განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
190100119002937038
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-269-19

(№012090319003)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მაისი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ნუგზარ მახათაძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული რ------------–--–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი - ოჯახური ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით რ------------–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

ქვემო ქართლის პრობაცის ბიუროს მომართვის მიხედვით, რ------------–--–-–---–ს გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2019 წლის 23 მარტს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი რ------------–--–-–---–ი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის 9 მარტამდე ყოველდღიურად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას, ტ---------------–--–-–---–ს, ხოლო 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 11:30 საათზე ქ----------–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი. ტ--------------–--–-–---–მა რ------------–--–-–---–ის ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლოს დასკვნა, რ------------–--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მოწმეების: ტ--------------–--–-–---–ის, ა-----–-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შეტყობინებას, ბრალდებულის დაკავების ოქმს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 18 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, მაგრამ შეურაცხყოფისას დამცირება უფრო უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.

 

აღსანიშნავია, რომ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება დასჯადი ქმედებაა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რითაც კანონმდებელი ხაზს უსვამს, რომ თუკი ორი ადამიანი დროის გარკვეული პერიოდი ცხოვრობს ერთად, აქვთ ნათესაური კავშირი ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ერთი წევრის მიერ მეორეზე სისტემატური დამცირება, თრგუნავს დაზარალებულს და ყოველდღიურობა მისთვის აუტანელი ხდება, წუხს და განიცდის ტანჯვას, ოჯახის წევრის მხრიდან მუდმივად შეურაცხყოფა და დამამცირებელი მიმართვა ადამიანში იწვევს ნეგატიურ განცდას, უკარგავს საკუთარი თავის რწმენას.

 

ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დამდგარი შედეგის - ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის დადგენას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ტკივილი შეიძლება ობიექტურად შეფასდეს თუ დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, ასევე ძალადობის ჩასადენად სხვადასხვა საგნის გამოყენება და სხვა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ცემა და ძალადობა ისეთი ხასიათის მოქმედებებია, რომელიც შედეგად იწვევს ფიზიკურ ტკივილს და თავისი ინტენსივობით მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ფიზიკური ტკივილის შეფასების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე სასამართლოს ამ შემთხვევაში დადგენილად მიაჩნია, რომ თავში რამდენჯერმე ხელის ჩარტყმა ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

რ------------–--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია, ხოლო ბრალდების მიხედვით, მან დანაშაული ჩაიდინა ნასამართლობის (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა) პერიოდში.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

რ------------–--–-–---– წარსულში ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, უფრო მეტიც, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, სადაც სასჯელი სწორედ დედის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის მოიხადა. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პ-ით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საბოლოო სასჯელთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი უნდა განისაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

რ------------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ------------–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

რ------------–--–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 მარტიდან.

 

რ------------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე