გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.04.2019
საქმის ნომერი
330310018002718722
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7109-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - უ-----------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ---------------------ე

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - მ-----–------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 სექტემბრის M---------------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემა, რომლითაც უ-----------–--ე აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------------–----------------–--–---------------–---–-----ს ან ტოლფას თანამდებობაზე;

 

1.3. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უ-----------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 27 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2010 წლის 14 დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სა-----------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–--------–---------------------–------------------–---–----ის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 აგვისტოდან 2018 წლის 20 აგვისტომდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში. 2018 წლის 20 აგვისტოს, სამსახურში დაბრუნებისას მასთან მივიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, გამოართვეს ტელეფონი, გაუჩხრიკეს საფულე და მოსთხოვეს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება, რას უ-----------–--ეს არ გაუპროტესტებია.

 

მოსარჩელის განმარტებით, თავდაპირველად შეამოწმეს ე.წ. ჩხირის მეშვეობით 11 ნარკოტიკულ საშუალებაზე და საეჭვოდ დაუდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი. ვინაიდან შედეგი იყო არასრულყოფილი, ლაბორატორიაში ჩატარდა დამატებითი კვლევა. კვლევით დადგინდა უ-----------–--ის მიერ ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი, რასაც იგი არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მის ორგანიზმში მოხვდა პასიური - სასუნთქი გზის მეშვეობით. კერძოდ, 2018 წლის 18 აგვისტოს იმყოფებოდა ნათესავის ოჯახში, სადაც უკვე ნასვამი მივიდა და გააგრძელა ალკოჰოლური სასმელის მიღება. ოჯახში დაჰყო დაახლოებით სამი საათი, რა დროსაც იქ მყოფი პირები, გარკვეული დროის ინტერვალით ეწეოდნენ ნარკოტიკულ საშულებას. ნარკოტიკული საშუალება მისთვის არავის შეუთავაზებია და არც მას გამოუთქვამს მოხმარების სურვილი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უ-----------–--ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–--------–---------------------–------------------–---–-----------------------–---- თანამდებობაზე.

უ-----------–--ე 2018 წლის 6 აგვისტოდან 2018 წლის 20 აგვისტომდე (14 დღე) იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უ-----------–--ის 2018 წლის 31 ივლისის M---------------- შვებულების განაცხადი (ს.ფ. 20);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 სექტემბრის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 18).

 

3.2. უ-----------–--ე ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2018 წლის 20 აგვისტოს, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა №------------- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. ოქმის თანახმად, უ-----------–--ის ადმინისტრაციული დაკავების მოტივად განისაზღვრა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების ფაქტი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის 2018 წლის 20 აგვისტოს მიცემულ ახსნა-განმარტებაში უ-----------–--ემ მიუთითა, რომ არასდროს მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება. მან გამოთქვა მზაობა გამოკვლევისათვის საკუთარი ნებით ჩაებარებინა ბიოლოგიური მასალა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 აგვისტოს M---------------- წერილის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მეორე განყოფილების მიერ, 2018 წლის 21 აგვისტოს მომზადდა დასკვნა უ-----------–--ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით.

 

№------- დასკვნის თანახმად, უ-----------–--ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. უ-----------–--ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 20 აგვისტოს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №------------- (ს.ფ. 48);

- უ-----------–--ის 2018 წლის 20 აგვისტოს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 49);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 აგვისტოს M---------------- წერილი (ს.ფ. 51);

- საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მეორე განყოფილების 2018 წლის 21 აგვისტოს №------- დასკვნა (ს.ფ. 53).

 

3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს თანამშრომელის 2018 წლის 20 აგვისტოს M---------------- პატაკის საფუძველზე, უ-----------–--ის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მის მიერ შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე, კერძოდ, უ---------------------–--- არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და 2018 წლის 20 აგვისტოს მას მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის დირექტორს ამავე ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველოს 2018 წლის 23 აგვისტოს M---------------- პატაკით ეცნობა №------- დასკვნის შედეგები.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, უ-----------–--ემ უარყო მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაიზიარა და მიიჩნია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით გაკეთებულ განმარტებად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ უ-----------–--ის მიმართ მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ უ-----------–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებაში. აღნიშნულით მან დაარღვია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანება (აეკრძალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე). ამავე დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის კაპიტან უ-----------–--ისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინარული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 20 აგვისტოს M---------------- პატაკი (ს.ფ. 47);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 23 აგვისტოს M---------------- პატაკი (ს.ფ. 46);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 4 სექტემბრის M---------------- დასკვნა, დანართით (ს.ფ. 43-45).

 

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 სექტემბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 4 სექტემბრის M---------------- დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–--------–---------------------–------------------–---–----------------------–----------–-–-------------------------------------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 სექტემბრის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 18).

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ნოემბრის №------- ცნობით დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის - უ-----------–--ის ყოველთვიური საბიუჯეტო შემოსავალი შეადგენდა 1--------–---ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ნოემბრის №------- ცნობა (ს.ფ. 21).

 

3.6. ექსპერტის სახით მოწვეულმა პირმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან უ-----------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით განხორციელა ინსტრუმენტალური კვლევა, რომელიც თანამედროვე მეთოდების კვლევას წარმოადგენს და საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, ცდომილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა კლინიკურად რამდენიმე საათი გრძელდება, რის შემდეგადაც კლინიკური სურათი იშლება. ინსტრუმენტალური გზით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის გამოვლენა შესაძლებელია 70-75 დღის განმავლობაში.

 

ექსპერტის განმარტებით, პასიური გზით, მაგალითად, სასუნთქი გზებით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებით ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხვედრა, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული ალბათობაა და მას არც პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება არ გააჩნია. მას მსგავსი კვლევა არასოდეს არ განუხორციელებია. შესაბამისად, პასიური გზით ნარკოტიკის ორგანიზმში მოხვედრის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მას არ შეუძლია. მისივე განმარტებით, აღნიშნულის დასადგენად გასათვალისწინებელია ოთახის კვადრატულობა, ადამიანების რაოდენობა, ოთახში ფანჯრის არსებობის ფაქტი, დროის ფაქტორი, რამდენ ხანს იყო პირი დახურულ ოთახში და ა.შ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 2 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 83-89).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უ-----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 სექტემბრის M---------------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი

 

მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

დადგენილია, რომ უ-----------–-----–--------------–-–-------------, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–--------–---------------------–------------------–---–-----------------------–----- თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება მითითებული ნორმატიული აქტების მოქმედება.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნულ დებულებას ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან დათხოვნა.

 

ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

 

წესდების მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.

 

ამავე წესდების მე-4 მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება. ამასთან, წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ უ-----------–--ე, რომელიც მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს------------–----------------–-------------–--------------------–--------------------------–----–--------–---------------------–------------------–---–-----------------------–----- თანამდებობაზე, სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 სექტემბრის M---------------- ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამავე ბრძანებით დგინდება, რომ მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 4 სექტემბრის დასკვნა №-------, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნა - შეფარდება, კერძოდ, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ უ-----------–--ემ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა).

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გამოვლინდა უ-----------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, რაც დადასტურდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მიერ მომზადებული №------- დასკვნით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალება მის ორგანიზმში მოხვდა პასიური - სასუნთქი გზის საშუალებით. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე ექსპერტის სტატუსით გამოკითხული პირის განმარტებაზე. მისი განმარტებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევა საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, ცდომილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა კლინიკურად რამდენიმე საათი გრძელდება, რის შემდეგადაც კლინიკური სურათი იშლება. ინსტრუმენტალური გზით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის გამოვლენა შესაძლებელია 70-75 დღის განმავლობაში. ექსპერტმა მიუთითა, რომ პასიური გზით, მაგალითად სასუნთქი გზებით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებით ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხვედრა, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული ალბათობაა და აღნიშნულის დადგენა/დადასტურება მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული, გასათვალისწინებელია ოთახის ფართი (კვ.), ოთახში ფანჯრის არსებობა, იქ მყოფი ადამიანების რაოდენობა და ასევე, დროის ფაქტორი. ამდენად, პასიური გზით ნარკოტიკის ორგანიზმში მოხვედრის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მას არ შეუძლია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება. პოლიციის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება; ზ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა; კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; კ1) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; ლ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება; მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში მონაწილეობა; ო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; პ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელისადმი არსებობს მისი საქმიანობის შეფასების მაღალი სტანდარტები, რამდენადაც იგი უნდა უზრუნველყოფს საზოგადოებაში პოლიციელისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლებას, რაც შეუძლებელია თვით პოლიციელის მიერ მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლენისა და დაცვის, კეთილსინდისიერად ქცევის გარეშე. სასამართლოს დასკვნით, უ-----------–--ე წარმოადგენდა რა საქართველოს შინაგან საქმეთა სისტემაში დასაქმებულ პირს, მის მიმართ არსებობდა მაღალი სტანდარტები, რამდენადაც იგი წარმოადგენდა პოლიციელს.

 

შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მითითებული ნორმების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში არ არის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძველი, რომლის თანახმადაც, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელეს შეფარდებოდა სახდელის ისეთი სახე, როგორიცაა სამსახურიდან დათხოვნა.

 

ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ადგილი არ აქვს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების შეზღუდვას თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებთან დაკავშირებით დაადგინოს განსხვავებული, მათ შორის მკაცრი რეგულაცია და ისეთ სტატუსის მქონე პირს, როგორსაც პოლიციელი წარმოადგენს, შეეზღუდოს/აეკრძალოს ნარკოტიკული საშუალების გამოყენება. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №1/73 ბრძანებაზე, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე, ზოგადად, ნებისმიერ დროს აეკრძალა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. შესაბამისად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო შეესრულებინა მითითებული აქტით გათვალისწინებული ვალდებულება.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სარჩელში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის -ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მხრიდან მსგავსი ქმედების ჩადენა იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს უნდა გააჩნდეს მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის გრძნობა. სასამართლო იზიარებს სამინისტროს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედებისათვის ადეკვატური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არის სწორედ პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 27 სექტემბრის M---------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო ამავე კოდექსის 331 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

მსგავსი შინაარსის მატარებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. უ-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე