მოწერის შემდგომ, აქციონერებს შეუძლიათ საბროკერო კომპანია ,,ს----------–--------------–-----------ში’’, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ----–---–ის ქუჩა №24.
გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხდება დარჩენილი გამოსასყიდი თანხის დეპონირება და აქციები გადავა მყიდველის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ,,ს--–----------------პ ს--’’-ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 19)
3.1.5. ,,ს----------–--------------–-----------ი +’’-ის დირექტორის ნ------------–---–ის 2019 წლის 25 იანვრის №2-------- წერილის თანახმად სს ,,ს------------------ას’’ აქციათა გამოსყიდვის შესახებ 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ფარგლებში ფიზიკური პირის გ------ი ფ----ას სახელზე დეპონირებული თანხა (316 აქცია, გამოსასყიდი თანხა 1 ცალ აქციაზე შეადგენს 2,16 ლარს) 682,56 ლარი დეპონირებულია კომპანიის სს ,,თ----- ბ---ი’’-ს ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:
- 2019 წლის 25 იანვრის №2-------- წერილი (ს.ფ. 79)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ------ი ფ----ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი ინტერესები ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 (1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სს ,,ს------------------ას’’ 316 ცალი ჩვეულებრივი აქციის მესაკუთრედ ცნობა და მისთვის საკუთრებაში გადაცემა. მოპასუხედ მოსარჩელეს დასახელებული ჰყავს კომპანია ,,ს--–----------------პ ს--’’ (ს/ნ 2--------). მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა ზემოაღნიშნული სუბიექტის (ს/ნ 2--------) რეგისტრაციის გაუქმება. მოპასუხემ შესაგებელში აღნიშნა, რომ ,,ს--–----------------პ ეს ეი’’ (ს/ნ 4------) წარმოადგენს სხვა კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში და მას შემხებლობა არ აქვს ზემოაღნიშნულ კომპანიასთან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შესაგებლის ავტორი და მის მიერ მოპასუხედ დასახელებული კომპანიები წარმოადგენენ ერთი და იგივე სუბიექტებს, ან მის სამართალმემკვიდრეს. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არსებობს თუ არა დღეის მდგომარეობით სს ,,ს------------------ა’’ ამ სამართლებრივი ფორმით და სახელწოდებით და არის თუ არა სს ,,ს------------------ას’’ აქციების მესაკუთრე მოპასუხედ დასახელებული კომპანია. მოსარჩელე ამ მიმართებით მხოლოდ ზოგადი მითითეთებებით შემოიფარგლა და რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, მას არც მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ არის ფორმალურად გამართული, იგი არ შეიცავს დამაჯერებელ, ლოგიკურ დასაბუთებას იმ ფაქტების თაობაზე, რომლებსაც ემყარება მხარის მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სასამართლო კი, ნეიტრალიტეტის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება. პირველი, სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან. მეორე, იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, გვ. 1030- 31, §58; მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №38784/97, §58, ECHR 2002-I). რაც შეეხება სუბიექტურობას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად უნდა იქნას მიჩნეული, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (იხ. ჰაუსშიდტი დანიისწინააღმდეგ, 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, სერია A №154, გვ. 21, §47; დაკტარასილიტვის წინააღმდეგ, №42095/98, §30, ECHR 2000-X). სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას (იხ. Case If Galstyan v, Armenia, საჩივარი no26986/03), რაც მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნა.
ამასთან, კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------ი ფ----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე