გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/458-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი 2018წ ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით სვანაძე
სხდომის მდივანი გურამ შენგელია
მოსარჩელე - იზ---–----------
წარმომადგენელი - ლუ--------------ძე
მოპასუხე - გა-–----–-----ე
წარმომადგენელი - ნა----–---------–ია
დავის საგანი: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს 2----–-–---- მარტს იზ---–----------სა და გა-–----–-----ეს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 მარტს იზ---–----------მ და გა-–----–-----ემ მიმართეს ნოტარიუსს, სამტრედიის რაიონში და განუცხადეს, რომ სურდათ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შედგენა და დამოწმება. ნოტარიუსმა შეადგინა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, წაუკითხა იგი მხარეებს, განუმარტა შინაარსი, მათი უფლებები და მოვალეობები. მარჩენალმა - მოპასუხე გა-–----–-----ემ დაადასტურა რა ხელმოწერით, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შედგენილი იყო მისი ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად, აიღო იზ---–----------ს მიმართ ვალდებულება, რომ იგი მას არჩენდა სიცოცხლის ბოლომდე, ავადმყოფობის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის ჯეროვან მოვლა-პატრონობას. სარჩენმა - იზ---–----------მ, გა-–----–-----ეს რჩენისა და მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - შე-------------------------------–----------------–-----------------------–---------------–-. სასამართლოსთვის სარჩელით მომართვის საჭიროება, იზ---–----------ს, მოსარჩელეს წარმოეშვა მარჩენალთან დაძაბული კონფლიქტური სიტუაციის გამო, რაც იმდენად აუტანელი გახდა, რომ იზ---–----------მ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებისათვის თხოვა მარჩენალს ერთობლივი განცხადებით მიემართათ ნოტარიუსისათვის, თუმცა უშედეგოდ, გა-–----–-----ემ არ ისურვა ხელშეკრულების გაუქმება. იზ---–----------ს ინტერესი ხელშეკრულების გაუქმებისა არ არის ხანდაზმული ადამიანის უსაფუძვლო კაპრიზებზე დამყარებული პრეტენზია. გა-–----–-----ე ხელშეკრულების დადების დღიდანვე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, იზ---–---------- თვითონ ეზიდებოდა მაღაზიებიდან კვების პროდუქტებს, გა-–----–-----ის გემოვნებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. თვითონ უვლიდა თავის თავს, ცდილობდა შეძლებისდაგვარად დაეცვა პირადი ჰიგიენა, თვითონ რეცხავდა თავის სარეცხს, იხდიდა გაზის, დენის, წყლის, ტელეფონის გადასახადებს. საბოლოოდ, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, გა-–----–-----ისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სისტემატურად შეუსრულებლობის გამო. დაპირისპირება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. გა-–----–-----ის მოქნეული ხელი სახეში მოხვდა იზ---–----------ს, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის გამოძახება. აღნიშნული გარემოება აუტანელს და შეუძლებელს ხდის მათი ურთიერთობის გაგრძელებას რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გა-–----–-----ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მართალია გა-–----–-----ემ საკუთრებაში მიიღო სარჩენის კუთვნილი უძრავი ქონება, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია. პირიქით ხელშეკრულების პირობები იზ---–----------მ დაარღვია. ხელშეკრულების დადების შემდეგ იზ---–----------ს გა-–----–-----ისგან არ აკლდა საკვები პროდუქტები, სითბო ზამთარში, მედიკამენტები. ცუდად გახდომისას მიჰყავდა ექიმი, უკეთებდა მასაჟს, რასაც შესწრებია მეზობლებიც. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არასოდეს მიუყენებია. მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც იზ---–----------მ გა-–----–-----ეს სთხოვა მისულიყვნენ სანოტარო ბიუროში და გაეუქმებინათ 2016 წლის 11 მარტს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რაც მისთვის მოულოდნელი იყო. გა-–----–-----ეს მიუხედავად იმისა, რომ აქვს სამსახური, არცერთი დღე და ღამე მარტო არ დაუტოვებია, მოჰქონდა პროდუქტები იზ---–----------ს გემოვნების მიხედვით. ზამთრისთვის უყიდა გაზის გამათბობელი. სანამ მხარეებს შორის დაიდებოდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრლება მანამდე მოსარჩელე ცხოვრობდა მძიმე აუტანელ პირობებში. სახლში ჰყავდა შვილიშვილი და მისი მეუღლე. იყო გამუდმებული ჩხუბი. გაზი და წყალი გადაუხდელობის გამო იყო ჩაჭრილი. მოსარჩელემ ისინი გაუშვა სახლიდან და შეეცადა გა-–----–-----ესთან დაემყარებინა ჯანსაღი დამოკიდებულება. მოსარჩელეს დაქვეითებული აქვს სმენა, რის გამოც მოპასუხემ ქალაქ სო-----ნ იზ---–----------სთვის გამოაგზავნინა ყურის აპარატი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 მარტს იზ---–----------ს და გა-–----–-----ეს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
მტკიცებულება: 2016 წლის 11 მარტის სანოტარო აქტი სამისდღეშიო რჩენის თაობაზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე გა-–----–-----ის მხრიდან იზ---–----------ს მიმართ სახელშეკრულებო მოვალეობა არ დარღვეულა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება; მოწმეთა ჩვენებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად უთითებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობები. ე.ი. გარემოება, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას წარმოადგენს კონკრეტული ფაქტების არსებობას და სწორედ მას ეკისრება ამ ფაქტების დადასტურების ტვირთი. დასახელებული ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ იზ---–----------ს მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები (ხელშეკრულების პირობების დარღვევა,) წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი, ხოლო მოპასუხის შუამდგომლობით გამოძახებული მოწმეთა მიერ მათთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ მიცემული ჩვენებებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოწმეთა ჩვენებებით გა-–----–-----ე იზ---–----------ს არ აკლებდა ყურადღებას, მიჰქონდა საკვები პროდუქტები, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და მხარეთა შორის არსებობდა კეთილგანწყობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ იზ---–----------ს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მითითებული გარემოებები არ არის დასაბუთებული მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ იზ---–----------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით.)
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2016 წლის 11 მარტიდან არსებობს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა სარჩენის გარდაცვალებამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არის თუ არა აუტანელი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგენს თუ არა მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუსაბუთა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა, როგორიცაა მისდამი უპატივცემულობის გამოჩენა, საკვების, მედიკამენტების მიუწოდებლობა, ასევე ვერ მიუთითა არსებითი ხასიათის მიზეზის არსებობაზე, რომელიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას, რაც გასაჩივრებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სასამართლოს მიერ გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არსებით მიზეზად არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იზ---–----------ს სურვილი, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, ვინაიდან მოსარჩელემ 2016 წლის 11 მარტს გააფორმა რა ხელშეკრულება გა-–----–-----ესთან, თავისი თავი მოაქცია სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, რაც ამ ხელშეკრულების შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმის დისპოზიციაში მითითებული გარემოებების არ არსებობის პირობებში გამორიცხავს ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობას მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იზ---–----------ს მოთხოვნა 2016 წლის 11 მარტის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, როგორც დაუსაბუთებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, იზ---–----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე იზ---–----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი,ნიუპორტის ქუჩა №32) სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე: სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით სვანაძე